
უკვე ხუთი წლის გავხდით
ზუსტად ხუთი წლის წინ, 2012 წლის ოქტომბერში National Geographic საქართველოს პირველი ნომერი გამოვიდა. მახსოვს, აღფრთოვანებული ვათვალიერებდი ნომერს, ბედნიერი იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ესმოდათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროს შესახებ ცოდნის საზოგადოებამდე მიტანა და მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს ყვითელ ჩარჩოში ქართული წარწერა გაჩნდა.
მაშინ ვერც ის წარმომედგინა, რომ ხუთ წელიწადში ჟურნალის საიუბილეო ნომერზე მთავარი რედაქტორის ამპლუაში ვიმუშავებდი და ვერც ის, რომ 2015 წელს, ვაშინგტონში სადოქტორო კვლევაზე ჩასულს, National Geographic Society-ში მოხალისედ მუშაობის საშულება მომეცემოდა.
პირველად იქ მისულს, დღისითმზისით ვარსკვლავიანი ცის (!) ქვეშ დამითქვეს შეხვედრა – ადრე მივედი. „ვარსკვლავიანი ცა” საზოგადოების ძველი შენობის შესასვლელის მოხატული ჭერი აღმოჩნდა, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს ციმციმებენ ვარსკვლავები და ყოველთვის არის მცირე ფოტოგამოფენა; სანამ მასპინძელი ჩამოვიდოდა, საბოლოოდ მოვიწამლე National Geographic-ით.
ჩემთვის უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა ამ ჟურნალის რედაქტორობა. თითოეული ნომერი საუკთარი თავისა და ჩემი არაჩვეულებრივი გუნდის გამოცდაა, ყოველი მომდევნო ნომერი კი, იმის თავდაუზოგავი მცდელობა, რომ წინას სჯობდეს.
სიამოვნებით წარმოგიდგენთ საიუბილეო ნომერს: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიისა და ქურციკის საქართველოში დაბრუნების უმნიშვნელოვანესი პროგრამის შესახებ ბოგდანა ვაშჩენკო მოგითხრობთ; სამეწარმეო ეკონომიკის საწყისებთან დაკავშირებით, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე გესაუბრებათ; ფოტოჟურნალში ედუარდ კურტისს წარმოგიდგენთ ლიზა მეფარიშვილი; თქვენი მონამორჩილი კი, შეეცდება, უპასუხოს კითხვას – რატომ ვცეკვავთ? ეს ნომერი დაგაფიქრებთ იმაზე, უნდა ვინადიროთ თუ არა და შიმპანზეების ლეგენდარულ მკვლევარს, ჯეინ გუდოლს გაგაცნობთ.
ერთი მხრივ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ეს საქმე მანდო – ჩვენი გამოცემის დამფუძნებელს, სამეცნიერო საბჭოს წევრებს, ჩემს წინამორბედს, ამერიკელ კოლეგებსა და გამომცემელს, მეორე მხრივ კი, National Geographic საქართველოს გუნდის წევრებს, რომელთა გარეშეც ნამდვილად არაფერი გამოვიდოდა.
ხოლო, თქვენ მადლობას გიხდით, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს – ვეცდებით, იმედი არ გაგიცრუოთ.
გილოცავთ National Geographic საქართველოს დაბადების დღეს.