ეს სკვოტერი ბარიბალი (შავი დათვი) ფოტოაპარატმა მოიხელთა, როდესაც ცხოველი ვიწრო ღიობიდან მოძვრებოდა საუთ-ლეიკ-ტაჰოსთან (კალიფორნია). ამ მიდამოებში დათვის ხილვა სულ უფრო გახშირდა, ამბობს ფოტოგრაფი კორი არნოლდი და განმარტავს: „აქ დათვები უხვ საკვებს პოულობენ ნაგვის ურნებში და, ამასთან, ადამიანებიც ტოლერანტობას იჩენენ მათ მიმართ; შედეგად, ჩვენ და დათვები, ფაქტობრივად, ერთიმეორის თავზე ვცხოვრობთ“. ამ უჩვეულო მოვლენას რომ დაკვირვებოდა, არნოლდმა დახმარება სთხოვა დათვის შემსწავლელ ადგილობრივ სპეციალისტ ტუგი ზილშს. მან არნოლდი წაიყვანა მიტოვებულ სახლში, რომლის საძირკველიც დათვს ბუნაგად გადაექცია.
არნოლდს სურდა იმ წამის დაფიქსირება, როდესაც დათვი ბუნაგიდან გამოძრომას დააპირებდა ღამით საკვების მოსაძიებლად. ღიობის გარეთ მან მოათავსა ფოტოხაფანგი თავისი სამი სანათით. ღიობის შიგნითაც კიდევ ერთი სანათი მოაწყო. „სანამ სიმამაცეს მოიკრებდა, რომ შენობა დაეტოვებინა, დათვი ზღურბლთან იდგა და საკმაო ხანი იმზირებოდა; ამ დროს იქცა ჩემი ფოტონათების ობიექტად“, – ამბობს არნოლდი. „მე გამაოცა ბარიბალის მასიურობამ. ეს ფოტო, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო კადრია, რომელიც კი ოდესმე გადამიღია“.

უაიტ-სალმონში (ვაშინგტონი) მცხოვრები კორი არნოლდი ფოტოგრაფობასთან ერთად პროფესიონალი მეთევზეცაა. მისი ფოტოები ადამიანებისა და ბუნების ურთიერთობას ასახავს.