მოხეტიალე თვალები
2008 წლამდე თევზების სიმეტრიულიდან ასიმეტრიულ ფორმაზე ევოლუციური გადასვლის არც ერთი დამადასტურებელი განამარხებული ფორმა არ იყო აღმოჩენილი
ბრტყელი თევზები (მაგ. ზღვის კამბალა და პალტუსი) გამოჩეკვისას ჩვეულებრივ თევზებს ჰგვანან. დაახლოებით ორი კვირაა საჭირო, რომ ერთი თვალი თავზე გადაადგილდეს და მეორე მხარეს გადავიდეს. ეს იმდენად უჩვეულოა, რომ ერთხანს დარვინის კრიტიკოსების არგუმენტიც კი იყო: ბრტყელი თევზების ევოლუცია თანმიმდევრულად ვერ მოხდებოდა, რადგან თევზის შუალედურ (ნახევრადბრტყელ) ფორმას ნაწილობრივად ადგილშეცვლილი თვალით ადაპტაციის უნარი არ ექნებოდა. ერთ-ერთი ბიოლოგი მიიჩნევდა, რომ თანამედროვე ბრტყელი თევზები უეცარი ანატომიური ცვლილებით წარმოიშვნენ.
2008 წლამდე თევზების სიმეტრიულიდან ასიმეტრიულ ფორმაზე ევოლუციური გადასვლის არც ერთი დამადასტურებელი განამარხებული ფორმა არ იყო აღმოჩენილი. შემდეგ კი პალეობიოლოგმა ფრიდმენმა 50 მლნ წლის ფორმა იპოვა, რომელსაც ერთი თვალბუდე ზემოთ ჰქონდა აწეული, თუმცა მთლიანად არ იყო გადასული მეორე მხარეს. როდესაც ის მის მსგავსთან (ზემოთ) ერთად შეისწავლა (რომელსაც ის ვენის მუზეუმში წააწყდა), მეცნიერს უკვე ხელთ ჰქონდა უდავო მტკიცებულება: ეს იყო ბრტყელი თევზების შუალედური ფორმის პირველი მტკიცებულება. ფრიდმენმა შარშან თავისი კვლევის დეტალური ვერსია გამოაქვეყნა და იმედოვნებს, რომ ასეთი აღმოჩენები „ნათელს მოჰფენენ უცნაური ნიშან-თვისებების წარმოქმნას“.