ყინული და ცეცხლი
მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ სამხრეთ ატლანტის ოკეანიდან ამოწვერილი კუნძულის ვულკანი იშვიათ ლავის ტბას შეიცავს. მის შესასწავლად დედამიწის ერთ-ერთ უშორეს ადგილას მოუწევთ გამგზავრება.
ყინული და ცეცხლი
მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობენ, რომ სამხრეთ ატლანტის ოკეანიდან ამოწვერილი კუნძულის ვულკანი იშვიათ ლავის ტბას შეიცავს. მის შესასწავლად დედამიწის ერთ-ერთ უშორეს ადგილას მოუწევთ გამგზავრება.
ყინულით დაფარულ ქედზე, სამხრეთ ატლანტის ოკეანის გააფთრებული ტალღებიდან თითქმის 900 მეტრის სიმაღლეზე, ემა ნიკოლსონი რესპირატორით ჩაისუნთქავს, სამთო უსაფრთხოების აღჭურვილობას ამოწმებს და აქტიური ვულკანის დაღებულ ხახაში შეაბიჯებს.
უკვე 16:00 საათს გადასცდა მიქაელის მთის ქარიან მწვერვალზე, რომელიც სონდერსის კუნძულს დაჰყურებს. დაუსახლებელი სამხრეთ სენდვიჩის არქიპელაგის ეს კუნძული ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ადგილია მსოფლიოში – მას 800 კმ აშორებს უახლოეს, მთელი წლის განმავლობაში მოქმედ სადგურთან, რომელიც სამხრეთ ჯორჯიაზეა, ხოლო უახლოეს სანაოსნო გზამდე 600 კმ-ზე მეტი მანძილია. რეალურად, ემასა და მის საექსპედიციო გუნდთან ყველაზე ახლოს არიან ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, რომელიც მათ თავზე დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე ჩაივლის ყოველ 90 წუთში ერთხელ.
რამდენიმეწლიანი დაგეგმვისა და აისბერგებით სავსე ზღვებში 2250 კმ-იანი მუხანათური მარშრუტის გავლის შემდეგ, ეს 33 წლის ვულკანოლოგი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ გახდეს პირველი მეცნიერი, რომელიც ექსპედიციას გაუძღვება მიქაელის კრატერში.
მაგრამ მიქაელის ვულკანი მარტივად არ თმობს თავის საიდუმლოებს.
ერთი შეხედვით, კრატერის შიდა კიდე უსაფრთხოდ გამოიყურება. ემა და მისი პარტნიორი, ჟუან ლაგეში, ფრთხილად ეშვებიან საცოც თოკზე, რომელიც მათი ერთადერთი მაკავშირებელია გარე სამყაროსთან – მაგრამ ორივე მათგანი აცნობიერებს, რომ სადღაც ქვემოთ, ეს თითქოს მარტივი რელიეფი კრატერის კიდიდან გადმოშვებული არამდგრადი ყინულის კედლით შეიძლება დაბოლოვდეს.
რაც უფრო ქვევით მიიწევენ, პირობები უმჯობესდება: ქარი იკლებს და ალაგ-ალაგ ცისფერი ცა მოჩანს.
კომპიუტერითა და სითბომგრძნობიარე კამერით აღჭურვილი ჟუანი და ემა სიღრმეში ეშვებიან. მათ ქვემოთ მდებარე მცირედ დაქანებული ფერდი მოულოდნელად წყდება და კრატერში უჩინარდება. ემა ხვდება, რომ იქ იმყოფება, სადაც ბუნებას თავისი ძლევამოსილების გამოვლენა შეუძლია.
იყო პირველი, ვინც იდუმალი კარიბჭე იხილა დედამიწის სიღრმეში, ვულკანოლოგისთვის კარიერის მწვერვალია. მაგრამ ემას მხოლოდ ერთი რამ აკლია, ის მთავარი, რამაც ამ ღვთისგან მივიწყებულ მხარეში ჩამოიყვანა: სად არის ლავის ტბა?
ემას დაზღვევის თოკი ყველაზე საიმედო ადამიანთან – სამთო გიდ კარლა პერესთან აკავშირებს. კარლა ემას ვერ ხედავს, მაგრამ იცის, სადღაც, მის წინ შეიძლება სახიფათო მონაკვეთი იყოს და მოჭიმული თოკით მუდამ აკონტროლებს, რომ წინდაუხედავი ნაბიჯი არ გადადგას.

1775 წლის 2 თებერვალს, დაქანცული კაპიტანი ჯეიმს კუკი თავისი გემის, Resolution-ის კიჩოზე იდგა და პირქუშ კუნძულს გაჰყურებდა. ავისმომასწავებელი გარემო მის განწყობას შეეფერებოდა. „ყველაზე საშინელი სანაპიროა მსოფლიოში“, – თქვა მან აღნიშნულ არქიპელაგზე. „ბუნებისგან განწირული კუნძულები… ერთხელაც არ უნახავთ მზის სითბო“, – წერდა იგი.
კუკის ამ მოგზაურობიდან კიდევ ათწლეულები გავა, სანამ მეცნიერები დაადგენენ, რომ ერთ-ერთ იქაურ კუნძულ სონდერსს საკუთარი სითბოს წყარო აქვს.
„სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები ძნელად მისადგომია, ძნელია ნაპირზე გადასვლა და ძნელია იქ მუშაობა. ამიტომ საკმარისი მიზეზი უნდა გქონდეს, იქ რომ წახვიდე“, – ამბობს ჯონ სმელი, ლესტერის უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი.
სმელის დავუკავშირდი, რადგან იგი ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელსაც სონდერსის კუნძული მოუნახულებია. 1997 წელს სმელი სინჯებს იღებდა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილიდან და შენიშნა, რომ მიქაელიდან ამოფრქვეული პლუმი უჩვეულოდ მკვრივი იყო.
ამგვარმა კონსისტენციამ სმელის გაახსენა ერებუსი, ანტარქტიდის ვულკანი ლავის ტბით. შემდეგ იგი დაუკავშირდა მეგობარს ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის ინსტიტუტიდან და ჰკითხა, სატელიტურ გამოსახულებებზე ხომ არ ვლინდებოდა რამე თერმული ანომალია მიქაელთან. სატელიტური რადიომეტრის გამოყენებით მათ მიაკვლიეს სითბურ ნიშნებს, რომელიც შეესაბამებოდა მიქაელის კრატერს.
მსოფლიოში 1350-მდე პოტენციურად აქტიური ვულკანია, თუმცა უკანასკნელ ხანებში მხოლოდ რვაზე დადასტურდა მუდმივი ლავის ტბის არსებობა. როგორც წესი, ამოფრქვევის შემდეგ, ჰაერთან შეხებისას ლავა ცივდება, მყარდება და საცობს წარმოქმნის, რომელიც ვულკანის შიგნით ატყვევებს ცხელ აირებს. მაგრამ ღიასარქველიანი ვულკანების შემთხვევაში არხების სისტემა, რომელიც ზედაპირს აკავშირებს სიღრმეში არსებულ მაგმის აუზთან, მუდმივად გახსნილი რჩება. ლავის ტბის ფორმირებისთვის წნევა საკმარისად მაღალი უნდა იყოს, რათა ლავას ზედაპირისკენ უბიძგოს. მაგრამ ლავის ტბა რომ შენარჩუნდეს, წნევაც უნდა შენარჩუნდეს და მაგმის სვეტიდან ამომავალი სითბო და გაგრილების სიჩქარე იდეალურად დაბალანსდეს, რათა ლავამ თხევადი მდგომარეობა შეინარჩუნოს.
ამგვარი ღიასარქველიანი სისტემები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ნიმუშის აღებით გააანალიზონ აირიც და ლავაც, რაც ვულკანური მოქმედების შესწავლასა და მომავალ ამოფრქვევათა პროგნოზირებაში გვეხმარება.
მაგრამ სმელი ვულკანის ირგვლივ არსებული ქანების შესწავლით უფრო იყო დაინტერესებული და სერიოზულად არასოდეს უფიქრია მიქაელის მწვერვალზე ასვლა.
2019 წელს ვულკანოლოგთა კიდევ ერთმა ჯგუფმა, უფრო მაღალი გარჩევადობის სატელიტური მონაცემების გამოყენებით, სმელის გუნდის დასკვნები განაახლა. მათი შეფასებით, კრატერის ზედაპირზე 9940 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ლავის ტბა უნდა ყოფილიყო.
ამ კვლევამ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ვულკანოლოგიის პროფესორის, ემა ნიკოლსონის ყურადღებაც მიიპყრო. სატელიტურ გამოსახულებათა სიზუსტის მიუხედავად, მან იცოდა, რომ მიქაელზე ლავის ტბის არსებობის დადასტურების და, რაც მთავარია, მისი შესწავლის ერთადერთი გზა კრატერის კიდეზე აძრომა და მის შიგნით სინჯების აღება იქნებოდა.
2020 წელს ემა სამხრეთ სენდვიჩის კუნძულების შემსწავლელ ექსპედიციას შეუერთდა. როდესაც სონდერსის კუნძულთან ღუზა ჩაუშვეს, ემამ, კირან ვუდმა და კიდევ რამდენიმე მეცნიერმა პირველად სცადეს მიქაელის დალაშქვრა, მაგრამ ამინდის გაუარესებამ მათ უკან დახევა აიძულა.
შარშან ნოემბერში ემამ კვლავ შეკრიბა ექსპედიცია სონდერსის კუნძულზე დასაბრუნებლად. მათ პირველად უნდა შეესწავლათ კრატერი ადგილზევე. ამ გუნდს მეც შევუერთდი ფოლკლენდის კუნძულებზე. პორტ-სტენლის ნავსადგურზე ძრავიანი იალქნიანი გემი Australis-ი და მისი 43 წლის ავსტრალიელი კაპიტანი, ბენ უოლისი, გველოდნენ.
ჩვენი ექსპედიციის გუნდში შედიოდნენ ბენი, ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი, ემა, გეოქიმიკოსი და ვულკანოლოგი ჟუან ლაგეში, აეროკოსმოსური ინჟინერი და დრონის სპეციალისტი კირან ვუდი, ფოტოგრაფი რენან ოზთურქი თავის ოთხწევრიან გუნდთან ერთად და კარლა ეკვადორელი მთამსვლელი კარლა პერესი.
სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებისკენ ბენს ერთხელ ადრეც გაუცურავს, რაც მძიმე გამოცდილებით დასრულდა. „მეგობარო, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი“, – მითხრა მან. ჩვენი მარშრუტი გაივლიდა დრეიკის სრუტეს, სამხრეთ ამერიკის წვერსა და ანტარქტიდას შორის, სადაც წყნარი და ატლანტის ოკეანეები ხვდებიან ერთმანეთს და სანავიგაციოდ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო წყლებს აყალიბებენ.
ბენის განმარტებით, „სენდვიჩის კუნძულები იმიტომაა განსაკუთრებული, რომ ცივილიზაციისგან მოწყვეტილია“. სხვა სიტყვებით – სანაპირო ავიაციისთვის მიუწვდომელი. „თუ გასაჭირში ჩავარდით, ვერავინ მოვა თქვენ საშველად“, – მითხრა მან.
პირველ დღეს ზღვაზე ქარი სუსტად ქროდა, თუმცა ტემპერატურა დღითიდღე იკლებდა და გემბანზე ნაკლებ დროს ვატარებდით. ქვემოთ 12 ადამიანი სწავლობდა, თუ როგორ უნდა აექციათ ერთმანეთისთვის გვერდი გემის ვიწრო დერეფნებში ან გამკლავებოდნენ ზღვის ავადმყოფობას.
ამ უკანასკნელისთვის ჩვენმა გუნდმა რამდენიმე სტრატეგია გამოიყენა: მედიკამენტების მიღება, ვარჯიში, საკვებზე უარის თქმა, ფილმების ყურება და ალკოჰოლი.
მეხუთე დღეს სამხრეთ ჯორჯიის კუნძული შევნიშნეთ. ადრე ის ვეშაპებზე ნადირობის ცენტრი იყო. 1916 წელს აქ სასოწარკვეთილი ერნესტ შეკლტონი ჩამოვიდა პატარა ნავით. მან 1482 კილომეტრი იცურა სპილოს კუნძულიდან, სადაც თავისი ეკიპაჟის წევრები დატოვა, თავად კი მაშველების საძიებლად გამოემართა.
მაგრამ სამხრეთი ჯორჯია სონდერსის კუნძულამდე მისასვლელი გზის მხოლოდ ორ მესამედ მანძილზეა. პორტში ხანმოკლე გაჩერების შემდეგ, სამხრეთ ჯორჯიის სანაპირო დავტოვეთ და კიდევ უფრო შორს გავუყევით ატლანტის ოკეანეს. ნისლიან ჰორიზონტზე აისბერგები გამოჩნდნენ. მათ შორის მანევრირებას რადარის და ფოლადის კორპუსის წყალობით ვახერხებდით. ბოლოს, მერვე დღეს, ნაშუადღევს, უცებ ნისლიდან სონდერსის კუნძული გამოკრთა.
ნახევარმთვარის ფორმის, მხოლოდ რვა კილომეტრამდე სიგანის კუნძულზე ღუზის ჩასაშვებად უსაფრთხო ადგილები არ გვხვდება. ჩვენთვის ოპტიმალური არჩევანი კორდელიას ყურე იყო. ის ქარისა და ტალღებისგან მცირე თავშესაფარს გვთავაზობდა. ჩვენი გემი რომ პირით ხმელეთისკენ შეტრიალდა, ღრუბლები გაიფანტა და პირველად დავინახეთ მიქაელი. მთის დაბალი, სიმეტრიული პროფილი სიდიადით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი და შიშის მომგვრელი იყო.
ბენმა Australis-ი სანაპიროს ჩრდილოეთ კიდის თავზე აღმართულ კლიფებთან მიაცურა და ღუზა ჩაუშვა. აღმოჩნდა, რომ ბევრი დრო არ გვქონდა. დიდი რაოდენობით აღჭურვილობა, რომელიც უსაფრთხოდ იყო მოთავსებული წინა ერდოში, ვიწრო კაბინებში ჩავზიდეთ – მეორე დილით პატარა ნავით ნაპირზე გადასატანად. ბენის შეფასებით, მაქსიმუმ 16 დღე შეგვეძლო დარჩენა, სანამ ამინდი წასვლას გვაიძულებდა.
გადაბარგების დროს ფოტოგრაფმა რაიან ვალაშეკმა მოულოდნელად დაიყვირა: „ამას შეხედეთ!“.
ყველამ მიატოვა თავისი საქმე და შტურმანის ჯიხურში აძვრა. ღამის ცაზე მიქაელის მთის თავზე თეფშის ფორმის მოციმციმე ღრუბელი გამოჩნდა. თავდაპირველად მუქი წითელი და იისფერი ფერები დავინახე. ჰორიზონტიდან უკვე გაუჩინარებული მზის უკანასკნელ სხივებს ჰგავდა – თუმცა, მზე ორი საათის წინ ჩასულიყო. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს სინათლე ვულკანის სიღრმიდან მოდიოდა. ფერების პალიტრა თანდათან შეიცვალა, აგურისფერი წითელი ჯერ გახდა ალისფერი, შემდეგ ნარინჯისფერი, მუქი იისფერი კი – მეწამული.
ემა გარეთ იდგა, ღამის მსუსხავ ჰაერზე და ცახცახებდა როგორც სიცივისგან, ისე მღელვარებისგან. ეს თვალისმომჭრელი ნათება პირველი ჭეშმარიტი ნიშანი იყო იმისა, რის ძებნაშიც მან ნახევარი მსოფლიო გამოიარა: ლავა.
ადრიანად გავიღვიძეთ და წყალგაუმტარი კოსტიუმები ჩავიცვით ცივ წყალში შესასვლელად. ზღვა საკმარისად მშვიდი იყო ოთხი მეტრი სიგრძის გასაბერი ნავიდან ნაპირზე უპრობლემოდ გადმოსასვლელად, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი ტალღები გვხვდებოდა და ნავი თითქმის ბოლომდე დაგვიტბორა, როდესაც ტვირთვის გადმოზიდვას ვამთავრებდით. დავფიქრდი, როგორ გავართმევდით თავს ასეთ ოპერაციას ცუდი ამინდის პირობებში.
ნაპირზე ზღვის ბინადრების მძაფრი სუნი შემოგვეგება – მკვდარი თევზი, ფრინველის ექსკრემენტები, დამპალი წყალმცენარეები. სამხრეთის ზღვის სპილო და უედელის სელაპები წყალთან გაწოლილიყვნენ, ხოლო ანტარქტიკულ და სუბანტარქტიკულ პინგვინებსა თუ სამხრეთის გიგანტურ ქარიშხალებს მოშიშვლებული ბორცვები დაეკავებინათ. კაკოფონია იმატებდა და იკლებდა, მაგრამ არასოდეს წყდებოდა.
(მარცხნივ) მიქაელის ქარიან მწვერვალზე ნისლში გახვეული ნიკოლსონი (მარცხნივ) და აეროკოსმოსური ინჟინერი კირან ვუდი კრატერში ლავის ნიშნებს ეძებენ თერმულ კამერასთან დაკავშირებული ლეპტოპით. (მარჯვნივ) სამთო გიდი კარლა პერესი ჯგუფს მიუძღვის მიქაელის მწვერვალისკენ. პერესის უკან, ნიკოლსონს ზურგჩანთით მოაქვს კრატერიდან ამოფრქვეული ვულკანური აირების სინჯის ასაღები და გასაზომი ხელსაწყო.
ველურ ბუნებასთან ტერიტორიული ომი თავიდან რომ აგვეცილებინა, ნაპირიდან მოშორებით დავბანაკდით თოვლიან ვაკეზე.
იმავე საღამოს ჟუანი და ემა ჩვენი ბანაკის მიმდებარედ გაემართნენ თოვლის მჟავიანობის შესამოწმებლად. შედეგები რომ გაიგეს, ემას ენა ჩაუვარდა – კუნძულის წყლის მარაგები, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ბანაკის უშუალო სიახლოვეს, სასმელად უვარგისი იყო.
კარლა პერესი პატარა მთიან ქალაქში გაიზარდა ეკვადორის დედაქალაქ კიტოს მახლობლად. ალპინიზმით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, რეგიონის ვულკანებს ლაშქრავდა და ვულკანოლოგობაზეც ოცნებობდა.
20 წელს რომ გადააბიჯა, კარლამ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო, გეოქიმიის სპეციალობით, ხოლო შემდეგ პროფესიონალი მთამსვლელი გახდა. 2019 წელს ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ერთსა და იმავე წელს დალაშქრა ევერესტი და K2.
სონდერსის კუნძულზე კარლა და ემა ერთ კარავში დაბინავდნენ. პირველივე ღამეს ემას ბოდვა დაეწყო. სასმელი წყლის არარსებობას შეეძლო ექსპედიცია დაესრულებინა, თუ წყლის სხვა წყაროს ვერ იპოვიდნენ. თუმცა, დაბინძურებული თოვლის გამოკვლევა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რისთვისაც ემა სონდერსის კუნძულზე დაბრუნდა.
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეათედი ვულკანიდან 100 კმ-ის რადიუსში ცხოვრობს და მათ არაერთი პოტენციური საფრთხე ემუქრებათ. ვულკანის ამოფრქვევასთან ერთად, საფრთხეს წარმოადგენს ვულკანური აირებით სასმელი წყლისა და ჰაერის დაბინძურებაც, რომლის გრძელვადიანი შედეგებიც ნაკლებადაა შესწავლილი. როგორც წესი, ვულკანური ემისიის 90%-ზე მეტი წყლის ორთქლის, ნახშირორჟანგისა და გოგირდის დიოქსიდისგან შედგება. მაგრამ, როდესაც ლავა ზედაპირთან ახლოსაა, მჟავური ელემენტებიც გამოიყოფა – ფთორი, ქლორი და ბრომი. მიქაელის ხელუხლებელი თოვლიანი ფერდობები იდეალური ადგილია გრუნტის წყალზე ვულკანის გავლენის შესაფასებლად.

„აქ არ არსებობს დაბინძურების გარე წყაროები“, – თქვა ემამ და განმარტა: „თითქმის ყველა ქიმიური ნივთიერება, რომელიც თოვლსა ან მიწისქვეშა წყლებში გვხვდება, ვულკანური წარმოშობისაა“.
ამ პროცესის უკეთ გააზრება ვულკანებთან ახლოს მცხოვრებ თემებს დაეხმარებოდა გრძელვადიანი მოგვარების გზების შემუშავებაში. მაგრამ ასეთი ურთიერთქმედებების ჯეროვნად შესასწავლად, თანაც მხოლოდ რამდენიმე დღეში, ემას სისტემურად, მწვერვალისკენ მიმავალ მთელ გზაზე უნდა ეგროვებინა ვულკანიდან ამოტყორცნილ მასათა ნიმუშები.
მომდევნო დღეს კარლამ სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გუნდი შექმნა. გასაბერი ნავით ეკიპაჟმა გემზე არსებული გამამტკნარებელი მოწყობილობით გაწმენდილი დაახლოებით 500 ლიტრი წყალი გადმოიტანა კუნძულზე. ამასობაში ემა, კირანი და მე მთელი დღე მიქაელის მთას ვზვერავდით და თოვლის სინჯებს ვაგროვებდით.
იმ ღამეს კარავში ემამ თოვლის თითოეული სინჯი ფრთხილად გაადნო წყალში და აზოტმჟავა დაამატა მისი შემადგენლობის შესანარჩუნებლად, რომ ლაბორატორიის პირობებში შეესწავლა მოგვიანებით. აზოტმჟავასთან მუშაობა „ხელყუმბარით თამაშს“ ჰგავს, თქვა მან.
მეორე დღეს პირველად ვცადეთ მიქაელზე ასვლა. მწვერვალიდან 60 მეტრის ქვემოთ ვიდექით, როდესაც ქარში განგაშის სიგნალი გაისმა. ემას და კარლას ზურგჩანთებზე დამაგრებული სენსორები გოგირდის დიოქსიდის შესახებ გვაფრთხილებდა. რესპირატორები გავიკეთეთ და ასვლა განვაგრძეთ.
პირობები უარესდებოდა. ქარი გაძლიერდა და მთაზე სქელი ღრუბლები ჩამოწვა. თერმული სენსორით აღჭურვილი დრონის გაშვების მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, რადგან ძლიერი ქარი ქროდა. სხვა ტექნიკაც მწყობრიდან გამოდიოდა.
„უნდა დავეზღვიოთ“, – მიყვიროდა კარლა და გულისხმობდა თოკზე ჩაბმას იმ შემთხვევისთვის, თუ თოვლის ქვეშ ნაპრალები იმალებოდა.
(მარცხნივ) კარავში ნიკოლსონი ვულკანური პლუმის ქვეშ აღებულ წყლის სინჯს ქიმიურ სტაბილიზატორს ამატებს, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშს შედგენილობა შეუნარჩუნოს. ცოტა რამაა ცნობილი იმაზე, თუ რა რისკებს შეიცავს ჯანმრთელობისთვის ღიასარქველიანი ვულკანიდან ამოფრქვეული მიკროელემენტები. (მარჯვნივ) ფოტოგრაფ რენან ოზთურქს თავზე ყინულის ნატეხებით სავსე ტალღა გადაევლება, როდესაც მას და ეკიპაჟის სხვა წევრებს Australis-ისკენ წასაყვანად ნავი ელოდება. სახიფათო პირობებმა ეკიპაჟი აიძულა, სონდერსის კუნძული ცურვით დაეტოვებინათ. „ვიხუმრე, რომ კუნძულიდან ცურვით წამოვიდოდით, მაგრამ მართლა მოგვიწია“, – თქვა უილკინსონმა. მეტ ირვინგი
ქარბუქში 30 მეტრის გავლის შემდეგ მეგონა, კრატერის კიდე ვიპოვე, მაგრამ 100 კმ/სთ სიჩქარის ქარსა და სქელ ნისლში საკუთარი ხელის იქით ვერაფერს ვხედავდი. ემამ ზურგჩანთიდან სენსორი ამოიღო პლუმის ძირითადი აირების დასაფიქსირებლად, კირანმა კი დასაზვერად ასვლა განაგრძო.
ღრუბელში გაუჩინარებიდან ათი წუთის შემდეგ ის ღიმილით დაბრუნდა. „იქ, მაღლა, უფრო ლამაზია. მგონი მწვერვალი ვიპოვე“.
მალე მწვერვალზე ერთმანეთს ვეხვეოდით. ცა ცისფერი იყო, მაგრამ კრატერს სქელი ღრუბლები ავსებდნენ. ამ პირობებში კრატერის შესწავლის იდეა აბსურდულად გვეჩვენა.
ასვლით კი ავედით, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა კრატერში.
მეორე დღეს ყველანი ერთ კარავში შევძვერით, ამინდის პროგნოზი ვნახეთ და ვარიანტები განვიხილეთ. ბენმა რაციით გადმოგვცა, რომ მოახლოებული ციკლონი რამდენიმე დღეში „საშიშ საზღვაო პირობებს“ შექმნიდა. დრო იყო, კუნძული დაგვეტოვებინა, თუმცა ემა დაჟინებით მოითხოვდა მწვერვალზე დაბრუნებას. მან და კირანმა, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლისა და ექსტრემალური პირობების მიზეზით, მხოლოდ მცირე მონაცემების შეგროვება შეძლეს.
„ჩვენ ბოლომდე მაინც ვერ ამოვხსენით საიდუმლო, იყო თუ არა მიქაელის მწვერვალზე ლავა“, – ამბობს ემა. გარდა ამისა, მან ვერ შეაგროვა ყინულისა და აირის საკმარისი სინჯები წყალზე ვულკანის ზემოქმედების შესასწავლად.
მცირე იმედიღა დარჩა: პროგნოზით, ციკლონის შემოჭრამდე, ქარის დროებითი შენელება იყო მოსალოდნელი. გუნდის გაყოფა გადავწყვიტეთ: კირანი და მე ბანაკს ავშლიდით, კარლა კი ემას, რენანს და ჟუანს მწვერვალზე წაიყვანდა. თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ისინი მწვერვალიდან სანაპიროზე დაეშვებოდნენ და ნავი გემზე დაგვაბრუნებდა.
კარლამ თოკი მოჭიმა, როდესაც ემა კრატერში გადაეყუდა ნარისჯისფრად მოელვარე ლაქის დანახვის იმედით. იგი სასოწარკვეთით დაეძებდა ლავის ტბას, მაგრამ აირების სინჯების აღებაც მნიშვნელოვანი იყო. ამისთვის მათ ნიმუშის ასაღები ხელსაწყო მოათავსეს პლუმის ყველაზე კონცენტრირებულ ნაწილში, რაც მონაცემთა ოქროს საბადოს გახსნიდა.
ამასობაში რენანმა გადაწყვიტა, არაპროგნოზირებადი ქარის მიუხედავად, კიდევ ერთხელ გაეშვა დრონი. როდესაც იგი გაჭირვებით ცდილობდა დრონის მანევრირებას, მართვის პულტის ვიდეოეკრანზე კრატერის მუქი ფსკერი გამოჩნდა. და უცებ, აი, ისიც: მსოფლიოს მეცხრე აქტიური ლავის ტბა. როგორც იქნა, ემას შეეძლო შვებით ამოესუნთქა.
ამავე დროს, კორდელიას ყურეში შემოიჭრნენ მოდრეიფე ყინულის ნატეხები, რომლებიც ანტარქტიდიდან ჩრდილოეთით დაძრულიყვნენ.
ნავით სანაპიროსთან მიახლოება ზედმეტად სახიფათო იქნებოდა, ამგვარად, კირანმა და მე წყალგაუმტარი კოსტიუმები ჩავიცვით და აღჭურვილობა აქაფებულ წყლებში გადავზიდეთ ნავამდე, რომელიც სანაპიროდან ოდნავ მოშორებით გველოდა. როგორც იქნა, გუნდის წევრებიც ჩამოვიდნენ მწვერვალიდან და ლავის ტბის აღმოჩენა გვამცნეს, მაგრამ ზეიმის დრო არ იყო.
მზის ჩასვლამდე ერთი საათით ადრე მივხვდით, რომ კუნძულიდან ცურვით მოგვიწევდა წასვლა. ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში ასეთ სცენარზე ვხუმრობდი – მაგრამ ახლა აღარავის ეცინებოდა.
გუნდის წევრები სათითაოდ გადავიდნენ ყინულის ნაჭრებზე და ტალღებს შორის ინტერვალებს უცდიდნენ ნავამდე გასაცურად. როდესაც ნაპირზე სამნი დავრჩით, სრულიად ბნელოდა. ნავამდე 30 მეტრზე ნაკლები გვაშორებდა, მაგრამ სიბნელეში, ტალღებსა და ყინულებით დანაღმულ წყალში ის რამდენიმე კილომეტრად გვეჩვენებოდა.
„მზად ვართ აგიყვანოთ“, – გავიგე ბენის ხმა რადიოგადამცემით. ჟუანსა და კინოოპერატორ მეტ ირვინგს ხელები ჩავჭიდე და წყალში შევედით.
რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მძლავრმა ტალღამ ამოგვატრიალა. ცხვირში წვა ვიგრძენი. სახე სიცივისგან მითრთოდა.
ხელებსა და ფეხებს მოუხერხებლად ვიქნევდი წინ გასაცურად. შემდეგ ვიგრძენი, რომ კაპიტნის თანაშემწის, დეივის ძლიერმა მკლავებმა ზღვიდან ამომწია და ნავზე დამაგდო. ბენმა ძრავა აამუშავა და Australis-ისკენ დავიძარით – სახლში ვბრუნდებით.
ფრედი უილკინსონის სტატია ზამთარში K2-ზე პირველი ასვლის შესახებ 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. რენან ოზთურქმა ფრანკლინის გაუჩინარებული ექსპედიციის ძიება ჟურნალის 2023 წლის აგვისტოს ნომერში აღბეჭდა.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში