
სიყვარულის მატარებლის ბოლო გაჩერება
ავსტრალიური იქედნე ერთგასავლიანია, ანუ ძუძუმწოვარი, რომელიც კვერცხს დებს. მათ გლუვი მილის მაგვარი დინგები აქვთ და უკბილოები არიან. ხანდახან ეკლიან ჭიანჭველაჭამიებსაც უწოდებენ. ეს ეკლები მყარი, სახეცვლილი ბეწვებია.
შეწყვილების სეზონის დროს ზრდასრული მამრების მწკრივი მდედრს მატარებელივით დასდევს. ასეთი „სიყვარულის მატარებელი“ ხშირად 10 ან მეტი მამრისგან შედგება და შესაძლოა მდედრს დღეების განმავლობაში სდიოს, სანამ ის თვითონ არ მიანიშნებს საბოლოო გაჩერებაზე. შემდეგ მამრები ერთმანეთს მდედრთან შეჯვარების პირველობისთვის ერკინებიან.
მათ პენისს ოთხი თავი აქვს – ოთხივე სპერმის სადინარით აღჭურვილი – თუმცა თითოეული ერექციის დროს მამრი მხოლოდ ორს იყენებს. 2021 წლის კვლევის მიხედვით, ერექტილური ქსოვილით იქედნე განსხვავდება სხვა ძუძუმწოვრებისგან. სავარაუდოდ, ეს ანომალია მამრებს მეწყვილისთვის შეჯიბრში უპირატესობას ანიჭებს: პენისის მხარეების ცვლით ერთ-ერთმა იქედნემ „სპერმა ზედიზედ ათჯერ გამოყო“, – აღნიშნეს კვლევის ავტორებმა. შეწყვილებიდან დაახლოებით 20 დღეში მდედრი ერთ კვერცხს დებს თავისი მუცლის ჩანთაში. 10 დღის შემდეგ მისი ნაშიერი იჩეკება.