ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი არაერთხელ შესწრებია გნუების მიგრაციას სერენგეტიში, თუმცა იდეალური კადრის დასაჭერად ძალიან ბევრი იწვალა. „სერენგეტის ეკოსისტემის გაშუქების დროს ერთი კადრია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიღო: გნუების მიერ მდინარე მარას გადალახვა“, – ამბობს ჰამილტონ ჯეიმსი. თუმცა „მანამდე გადაღებული ფოტოებისგან განსხვავებულის გადაღება რთულია“. 2020 წელს მან იქ შვიდი კვირა გაატარა და – „განსაკუთრებული ვერაფერი“.
სექტემბრის ბოლოსთვის უკვე თითქმის ყველა გნუ გადასული იყო გაღმა ნაპირზე. ერთი კადრისთვის მთელი კვირით გახანგრძლივებული ვადაც უშედეგოდ იწურებოდა. ბოლო დღეს, მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე, გნუები მდინარეს მოუახლოვდნენ. „ცხოველებს ზოგჯერ მთელი დღე სჭირდებათ გამბედაობის მოსაკრებად და მზის ჩასვლამდე რამის მოსწრების შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო“, – იხსენებს იგი. იმედგადაწურული ფოტოგრაფი უკვე ბარგდებოდა, როდესაც მისმა მძღოლმა, ეკაიმ, დაიყვირა: „ჩარლი! დაიძრნენ!“ მდინარის იქითა ნაპირზე ჯოგი ბუჩქნარისკენ გარბოდა და წამით ამტვერებულ ნაპირზე შეჩერდა.
წინამძღოლ გნუს სხვებიც შეჰყვნენ წყალში. „ისე გამეხარდა, ალბათ, ათი წუთი არ მომიშორებია თითი ობიექტივის ჩამკეტის ღილაკისთვის, – ამბობს ფოტოგრაფი, – საოცარი სანახავი იყო ჩამავალი მზის სინათლეზე, ოქროსფერ მტვერში მდინარის გადალახვა. ასობით ფოტო გადავიღე და ვიცოდი, მათ შორის ჩემი სასურველი კადრი იქნებოდა“.

ბრიტანელი ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსის სპეციალიზაცია ველური ცხოველებისა და გარემოს ფოტოგრაფირებაა. იგი 25 წელია იღებს ფოტოებს მასაი-მარაში.
ფოტო: რებეკა ჰეილი/ NATIONAL GEOGRAPHIC