იაპონიის უსასრულო სიყვარული ქაღალდის მიმართ
ვაშის ისტორია, სულ ცოტა, 1300 წლის წინ დაიწყო და 2014 წელს მას იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
მხატვარ იაიოი კუსამას ამ ქაღალდზე გამოსახული აქვს ფანტასტიკური პეიზაჟები, ამავე ქაღალდით დიზაინერი იუმი კაცურა საქორწილო კაბებს კერავს, რეჟისორი დევიდ ლინჩი კი მას ლითოგრაფიაში იყენებს. ამ ხელნაკეთ ქაღალდს „ვაში“ ეწოდება და მას ყველგან შეხვდებით: დაწყებული ქოლგებიდან, დამთავრებული კორონავირუსისგან დამცავი ნიღბებით.
ვაშის ისტორია, სულ ცოტა, 1300 წლის წინ დაიწყო და 2014 წელს მას იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა (ჰამადაში, მინოსა და ოგავა/ჰიგაში-ჩიჩიბუში დამკვიდრებული ტრადიციული მეთოდის საფუძველზე). აღიარება დაიმსახურა არა ქაღალდმა ან მისმა შემქმნელებმა, არამედ ტექნიკამ, – ამბობს ტაკეში კანო, უმაღლესი ხარისხის ვაშის – ჰონმინოშის – შემქმნელი ოსტატი. „აუცილებლად ხელით უნდა დამზადდეს და მხოლოდ სამი კომპონენტის გამოყენებით: ქაღალდის თუთა, წყალი და „ნერი“ – მცენარეული წებო“. პროცესი იწყება თუთის მერქნის ბოჭკოების გასუფთავებით და ცელულოზის მასის ფორმირებით. ოსტატი ამ თხევად მასაში აწობს კარკასს, რომელსაც ცელულოზის მასა აპკივით ეკვრის. გაშრობის შემდეგ კლასიკური ვაში მზადაა.
ვაშის სამყარო
უდაცუს უბანი მინოში
ამ ისტორიულ უბანში ჩამწკრივებული ვაშის სავაჭრო სახლებიდან ზოგი მუზეუმადაა შენარჩუნებული, ზოგი – კაფეებად, მაღაზიებად და გალერეებად გადაკეთდა. ოქტომბერში, აკარის ფესტივალზე, ვაშის ფარნები ანათებს ქუჩებს.
მინო-ვაშის მუზეუმი
ექსპონატები მოგითხრობთ ამ ქაღალდის მრავალფუნქციურობასა და მისი დამზადების პროცესზე. ადგილზევე შემოგთავაზებენ ამ ხელობის მოკლე გაკვეთილს.
ეჩიძენის ფესტივალი
იუნესკოს მიერ აღიარებული ადგილების გარდა ვაში სხვა ადგილებშიც იწარმოება. ფუკუის პრეფექტურის სასოფლო რეგიონ ეჩიძენში 60-ზე მეტი ქაღალდის საწარმოა, ასევე ქაღალდის ქალღმერთისადმი მიძღვნილი სალოცავი; ვაშის ღვთიურ გავლენას ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ზეიმობენ.
ოძუ-ვაში
ტოკიოს ნიჰონბაშის უბანში 1653 წელს დაარსებულ საბითუმო სავაჭრო ობიექტში ვაშის და მისგან დამზადებულ ყველანაირ ნაწარმს შეხვდებით. ტურისტებისთვის აქვეა სახელოსნო და პატარა მუზეუმი. კალიგრაფი ოსტატი ტადაში კავამატა ტრადიციულ ქაღალდს, ვაშის, იყენებს, რომელიც მთელ იაპონიაში დღესაც ფართოდაა გავრცელებული. ოძუ-ვაში
ტოკიოს ნიჰონბაშის უბანში 1653 წელს დაარსებულ საბითუმო სავაჭრო ობიექტში ვაშის და მისგან დამზადებულ ყველანაირ ნაწარმს შეხვდებით. ტურისტებისთვის აქვეა სახელოსნო და პატარა მუზეუმი.