
ტყეები სიცოცხლისთვის
სპეციალური გამოცემა: მოვუაროთ ტყეებს
ტყეები ხმელეთის ერთ მესამედს ფარავს. ყოველ წელს ხეები და სხვა მცენარეები წიაღისეული საწვავის დაწვისგან გამოყოფილი CO2-ის მესამედს შთანთქავს.
ტყის ეკოლოგიის პროფესორი სიუზან სიმარდი შეეწინააღმდეგა გავრცელებულ თეორიას, რომ ტყის ხეები იზოლირებული ინდივიდებია. ინოვაციური კვლევით მან დაამტკიცა, რომ ხეებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ და რესურსებს მიწისქვეშა ქსელების საშუალებით ცვლიან.
ტყეები სამყაროს ბალანსს იცავენ. ნახშირორჟანგის შეწოვით და ჟანგბადის გამოყოფით პლანეტის ფილტვების როლს ასრულებენ, საცხოვრებელ გარემოს ქმნიან უამრავი არსებისთვის და სამყაროში, რომელიც სწრაფად თბება, ჩვენი გადარჩენის საუკეთესო შანსს წარმოადგენენ.
თუმცა ხეები საფრთხეშია. „დედამიწამ ტყის საფარის მესამედი უკანასკნელი 10 000 წლის მანძილზე დაკარგა. აქედან ნახევარი 1900 წლის შემდეგ“, – აღნიშნავს ავტორი კრეგ უელჩი 50 გვერდზე. – “ტყეები სამშენებლო მასალის მოსაპოვებლად, ფერმებისა და გზებისთვის ადგილის დასათმობად გავანადგურეთ“.
2021 წელს 100-ზე მეტმა მსოფლიო ლიდერმა დადო პირობა გლობალური გაუტყეურების შესაჩერებლად.
ამ გამოცემაში შეიტყობთ, როგორ აახლებენ თავიანთ მშობლიურ მიწებს ავსტრალიის აბორიგენები, გაეცნობით ტყეების გადასარჩენად საჭირო სტრატეგიებს, იხილავთ თვალწარმტაც ფოტოებს, გრაფიკულ გამოსახულებებს და რუკებს. შეძლებთ მეტად დააფასოთ ტყეები და მათ შესახებ სიახლეები შეიტყოთ.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic-ს.
დევიდ ბრინდლი, მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი