ნაყოფიერი ნამარხი
ერთმა ნამარხმა გადაატრიალა პალეონტოლოგების მოსაზრებები დინოზავრების კანის შესახებ. შესაძლოა მან კიდევ ბევრჯერ გაგვაოცოს.

ფრანკფურტის ზენკენბერგის მუზეუმის შესასვლელში შორეული წარსულის გამორჩეული ელჩი დაგხვდებათ: ძაღლის ზომის დინოზავრი, სახელად ფსიტაკოზავრი, რომელიც 130 მილიონი წლის წინ დაიღუპა. ეს არსება იმდენად კარგადაა შემონახული, რომ მეცნიერებს მისი კანის უმცირესი დეტალების შესწავლის საშუალება ეძლევათ.
ეს ეგზემპლარი, ოფიციალური სახელწოდებით SMF R 4970, ლიაონინგის პროვინციიდან (ჩინეთი) საეჭვო ვითარებაში წამოიღეს 1990-იან წლებში. გერმანელი დილერის ხელით შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, 2001 წელს, ეს ნამარხი მუზეუმმა შეისყიდა. მას შემდეგ დინოზავრი მრავალი საოცარი აღმოჩენის წყარო გახდა.
დინოზავრების კანის განამარხებული ნიმუშები ადრეც აღმოუჩენიათ, თუმცა ამ ფსიტაკოზავრმა, როგორც ჩანს, ხმელეთის დინოზავრებს შორის ყველაზე სრულად შეინარჩუნა კანი – მას მელანინის პიგმენტაციაც კი შემორჩა. „ის ნამდვილი განძი გამოდგა“, – ამბობს ჯეიკობ ვინთერი, დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი.

აღნიშნული ნამარხი კვლავ აგრძელებს მეცნიერთა გაოცებას. 2021 წელს ჯეიკობ ვინთერის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ეს ფსიტაკოზავრი ერთადერთი ცნობილი ხმელეთის დინოზავრია შემონახული კლოაკით – დეფეკაციის, შარდის გამოყოფისა და სექსისთვის განკუთვნილი უნივერსალური ხვრელით. შარშან, ამ დინოზავრის ქერცლების სიღრმისეული კვლევისას მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ მისი „ჭიპი“ აღმოაჩინეს: ემბრიონის სტადიაზე მყოფი უძველესი არსების საოცარი კადრი. კიდევ რა საიდუმლოებებს ინახავს ეს ნამარხი? როგორც წარსული გვკარნახობს, კიდევ მრავალს.