ვინ:
ნიკა პაპოშვილი, 32 წლის, ორნითოლოგი, ფოტოგრაფი
სად:
კარწახის ტბა (ჯავახეთის დაცული ტერიტორიები)
რა:
Canon EOS 7D Mark II + Canon EF 100-400მმ f/4,5-5,6L IS II USM
ამბავი:
ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამა თუ იმ სამეცნიერო კვლევის ფარგლებში, რაც საქართველოს ველური ბუნების შესწავლასა და კონსერვაციას გულისხმობს. თავდაპირველად ფოტორაფია მისი გატაცება იყო, ნელ-ნელა კი მეორე პროფესიად იქცა. ნიკას ობიექტივში არაერთი ულამაზესი სცენა აღბეჭდილა, თუმცა იგი ხშირად გამხდარა შემაძრწუნებელი მოვლენის მოწმეც. კადრი, რომელიც მან 2018 წლის აგვისტოში ჯავახეთის ზეგანზე მობუდარი ფრინველების აღრიცხვისას კარწახის ტბაზე აღბეჭდა, სულის შემძვრელია – ნაპირზე გამორიყულ გადაშენების პირას მყოფ ქოჩორა ვარხვს (Pelecanus crispus) ნისკარტზე პოლიეთილენის პარკი აქვს შემოხვეული, რომლიც, სავარაუდოდ, მისი დაღუპვის მიზეზად იქცა. „სამწუხაროდ, პლასტმასით გარემოს დაბინძურების გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ფრინველი იღუპება, – ამბობს ნიკა – ნუ მოკლავ, დაიცავი!“
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge