გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
სხვა ცხოველებთან შედარებით მზის სხივებში ნებივრობას კუები მეტ დროს უთმობენ.
მთვარის შუქზე
ავსტრალიაში, ტაუნსვილში ღამით კანოეთი გასეირნებისას ორი ბიოლოგი მეცნიერულ აღმოჩენას გადააწყდა. მდინარე როსზე ერიკ ნორდბერგმა და დონალდ მაკნაითმა მტკნარი წყლის კუები შენიშნეს, რომლებიც მზის ნაცვლად მთვარის შუქს ეფიცხებოდნენ.
ცხოველთა მრავალი სახეობა თბება მზის შუქზე ტემპერატურის და ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად. მტკნარი წყლის კუების უმრავლესობა ხის მორებსა და ქვებზე ჯდომით იღებს მზის აბაზანებს, თუმცა ამ შემთხვევამდე მთვარის შუქზე მიფიცხება არასოდეს შესწავლილა.
აღნიშნული ქცევა მხოლოდ ამ კონკრეტულ სახეობას (Emydura macquarii krefftii) არ ახასიათებს. ზემოხსენებული ორი ბიოლოგის მომდევნო კვლევით კი დადგინდა, რომ ტროპიკულსა და სუბტროპიკულ სარტყლებში ბინადრობს კუს, სულ მცირე, 13 სახეობა, რომლებიც მთვარის შუქს ეფიცხებიან.
აღმოჩნდა, რომ ეს ქცევა მთვარესთან კავშირში არაა. ღამით კუები გამთბარი წყლიდან გასაგრილებლად ამოდიან. – ჯესიკა ტეილორ პრაისი
თვალის ბადურით შეიძლება ალცჰაიმერის დაავადება შევაფასოთ

ახალმა კვლევამ ბადურის ცვლილებები ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ ნიშნებთან დააკავშირა. სიკვდილის შემდგომი 86 დონორის ბადურის და ტვინის ქსოვილების შემოწმებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბადურაში ბეტა-ამილოიდის ცილის მაღალი შემცველობა შეესაბამებოდა ტვინის ქსოვილებში არსებულ ამავე ნივთიერების მაღალ კონცენტრაციას და კოგნიტური ფუნქციების უფრო მწვავე დაქვეითებას. ბადურის შემოწმებამ (ცენტრალური ნერვული სისტემის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც უშუალოდ ვაკვირდებით) შესაძლოა ექიმებს ალცჰაიმერის დაავადებაში ადრეული ჩარევის საშუალება მისცეს. – კონი ჩენგი
ხელოვნური ინტელექტი დაოსტატდა

ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც სვლებს ცდისა და შეცდომის მეთოდის გამოყენებით არჩევდა, 1980-იანი წლების ვიდეოთამაშის, Skiing-ის დასამარცხებლად 80 მილიარდი გამოსახულების ნახვა დასჭირდა. სხვა AI სისტემამ გამარჯვება დაახლოებით 13 მილიონი გამოსახულებით შეძლო – თუმცა ჯერ ინსტრუქციების სახელმძღვანელოს გაეცნო. – პატრისია ედმონდსი