
ტანი ტკბილად მოუბარი
ჰერპეტოლოგმა და პალეონტოლოგმა ფილ სენტერმა ანკარისებრთა და მახრჩობელასებრთა ოჯახების 76 სახეობა შეისწავლა
ის მდედრის სხეულს უახლოვდება, ნიკაპით მის კანს ეხება, ტანით ეხვევა, თავს მაცდურად აქნევს, „სიყვარულით“ კბენს, კუდს აცახცახებს. ასეთი სექსუალური მოძრაობებით ხიბლავენ ანკარასებრნი თავიანთ რჩეულებს. ეს ოჯახი დაახლოებით 2500 სახეობას მოიცავს.
ჰერპეტოლოგმა და პალეონტოლოგმა ფილ სენტერმა ანკარისებრთა და მახრჩობელასებრთა ოჯახების 76 სახეობა შეისწავლა. ცარცული პერიოდის განამარხებული ნიმუშების კვლევისას მან შეიტყო, რომ ზოგი ანკარისებრის საქორწინო რიტუალი (ნიკაპის ხახუნი, თავის ქნევა) უძველესია, „კოიტალური კბენა“ და „კუდის ცახცახი“ მოგვიანებით გაჩნდა.
არშიყობის პოზიცია – ამხედრება, თითქმის უნივერსალურიაო, წერს სენტერი ჟურნალში „PLOS ONE“ და აყოლებს, რომ ამხედრება შესაწყვილებლად სრულიად ზედმეტი რიტუალია. სექსისთვის საკმარისია, გველებმა კუდების ფუძეები კლოაკებს გაუსწორონ. მამრი გამოწევს ჰემიპენისს, კუდში დამალულ „ორთითა“ სასქესო ორგანოს და თითოეული ნახევრიდან სპერმას მდედრის კლოაკაში ასხამს.