ტრადიციის გამოცოცხლება
ბოლივიელი სკეიტერები თავდაყირა აყენებენ სტერეოტიპებს.


ტრადიციის გამოცოცხლება
ბოლივიელი სკეიტერები თავდაყირა აყენებენ სტერეოტიპებს.
ბოლივიის სოფლებში ფერადი პოლიერები კულტურული იდენტობის სიმბოლოა.
ამ ფრიალა ტრადიციულ ქვედატანებს, რომლებსაც აიმარასა და კეჩუას მკვიდრი ხალხების ქალები ატარებენ, ჩახლართული ისტორია აქვს: XVI საუკუნეში ესპანელმა კოლონიზატორებმა პოლიერების ტარება დააწესეს თავიანთ ქვეყანაში დამკვიდრებული სტილის მიხედვით.
საბოლოოდ, ქვედატანები ანდური ჩაცმულობის ნაწილად იქცა. ის უმეტესწილად ასოცირდება ჩოლიტებთან – მაღალმთიანეთის მკვიდრ ქალებთან. პოლიერები კულტურულ სიამაყეს იწვევს, თუმცა წარსული ჩაგვრის შეხსენებასაც წარმოადგენს.
დღეს სპორტსმენი ქალების ერთმა ჯგუფმა ბოლივიაში პოლიერების ტარების მოდა ქალაქშიც დაამკვიდრა. ისინი ამ ქვედატანებს სკეიტბორდის საჩვენებელი შეჯიბრებისას იცვამენ, რათა პატივი მიაგონ ჩოლიტების მემკვიდრეობას და თანამედროვე იერსახე შესძინონ წინაპართა სამოსს.
„პოლიერა სოფლებთან ასოცირდება, რესურსებს მოკლებულ გაუნათლებელ ხალხთან“, – ამბობს დანიელა სანტივანიესი, სკეიტბორდინგის ჯგუფ ImillaSkate-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც ქვედატანები შეჯიბრების მთავარ მშვენებად აქცია. „გვსურს ადამიანები მიხვდნენ, რომ პოლიერას ტარებაში ცუდი არაფერია – ეს ჩვენი ფესვების ნაწილია. პირიქით, უნდა ვამაყობდეთ“.

„პოლიერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, – ამბობს 28 წლის დეისი ტაკური ლოპესი, ქალაქ კოჩაბამბაში 2019 წელს დაარსებული სკეიტბორდინგის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი. „მას ამაყად ვატარებ“.
ტაკური პოლიერებს არა მხოლოდ კულტურული თვითგამოხატვის, არამედ ქალთა გაძლიერების ფორმადაც ხედავს. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ეკონომიკური კომისიის თანახმად, ბოლივია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მოსახლეობაში მკვიდრ ხალხთა წილით. ბოლივიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მკვიდრ ამერიკელთა შთამომავალია. მათ შორის არიან ტაკური და ImillaSkate-ის სხვა წევრები, რომელთა ნათესავების ნაწილს დღესაც აცვია პოლიერები.
„ეს დედაჩემისა და ჩემი დეიდების ჩაცმულობაა და მათ ძლიერ ქალებად მივიჩნევ. აქ, ბოლივიაში, ბევრი ქალი, ვინც პოლიერას ატარებს, თავისი ოჯახის უფროსია“, – აღნიშნავს ტაკური.
პოლიერები სკეიტბორდზე შესრულებული ყოველი ილეთის დროს ფრიალებს. ტაკური აღიარებს, რომ სრიალი პოლიერას ქსოვილის მძიმე ფენების გამო თავდაპირველად არ იყო მარტივი, მაგრამ, სამაგიეროდ, ის უნიკალურია. ImillaSkate-ის ერთ-ერთმა პირველმა წევრმა, 26 წლის სანტივანიესმა, სკეიტბორდზე დგომა ბავშვობაში თავისი ძმისგან ისწავლა. იმ დროისთვის „სკეიტბორდზე გოგონების დანახვა იშვიათობა იყო“.
ბოლივიაში სკეიტბორდით სრიალი დაახლოებით ორი ათწლეულია პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, კოჩაბამბაში სამაგალითო სკეიტბორდერი ქალები არ არსებობდნენ და დაცემით მიღებულ დალურჯებებზე დედის წუწუნის მოსმენით დაღლილმა სანტივანიესმა თინეიჯერობის ასაკში სრიალი შეწყვიტა. სკეიტბორდს მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიუბრუნდა. ამასობაში მან აღმოაჩინა, რომ არ იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც ეს სპორტი იტაცებდა.


(მარცხნივ) კოჩაბამბის გარეუბანში, თავის სახლში, ლუსია როსმერი ტინტა კისპე შვილს, ბრენდას, საყურეებს უკეთებს. ბრენდა ამბობს, რომ სკეიტბორდით სრიალი „თავდაჯერებას მმატებს, რადგან ჩემი შესაძლებლობების საზღვრების გარღვევა შემიძლია“.
(მარჯვნივ) ბელენ ფახარდო ფერნანდესი, ImillaSkate-ის ცხრა სკეიტერიდან ერთ-ერთი, კოჩაბამბის ლაკანჩას ბაზრობაზე ქუდს ისინჯავს. ტრადიციული ქუდი, რომელსაც ადგილობრივი ქალები ატარებდნენ, მისი თქმით, დახვეწილობას მატებს მათ და, ამავდროულად, კულტურულ იდენტობასაც ავლენს“.
„ერთ დღეს გოგონებს იმაზე ველაპარაკებოდი, თუ რატომ იკრიბებიან ბიჭები სკეიტბორდით სასრიალოდ – და რატომ არ აკეთებენ გოგონებიც იმავეს?“ – იხსენებს სანტივანიესი.
სპორტსმენთა ჯგუფის სახელი მის მისწრაფებებს გამოხატავს: „Imilla“ ნორჩ გოგონას ნიშნავს აიმარასა და კეჩუას ენებზე, რომლებიც მკვიდრ ხალხთა ორი ყველაზე გავრცელებული ენაა ბოლივიაში. ჯგუფის დამფუძნებლებმა ვარჯიში ერთად დაიწყეს, რამაც მეტი წევრი მიიზიდა.
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ImillaSkate-ის სკეიტერთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. აქტიური წევრობა ყოველკვირეულ ვარჯიშსა და მრავალფეროვნებისა და ტრადიციების პატივისცემას ნიშნავს.
ეს ჯგუფი კოჩაბამბაში ფუნქციონირებს, მაგრამ სოციალური მედიის საშუალებით მათ ბოლივიის მიღმაც შეაგროვეს აუდიტორია. ImillaSkate-ს 24 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს Instagram-ზე, 8000-ზე მეტი მიმდევარი – Facebook-ზე და აქვს YouTube-არხი. ის გვხვდება TikTok-ზეც დაახლოებით 4500 გამომწერით.
სანტივანიესი აღნიშნავს, რომ მონაწილეები პოლიერას მხოლოდ წარმოდგენებზე იცვამენ: „მათ ისე ვატარებთ, როგორც ინკლუზიისკენ მოწოდებას“.

სკეიტბორდით სრიალი „ყველა სახის ადამიანს აერთიანებს“, – ამბობს იგი. „ჩვენ შევკარით თემი და ამ ერთსულოვნებით ვცდილობთ, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად ვაქციოთ“.
ტაკური აღნიშნავს, რომ ImillaSkate თავის წევრებს საკუთარი წარმომავლობის დაფასებაშიც დაეხმარა.
„ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ, ჩვენი კულტურა და იდენტობა გაგვეცნო. გადავწყვიტეთ, გადაგვეფასებინა ჩვენი ჩაცმულობა და მომავალი თაობებიც წაგვეხალისებინა“, – ამბობს ტაკური.
როდესაც სკეიტერებმა გადაწყვიტეს პოლიერების საშუალებით წარმოეჩინათ თავიანთი სიამაყე სოფლის მემკვიდრეობის მიმართ, გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ: თავადაც უკეთ უნდა გასცნობოდნენ ოსტატურად შექმნილ სამოსს.
მათ არ იცოდნენ, სად მოეძებნათ პოლიერები, ამიტომ დახმარებისთვის თავიანთ ბებიებს მიმართეს, ამის შემდეგ კი ახალგაზრდა ქალებმა ქალაქის ყველა მაღაზია მოიარეს, სადაც პოლიერები ეგულებოდათ, თან ქუდებს და დაწნული თმისთვის ლენტებსაც არჩევდნენ. როდესაც პუნატას ბაზრობაზე მივიდნენ – კოჩაბამბის სურსათისა და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობაზე – „ყველას უკვირდა, რომ ამ ტიპის ტანსაცმელს ვარჩევდით. ახალგაზრდები ვართ და თანაც ქალაქიდან“, – ამბობს სანტივანიესი.
„ვცდილობთ ავუხსნათ, რომ ეს გვეხმარება გავუგოთ ჩვენს დედებს, დეიდებსა და ბებიებს“, – ამატებს ტაკური. მისთვის პოლიერების ტარებასთან დაკავშირებული სტიგმა მეტ-ნაკლებად მოიხსნა 2006 წელს, მათი ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის არჩევასთან ერთად. მორალესის, ბოლივიის პირველი მკვიდრი წარმოშობის პრეზიდენტის ხელისუფლების დროს, კენჭისყრით მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ოფიციალურად აღიარებდა 36 მკვიდრ ენას და ბოლივიის მკვიდრ თემებს ისეთ უფლებებსაც ანიჭებდა, როგორიცაა მიწის სათემო საკუთრება. მორალესი 2019 წელს გადადგა პროტესტებისა და ბრალდებების ფონზე; მას ადანაშაულებდნენ, რომ თავისი თითქმის 14-წლიანი მმართველობის გასახანგრძლივებლად დემოკრატიას საფრთხეს უქმნიდა.


(მარცხნივ) 28 წლის დეისი ტაკური ლოპესს სურს, ხელი შეუწყოს სკეიტბორდინგის პოპულარიზაციას და ბოლივიელ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა შეუქმნას, რათა თავიანთი წარმომავლობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრონ.
(მარჯვნივ) ImillaSkate-ის წევრები ხალხმრავალ ლა-კანჩას ბაზრობაზე ტრადიციულ სამოსს არჩევენ.
ტაკური თვლის, რომ მათ ჯგუფს შეუძლია მეტად შეუწყოს ხელი მკვიდრი ხალხის კულტურულ აღიარებას.
„პოლიერებს ღონისძიებებსა და კულტურულ გამოფენებზე იცვამენ. ქალებს მეტი უფლებები ენიჭებათ, თუმცა საქმე ჯერ არ არის დასრულებული“, – ამბობს იგი.
ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალები თავიანთ ქალაქში უკვე ამჩნევენ ცვლილებებს.
„ბავშვობაში არც კი მიფიქრია, რომ გოგონები სკეიტბორდით სრიალს დაიწყებდნენ“, – ამბობს ტაკური. „სრიალი მეც სწორედ ამ მიზეზით შევწყვიტე რამდენიმე წლით. ახლა კი, ImillaSkate-ის საშუალებით, ქსელი ჩამოვაყალიბეთ. სკეიტბორდით მოსრიალე გოგონებს იმდენად იშვიათად აღარ ვხედავთ“.
ჯგუფის შვიდი წევრი ბოლივიის გარშემო სამოგზაუროდაც კი გაემგზავრა მოკლე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. YouTube-ზე ატვირთულ ექვსწუთიან ანონსში ისინი ფერადი ქვედატანებით სრიალებენ ინდუსტრიულ ზონებში, ქალაქგარეთ მდებარე პარკებსა და სხვა ადგილებში.
„ჩვენი მიზანია სკეიტბორდინგის ხელშეწყობა და წახალისება, ამ სპორტის გაფართოება და, ამავდროულად, ახალი სავარჯიშო სივრცეების გახსნა, – ამბობს ტაკური, – მაგრამ ასევე გვსურს გზავნილის გავრცელებაც: ნუ დავივიწყებთ ჩვენს ფესვებს“.