კოსმოსური ციკლონი
ელექტრონების ნალექი, ავრორალური ოვალები და მანათობელი ქარბორბალა – დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტურ პოლუსზე ქარიშხლების სეზონია.
პოლარული ციალის მექანიზმი მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუმცა ეს თვალისმომჭრელი მოვლენა მეცნიერებს ზოგჯერ მაინც აბნევს. მაგალითად: სუსტი მზის ქარის დროს ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის თავზე ავრორას ფრაგმენტმა ხანდახან ეფემერული კოსმოსური ხომალდივით შეიძლება გაიელვოს. წელს, 2014 წლის 20 აგვისტოს ჩაწერილი თანამგზავრული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, მეცნიერებმა ამ მოვლენას ახსნა მოუძებნეს. მათი აღწერით, ეს იყო მორევივით მბრუნავი მანათობელი ლაქა; წყნარი ცენტრის გარშემო ელექტრულად აგზნებული აირის ან პლაზმის ძლიერი „ქარები“ დაქროდა; ამ გიგანტური ძაბრის დიამეტრი 2700 კმ, ხოლო სიმაღლე 50 000 კმ იყო. მეცნიერებმა მას „კოსმოსური ციკლონი“ უწოდეს. სუსტი მზის ქარი, ასევე მზისა და დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსების ურთიერთგანლაგება, ზღუდავდა ჩრდილოეთის ციალის ჩვეულებრივ, ფართო განფენილობას და ავრორა მხოლოდ ერთ მბრუნავ წერტილად გვევლინებოდა.
წყნარი შტორმი
დედამიწაზე ციკლონი ქვემოდან იკვებება, როდესაც თბილი ოკეანიდან ნოტიო ჰაერი ზევით მიიწევს. კოსმოსში ციკლონს წყნარი პირობები სჭირდება – შებრუნებული პოლარულობა და მზის ქარის დაბალი სიჩქარე და სიმკვრივე.
შებრუნებული პოლარულობა
პოლარული ციალი ვრცელია მაშინ, როდესაც მზის ქარები ძლიერია და დედამიწის მაგნიტური ველი ჩრდილოეთითაა მიმართული, მზისა კი – სამხრეთით. თუ მზის ქარი სუსტია და მზის მაგნიტური ველი ჩრდილოეთითაა მიმართული, ავრორა იკუმშება დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის თავზე.
ელექტრონების ნალექი
მზის ქარიდან ელექტრონები წვიმასავით ეშვება დედამიწის მაგნიტურ ველზე და ატმოსფეროს ზედა შრეებში ჟანგბადისა და აზოტის ნაწილაკებიდან აისხლიტება. ასე წარმოიქმნება ფერადი ნათება, რომელსაც ავრორას – პოლარულ ციალს – ვუწოდებთ.
თვალი
ისევე როგორც დედამიწის დაბალ ატმოსფეროში, კოსმოსურ ციკლონებსაც წყნარი ცენტრი აქვთ. აქ ჰაერის ნაცვლად პლაზმა დაქრის გიჟური სიჩქარით.
მბრუნავი ოვალი
როდესაც მაგნიტური პოლუსის თავზე არსებული ავრორალური ოვალი იკუმშება, აჩქარებული მბრუნავი პლაზმა ქარბორბალად იქცევა.
როგორ წარმოიქმნება ჩვეულებრივი პოლარული ციალი
მზის გამოყოფილი ელექტრონები დედამიწის მაგნიტურ ველს „აწვიმს“ და აირებთან შეჯახებით ავრორა წარმოიქმნება. როდესაც მზისა და დედამიწის მაგნიტური ველები ერთმანეთის საპირისპიროა, წარმოიშობა ავრორალური ოვალი, რომელიც ფართოვდება და პოლარულ ციალსაც გააბნევს.
როგორ წარმოიქმნება კოსმოსური ციკლონი
2014 წელს მზის მაგნიტური ველი დედამიწისას დაემთხვა, რამაც სუსტი ინტერაქცია და ავრორალური ოვალის შეკუმშვა გამოიწვია. ელექტრონების წვიმა შეკუმშულ ოვალზე დაეშვა და ციალიც გამკვეთრდა. ავრორა ტრიალისას შემჭიდროვდა და დედამიწის ზედაპირიდან მაღლა გაიწელა.
წყარო: ცინგ-ჰე ჭანგი, შანდონგის უნივერსიტეტი