
ზღვარზე
რისკზე წასვლა ღირს. ეს შენი თავის გამოცდაა. ჩვენი პროფესია მუდმივი რისკია
ნიკა ჯანჯღავა – პოლკოვნიკი, ისტორიკოსი და სამართალმცოდნე, რამდენიმე სამხედრო ნაშრომის ავტორი, საკუთარი დახასიათებით – „უბრალო ჯარისკაცი“. 1992 წლიდან მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 2010-2011 წლებში იყო საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ხელმძღვანელი ავღანეთში. მისი პროფესია რისკთანაა დაკავშირებული, თუმცა საკუთარ თავს რისკიანს არ უწოდებს, რადგან სამხედრო პირისთვის რისკზე წასვლა მოვალეობაა. და მაინც, ის რისკიანია.
რატომ მიდიან ადამიანები რისკზე და რა არის თქვენთვის რისკი?
რისკზე წასვლა ღირს. ეს შენი თავის გამოცდაა. ჩვენი პროფესია მუდმივი რისკია. ნებისმიერ მომენტში რისკისთვის მზად უნდა იყო, ფიზიკურადაც და მორალურადაც. თუ ეს არ შეგიძლია, ესე იგი, სამხედროც არ ყოფილხარ.
ყველაზე რისკიანი ეპიზოდი თქვენი ცხოვრებიდან…
1996 წელს დავბრუნდი აშშ-დან, სადაც საჰაერო სადესანტო მომზადება გავიარე. ჩემი ოცნება იყო, საქართველოს ჯარში ეს სამხედრო სპეციალობა დაენერგათ. მაშინ საქართველოში პარაშუტები არ მოიძებნებოდა. ძლივს მივაგენით ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილში ორ პარაშუტს, რომელთაც ჯერ კიდევ 80-იან წლებში გაუვიდა ვადა. სხვა არჩევანი არ გვქონდა. იმ დროს საქართველოში სამხედრო მაღალჩინოსნები სკეპტიკურად უყურებდნენ სადესანტო ქვედანაყოფების შექმნის აუცილებლობას. ამ პროექტის ხორცშესასხმელად საჭირო იყო საპარაშუტო ხტომების რეალურად ჩატარება. და მეც გავრისკე. გადმოვხტი… დედამიწამდე 300 მეტრი იყო დარჩენილი, როცა პარაშუტის გუმბათმა რღვევა დაიწყო, როგორც ჩანს, დინამიკური დარტყმის შედეგად. ძალიან უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. გუმბათზე ნახვრეტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მთელი ჩემი ოსტატობა გამოვიყენე, რაც ძალი და ღონე მქონდა ვქაჩავდი, რომ გუმბათს ნაკლები დატვირთვა ჰქონოდა და მთლიანად არ დარღვეულიყო. გამიმართლა. დაჯდომა საკმაოდ ხისტი იყო. მიწას დავენარცხე და… ამოვისუნთქე…
არ შეგეშინდათ?
ასეთ დროს რეფლექსებით მოქმედებ, შიში უკვე სიკვდილის ტოლფასია… შემდეგ მეორე ვადაგასული პარაშუტითაც გადმოვხტი, დიდი რისკი იყო, მაგრამ მაინც.
მეორედ რატომღა გარისკეთ?
შიში ბოლომდე რომ დამეძლია. თუ დაიწყე, უნდა გააგრძელო კიდეც…
რატომ იყო ეს ეპიზოდი ასეთი მნიშვნელოვანი?
ამ ეპიზოდმა ერთი რამ მასწავლა: ცხოვრების ყველა გამოწვევა უნდა მიიღო, საინტერესო ცხოვრება რისკის ზღვარზე სიარულია.