წელი, რომელმაც განგვაცალკევა
ერთად, მარტო
ჩაკეტილები, დასტრესილები: ჩვენი სოციალურად დისტანცირებული მსოფლიო
ხანდახან ადამიანები განზრახ იზოლირდებიან – ასტრონავტები, მთამსვლელები, ბერები – მაგრამ ჩვენი უმეტესობისთვის სოციალური ინტერაქცია მაცოცხლებელი მუხტივითაა. 2020-მა წელმა ეს მუხტი გამოგვაცალა. მარტში მთელმა მსოფლიომ იზოლაციაში შეაბიჯა: აიკრძალა შეკრებები, დაიხურა სკოლები და ოფისები. გაიცა სახლში დარჩენის ბრძანებები და მსოფლიოში სიჩუმემ დაისადგურა. ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, შიშით იყო გაჟღენთილი.
კორონავირუსის ხანამ იზოლაციის ჩვენეული განმარტება შეცვალა. რა იგულისხმებოდა იზოლაციაში – მეგობრებისა და ოჯახისგან განცალკევება? საზღვარგარეთ ჩარჩენა, თუ სამუშაოსა და განათლებისგან მოწყვეტა?
როდესაც ბრაზილია პანდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრი გახდა, სან-პაულუში კოპანის კორპუსის მცხოვრებლები ბინებში გამოიკეტნენ იმის შიშით, რომ ვირუსი სამხრეთ ამერიკის უდიდეს საცხოვრებელ შენობაში შეიჭრებოდა. მხატვრების, არქიტექტორების, დიზაინერების 1160 ოჯახით დასახლებული შენობაც კი სიჩუმემ და სიმარტოვემ მოიცვა. სიკვდილსაც მარტოობაში ვხვდებით. 80 წელს გადაბიჯებული მარი ტერეზ ვასმერის დაკრძალვა პატარა ქალაქ მიულუზთან ჩატარდა – ეს ერთ-ერთი ადგილი იყო საფრანგეთში, სადაც ვირუსი სწრაფად გავრცელდა. მარის ვირუსის ტესტი არ გაუკეთეს, თუმცა ისე დაასაფლავეს, როგორც მისი მსხვერპლი.
ლოკდაუნის პირობებში დაკრძალვას ვერც მეგობრები დაესწრნენ და ვერც ოჯახის წევრები. როდესაც ის მღვდელმა და დამკრძალავი ბიუროს ოთხმა თანამშრომელმა დალუქულ კუბოში ჩაასვენეს, სარიტუალო მომსახურების მუშაკები ისე ლოცულობდნენ მისთვის, თითქოს ოჯახის წევრს ასაფლავებდნენ.