თვალსაჩინო კვლევები
135 წლის განმავლობაში National Geographic-ი აშუქებდა მსოფლიოს საოცრებებს და მხარს უჭერდა თამამი წარმოსახვის მქონე ექსპერიმენტატორ მკვლევრებს, რომლებიც ადამიანის შესაძლებლობათა ზღვარს გასცდნენ.

1. სილვია ერლი გვიღიმის წყალქვეშა აპარატიდან და მყვინთავი National Geographic Society-ს დროშას შლის. ერლმა 7000 საათზე მეტი გაატარა წყალქვეშ და ხალხს ზღვის სიცოცხლის დაცვისკენ მოუწოდებდა.
2. 1930-იან წლებში National Geographic-მა აშშ-ის არმიის საჰაერო კორპუსთან ითანამშრომლა აეროსტატის სტრატოსფეროში გასაშვებად. შედეგად მივიღეთ ეკიპაჟიანი ფრენის სიმაღლის რეკორდი და დედამიწის მრუდის პირველი ფოტო.
3. 1974 წლიდან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ათასობით ტერაკოტის ჯარისკაცი, რომლებიც ჩინეთის პირველი იმპერატორის გორასამარხს იცავდნენ. 2200 წლის წინანდელმა მოქანდაკეებმა თითოეული მეომარი განსხვავებული გარეგნობით გამოსახეს.
4. 2019 წელს ექსპედიციის წევრებმა ევერესტის მწვერვალიდან არც ისე დაბლა, იმ დროისთვის უმაღლეს წერტილზე (8430 მ) მდებარე მეტეოსადგური დაამონტაჟეს. ეს სადგური მზის პანელებზე მუშაობდა და მონაცემებს თანამგზავრის მეშვეობით აგზავნიდა.
5. National Geographic Society-ს დაფინანსებით ბოტანიკოსმა რობერტ გრიგსმა გამოიკვლია ალასკაში ნოვარუპტას ვულკანის ამოფრქვევის შედეგები. მან შეისწავლა ფერფლით დაფარული აუზი, რომელსაც მიწისქვეშა ნაპრალებიდან გამოფრქვეული ორთქლი ავსებდა.
6. აღდგომის კუნძულზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შორეული დასახლებული ადგილია, ათასზე მეტი მრავალტონიანი მონოლითი, სახელად მოაი გვხვდება.
7. პალეოარტისტმა ჯონ გერჩიმ შექმნა ადამიანის შორეული ნათესავის, 300 000 წლის Homo naledi-ს თავის რეკონსტრუქცია. H. naledi-ს ნაშთები 2013 წელს სამხრეთ აფრიკის მღვიმეში აღმოაჩინეს, რამაც ჩვენი საგვარეულო ხე შეცვალა.
8. მაროკოს უდაბნოში ახალნაპოვნი ძვლების გამოყენებით National Geographic-ის მკვლევარმა ნიზარ იბრაჰიმმა სპინოზავრის სრული ჩონჩხი აღადგინა. ამ აღმოჩენამდე სპინოზავრის ერთადერთი სხვა ნიმუში II მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
9. დასავლეთ უელსში მდებარე პენტრე-ივანს, ქვის ხანის დასაკრძალ კამერას, ერთ დროს მიწის ბორცვი ფარავდა. ეს ქვები, დიდი ალბათობით, 5000 წელია აქ დგას.
10. 2018 წელს მკვლევრები დაეშვნენ მსოფლიოს ყველაზე ღრმა, ვერიოვკინის მღვიმეში, რომელიც საქართველოში, აფხაზეთში მდებარეობს. ეს ექსპედიცია გადარჩენისთვის ბრძოლად გადაიქცა, როდესაც წყლის დონემ აიწია და გუნდის წევრები 16 საათის განმავლობაში გამოამწყვდია ზემო ბანაკში.
11. დაიან ფოსიმ, სანამ მას 1985 წელს მოკლავდნენ, 20 წელი დაუთმო მთის გორილების შესწავლასა და მათი დაცვისთვის ბრძოლას რუანდაში.
12. 1934 წლისთვის ავიატორმა ენ ლინდბერგმა, მეუღლესთან ერთად, 64 000 კმ დაფარა 5 კონტინენტის მასშტაბით. იგი გახლდათ პირველი ქალი, რომელსაც გადაეცა National Geographic-ის ჰაბარდის მედალი.
13. მკვლევარი და მყვინთავი ტარა რობერტსი მოგვითხრობს მონებით დატვირთულ ხომალდებზე, რომლებიც ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. შავკანიანთა ამბების წინ წამოწევით იგი იმედოვნებს, რომ შეცვლის აფროამერიკელთა შესახებ არსებულ ნარატივს.
14. ალექს ჰონოლდი პირველი ადამიანია, რომელიც თოკისა და დამცავი აღჭურვილობის გარეშე აცოცდა ელ-კაპიტნის კლდეზე (იოსემიტის ეროვნული პარკი) 2017 წელს. ამ 914-მეტრიანი გრანიტის მონოლითის დასალაშქრად ის ერთ წელიწადზე მეტი ხანი ემზადებოდა.
15. მკვლევარ და კონსერვაციონისტ ჯეს კრემპის ძალისხმევით კუკის კუნძულებზე 2012 წელს ზვიგენით ვაჭრობა აიკრძალა. ეს დაცული ზონა ზვიგენის ერთ-ერთი უდიდესი თავშესაფარია მსოფლიოში.
16. წყალქვეშა აპარატის განათება ნათელს ჰფენს ჩაძირული „ტიტანიკის“ ქიმს. ფოტოგრაფმა ემორი კრისტოფმა „ტიტანიკის“ აღმოჩენა დოკუმენტურად აღბეჭდა National Geographic-ის 1985 წლის ნომრისთვის.
17. ქსავერინ მუამინი ბირიკო ერთ-ერთია ათეულობით რეინჯერი ქალიდან, რომლებიც ვირუნგის ეროვნულ პარკში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) პატრულირებენ. მოვალეობის შესრულებისას 200 რეინჯერზე მეტი დაიღუპა – მათ შორის ბირიკოს მამა (ილუსტრაციაზე მის მარცხნივ გამოსახული) 2018 წელს.
18. 1909 წელს რობერტ პირი გაუძღვა იმ გუნდს, რომელსაც ათეულობით წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ ჩრდილოეთ პოლუსის დამლაშქრავ პირველ ექსპედიციად. მოგვიანებით მათი მიღწევა ეჭვქვეშ დადგა და, გარკვეული კვლევების თანახმად, პირი, შესაძლოა, სულ მცირე, 48 კილომეტრით ჩამორჩა თავის მიზანს.
19. აფროამერიკელი მკვლევარი მეთიუ ჰენსონი რობერტ პირისთან ერთად 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა პოლარულ რეგიონებს, მაგრამ მისი წვლილი უყურადღებოდ დარჩა. გარდაცვალების შემდეგ ჰენსონს ჰაბარდის მედალი გადაეცა.
20. გორონგოსის ეროვნულ პარკში სპილოთა უმეტესობა დახოცეს მოზამბიკის 15-წლიანი სამოქალაქო ომის დროს. ახლა ეკოლოგი დომინიკ გონსალვესი პარკის ბინადარ 1000-მდე სპილოზე ზრუნავს.
21. ავსტრიელი გერლინდე კალტენბრუნერი პირველი ქალია, რომელმაც მსოფლიოს ყველა 8000-იანი მწვერვალი დალაშქრა ჟანგბადის ბალონის გარეშე. 2012 წელს იგი Rolex National Geographic-ის „წლის მკვლევრად“ დასახელდა.
22. 2009 წელს კონსერვაციონისტმა და კინორეჟისორმა დერეკ და ბევერლი ჟუბერტებმა National Geographic-თან ერთად დააფუძნეს „დიდ კატისებრთა ინიციატივა“ მათი პოპულაციების კლების შესაჩერებლად.
23. 1922 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის აკლდამა გათხარა მეფეთა ველზე (ეგვიპტე). სამარხში 5000-ზე მეტი ნივთი იპოვეს.
24. 1960 წელს პრიმატოლოგი ჯეინ გუდოლი პირველი აფიქსირებს, რომ შიმპანზეები ხელსაწყოდ იყენებენ ჯოხებს – ქცევა, რომელსაც წინათ მხოლოდ ადამიანს მიაწერდნენ.
25. პალეოანთროპოლოგ ლუის ლიკის მხარდაჭერით, კანადელი ანთროპოლოგი ბირუტე გალდიკასი წლობით იკვლევდა ორანგუტანებს – მანამდე ნაკლებად შესწავლილ სახეობას.
26. 1950-1970-იან წლებში გეოლოგმა მარი თარპმა და ბრიუს ჰიზენმა შექმნეს ოკეანის ფსკერის დეტალური რუკა. თარპმა აღმოაჩინა შუაატლანტიკური ქედი, რითაც გამყარდა ფილების ტექტონიკის თეორია.
27. იაპონური წარმოშობის ამერიკელი ეჟენი კლარკი საზღვაო ბიოლოგიაში „შეიჭრა“ II მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ სფეროში თეთრკანიანი მამაკაცები დომინირებდნენ. ზვიგენების ექსპერტმა დაახლოებით 70-ჯერ ჩაყვინთა წყალქვეშა აპარატით.
28. 2014 წელს არქეოლოგებმა განაცხადეს 12 000 წელზე მეტი ხნის წინ გარდაცვლილი გოგონას, „ნაიას“ ნაშთების პოვნის შესახებ. ქალაქ ტულუმთან (მექსიკა), დატბორილ მღვიმეში აღმოჩენილი „ნაიას“ ჩონჩხი ყველაზე სრული პალეოამერიკული ჩონჩხია.
29. არქეოლოგ ელიზაბეთ გრინს უჭირავს უძველესი ამფორა, ხოლო მკვლევარი ჯორჯ ბასი და მისი ცოლი, ენი, წყალქვეშა აპარატიდან იყურებიან. ბასი პიონერი იყო წყალქვეშა არქეოლოგიის დარგში.
30. ბარბარა უოშბერნი გახდა პირველი ქალი, რომელმაც დალაშქრა ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი დენალი. ბარბარამ ქმართან ერთად 40 წელი დაუთმო რთული ლანდშაფტების რუკების შედგენას.
31. ასტრონომი და მკვლევარი მუნაზა ალამი ოცნებობს, რომ „დედამიწის ტყუპისცალს“ მიაგნოს“ – ჩვენი მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტას, რომელზეც დედამიწის მსგავსი კლიმატი დაგვხვდება.
32. ომის კორესპონდენტი და National Geographic-ის სტატიების ავტორი დიკი შაპელი პირველი ქალია, რომელიც პარაშუტისტ-მედესანტეებთან ერთად გადმოხტა ვიეტნამში. 1965 წელს შაპელი დაიღუპა და ამ მხრივაც პირველი ამერიკელი ქალი ჟურნალისტი გახდა, რომელიც ომის გაშუქებას შეეწირა.
33. „ფოტოკიდობნის“ პროექტის ფარგლებში მკვლევარ ჯოელ სარტორეს მიზანია, ტყვეობაში მცხოვრები სახეობები ფოტოებზე აღბეჭდოს, სანამ ისინი არ გადაშენებულან. 14 000-ზე მეტი სახეობა უკვე გადაიღო.
34. ჟურნალისტი პოლ სალოპეკი მიჰყვება აფრიკიდან დაძრული ჩვენი შორეული წინაპრების სამიგრაციო ბილიკებს. ამჟამად იგი ჩინეთს კვეთს.
35. გარე ჰებრიდის კუნძულებზე (შოტლანდია) წრიულად დაუწყვიათ უძველესი ლოდები, რომელთა ფუნქციაც უცნობია. ამ მასიურ მონოლითებს ძვ. წ. 2900-2600 წლებით ათარიღებენ.
36. კონგოს აუზში მკვლევარი მაიკ ფეი 456 დღის განმავლობაში კვალავდა უხვნალექიან ტყეს – ჯუნგლების ყველაზე გრძელ უწყვეტ ზოლს აფრიკაში.
37. 1915 წელს ხომალდი „ენდიურანსი“ ჩაიძირა ანტარქტიდის სანაპიროსთან. ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა, მათ შორის ექსპედიციის ხელმძღვანელი ერნესტ შეკლტონი. 2022 წლის მარტში „ენდიურანსი“ იპოვეს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ქვემოთ.
38. ჟურნალისტი, მოგზაური და მკვლევარი ჰარიეტ ჩალმერს ადამსი XX საუკუნის დასაწყისში National Geographic-ის 21 სტატიის ავტორი და ფოტოგრაფი იყო.
39. რიჩარდ ლიკი და მისი მომავალი მეუღლე მივი განამარხებულ ნიმუშებს ამოწმებენ ფერდობზე, ტურკანის ტბასთან (კენია). ლიკის ოჯახის პალეოანთროპოლოგიურმა აღმოჩენებმა რევოლუციურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ადამიანის საწყისების შესახებ.
40. 1930 წელს ოტის ბარტონი (ფოტოზე) და უილიამ ბიბი ბათისფეროთი 240 მეტრზე დაეშვნენ ატლანტის ოკეანეში. 1931 წელს გამოქვეყნებულ National Geographic-ის სტატიაში ბიბი წერდა, რომ სამყარო, რომელიც იქ იხილეს, „თითქმის ისეთივე უცნობი იყო, როგორც მარსი ან ვენერა“.
41. ქალ მეცნიერთა გუნდი უზრუნველყოფდა, რომ ბათისფეროს მისია წარმატებით დასრულებულიყო. ლაბორატორიის ტექნიკოსი ჯოსლინ კრეინი მონაწილეობდა ზღვის არსებათა იდენტიფიცირებაში; მოგვიანებით იგი გახდა კიბორჩხალების ცნობილი ექსპერტი.