უხილავ საოცრებათა გამოაშკარავება
ფოტოგრაფიას შეუძლია ადამიანის თვალისთვის უხილავი სანახაობების აღბეჭდვა. ამით ის „სამყაროს ახლებურად დანახვას გვასწავლის“.
ბავშვობაში ვოცნებობდი, საზღვაო ბიოლოგი გამოვსულიყავი და ზღვის პირას მეცხოვრა. 20 წლისამ გავიცანი ფოტოგრაფი დევიდ ლიტშვაგერი. მან დამიქირავა, რათა დავხმარებოდი ზღვის არსებების გადაღებაში ჟურნალ National Geographic-ისთვის.
ჩვენ 10 დღე გავატარეთ აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სამმართველოს 68-მეტრიან საკვლევ ხომალდზე, რომელიც ჰავაის კონის სანაპიროდან გავიდა. დევიდის დავალება იყო, ოკეანის ზედაპირზე არსებული საოცარი ბიომრავალფეროვნება გადაეღო. ჩემი როლი ეგზემპლარების მოგროვება გახლდათ.
ყოველ ღამით მოტივტივე ნათურას ვანთებდი და წყალში ვისროდი. იდუმალი არსებები სიღრმეებიდან ამოდიოდნენ და სინათლეს ღამის პეპლებივით ეკვროდნენ. მოციმციმე გველთევზები, გამჭვირვალე კიბორჩხალები, მოელვარე კალმარები… თითოეული სახეობის გამორჩეულ ეგზემპლარს აკვარიუმში ვათავსებდი, რათა ისინი დევიდს გადაეღო.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ოკეანეებში სიცოცხლის ასეთი უცნაური ფორმები იარსებებდა, მაგრამ მათი ნამდვილი მაგია მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როდესაც დევიდმა ისინი ფოტოებზე აღბეჭდა.
ამ გვერდზე გამოსახული პაწაწინა კამბალა ჩემს ქილაში პირველად რომ შევათვალიერე, მხოლოდ ორი პატარა თვალი და გამჭვირვალე სხეულის კონტური შევამჩნიე, მაგრამ დევიდის ფოტომ უამრავი დეტალი გამოავლინა. მაკროლინზამ თევზის მკაფიოდ გამოყვანილი ნეკნები დაგვანახა. უსწრაფესი ექსპოზიციის წყალობით მისმა ფართხალმაც კი ვერ შეგვიშალა ხელი და დეტალური გამოსახულება მივიღეთ. ზუსტად დამიზნებულმა სინათლემ თევზის კანში ჩამალული ცისარტყელას ფერებიც დააფიქსირა, ხოლო შავი ფონის წყალობით გაქრა ყურადღების გამფანტავი ელემენტებიც.
სანამ დევიდთან ვიმუშავებდი, მეგონა, რომ ფოტოგრაფიის მიზანი ამა თუ იმ დაკვირვების ასახვა იყო, რომ სხვებსაც გაეზიარებინათ ჩვენი შთაბეჭდილებები. რას ვიფიქრებდი, თუ ფოტოგრაფიას შეეძლო, გაეფართოებინა ჩვენი ვიზუალური აღქმა და სამყაროს ახლებურად დანახვა ესწავლებინა.
ზომა. დრო. სინათლე. ფოკუსი. სწორედ ესაა ის ელემენტები დევიდის ფოტოზე, რომლებმაც გააფართოვეს ამ პატარა კამბალას ჩემებური აღქმა. ფოტოგრაფია სწორედ ამ ელემენტებით გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ და გამოვავლინოთ სამყაროს უხილავი საოცრებები.
მაგალითად, ზომა. National Geographic-ის რედაქტორებმა მთხოვეს, გადამეღო ფოტოები სტატიისთვის მეთაფლია ფუტკრებზე, თუმცა არ ვიცოდი, როგორ უნდა გადამეღო ისინი ახლებურად.
მიმზიდველ ფოტოს შეუძლია შეგვცვალოს. ის განსაზღვრავს, რას შევნიშნავთ, ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ვარაუდებს და გვიფართოებს ცნობისმოყვარეობას.
ფუტკრები ჩემს ეზოში, ბერკლიში, კალიფორნიაში, მოვიყვანე და ვიმედოვნებდი, რომ გარკვეული დროის შემდეგ რაღაც გზას ვიპოვიდი მათ ახლებურად აღსაბეჭდად. ერთ დღესაც უჩვეულო რამ შევამჩნიე: ახალგაზრდა ფუტკარი სკიდან გამოსვლისას გაჭედილიყო.
ფუტკრის პოზიციამ საშუალება მომცა, კამერა ახლოს მიმეტანა და აღმებეჭდა აქამდე შეუმჩნეველი ელემენტები მის თავზე – მაგალითად, შეერთებული ანტენები და ბეწვიანი სახე. ამ სიახლოვემ ახალი კითხვები გამიჩინა. როგორ აღიქვამს ეს არსება გარემოს? მისთვის როგორ გამოვიყურები?
როგორც წესი, ყველაზე კარგად ჩვენი ზომის არსებებთან შეგვიძლია ემოციური კავშირის დამყარება. როდესაც ფოტოგრაფია ამა თუ იმ სუბიექტს ადიდებს, ეს ბარიერი შეიძლება, გაქრეს.
დროსაც ასეთივე პოტენციალი აქვს. 2015 წელს მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულზე ღამურების ექსპერტს, როდრიგო მედელინს, შევხვდი. იქ მისმა გუნდმა იპოვა გრძელბეწვიანი ცრუვამპირის ოჯახი. National Geographic-ს უნდოდა, ღამურები გადამეღო. მედელინის თხოვნით, გალია წავიღე და სასტუმროს ოთახში საწოლთან დავდგი.
ღამურები იმდენად სწრაფები არიან, რომ კამერით მათი დევნა თითქმის შეუძლებელია. მედელინი ცდილობდა, გალიაში გამოჭერილი ღამურა ქათმის ხორცით მოეტყუებინა. ეს საშუალებას მაძლევდა მევარაუდა, როდის, სად იქნებოდნენ. კამერა ისე დავაყენე, რომ წამის მესამედში გადაეღო ფოტო. ვიცოდი, რომ ასე მხოლოდ ღამურას მოძრაობის გადღაბნილ გამოსახულებას მივიღებდი. მაგრამ სანამ კამერა თავის ხანგრძლივ ექსპოზიციას დაასრულებდა, წამიერად იმპულსურ ნათურას ვაელვებდი და ამგვარად ვიღებდი ღამურას მკაფიო გამოსახულებას.
ხშირად გვგონია, რომ ფოტოს მხოლოდ ერთი მომენტის დაფიქსირება შეუძლია, არადა, ზემოხსენებული ტექნიკით გადაღებული გამოსახულება ერთდროულად ასახავს დროის ორ ინტერვალს – ერთს აღსაქმელად ზედმეტად სწრაფს, მეორეს კი – ზედმეტად ნელს. ჩვენი ბუნებრივი აღქმა სადღაც შუაშია. ფოტოგრაფია უნიკალურ და მოქნილ ინსტრუმენტს გვაძლევს, რომ დროის სვლა ავსახოთ.
რაც შეეხება სინათლეს, ნახეთ, როგორ ცვლის ნისლი შუქნიშნის განათებას ლუკას ციმერმანის ხანგრძლივ ექსპოზიციაში (ნაჩვენებია მარჯვნივ). ყველა ფოტო შუქთან მუშაობის შედეგია. ფოტოგრაფები შუქს ჭკვიანურად აყენებენ ან მისით მანიპულირებენ, რომ ფარული შტრიხები გამოააშკარაონ. კამერის შესაძლებლობას იყენებენ, რათა დაიჭირონ ადამიანისთვის უხილავი ფერები და გაგვიფართოონ სენსორული დიაპაზონი.
ხოლო ფოკუსი? ფართო გაგებით, ფოკუსის მეშვეობით ფოტოგრაფები მიმართავენ ჩვენს ყურადღებას, ტექნიკური უნარითა და გააზრებული კომპოზიციით გვიბიძგებენ შევჩერდეთ და გავიაზროთ ამა თუ იმ სცენის კომპლექსურობა და ერთი შეხედვით უხილავი დეტალები.
როდესაც პირველად გადავწყვიტე ფოტოგრაფიას გავყოლოდი, ვიფიქრე, რომ ამით უნდა მიმეტოვებინა ჩემი ბავშვობის ოცნება – მეცნიერება. მაგრამ რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ამ ორ სამყაროში, მით უკეთ მესმის, რამდენად აძლიერებს ერთი მეორეს. სწორედ ეს პრინციპი დგას WonderLab-ის უკან – კვლევითი ცენტრის, რომელიც ცოტა ხნის წინ დავაფუძნე (იხ. გვერდითი სვეტი). მჯერა, რომ მიმზიდველ ფოტოს შეუძლია შეგვცვალოს. ის განსაზღვრავს, რას შევნიშნავთ, ის ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს ვარაუდებს და გვმატებს ცნობისმოყვარეობას, ის გვიბიძგებს, გავიხსნათ ახალი იდეების მისაღებად და გავაფართოოთ თანაგანცდის არეალი. ლამაზი, განმაცვიფრებელი ფოტო არაჩვეულებრივი საშუალებაა ჩვენი კომპლექსური სამყაროს შესაცნობად.
ამ ესეის წყაროა ანანდ ვარმას 368-გვერდიანი წიგნი სათაურით: „უჩინარი არსებები: დაფარული სამყაროს ფოტოები“.

მეცნიერებისა და ფოტოგრაფიის შერწყმა
მას შემდეგ, რაც National Geographic-მა 2015 წლის მაისში ჩემი გადაღებული მეთაფლია ფუტკრების ფოტოები გამოაქვეყნა, ერთმა მეცნიერმა მითხრა, რომ ჩემდა უნებურად ფუტკრების აქამდე აღუწერელი ქცევა დამიფიქსირებია. მაშინ მივხვდი, რომ მეცნიერებითა და ფოტოგრაფიით გატაცება ერთმანეთს არ გამორიცხავს. მეცნიერება გვაძლევს სამყაროზე დაკვირვების სტრუქტურირებულ სისტემებს, ფოტოგრაფია კი – ვიზუალური აღქმის გაფართოების საშუალებას. ორივეს ძალების გამოსაყენებლად დავაფუძნე WonderLab-ი ბერკლიში (კალიფორნია). ესაა სამეცნიერო ლაბორატორია, ფოტოსტუდია, სახელოსნო და საკლასო ოთახი. საუკეთესო შემთხვევაში, ის მეცნიერების ვიზუალიზაციის ახალი გზების შთაგონების წყარო გახდება – ზუსტად ისე, როგორც განსაკუთრებული ფოტო გვაწვდის სამყაროს ახალ ხედვას. მეტის გასაგებად იხილეთ natgeo.org/wonderlab.
