ბრაზილიური სოფლის იდილია
ეს დასახლება ქალთა უფლებებისთვის დაუღალავი ბრძოლით აშენდა.
ბრაზილიური სოფლის იდილია
ეს დასახლება ქალთა უფლებებისთვის დაუღალავი ბრძოლით აშენდა.
თუ ნოივა-დუ-კორდეირუს სახელი გეცნობათ, ალბათ, ისიც გსმენიათ, რომ ამ სოფელში ყველაფერს ქალები განაგებენ. ყველა ქალი ახალგაზრდა და ლამაზია. თავიანთ კაცებს სოფლიდან სისტემატურად აძევებენ, რის შემდეგაც სასურველ მამაკაცებს ეპატიჟებიან…
…რეალური ადგილის ველური ფანტაზიით შეთხზულ ვერსიაში.
პირველ აბზაცში გამოთქმული არცერთი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა, ბოლო ათწლეული ან მეტია, რაც დამაინტრიგებელი ამბები გვესმის ნოივა-დუ-კორდეირუზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიის განმარტოებული სოფელია. ეს კი მედიაში გავრცელებული რამდენიმე პროვოკაციული სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა და ინტერნეტშიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა.
ცნობისთვის: ნოივაში, რომლის მოსახლეობაც 350-მდე ადამიანს შეადგენს, კაციც თითქმის იმდენივე ცხოვრობს, რამდენიც ქალი. მამაკაცების უმეტესობა პერიოდულად მართლაც ტოვებს ხოლმე სოფელს – რადგან მეზობელ ქალაქში მუშაობენ. ქალები ძირითადად სოფელში შრომობენ, რომელსაც მცხოვრებლები კომუნალურად მართავენ. ქალები (ყველა ასაკის) შელამაზებულ ამბებს იუმორით ისმენენ და ამაყობენ ნოივას ქალების ნამდვილი ისტორიით, განსაკუთრებით კი ერთი საგვარეულო ხაზით. 1800-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა ქალს ეკლესიისა და საზოგადოებისთვის ზურგი უქცევია და არატრადიციული დასახლება დაუარსებია. დღეს დამფუძნებლის შვილიშვილი – 78 წლის ქალი – უძღვება ამ წარმატებულ თემს.

მარია სენიორინია დე ლიმა XIX საუკუნის ბრაზილიაში გაიზარდა, სადაც პორტუგალიელი კოლონიზატორების მასკულინიზმი და რომაული კათოლიციზმის დოგმები იყო გაბატონებული. იძულებითი ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ მარია თავის საყვარელ მამაკაცთან, ჩიკუ ფერნანდეშთან ერთად გაიქცა; ეკლესიამ მარია და მისი შთამომავლების ოთხი თაობა განკვეთით დასაჯა. მარია და ჩიკუ მინას-ჟერაისის შტატის მიწაზე დასახლდნენ. შემდეგ მათ მეტი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის, ეკლესიიდან გაძევებული სხვა ქალები.
ეკლესიიდან განკვეთა დასახლებაში ბევრ ოჯახს მაინც არ ასვენებდა. „ცოდვილებად“ შერაცხულ ქალებს სოფლის უსაფრთხოდ დატოვება არ შეეძლოთ; მეზობელი ქალაქების სკოლებში სწავლის მსურველ ბავშვებს „მეძავების ქალიშვილებად“ მოიხსენიებდნენ და ერიდებოდნენ. „ძალიან სამწუხარო იყო“, – იხსენებს მარსია ფერნანდეში, მარიას ერთ-ერთი შთამომავალი. და მაინც, სოფელი ათწლეულების განმავლობაში ტოლერანტობის სადარაჯოზე იდგა, სადაც გულთბილად იღებდნენ დისიდენტებს.
ვითარება შეიცვალა 1940-იან წლებში ევანგელისტი ანისიუ პერეირას მოსვლით, რომელიც ქრისტიანობის თავისებურ ხედვას ბიბლიის სიტყვასიტყვით გაგებაზე ამყარებდა. მან ეკლესია დააარსა და ხსნას დაპირდა ყოფილ კათოლიკეებს, რომლებიც მის სიტყვას მიჰყვნენ; მან ბრძანა, რომ ქალები ყველაფერში მამაკაცებს დამორჩილებოდნენ. 1960-იან წლებში, თავისი ძალაუფლების ზრდასთან ერთად, 45 წლის მღვდელმა ცოლად შეირთო 16 წლის დელინა ფერნანდეში – მარიას შვილიშვილი.
(მარცხნივ) ძველ ფოტოზე სოფლის ადრეული მცხოვრებლები არიან გამოსახულნი. სოფელი მარია სენიორინია დე ლიმამ (წინ, მარჯვნიდან მესამე) დააარსა თავის სატრფოსთან, ჩიკუ ფერნანდეშთან ერთად გაქცევის შემდეგ.
(მარჯვნივ) 78 წლის დელინა ფერნანდეში თავისი 15 შვილიდან რამდენიმესთან ერთად. ის მარია სენიორინიას შვილიშვილია და 1995 წლიდან ნოივას თემს უდგას სათავეში.
„ჩვენ, ქალებს, არაფრის უფლება არ გვქონდა, – ამბობს 75 წლის მარია დორასი დე ალმეიდა, – კონტრაცეპტივების მიღება ან საკეისრო კვეთის გაკეთება არავის შეეძლო. დელინამ 15 ბავშვი სახლში გააჩინა, ბებიაქალის გარეშე“.
პერეირამ თავის ეკლესიას რელიგიური მეტაფორის მიხედვით უწოდა „კრავის პატარძალი“, Noiva do Cordeiro. თუმცა, დღეს უკვე 58 წლის როსალი ფერნანდეშ პერეირა, დელინას ქალიშვილი, ამბობს, რომ მისი ფანატიკოსი მამის სწავლება, არ იყო „ის, რაც ღვთის სასუფევლამდე მიგვიყვანდა“.
1995 წელს, პერეირას სიკვდილის შემდეგ, მისი ეკლესია დახურეს და დაანგრიეს. სოფელმა ნოივა-დუ-კორდეირუს სახელი შეინარჩუნა.
დელინა თემის ლიდერად იქცა. მისმა მიდგომამ უფლებამოსილებით აღჭურვა სოფლის ქალები და ამით არც კაცები განაწყენებულან.
„აქაური ქალები შრომისმოყვარენი არიან. მათ ვაფასებთ. ძლიერები არიან, მისაბაძ მაგალითს გვაძლევენ“, – ამბობს მარკუშ ფერნანდეში, რომელიც თავის ძმასთან, ედუარდუსთან ერთად სოფლის ქათმებს უვლის. „სენიორა დელინას, მაგალითად, ჩვენზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. იმდენად ძლიერი გავლენა აქვს, რომ მისი თანდასწრების გარეშეც ვგრძნობ“.

დელინას დიდი დამსახურებაა, რომ ნოივა კვლავ ინკლუზიურ თემად იქცა. 1990-იანი წლების ბოლოს მზარდი სიღარიბის საპასუხოდ მისი ინიციატივით სოფელში ყველაფერი საზიარო გახდა, მათ შორის მოსავლის აღებასთან დაკავშირებული სამუშაოც.
ნოივას მცხოვრებლებმა მიმდებარე მიწის დიდი ნაკვეთი იყიდეს, სადაც 3500 მანდარინის ხე დარგეს და თემის წამყვანი სასაქონლო კულტურის, ყავის რიგები ჩაამწკრივეს. ისინი საერთო საკუთრებაში არსებულ ბოსტანსა და პირუტყვზეც ზრუნავენ. სახლის ბევრ მეპატრონეს თავისი ბოსტანიც აქვს, საიდანაც მოსავლის გარკვეულ ნაწილს თემის საერთო მარაგებისთვის გაიღებენ. სოფლის მოსახლეობას ისეთი მოვალეობები ეკისრება, როგორებიცაა შეშის მოგროვება, კერვა და საერთო სივრცეების დალაგება.
„ამ გზამ გაამართლა“, – ამბობს დელინა სიამაყით. „არც სიმდიდრე გაგვაჩნია და არც ფული, მაგრამ ყველაფერი უხვად გვაქვს“. დღეს დროის დიდ ნაწილს სოფლის „დედათა სახლში“ ატარებს და არიგებს ყველას, ვინც თავისი პრობლემების მოსაგვარებლად აკითხავს.
რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა კაცი ერიკ არაუჟუ ვიეირა ნოივაში დაბრუნდა. ის ნოივაში გაიზარდა და 18 წლის ასაკში უნივერსიტეტში სასწავლებლად შტატის დედაქალაქ ბელუ-ორიზონტიში გადავიდა. სახლში დაბრუნებულმა დელინა მოინახულა და გამოუტყდა, რომ გეია. იმ დროისთვის ნოივაში არც ერთი ღიად გეი მამაკაცი არ ცხოვრობდა. დელინას თქმით, მას ეშინოდა, რომ ზურგს შეაქცევდნენ. „ტირილით მოვიდა იმის სათქმელად, რომ იცოდა – სცოდავდა და სამოთხეში ვერ მოხვდებოდა. ვუთხარი, მსგავსი ფიქრები თავიდან ამოეგდო“.
„არც სიმდიდრე გაგვაჩნია და არც ფული, მაგრამ ყველაფერი უხვად გვაქვს“.
დელინა ფერნანდეში,
ნოივას თემის ლიდერი
კეილა ფერნანდეში (წინ) ლედი გაგას შემოქმედებით შთაგონებულ მუსიკალურ ნომერს ასრულებს, რომელმაც სან-პაულუსა და რიო-დე-ჟანეიროშიც დაიმსახურა ყურადღება. „სცენაზე გასვლა და სიყვარულითა და აღტაცებით სავსე სახეების დანახვა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს“, – ამბობს იგი.
კეილას კოსტიუმები გასაშრობადაა გაფენილი. სოფელში ლედი გაგას და მსგავს შემსრულებლებს 2006 წელს გაეცნენ, როდესაც ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა. ახლა კი სხვადასხვანაირი წარმოდგენები ყოველ შაბათს იმართება.
ნატალია ფერნანდეშ ემედიატუ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს წვეულებით. მას თუთიყუშები და ორი თევზი ჰყავს. გოგონა სოფლის გუნდში მღერის.
პორტრეტისთვის კოსტიუმში გამოწყობილი ალექსანდერ ესტეფანუ მორეირა მორაიში თავის პარტნიორს, მარკუ ანტონიუ ფერნანდეშ ემედიატუს, ბაფთის გასწორებაში ეხმარება. ქვეყანაში, სადაც LGBTQ+ თემის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი გვხვდება, ნოივა თავშესაფარია.
ლუსინეტე ფერნანდეშ ემედიატუ ბოსტანში მუშაობს. „ძალიან მიყვარს მცენარეების მოვლა“, – ამბობს იგი.
მარიუ პერეირა ლიმას პასუხისმგებლობა საქონლის დაკვლაა.
რაულ როდრიგეშ ვიეირა ლეიტე დილაობით ხალისით წველის ძროხებს. მისი ოცნებაა, კოვბოი გახდეს.
ანჟელა ფერნანდეშ მორაიში მანდარინს კრეფს. დედის შთაგონებით ანჟელამ გადაწყვიტა, მოცეკვავე გამხდარიყო.
კეილა ფერნანდეში (წინ) ლედი გაგას შემოქმედებით შთაგონებულ მუსიკალურ ნომერს ასრულებს, რომელმაც სან-პაულუსა და რიო-დე-ჟანეიროშიც დაიმსახურა ყურადღება. „სცენაზე გასვლა და სიყვარულითა და აღტაცებით სავსე სახეების დანახვა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს“, – ამბობს იგი.
კეილას კოსტიუმები გასაშრობადაა გაფენილი. სოფელში ლედი გაგას და მსგავს შემსრულებლებს 2006 წელს გაეცნენ, როდესაც ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა. ახლა კი სხვადასხვანაირი წარმოდგენები ყოველ შაბათს იმართება.
ნატალია ფერნანდეშ ემედიატუ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს წვეულებით. მას თუთიყუშები და ორი თევზი ჰყავს. გოგონა სოფლის გუნდში მღერის.
პორტრეტისთვის კოსტიუმში გამოწყობილი ალექსანდერ ესტეფანუ მორეირა მორაიში თავის პარტნიორს, მარკუ ანტონიუ ფერნანდეშ ემედიატუს, ბაფთის გასწორებაში ეხმარება. ქვეყანაში, სადაც LGBTQ+ თემის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი გვხვდება, ნოივა თავშესაფარია.
ლუსინეტე ფერნანდეშ ემედიატუ ბოსტანში მუშაობს. „ძალიან მიყვარს მცენარეების მოვლა“, – ამბობს იგი.
მარიუ პერეირა ლიმას პასუხისმგებლობა საქონლის დაკვლაა.
რაულ როდრიგეშ ვიეირა ლეიტე დილაობით ხალისით წველის ძროხებს. მისი ოცნებაა, კოვბოი გახდეს.
ანჟელა ფერნანდეშ მორაიში მანდარინს კრეფს. დედის შთაგონებით ანჟელამ გადაწყვიტა, მოცეკვავე გამხდარიყო.
დელინამ თავის ქალიშვილებს, კეილას და მარსიას, ისეთი სპექტაკლის დადგმა შესთავაზა, რომელიც სექსუალური იდენტობისა და ორიენტაციის საკითხებს შეეხებოდა. სპექტაკლმა თემში ღია განხილვის წამოწყებასა და მიმღებლობის გაღვივებას შეუწყო ხელი. თავდაპირველად ვიეირა მშობლებმა გარიყეს, მაგრამ მოგვიანებით მათი ურთიერთობა დალაგდა, რაც სოფლის სხვა მცხოვრებთა მეტად თავისუფალი აზროვნების დამსახურებაც იყო.
მიუხედავად იმისა, რომ რიო მანქანით ექვსი საათის სავალზეც არაა, სოფლის მოსახლეობა, როგორც ჩანს, იმდენად ბედნიერად გრძნობენ თავს, უმეტესობას თავისი სახლის დატოვების სურვილი არ აქვს. მავნებლობით სავსე სამყაროში ნოივა იმ თავშესაფარივითაა, სადაც თანამშრომლობა კონკურენციაზე მაღლა დგას და უთანხმოებას ჰარმონია ცვლის.
რატომაც არ უნდა აყვნენ მოარულ ხმებს? ნოივაში ბევრი ასეც მოიქცა, როდესაც ჟურნალისტებმა მათთან სტუმრობის შემდეგ დაწერეს, რომ ამ სოფელში ცოტა მამაკაცი ცხოვრობს, მას ამორძალებივით ქალები მართავენ და აქ რძე და თაფლი მოედინება. ისეთი სათაურებით, როგორიცაა „ბრაზილიელი ქალების მიკარგული სოფელი მარტოხელა მამაკაცებს უხმობს“, სოფელმა არაერთი მთხოვნელი მოიზიდა მთელი მსოფლიოდან და გადამღებ ჯგუფებსაც გაუჩინა სურვილი, ნოივას ქალები რეალითი შოუებში გადასაღებად მიეწვიათ.

იმ ზღაპრის წასახალისებლად, რომ ნოივაში მხოლოდ ქალები ცხოვრობენ, „რეპორტიორების გამოჩენისას კაცებს სოფლიდან ვუშვებდი“, – ხუმრობს მატრიარქი დელინა. მის ქალიშვილ მარსიას ეცინება და დასძენს, „რადგან ამბობდნენ, რომ გრინგოები ცოლების მოსაძებნად აქ ჩამოდიოდნენ, ჩვენმა მამაკაცებმა საფრთხე იგრძნეს და ყველა დაქორწინდა. ისინიც კი, ვინც ფეხს ითრევდა“.
გარე სამყაროს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ნოივას ქალები კაცებზე ბატონობენ – სინამდვილეში კი „რაც აქ ხდება, ნამდვილი თანასწორობაა; დანარჩენ მსოფლიოში ასე არ არის”, – ამბობს დელინას ქალიშვილი როსალი.
„აქ ყველანი ადამიანები ვართ. იმდენად მარტივი რამაა, რთულია, აგიხსნათ“.
ვენესუელელი ავტორი პაულა რამონი National Geographic-თან რეგულარულად თანამშრომლობს. ბრაზილიელი ფოტოგრაფი ლუიზა დორი ქალებისა და კულტურული ტრადიციების თემებზე მუშაობს.