მუდმივი სწავლა ერთ-ერთია, რაც ჩემს საქმეში ყველაზე მეტად მიყვარს. National Geographic-ში განუწყვეტლივ ვიკვლევთ იმას, თუ რა აძლევს ბიძგს ახლებურ აზროვნებას ამა თუ იმ სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ მოწინავე ხაზზე დგომით ისეთ ამბებს გაგიზიარებთ, რომლებიც თქვენც დაგაფიქრებთ და ცოდნას გაგიღრმავებთ.
გლობალურად, მკვიდრი ხალხები ყოველთვის ქმნიდნენ ინოვაციისა და მდგრადობის მოდელებს, თუმცა ისინი ხშირად უყურადღებოდ რჩებოდა. ეს მთელი სიცხადით მაშინ გავიაზრე, როდესაც 2022 წელს National Geographic-ს შემოვუერთდი. იმ დროს უკვე დაგეგმილი გვქონდა National Geographic Society-ისა და Climate Pledge-ის მიერ დაფინანსებული სტატიის გამოქვეყნება, რომელზეც ფოტოგრაფი კილიი იუიანი მუშაობდა და მოგვითხრობდა მკვიდრ ხალხთა იმედისმომცემ ბუნებისდაცვით ინიციატივებზე. მაშინ უკეთ გავიაზრე ის, რაც ძირძველმა თემებმა კარგად იციან: მათი შემოქმედებითი აზროვნება სცდება ბუნების დაცვას და ვლინდება ენაში, კინემატოგრაფიაში, მოდასა და ხელოვნებაში. ასე გაჩნდა ამ სპეციალური გამოცემის იდეაც.
მიმდინარე ნომერში შეგხვდებათ სამი ძირითადი ტიპის სტატია: პირველი ჯგუფი მოიცავს ხუთ სტატიას, რომელთა ფოტოგრაფია სრულად კილიი იუიანს ეკუთვნის და ეხება იმას, თუ როგორ იცავენ მკვიდრი თემები საკუთარ გარემოსა თუ ტრადიციებს. კულტურის შესახებ სტატიებში იხილავთ, თუ როგორ განსაზღვრავს ესა თუ ის მკვიდრი თემი პროგრესს წინაპართა ცოდნისა და თანამედროვე ხერხების შერწყმით. ცალკე გაგაცნობთ შემოქმედებსა და ლიდერებს, რომლებიც მკვიდრ თემთა სხვა წარმომადგენლების მსგავსად აფართოებენ ჩვენი აზროვნების საზღვრებს.
რაც შეეხება ტერმინს „მკვიდრი“. ამ ნომერში ასე მოვიხსენიებთ გარკვეული გეოგრაფიული არეალის ძირძველ, აბორიგენულ მოსახლეობას.
ამ გამოცემაში ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ თითქმის მთელი მასალა მკვიდრი თემების წარმომადგენელი ავტორებისა და ფოტოგრაფების შექმნილია, მათ შორის უმეტესობისთვის ეს პირველი თანამშრომლობაა ჩვენს ჟურნალთან. ჩვენც, ისევე როგორც მრავალ სხვა პუბლიკაციას, მკვიდრი კულტურების გაშუქების არც თუ უნაკლო ისტორია გვაქვს და, როგორც წესი, მათ უცხო თვალის პერსპექტივიდან წარმოვაჩენდით. National Geographic-ში მკვიდრ თემთა ხედვის უფრო მეტად ჩართვას სულ სხვა ხარისხში აჰყავს ჩვენი საქმიანობა, რაც, გვჯერა, რომ მნიშვნელოვნად გააღრმავებს ჩვენს კოლექტიურ ცოდნას და შეგნებას.
იმედი მაქვს, ისიამოვნებთ ჟურნალის ამ ნომრით.
National Geographic-ის მთავარი რედაქტორი