უჩვეულო ლტოლვილები
საომარ ზონებს, ტრავმებსა და კონტრაბანდისტებს გადარჩენილი ველური ცხოველები იორდანიის ნაკრძალს აფარებენ თავს.


უჩვეულო ლტოლვილები
საომარ ზონებს, ტრავმებსა და კონტრაბანდისტებს გადარჩენილი ველური ცხოველები იორდანიის ნაკრძალს აფარებენ თავს.
პაბლიტო პირველი ლომი იყო, რომელიც ოდესმე ახლოს მინახავს. ველური ცხოველების სარეაბილიტაციო დაწესებულების, „ახალი იმედის ცენტრის“ (ამანი, იორდანია) ვოლიერში მყოფი ოთხ თვემდე ასაკის ბოკვერი ჩემკენ გამოემართა. უეცრად გაჩერდა და სევდიანი და დაუცველი თვალებით მომაჩერდა, თითქოს უსიტყვოდ რაღაცის თქმას ცდილობდა. უცებ პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომ მისი ისტორია მომეთხრო.
პაბლიტოს 2018 წელს შევხვდი, როდესაც იორდანიაში სირიელი ლტოლვილების გადასაღებად მივემართებოდი. ჩემი ფოტოაპარატით იმედის, გამძლეობისა და გადარჩენის ამბების მოყოლას 2001 წლიდან ვცდილობდი. კვლავ და კვლავ ვსტუმრობდი კონფლიქტით განადგურებულ ადგილებს, სადაც კატასტროფას გაქცეული ადამიანები ახალი ცხოვრების დასაწყებად იბრძოდნენ.
შემდეგ შევიტყვე, რომ არსებობდა კლინიკა „ახალი იმედი“, რომელიც მეორე შანსს სთავაზობდა სხვა დაუცველ არსებებს. აქ გადაარჩინეს მიტოვებული ზოოპარკებიდან და საომარი ზონებიდან ჩამოყვანილი, ასევე კონტრაბანდისტებისგან ჩამორთმეული დაშავებული ცხოველები.

13 წლის სუკარი „მეჯიკ-ვორლდის“ ზოოპარკის (სირია) ერთ-ერთი გადარჩენილი ბინადარია. მრავალწლიანმა სამოქალაქო ომმა იქ ჩარჩენილი ათეულობით ცხოველი შეიწირა. ალ-მავაში ეს დათვი 2017 წლიდან გადის რეაბილიტაციას.
„ახალი იმედი“ საკარანტინო და სარეაბილიტაციო დაწესებულებაა ცხოველებისთვის, რომლებსაც საბოლოოდ ალ-მავას ველური ბუნების თავშესაფარში გადაიყვანენ, დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით, 111 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე იორდანიის ჩრდილო-დასავლეთით, ჯერაშის მთებში. ამ თავშესაფარში ბინადრობდა ძვალკუნთოვანი დაავადებისგან პარალიზებული კუ, რომელიც 2016 წელს ღაზის ზოოპარკიდან წამოიყვანეს. ალ-მავაში (არაბულად „თავშესაფარი“) ბინა დაიდეს ასევე აფრიკულმა ლომებმა და ჰიმალაიურმა დათვებმა „მეჯიკ-ვორლდიდან“. ეს გასართობი პარკი და ზოოპარკია ალეპოს გარეუბანში – ომით განადგურებულ სირიაში.
რეგულარულად დავიწყე მათი მონახულება. ჩემი საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო ქაოსის შუაგულში მოხვედრილი ადამიანებისკენ, მათი ტანჯვისა და განადგურების ასახვისკენ, ახლა კი დახმარების გარეშე დარჩენილ, კონფლიქტის მსხვერპლ ცხოველებთან შეხვედრა დავიწყე. რომ არ გადაერჩინათ, ამ ცხოველებს, ალბათ, ბომბები, ტყვიები ან შიმშილი მოუღებდა ბოლოს.
მიტოვებული ზოოპარკებიდან ან ომის ზონებიდან გადარჩენილი ცხოველების უმეტესობას უკან დასაბრუნებელი ადგილი არ აქვს. ამ უსახლკარო ცხოველებისთვის ალ-მავას თავშესაფარი მუდმივ საცხოვრებლად გადაიქცა.
ლომის ბოკვერი პაბლიტო ერთ-ერთი მათგანია. მისმა მომვლელმა მითხრა, რომ ზოოპარკის პატარა გალიაში გამოკეტვამ პაბლიტოს ტრავმირება გამოიწვია. ბოკვერს დინგზე დიდი ნაიარევი ჰქონდა გალიის გახსნის არაერთი მცდელობის გამო, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, „ახალ იმედში“, მან გამოჯანმრთელება დაიწყო. საათობით ვუყურებდი, როგორ თამაშობდა ხის ტოტებით და 150 კვ. მეტრი ვოლიერის ჭერიდან ჩამოკიდებული ჯვალოს ტომრით, ზევით-ქვევით დახტოდა და ღრიალებდა. ღამით თივის საწოლზე ეძინა.

მოგვიანებით სკუტერს შევხვდი. ეს იყო კუ, რომელიც არასათანადო მოპყრობისგან პარალიზებული იყო. რვათვიანი ინტენსიური ჰიდროთერაპიისა და ვიტამინებით მდიდარი რაციონით კვების შემდეგ, რაც კუნთების გასაძლიერებლად იყო საჭირო, სკუტერმა კიდურები აამოძრავა და ნელ-ნელა გადაადგილება დაიწყო სკეიტბორდის დახმარებით.
პრინცესა ალია ბინტ ჰუსეინმა, იორდანიის გარდაცვლილი მეფის, ჰუსეინის უფროსმა ქალიშვილმა, მითხრა, რომ ცხოველთა თავშესაფრის შექმნაზე ფიქრი 2009 წელს დაიწყო, როდესაც იორდანიაში მოხეტიალე ცირკი ჩავიდა. მათი ბევრი ცხოველი მძიმე მდგომარეობაში იყო; მაგალითად, ლომის ბოკვერს ბრჭყალები ჰქონდა დაჭრილი და ფეხები სტკიოდა. მოგვიანებით პრინცესა ალიამ აღმოაჩინა, რომ საცირკო წარმოდგენათა გამართვის ნებართვაც გაეყალბებინათ და ეგვიპტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ის რეალურად არ ჰქონდა გაცემული.
თავისი არაკომერციული ორგანიზაციის – „პრინცესა ალიას ფონდის“ მეშვეობით, მან თანამშრომლობა დაიწყო ცხოველთა კეთილდღეობის ორგანიზაციასთან Four Paws (ოთხი თათი), რომლის სათავო ოფისი ვენაში მდებარეობს. 2010 წლის იანვარში „ახალი იმედის ცენტრმა“ თავისი პირველი პაციენტი მიიღო: ოთხი წლის ზოლებიანი აფთარი დობი, რომელიც ადგილობრივი ზოოპარკიდან წამოიყვანეს, 2011 წელს კი ალ-მავას თავშესაფარიც გაიხსნა.
სკაი, ბენგალური ვეფხვი ერთი თვის სკაი და მისი ძმა ტაში იორდანია-საუდის არაბეთის საზღვარზე მანქანის საბარგულიდან ამოიყვანეს.
ოსი, სირიული მურა დათვი ძმებთან – ჰადისთან და შუჟაასთან ერთად, ოსი „ახალ იმედში“ ადგილობრივი ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.
ლოკი, სირიული მურა დათვი ლოკი ალ-მავაში, ჯამალთან და რუმისთან ერთად ცხოვრობს. ისინი იორდანიის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს.
ბირმული პითონი ოთხი წლის დაავადებული პითონი კონტრაბანდისტს ამანის აეროპორტში ჩამოართვეს. ორთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ის დაიღუპა.
ბერძნული კუები 550 ბერძნული კუ კონტრაბანდისტებს იორდანია-სირიის საზღვარზე ჩამოართვეს. მოგვიანებით ყველა გაუშვეს ბუნებაში.
რაღადი, ირემლაღი ექვსი თვის რაღადი პატრონმა ალ-მავაში მიიყვანა, რომ მას უკეთეს პირობებში ეცხოვრა.
ჭოტი გასაყიდად განკუთვნილ ერთი წლის ჭოტს სასტუმროში მიაგნეს და ერთი წლის შემდეგ ველურ ბუნებაში გაუშვეს.
მარკი, არაბული რუხი მგელი გაყიდვას გადარჩენილი მარკი ახლა ხუთი მგლის ხროვაში კარგად გრძნობს თავს.
პაბლიტო, აფრიკული ლომი პატარა პაბლიტოს დინგზე სახასიათო ნაიარევი აქვს.
სკაი, ბენგალური ვეფხვი ერთი თვის სკაი და მისი ძმა ტაში იორდანია-საუდის არაბეთის საზღვარზე მანქანის საბარგულიდან ამოიყვანეს.
ოსი, სირიული მურა დათვი ძმებთან – ჰადისთან და შუჟაასთან ერთად, ოსი „ახალ იმედში“ ადგილობრივი ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.
ლოკი, სირიული მურა დათვი ლოკი ალ-მავაში, ჯამალთან და რუმისთან ერთად ცხოვრობს. ისინი იორდანიის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს.
ბირმული პითონი ოთხი წლის დაავადებული პითონი კონტრაბანდისტს ამანის აეროპორტში ჩამოართვეს. ორთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ის დაიღუპა.
ბერძნული კუები 550 ბერძნული კუ კონტრაბანდისტებს იორდანია-სირიის საზღვარზე ჩამოართვეს. მოგვიანებით ყველა გაუშვეს ბუნებაში.
რაღადი, ირემლაღი ექვსი თვის რაღადი პატრონმა ალ-მავაში მიიყვანა, რომ მას უკეთეს პირობებში ეცხოვრა.
ჭოტი გასაყიდად განკუთვნილ ერთი წლის ჭოტს სასტუმროში მიაგნეს და ერთი წლის შემდეგ ველურ ბუნებაში გაუშვეს.
მარკი, არაბული რუხი მგელი გაყიდვას გადარჩენილი მარკი ახლა ხუთი მგლის ხროვაში კარგად გრძნობს თავს.
პაბლიტო, აფრიკული ლომი პატარა პაბლიტოს დინგზე სახასიათო ნაიარევი აქვს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სტუმრებმა გააცნობიერონ, რომ ზოოპარკებში არ არსებობს შესაფერისი პირობები ველური ცხოველებისთვის“, – მითხრა მარეკ ტრელამ, ვეტერინარმა და ალ-მავას აღმასრულებელმა დირექტორმა. „იდეალური იქნებოდა მათი ბუნებაში დაბრუნება, მაგრამ თუ ისინი ტყვეობაში დაიბადნენ, ეს ყოველთვის ვეღარ ხერხდება“. თუმცა ის კი ნამდვილად შესაძლებელია, რომ ამ ცხოველთა საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, აცხადებს იგი.
ალ-მავაში, რომელიც უმეტესად შეწირულობებით ფინანსდება, ცხოველები კვლავ ღობეებით არიან გარშემორტყმულნი, მაგრამ მათ აქვთ წვდომა ღია სივრცეებსა და შედარებით უფრო ბუნებრივ გარემოზე. ეს თავშესაფარი იორდანიის ერთ-ერთ უკანასკნელ ხმელთაშუაზღვისპირა ტყეში მდებარეობს, სადაც მარადმწვანე ქვამუხა, ფიჭვი და ხემარწყვა ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სივრცე არც თუ ისე დიდი ფართობისაა, ის კომფორტულად მასპინძლობს 70 ცხოველს, მათ შორის 24 აფრიკულ ლომს, რვა სირიულ მურა დათვს, ორ ჰიმალაიურ დათვს, ორ ბენგალურ ვეფხვს, ორ ზოლებიან აფთარს, ერთ ხალებიან აფთარს და რვა მგელს, რომელთაგან ერთი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც „ფეისბუკზე“ ნახეს გასაყიდად გამოქვეყნებული.
ყოველ კვირას ეს ცხოველები 575 კილოგრამზე მეტ ხორცს ჭამენ – სუპერმარკეტებისა და საქონლის სასაკლაოების მიერ შეწირულ ნარჩენებს, რომლებიც არ იყიდება – და 1800 კილოგრამზე მეტ ხილსა და ბოსტნეულს. ცხოველების უმეტესობა თავშესაფარში სამედიცინო ჩანაწერების გარეშე ხვდება და მათი ისტორია უმეტესად უცნობია. ცხოველთა მომვლელები დიდ დროს ხარჯავენ მათ ინდივიდუალურ შესწავლაზე და ცდილობენ, შესაფერისი კომფორტით უზრუნველყონ.

ალბერტო ლუკას ლოპესი, NGM-ის თანამშრომელი; კელსი ნოვაკოვსკი. წყარო: მუსტაფა ხრაისათი, ალ-მავა ბუნებისა და ველური ცხოველებისთვის
მომვლელები ზრუნავენ, რომ მნახველებმა არ გააღიზიანონ ეს არსებები და ისწავლონ ველური და შინაური ცხოველების ერთმანეთისგან გარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ველური ცხოველი შეიძლება მოთვინიერდეს და ისწავლოს ადამიანებთან ერთად ცხოვრება, მაინც ათასობით წელი სჭირდება ცხოველთა სელექციურ გამრავლებას, რათა სახეობა გენეტიკურად მოერგოს ჩვენთან ერთად ცხოვრებას.
ალ-მავა რაღაც შუალედურ სივრცედ მომეჩვენა, სადაც ცხოველები აშკარად ამყარებდნენ კავშირს თავიანთ მომვლელებთან. ისინი არც მთლად ველურები, მაგრამ არც მოთვინიერებულნი იყვნენ.
ეს ჩემთვის აშკარა გახდა, როდესაც ვეფხვები, ტაში და სკაი, გამოჩნდნენ, თითქოს არსაიდან, იმ მომენტში, როდესაც მომვლელმა ხმა ამოიღო; იმ მომენტშიც, როდესაც ბალუ ღობეზე აძვრა, როგორც კი მომვლელმა მას სახელით მიმართა. მეც ვცადე ზოგიერთი ცხოველი სახელით მომეხმო, მაგრამ არცერთმა ყურადღება არ მომაქცია.

ალ-მავაში დამაინტერესა ჰიმალაიურმა დათვმა, რომელიც ადამიანივით უკანა ფეხებზე დგება და ეს მისი ბუნებრივი ქცევაა. გადავიღე გველიჭამია არწივიც, მიწაზე რომ წვებოდა ჩემი მიახლოებისას. ერთ წლამდე ჭოტი, რომელიც ამანში მდებარე სასტუმროს ჩამოართვეს, პირდაპირ ჩემი კამერის ობიექტივში იყურებოდა, როდესაც გადასაღებად ვიხრებოდი. ეს ჭოტი მოგვიანებით ველურ ბუნებაში გაუშვეს.
გული მეტკინა, როდესაც გავიგე, რა გზა გაიარეს ცხოველებმა. როდესაც იორდანიას ვტოვებ, ყოველთვის მოუთმენლად ველი მომდევნო ვიზიტს. როცა იორდანიაში ვარ, აუცილებლად ვესტუმრები ხოლმე თავშესაფარს.

„ახალი იმედის“ ვეტერინარი რაღად ზეითუნი გველიჭამია არწივის ასაწონად ემზადება. ამ არწივს შემთხვევით მონადირემ ესროლა და ფრინველი მარჯვენა თვალით დაბრმავდა. „ახალ იმედში“ მიყვანამდე ვეტერინარი არწივს ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა.
2018 წლის დასასრულიდან დაახლოებით 25-ჯერ ვესტუმრე „ახალ იმედსა“ და ალ-მავას (2021 წლის სექტემბერში „ახალმა იმედმა“ მთელი თავისი პერსონალი და ცხოველები ალ-მავაში გადაიყვანა). ზოგიერთი ცხოველი ჩემ თვალწინ გაიზარდა. დიდი სიხარულია იმის ნახვა, რომ ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც იმსახურებენ. ეს ის ძალაა, რომელიც კვლავ და კვლავ უკან მაბრუნებს.
მარტის ღრუბლიან დღეს, პარასკევს, როდესაც ალ-მავაში ჩავედი, განსაკუთრებით მინდოდა დიდ კატისებრთა ნახვა. როგორც კი ღობესთან მივედი, დიდებული გარეგნობის, მაღალი და კარგად დაკუნთული ლომი მომიახლოვდა და თავი დამიქნია. შემდეგ მშვიდად წავიდა ხეებისკენ. დინგზე პატარა ნაწიბური შევამჩნიე და მივხვდი, რომ ეს პაბლიტო იყო, ბოკვერი, რომელსაც ხუთი წლის წინ პირველად შევხვდი. მას ახლა ზრდასრულის სახელს – პაბლოს ეძახდნენ.
ვერ ვიჯერებდი: მან მე მიცნო.