ვარსკვლავების შვილი
ფოტოგრაფის ხედვა კულტურისა და იდენტობის შესახებ
ფოტოგრაფმა რივერ კლაურემ გუგლში ბოლივიის ფოტოების მოძიების დროს თავისი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ლამების, მთების და ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ადგილობრივი მოსახლეობის გამოსახულებები იხილა. ფოტოები ხშირად უცხო თვალისთვის ეგზოტიკურ, დროში გაყინულ ანდურ კულტურებს ასახავენ, ამბობს კლაურე. სინამდვილეში ისინი მუდამ იცვლებიან და იხვეწებიან.
მოგვიანებით, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ კითხვისას, ფოტოგრაფი დაფიქრდა, როგორ მოქმედებდა გამოსახულებები საკუთარი იდენტობის აღქმაზე. წარმოიდგინა, ისტორიაში ყველაზე პოპულარული საბავშვო წიგნის მოქმედება საჰარის უდაბნოს ნაცვლად ანდებში რომ განვითარებულიყო? ამბის მთავარი გმირი კი, ქერათმიანი პრინცის ნაცვლად, შავგვრემანი ანდელი ბავშვი ყოფილიყო?
კლაურეს შთაგონება ბოლივიელი სოციოლოგი სილვია რივერა კუისიკანკი გახდა, რომელიც ადამიანებს შერეული კულტურული იდენტობების განსხვავებული აღქმისკენ მოუწოდებს „ჩიხის“ გამოყენებით. ეს სიტყვა აიმარას ენიდანაა და მქსოველების მიერ შავი და თეთრი ძაფების ერთმანეთზე გადადებით მესამე ფერის, ნაცრისფრის ილუზიის შექმნას ნიშნავს. კლაურეს თქმით, გლობალიზაციამ „იდენტობების ახალი გრადაციები“ შექმნა. გლობალური და ანდური სიმბოლოების გვერდიგვერდ მოთავსება მაყურებელს ანდების შესახებ სტერეოტიპული, ფოლკლორული გამოსახვის მიღმა ახედებს.
(მარცხნივ) მათრახი ანდურ კულტურაში ავტორიტეტის სიმბოლოა. სან-კრისტობალთან ახლოს კაქტუსზე შემოხვეული ეს მათრახი Warawar Wawa-ს ამბავში გველის ძალას განასახიერებს. (მარჯვნივ) იატირი („ის, ვინც იცის“ აიმარას ენაში ხშირად სულიერი ლიდერია) ვირტუალური რეალობის სათვალით უყურებს სამყაროს და გეოგრაფს განასახიერებს.
აიმარას ენაში სიტყვა „უფლისწულის“ შესატყვისი არ მოიძებნება. ამიტომ კლაურემ ამბავს Warawar (ვარსკვლავი) Wawa (შვილი) დაარქვა. მისი აზრით, ეს მხატვრული ინტერპრეტაცია, ევროცენტრული შეხედულებების გვერდის ავლით, წიგნის სულისკვეთებას და ანდურ კულტურათა სულიერებას ზუსტად ასახავს.
