ველური გეგმა
მსოფლიოს აკვარიუმები გამოზრდიან და ზღვაში აბრუნებენ გადაშენების პირას მყოფ ზვიგენებს. ეს უპრეცედენტო მისიაა და მან შეიძლება იმუშაოს კიდეც.
ველური გეგმა
მსოფლიოს აკვარიუმები გამოზრდიან და ზღვაში აბრუნებენ გადაშენების პირას მყოფ ზვიგენებს. ეს უპრეცედენტო მისიაა და მან შეიძლება იმუშაოს კიდეც.
ნეშა იჩიდა ინდონეზიის რაჯა-ამპატის კუნძულების ფირუზისფერ ლაგუნაში შესულიყო და ნაზად არწევდა პაწაწინა ზვიგენს. არსება მის თითებში იგრიხებოდა. ბავშვის წარმოსახვის ნაყოფს ჰგავდა. გამხდარი და ღონიერი იყო, მუქი ლაქებით, ღია ზოლებითა და წრეებით, რომლებიც სპირალივით ჩადიოდა კუდის ბოლომდე.
ეს 15 კვირის ზებრისებრი ზვიგენი იყო. როგორც მის სახეობას შეეფერება, ის კვერცხში განვითარდა. კვერცხი ავსტრალიის აკვარიუმში დაიდო, შემდეგ კი ის ინდონეზიაში გადააფრინეს, სადაც აკვარიუმში გამოიჩეკა, ზვიგენის ახალ საშენში.
ამ ახალგამოჩეკილი ინდივიდის მშობლები წლებით ადრე ჩრდილოეთ ქვინსლენდის სანაპიროსთან აიყვანეს, სადაც ზებრისებრი ზვიგენი ხშირია. მაგრამ აქ, რაჯა-ამპატში, დაახლოებით 2400 კილომეტრის მანძილზე ჩრდილო-დასავლეთით, ზებრისებრი ზვიგენი თითქმის აღარ გვხვდება. ისინი ზვიგენით გლობალურმა ვაჭრობამ შეიწირა. 2001-2021 წლებში, 15 000-საათიანი ძებნის მიუხედავად, მკვლევრებმა მხოლოდ სამი მათგანი დათვალეს.

ეს ინდივიდი დიდი იდეის ნაშიერი იყო. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ათამდე აკვარიუმის მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ გადაშენების პირას მყოფი ზვიგენისა და სკაროსის რამდენიმე სახეობის ტყვეობის პირობებში გამრავლება და მათი ნაშიერების მთელ მსოფლიოში გაშვება ოკეანის მტაცებლებს – და ალბათ თავად ზღვასაც – აღადგენდა. რიგში პირველი იდგა ზებრისებრი ზვიგენი. ინდონეზიელი საზღვაო ბიოლოგი, იჩიდა, აქ სწორედ პირველი მათგანის გასაშვებად იყო ჩამოსული.
იანვრის ერთ ცხელ დღეს ვაიაგის კუნძულების ერთ სანაპიროზე ვუყურებდი, როგორ ირწეოდა იჩიდას ხელში ეს პატარა არსება. როგორც წესი, იჩიდა კომუნიკაბელური და ხალისიანია, ახლა კი დათრგუნული ჩანდა. ის ამ პატარა ზვიგენს თვეების განმავლობაში ამზადებდა ახალი ცხოვრებისთვის. მას სახელიც კი შეურჩიეს – ჩარლი. ახლა დამშვიდობების დრო იყო.
მან მუშტი გახსნა, ჩარლი კი წყალში ჩახტა. ზვიგენი ქვიშიანი ფსკერისა და შეუცნობელი მომავლისკენ გაეშურა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) შეფასებით, ყოველი მე-11 ზღვის მცენარე და ზღვის ცხოველი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ამ სიაში შედის დიუგონი, ასევე, ჰალიოტისის, მარჯნის, ღორჯოს, თინუსისა და ზვიგენის ზოგიერთი სახეობა, მაგრამ ზვიგენებსა და სკაროსებზე სწრაფად ცოტა სახეობას თუ ხოცავენ. ხერხემლიანებს შორის მათზე ჩქარა მხოლოდ ამფიბიები ქრებიან მიუხედავად იმისა, რომ 420 მილიონი წლის განმავლობაში ისინი ოთხ მასობრივ გადაშენებას გადაურჩნენ. საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტში (ბრიტანეთის კოლუმბია) მოღვაწე ზვიგენების წამყვანი ექსპერტის, ნიკოლას დალვის კვლევის თანახმად, ზვიგენისა და სკაროსის სახეობების 37% გადაშენების საფრთხის წინაშეა.
ამ პროცესის მთავარი მიზეზი ჭარბი თევზჭერაა. ლეგალური და არალეგალური თევზაობა ამძაფრებს იმ რისკებს, რომელთა წინაშეც საფრთხეში მყოფი ზვიგენის თითოეული სახეობა დგას, მათი ორი მესამედისთვის კი თევზაობა ყველაზე დიდი რისკია. ყოველ წელს მსოფლიოში მილიონობით ზვიგენს კლავენ მათი ხორცისა და ფარფლების კულინარიაში გამოსაყენებლად.
ზვიგენები ზღვის სამყაროში არსებით როლს ასრულებენ. ისინი კვების ჯაჭვს ამყარებენ: ნადირობენ პატარა არსებებზე, რომელთა მომრავლებასაც შეუძლია გაანადგუროს მილიარდობით ადამიანის გამომკვებავი ბუნებრივი სისტემები. ზვიგენების დასაცავად აუცილებლად უნდა შეჩერდეს ჭარბი თევზაობა. მაგრამ, ამასთან ერთად, შეგვიძლია თუ არა გარკვეული ხარისხით მაინც აღვადგინოთ ის ზარალი, რომელიც უკვე მივიღეთ? შეგვიძლია თუ არა, მოვაბრუნოთ ზვიგენების პოპულაცია? გამოვზარდოთ ისინი ტყვეობის პირობებში და დავაბრუნოთ ბუნებაში? არა უსისტემოდ, არამედ საუკეთესო სამეცნიერო მიგნებების დახმარებით? სწორედ ამ შეკითხვებმა უბიძგა მარკ ერდმანს, ოკეანის შემსწავლელ მეცნიერს „ბუნების დაცვის საერთაშორისო საზოგადოებიდან“, დაეყოლიებინა რამდენიმე აკვარიუმი, რათა ერთად შეექმნათ პროგრამა „რეშარკი“ (ReShark).

დღეს ეს ჯგუფი 15 ქვეყნის 75 პარტნიორისგან შედგება, მათ შორის 44 დიდი აკვარიუმისგან. ერდმანი აპირებს, მომდევნო 10 წელიწადში რაჯა-ამპატის წყლებში 585 პატარა ზებრისებრი ზვიგენი გაუშვას. მიზანი თვითკმარი ველური პოპულაციისთვის საფუძვლის ჩაყრაა, შემდეგ კი იმავე ტექნიკის მორგება ზვიგენის სხვა სახეობებისთვის – რაც მეტისთვის, მით უკეთესი, ამბობს ლისა ჰუპსი, „რეშარკის“ პარტნიორის, ჯორჯიის აკვარიუმის (ატლანტა) კვლევისა და კონსერვაციის ხელმძღვანელი.
მეცნიერები ხშირად მიმართავენ რეინტროდუქციას ამა თუ იმ სახეობის გადასარჩენად. ასე მოიქცნენ ჩინეთში დიდ პანდასთან, ბრაზილიაში როზალიასთან და კალიფორნიაში კონდორთან მიმართებით. აშშ-ში პილოტები ტყვეობაში დაბადებულ ამერიკულ წეროებს ულტრამსუბუქი თვითმფრინავებით უძღვებოდნენ და ველურ ბუნებაში დაბრუნებას ასწავლიდნენ. უკვე 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში რუხი მგლები დააბრუნეს და მათ კარგად დაიმკვიდრეს თავი ადგილობრივ ეკოლოგიურ ქსოვილში.
მაგრამ ზღვის ცხოველების ბუნებაში დაბრუნება რთული და იშვიათია. ოკეანე უზარმაზარი გაშლილი სივრცეა, რაც აძნელებს ზღვის არსებებზე თვალყურის დევნებას. საფრთხეების მართვაც ჭირს. „ოკეანეზე რომ მიდგება საქმე, ყველაფერი მძიმდება“, – თქვა დევიდ შიფმენმა, ზღვის ბიოლოგმა და ავტორმა წიგნისა „ზვიგენის მნიშვნელობა: მსოფლიოს ყველაზე არასწორად გააზრებული მტაცებლის ღრმა ანალიზი“.

2017 წელს მკვლევრებმა პაწაწინა და იშვიათი კალიფორნიული ზღვის ღორების დაჭერა სცადეს კალიფორნიის ყურეში, რომლებიც შემთხვევით იხლართებოდნენ არალეგალურ ლაყუჩის ბადეში და იხოცებოდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ ამ არსებებს ნაკრძალებში გადაიყვანდნენ, შემდეგ კი ისევ ბუნებაში გაუშვებდნენ მას შემდეგ, რაც მექსიკის მთავრობა თევზჭერაზე კონტროლს დააწესებდა. თუმცა მეცნიერებმა მალევე გადაუხვიეს ამ გეგმიდან, რადგან პირველივე დაჭერილი ინდივიდი სტრესისგან მოკვდა.
და მაინც, მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად თანხმდებიან იმაზე, რომ ტყვეობის პირობებში ცხოველთა გამრავლება შეიძლება ზღვის აღდგენის გასაღები იყოს. აღნიშნულ ინდივიდის სიკვდილის მომდევნო წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კომისიამ ექსპერტებს მოუწოდა, ეძებათ დელფინების დატყვევების უსაფრთხო გზები, რადგან რეინტროდუქცია შეიძლებოდა საჭირო გამხდარიყო სხვა სახეობების, მაგალითად სამხრეთ ამერიკის ლა-პლატის დელფინებისა და დასავლეთ აფრიკის ატლანტის დელფინების გადასარჩენადაც.
ახალგაზრდა ზვიგენები აქამდეც დაუბრუნებიათ ზღვაში. მალტაში აკვარიუმი ზრდის და ხმელთაშუა ზღვაში უშვებს ნაშიერებს, რომლებიც იჩეკებიან ბაზარში გაყიდულ მკვდარ ზვიგენთა კვერცხებიდან. კიდევ ერთი აკვარიუმი შვედეთში პატარა კატისებრ ზვიგენებს ფიორდში უშვებს. მაგრამ რამდენადაც კარგი განზრახვა არ უნდა ჰქონდეს ამ ქმედებებს, ისინი უფრო მეტად ჰგავს არა შემცირებული პოპულაციის აღდგენის პროგრამას, არამედ ზოოპარკის მიერ გალიის გაღებას და ზედმეტი თუთიყუშების გაშვებას. მათი მასშტაბი ძალიან პატარაა და ხშირად საერთოდ არ ეხება გადაშენების პირას მყოფ სახეობებს. ისინი, როგორც წესი, ასევე გვერდს უვლიან ყველაზე მთავარ პრობლემას: სანამ ჭარბი თევზაობა არ შეწყდება ზვიგენის რეინტროდუქციის ზონებში, მეტი ინდივიდის დამატება სახეობებს ვერ დააბრუნებს.
თავიდან სწორედ ამიტომ უყურებდა დალვი (IUCN-ის ზვიგენთა სპეციალისტების ჯგუფის თანახელმძღვანელი 11 წლის განმავლობაში) `რეშარკის“ პროგრამას სკეპტიკურად. მან იცის, რომ ზვიგენთა პოპულაციების აღსადგენად ცხოველების ზღვაში ჩაყრა არ კმარა. მას ზედმეტად ბევრი ცუდად აგებული ექსპერიმენტი ახსოვს. „მომბეზრდა ეს დამაიმედებელი, მაგრამ გამოუსადეგარი პროექტები“, – მითხრა მან. ამიტომაც, იგი რთულ შეკითხვებს სვამდა – თუმცა პასუხებმა გააკვირვა. „ეს ინიციატივა განსხვავებულია“.
IUCN-ში მისი საქმის გამგრძელებელი, რიმა ჯაბადო, ეთანხმება დალვის. მისი თქმით, ესაა ზვიგენების რეინტროდუქციის პირველი პროექტი, რომელიც „გადარჩენის შანსს აძლევს სახეობებს“.
ზემოდან რომ უყურებ, რაჯა-ამპატი იდუმალებითაა მოცული. პალმის, წყნაროკეანური ტექტონას და ტროპიკული ხილის ხეების მდიდარი ჭალის ტყე კირქვის ასობით შვერილს შორის აწოწილა. ატოლების, ქვიშიანი მეჩეჩებისა და მანგროს ზურმუხტისფერ უბეებს შორის მოჩანს მუქი სილურჯე, ადგილი, სადაც ინდოეთის და წყნარი ოკეანეები ერთმანეთს ხვდება.
აქაური წყლების სახეობრივი მრავალფეროვნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ დედამიწაზე.აქ თევზის 1600 სახეობა ბინადრობს, ისევე როგორც მსოფლიოს მადრეპოროვნების (მარჯნის პოლიპი) სახეობების სამი მეოთხედი. „გარდა იმისა, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფს და გაუთავებელი ფუსფუსია, ფერების სიმრავლე უბრალოდ ჭკუას დაგაკარგვინებთ“, – თქვა ერინ მაიერმა, საკონსერვაციო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტმა სიეტლის აკვარიუმში, რომელიც ზებრისებრი ზვიგენის პროექტის მართვაშია ჩართული.
ვაიაგიდან 105 კილომეტრის მანძილზე სამხრეთით, კუნძულ კრისთან, ზვიგენების ახალი საშენის პირსზე, მაიერი წინ და უკან დადიოდა. მისი კოლეგა, იჩიდა, იქვე ზღვის ბაკის წელამდე წყალში შესულიყო, სადაც ჩარლის უკანასკნელად ამოწმებდნენ გაშვებამდე.
მაიერი და იჩიდა ერთმანეთთან 16 სასაათო სარტყლის დაშორებით ცხოვრობენ, მაგრამ ამ ოპერაციას ერთად მართავენ. იჩიდა, რომელიც ასევე უძღვება ინდონეზიური არასამთავრობო ორგანიზაციის, Thrive Conservation-ის პროგრამას, ადგილზე პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს. იგი უძღვება ასევე „ზვიგენთა ძიძების“ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ზვიგენებმა ჯეროვნად ჭამონ ლოკოკინები და მოლუსკები.
ყველაფერ დანარჩენს ორგანიზებას უწევს მაიერი სიეტლიდან. იგი მოიზიდავს დაფინანსებას, ეძებს აკვარიუმებს კვერცხების ჩასაშვებად და მართავს პარტნიორების გრძელ სიას.
ზვიგენების ძიძამ ჩარლი კიდევ ერთხელ გაზომა: 74 სანტიმეტრი. ის საკმარისად დიდია იმისთვის, რომ დამშეული შავფარფლება ზვიგენის ხახაში არ აღმოჩნდეს, იმედოვნებდნენ მაიერი და იჩიდა. საკვების მოპოვება უკვე ესწავლა. კანის ქვეშ იმპლანტირებული გადამცემებით მეცნიერები მის მოძრაობას დააკვირდებოდნენ. მაიერს გული აუჩუყდა – აღელვებული მშობელი შვილს უცხო სამყაროში უშვებდა.

გათენებისას ჩარლის და კიდევ ერთ ზვიგენს ექვსმეტრიან სწრაფმავალ კატერში ჩასვამდნენ და ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ გაშვების პუნქტთან მიაღწევდნენ. მაიერმა საგზალი ჩაალაგა და დარწმუნდა, რომ ორივე ზვიგენს ერთნაირი სასუსნავი შეხვდებოდა: 13-13 ლოკოკინა.
მსოფლიო მასშტაბით ზვიგენებს იმდენად სწრაფად ვხოცავთ, რომ აკვარიუმები მათ ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ. თანაც, ბუნებაში დაბრუნების მეთოდი ყველა სახეობისთვის არც იმუშავებს. ბევრი მათგანი – მაგალითად თეთრი ზვიგენი – ზედმეტად მაღალენერგიულია ტყვეობისთვის. მათ, ასევე, სჭირდებათ სივრცე, რომ სიჩქარე აკრიფონ ლაყუჩებისთვის საკმარისი წყლის მისაწოდებლად. ზოგი იმდენად შორს მოგზაურობს, რომ რთული იქნება დიდი დაცული ზონების გამოყოფა, სადაც ახალგაზრდები ბადეებში არ მოხვდებიან (მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო წყლების დაცვის შესახებ წამოყენებული კანონპროექტი ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება).
შესაძლოა, ბუნებაში დაბრუნების მეთოდმაც არ გაამართლოს. ახალგაზრდა ზვიგენებს ბევრი საფრთხე ემუქრებათ: დაავადება, დიდი ზვიგენები და საკვების პოვნის სირთულე. ზვიგენის სახეობების უმეტესობა ცოცხლადმშობია, რაც ართულებს და აძვირებს ნაშიერების ტრანსპორტირებას.
მაგრამ ათობით პოტენციურად შესაფერისი ზვიგენი სახლობს ისეთ ადგილას, სადაც ამ მიდგომამ შეიძლება იმუშაოს – მოზამბიკის, ტაილანდისა თუ მალდივის კუნძულების წყლებში. „რეშარკის“ გუნდი უკვე იმაზე მსჯელობს, სხვა რომელ სახეობაზე შეიძლება პროექტის წამოწყება. ვერსიებს შორისაა სკვატინა კანარის კუნძულებსა და უელსში, ულვაშიანი ზვიგენი აღმოსავლეთ აფრიკაში და ხერხთევზები, რომლებიც დინგზე დაკბილული დანისებრი წანაზარდებით არიან ცნობილნი. ინდონეზიის დატოვებიდან რამდენიმე კვირაში მაიერს სიეტლის აკვარიუმთან მდებარე სპეციალურ დროებითი განთავსების დაწესებულებაში ვესტუმრე. ორ უზარმაზარ ავზში დაცურავდა ცხრა ყველაზე უცნაური არსება, რომელიც კი მინახავს. მათ ჰქონდათ უზარმაზარი, გამოშვერილი თავი, თითქოს გიგანტური ზღვის ეშმაკი გრძელი, ორფარფლიანი სხეულისთვის მიუბიათო, ან, თითქოს, ზვიგენი მახვილკუდასთან შეაერთესო. ესენი იყვნენ გადაშენების კრიტიკულ ზღვარზე მყოფი სკაროსის, Rhina ancylostoma-ს ნაშიერები – სულ ექვსი თვის. მაიერი უყურებდა, როგორ ცურავდნენ წრეზე მდედრები. „ველურ ბუნებაში უკვე ვეღარ ნახავთ ერთად შეკრებილ ოთხ ინდივიდსაც კი“, – თქვა მან.
ინდო-წყნაროკეანურ სანაპიროებზე ამ სახეობის ხორცი და ფარფლები იმდენად ფასობს, რომ უკანასკნელ 45 წელიწადში პოპულაციამ, სავარაუდოდ, 80%-ით იკლო. ზებრისებრი ზვიგენისგან განსხვავებით, ეს სკაროსი აკვარიუმებშიც იშვიათად გვხვდება – ტყვეობაში მხოლოდ 40 ინდივიდია. აღნიშნული სახეობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის გადარჩენაზეც „რეშარკის“ გუნდმა იფიქრა, მაგრამ ზედმეტად სარისკო მოჩანდა. „მათზე ბევრი არაფერი ვიცით“, – თქვა მაიერმა.

ზებრისებრ ზვიგენებს უკვე ათწლეულების განმავლობაში შეისწავლიდნენ, სკაროსის აღნიშნულ სახეობაზე კი ბევრი არაფერია ცნობილი. მათ შორის, ნაკლებადაა ცნობილი, როგორ მიგრირებენ, რამდენად ხშირად მრავლდებიან, რამდენად განსხვავდება მათი პოპულაციები ერთმანეთისგან გენეტიკურად, ან რას ჭამენ სიცოცხლის მანძილზე. მეცნიერებმა ისიც კი არ იციან, როგორი საზღვაო ნაკრძალები შექმნან მათ დასაცავად. თანაც, ის ცოცხლადმშობია. „მოკლედ, სასწავლი ბევრია“, – თქვა მაიერმა.
ეს არსებები სიეტლში რომ აღმოჩნდნენ, იღბალს უნდა ვუმადლოდეთ. ტაივანური სათევზაო კომპანიები ზღვის ფსკერზე ბადეებს ტოვებენ. ივნისში მაკე Rhina ancylostoma ერთ-ერთ ასეთ ბადეში გაება. თევზის ბროკერმა ცხოველი ამოიცნო, იყიდა და დროებითი თავშესაფარიც მისცა. „არ უნდოდა, ეს ცხოველი სავაჭრო ქსელში მოხვედრილიყო“, – თქვა მაიერმა. ამ ინდივიდმა ნაშიერები გააჩინა და ბროკერმა, რომელმაც „რეშარკის“ შესახებ იცოდა, ისინი სიეტლში გააგზავნა. გეგმის მიხედვით, მათ შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მოგროვდეს, პარალელურად კი მოიძებნოს ან შეიქმნას დაცული ტერიტორია, სადაც ისინი წარმატებით გამრავლდებიან. მეცნიერებს მათთვის გენეტიკურად შესაფერისი მეწყვილეების პოვნა სურთ. ისინი იმედოვნებენ, რომ რამდენიმე წელიწადში სკაროსები დაიწყებენ შთამომავლობის დატოვებას, რომელიც ველურ ბუნებაში დაბრუნდება (მაისისთვის რვა ნაშიერი უკვე აშშ-ის აკვარიუმებში გააგზავნეს). ამ სახეობის პოპულაციის მძიმე მდგომარეობის გამო მაიერის გუნდი სწრაფად მიიწევს წინ, მაგრამ სულ ერთი წუთით მაიერი იმითაც იყო ბედნიერი, რომ მათ ცურვას უყურებდა. „საყვარლები და ლამაზები არიან. ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ“, – თქვა მან. „თუ მოვიცდით, შეიძლება, ისინი დავკარგოთ“.
კრეგ უელჩი 2023 წლის აპრილის გამოცემისთვის მოგვითხრობდა სეზონთა რიტმის ცვლილებებზე.