პარიზის დაკარგული მდინარე
ბიევრის შესახებ ვიქტორ ჰიუგო წერდა. ისტორიული კალაპოტის აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ერთ დროს პარიზის მარცხენა სანაპიროს უბნის წისქვილებსა და დაბახანებს შორის, ახლანდელ კელერმანის პარკიდან მეხუთე უბნამდე მდინარე ბიევრი მიიკლაკნებოდა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში იმდენად დაბინძურდა და აყროლდა, რომ მიწისქვეშ მოაქციეს და მისი წყალი კანალიზაციას მიუერთეს.
საფრანგეთში ტურისტების უმრავლესობისთვის მდინარე სენა რომანტიკასთან ასოცირდება, ბიევრის შესახებ კი არც გაუგიათ, თუმცა მრავალი პარიზელისთვის ბიევრი ლეგენდარული მდინარეა. მის აღორძინებაზეც ოცნებობენ და ეს ოცნება მალე უკვე რეალობად იქცევა. უკანასკნელ წლებში პარიზის მერია გარემოსდაცვით პრინციპებს ერგება და მდინარის ზოგი მონაკვეთი შეიძლება მალე კვლავ პარიზის ცენტრალური უბნების ზედაპირზე მოექცეს. მერის მოადგილის, დან ლერტის თქმით, კლიმატის კრიზისით გამოწვეული საფრთხეების შედეგად „ურბანულ განვითარებას ადრინდელი მიდგომებით ვეღარ გავაგრძელებთ“.
სათავეს ბიევრი პარიზიდან 35 კილომეტრში, გიანკურში იღებს. გზად წყლით ამარაგებს ვერსალის სასახლის წყალსატევებს და ქალაქის რამდენიმე გარეუბანს. პარიზის მისადგომთან მისი ნაკადი ჩამდინარე წყლების გამწმენდ სადგურში ექცევა.
ბიევრს ადამიანის ზემოქმედების დაღი ისტორიულად მოჰყვება – მას ბერები სარწყავი არხების გასაყვანად იყენებდნენ, მთრიმლავები – ცხოველების ტყავის ჩასალბობად, ყინულის მჭრელები კი ქალაქს მისი წყალსატევებიდან ამარაგებდნენ. მდინარის წყალზე წვდომაში კონკურენციამ მალევე კონფლიქტებიც გამოიწვია და ერთმანეთს დაუპირისპირა ხან მღებავები და მრეცხავები, ხანაც მეტყავეები და ყასბები. 1300-იან წლებში პარლამენტმა ყასბებს უბრძანა, ცხოველების შიგნეულობა სენის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გადაეყარათ ბიევრში, რომელიც სულ მალე აქოთებულ სანაგვედ გადაიქცა.
ბიევრს მრავალი ლეგენდაც უკავშირდება – ამბავი ნიმფის შესახებ, რომელიც ქალღმერთმა დიანამ ტროელი ჯარისკაცისგან დასახსნელად მდინარედ გადააქცია, ასევე დრაკონისა, რომელიც რეგიონს შიშის ზარს სცემდა, სანამ ეპისკოპოსი მარსელი ბიევრში განდევნიდა.
მდინარე ნახსენებია ფრანსუა რაბლეს შემოქმედებასა და ვიქტორ ჰიუგოს რომანში „საბრალონი“. ის პარიზის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილიც იყო; მის წყალს მიაწერდნენ განსაკუთრებულ თვისებებს, რითაც განთქმული სამღებრო „გობელენების საწარმო“ განსაკუთრებულ ხასხასა წითელ ფერს იღებდა და XV საუკუნიდან ფრანგ მონარქებს ფარდაგებით ამარაგებდა.
1912 წელს ბიევრი მთლიანად მიწისქვეშ მოექცა, თუმცა დავიწყებას არ მიცემულა. „პატარა მდინარეა, სუსტი დინებით, მაგრამ ისტორიულად დიდი ინტერესის საგანი იყო, ამბობს ალენ კადიუ – ჰიდროლოგი და კოლექტივის „ბიევრის აღორძინების გაერთიანება“ ხელმძღვანელი, რომელშიც თავს იყრის მდინარის კულტურულ მემკვიდრეობაზე, გარემოსდაცვით და სხვა საკითხებზე მომუშავე 30-მდე არაკომერციული ორგანიზაცია.
2001 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, პარიზის მაშინდელმა მერმა ბერტრან დელანოემ გადაწყვიტა, რომ მდინარის რეაბილიტაცია მეტისმეტად ძვირი დაჯდებოდა, თუმცა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, სამთავრობო კოალიციებთან ერთად, კამპანია გააგრძელეს და გარეუბნებში მდინარის მონაკვეთების გახსნა მოახერხეს.

2003 წელს გარეუბან ფრენში გაიხსნა პარკი, რომელიც დღეს ბიევრის პირას გაშენებულ ულამაზეს ტყეს წარმოადგენს. 2016 წელს ლეი-ლე-როზშიც მიწის ზედაპირზე დაბრუნებული 640 მეტრის სიგრძის მონაკვეთის გასწვრივ პარკი და სასეირნო ბილიკი ამოქმედდა. 2022 წელს ბიევრის აღდგენილი მონაკვეთის გახსნა იგეგმება არკეისა და ჟანტილის გარეუბნებშიც, ერთობლივი პროექტის სახით.
„ბიევრი პარიზის კარიბჭეებთან დაბრუნდება და სენას კვლავინდებურად შეუერთდება“, – ამბობს ლერტი. პარიზი ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და ურბანულ განვითარებაზე მომუშავე ექსპერტები მდინარის გასახსნელად კანიონის გამოთხრას ან შენობების დანგრევას არ აპირებენ. მაგალითად, რენე-ლე-გალის მოედნის ქვეშ ბიევრი სულ რამდენიმე მეტრის სიღრმეზეა მოქცეული. ეს პარკი გობელენების საწარმოს ყოფილი ბოსტნის ადგილასაა გაშენებული და ერთ-ერთია სამი პოტენციური ადგილიდან, სადაც ბიევრის გახსნა იგეგმება.
ბიევრის რენესანსი არა მარტო ქალაქის გაგრილებას, გლობალურ დათბობასთან ბრძოლასა და ურბანულ გარემოში ბუნებრივი ელემენტის დაბრუნებას ემსახურება; ის ასევე ნიშნავს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას პარიზის ჩემნაირი ბინადრებისთვის, რომლებსაც ოცნებად გვაქვს ბეტონის მაგივრად ბალახზე გავიაროთ და საზაფხულო აპერიტივი მეზობლებთან ერთად იმ მდინარის სანაპიროზე მოვწრუპოთ, სადაც რაბლე დაეხეტებოდა ხოლმე. „ბიევრი პარიზში ათასობით წლის განმავლობაში მოედინებოდა, – ამბობს კადიუ, – მისი აღდგენა კეთილგონივრული იქნებოდა“.
მერი უინსტონ ნიკლინი პარიზსა და ვირჯინიაში მცხოვრები შტატგარეშე ჟურნალისტი და რედაქტორია.