ხმა
ამ გვერდებს შეგიძლიათ თვალიც და სმენაც მიაპყროთ. დაასკანერეთ თითოეული QR-კოდი, რათა მოისმინოთ ხმა, რომელიც შესაბამის პარაგრაფშია აღწერილი.
აბლაბუდის ძაფების მუსიკა


ობობებს ცუდი მხედველობა აქვთ და ქსელის რხევას ფეხებით გრძნობენ. სხვადასხვა სიგრძის და დაჭიმულობის ძაფებს სხვადასხვა სიხშირე აქვთ. ობობა სიხშირეების მიხედვით ადგენს მსხვერპლის, მეწყვილის, ან საფრთხის ადგილმდებარეობას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები ცდილობენ ეს „ობობური“ გრძნობა ადამიანებსაც გაუზიარონ. მეცნიერებმა 3D ლაზერული სკანერით Cyrtophora citricola-ს ქსელის ზუსტი მოდელი შექმნეს (ზემოთ) და ძაფებს მუსიკალური ბგერები შეუსაბამეს. ვირტუალური რეალობის ინტერფეისით მსურველებს აბლაბუდაზე შეუძლიათ დაკვრა. იქნებ ოდესმე ვიბრაციის საშუალებით ობობებთან კომუნიკაციაც შევძლოთ, ამბობს MIT-ის თანამშრომელი მარკუს ბიულერი. – ჰიქს ვოგანი
როგორ გვატყუებს გველი კუდის ჩხრიალით


თუ ჩხრიალა გველის “ჩხხხხ…“ გესმით, ესე იგი ქვეწარმავალთან ზედმეტად ახლოს დგახართ. ან იქნებ გველს უნდა, რომ ასე ვიფიქროთ? მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საფრთხის მოახლოებასთან ერთად ტეხასური ჩხრიალა გველი უფრო და უფრო სწრაფად აჩხრიალებს კუდს. ამ აჩქარების გამო გველი უფრო ახლოს გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. – ჯეისონ ბიტელი
ვინ უგალობს მგალობელ ფრინველს?

სახეობის გადარჩენა საქორწინო სიმღერების სწავლაზეა დამოკიდებული.

სამხრეთავსტრალიური თაფლიწოვიას (Anthochaera phrygia) რამდენიმე ასეული ინდივიდიღა შემორჩა. ზოგიერთი მამრი იმდენად შორს არის უფროსი მამრებისგან, რომ გალობა არ იცის. კვლევის თანახმად, მამრების 27% არასწორად გალობს, 12%-მა კი გალობა სხვა სახეობებისგან ისწავლა და მდედრების ყურადღებას ვერ იქცევს. მეცნიერთა ჯგუფმა ტყვეობაში გაზრდილ ახალგაზრდა მამრებს გალობის ჩანაწერები მოასმენინა იმ იმედით, რომ ისინი ასე მაინც ისწავლიან სწორად გალობას და სახეობაც გადარჩება. – ჰიქს ვოგანი
ცხოველთა სამეფო სანოტო ფურცელზე


ბულბულის გალობა. რუხი მგლის ყმუილი. საიმპერატორო პინგვინების ყივილი. ლოკდაუნის დროს კომპოზიტორმა ალექსანდრე ლიბერმანმა ყურის გასავარჯიშებლად ცხოველთა სამეფოს ბგერების მუსიკალურ ნოტებად ჩაწერა დაიწყო. კომპოზიტორის სახუმარო წამოწყებამ დიდი ინტერესი დაიმსახურა და ავტორის თქმით „რაღაც უფრო მნიშვნელოვანში გადაიზარდა“. – ჰიქს ვოგანი
ვეშაპების სიმღერა როგორც ოკეანის ფსკერის ულტრასონოგრაფია

ვეშაპების ხმები, რომლებსაც სეისმოლოგები ყურადღებას არ აქცევდნენ, დედამიწის ქერქის კვლევაში შეიძლება დაგვეხმაროს.

ოკეანის ფსკერზე ჩაშვებული სეისმოგრაფი დედამიწის ქერქის რხევებთან ერთად ხშირად ახლომდებარე ვეშაპების სიმღერასაც იწერს. პროფესორმა ვაცლავ კუნამ ვეშაპების სიმღერა სეისმოლოგიაში გამოიყენა. ფინვალის ხმას ცოტა ხნის შემდეგ ექო – ოკეანის ფსკერქვეშ 2,5 კილომეტრზე ჩასული და არეკლილი ბგერა – მოჰყვება. ექოს სიხშირეზე დაკვირვებით დედამიწის ქერქის დაბალი გარჩევადობის ულტრაბგერითი კვლევაა შესაძლებელი. მსგავსი პრინციპით – ნავთობისა და ბუნებრივი აირის წყალქვეშა საბადოების აღმოსაჩენად – პნევმატურ იარაღს იყენებენ. სხვაობა ის არის, რომ ვეშაპების ხმები ბუნებრივად წარმოიქმნება, უფასოა და ნაკლებად არღვევს წყალქვეშა სამეფოს სიმშვიდეს. კუნას თქმით, „ასე ყველა მოგებული დარჩება“. – ჰიქს ვოგანი
კაცობრიობის ხმები

ფოტო: იორის ვან გენიპი, LAIF/REDUX

ლათინოამერიკული პოპმუსიკა პერუდან, სალოცავად მოწოდება ირანიდან, ღამის სიახლეები ნორვეგიის არქტიკიდან. ეს ხმები Radio Garden-ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, საიტზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ათასობით რადიოსადგურის პირდაპირ ეთერს აერთიანებს. Radio Garden-ი, რომელიც 2016 წელს ნიდერლანდების აუდიოვიზუალური ინსტიტუტის დაფინანსებით შეიქმნა, კაცობრიობის ხმებით კავშირის დანერგვას ცდილობს. – ჯორდან სალამა