გრანადის გვირგვინი
ლეგენდარული ალჰამბრა – ანდალუსიის უკანასკნელ მუსლიმ მბრძანებელთა ციტადელი, სადაც ფაქტები თქმულებებს ერწყმის.
გრანადის გვირგვინი
ლეგენდარული ალჰამბრა – ანდალუსიის უკანასკნელ მუსლიმ მბრძანებელთა ციტადელი, სადაც ფაქტები თქმულებებს ერწყმის.
ხესუს ბერმუდესს ალჰამბრასთან ღრმა კავშირი აქვს. იგი ესპანეთის ქალაქ გრანადაში, საბიკას ბორცვზე აღმართულ ციხესიმაგრეში დაიბადა და უშუალოდ სასახლეში გაიზარდა. 1942 წელს, როდესაც მისი მამა ალჰამბრის მუზეუმის დირექტორი გახდა, მისი ოჯახი ამ მონუმენტის ტერიტორიაზე მდებარე სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ამგვარ გარემოში აღზრდის შედეგია, რომ ალჰამბრის ლეგენდებმა და ისტორიამ ადრეული ასაკიდან გაიტაცა – და ძეგლის მხურვალე სიყვარულიც შთააგონა. თითქმის ოთხი ათწლეულია, რაც ბერმუდესი ალჰამბრის არქეოლოგი და კონსერვატორია; ადგილის, რომელიც პირენეს ნახევარკუნძულზე მუსლიმთა თითქმის 800-წლიანი ბატონობის გვირგვინად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსში წინ ისე მიგვიძღვება, როგორც საკუთარ სახლში, აღფრთოვანებას მაინც ღიად გამოხატავს – თითქოს პირველად ხედავდეს მას. იგი ხშირად ჩერდება, რათა მიესალმოს სტუდენტთა ჯგუფებს, მცველებს, გიდებს, მებაღეებს.
„მართლმსაჯულების კარიბჭით“ დაწყებული, რომელიც ალჰამბრის ოთხი მთავარი შესასვლელიდან ყველაზე დიდია, ჩვენ არა მხოლოდ მის სახელგანთქმულ შიდა ეზოებსა და კოშკებს ვათვალიერებთ, არამედ ისეთ სიღრმეებშიც ვაღწევთ, რომელთა ნახვის უფლებაც ცოტას აქვს; ვინახულებთ ისეთ ადგილებს, სადაც ფაქტები თქმულებებს ერწყმის. რამდენადაც მკვლევრები განაგრძობენ ალჰამბრის სიღრმეების შესწავლას, ის დღესაც არქეოლოგიისა და რესტავრაციის ობიექტად რჩება; რესტავრაციის ფარგლებში აღადგინეს მისი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ხელოვნების ნიმუშიც, რომელზე მუშაობაც 20 წლის შემდეგ ახლახან დასრულდა.
თავდაცვითი ფუნქციის მქონე „ტყვის კოშკი“ (მარცხნივ), რომელშიც ოდესღაც სულთნის სიყვარულის ობიექტი გამოუმწყვდევიათ, პატარა სასახლედ გადააკეთეს. მის კედლებს ამშვენებს კოშკის სილამაზის განმადიდებელი არაბული წარწერები, რომლებიც მთელი კომპლექსის დეკორატიული ელემენტია. ქრისტიანმა მმართველებმა სამეფო პალატებიც დაამატეს. მათ ბაღი შემოღობეს და კლუატრის მსგავსი ლინდარახას შიდა ეზო გააშენეს.
„ალჰამბრა, უპირველეს ყოვლისა, სატახტო ქალაქია“, – ამბობს იგი. „ის სახელმწიფო მეთაურის რეზიდენცია იყო: სამხედრო ყაზარმებით, დახვეწილი ქალაქითა და ორნახევარი საუკუნის განმავლობაში აშენებული სასახლეების რიგით“. ეს მონუმენტი პრიმიტიული ალკაზაბადან (ციხესიმაგრე), რომლის მშენებლობაც მუჰამედ I-მა 1238 წელს დაიწყო, დროთა განმავლობაში გვიანდელი ნასრიდების მდიდრულ სასახლეებად გადაიქცა. 1492 წლამდე გრანადის საამიროს ნასრიდების საგვარეულო ხაზის სულთნები მართავდნენ, სანამ პირენეს ნახევარკუნძულზე მუსლიმური ძალაუფლების ამ უკანასკნელ ციტადელს ისაბელ I კასტილიელისა და ფერდინანდ II არაგონელის ქორწინების შემდეგ ახლად გაერთიანებული ესპანური მონარქია არ დაამხობდა.
იმ 254 წლის განმავლობაში, როდესაც ნასრიდები განაგებდნენ გრანადის საამიროს, რომლის ტერიტორიაც ბევრად სცდებოდა ქალაქის ფარგლებს, დღევანდელი ანდალუსიის რეგიონის ეს მხარე „დროში გაყინული იყო და იდილიურ ოაზისში იზოლირებით ინარჩუნებდა ფეოდალურ წყობას“, – განმარტავს ბერმუდესი. და მაინც, ამ სამეფომ დატოვა მემკვიდრეობა ძეგლის სახით, რომელიც ალ-ანდალუსში (ასე უწოდებდნენ უფრო დიდ მუსლიმურ რეგიონს) შექმნილი მშვენიერებისა და არქიტექტურული დახვეწილობის ეტალონად ითვლება.
გრანადის დაცემის შემდეგ ციხესიმაგრეს კათოლიკე მმართველები განაგებდნენ, სანამ XIX საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონის ჯარები დაიპყრობდნენ. ტერიტორიის დატოვებისას მათ ნაგებობა ძლიერ დააზიანეს. საბოლოოდ, ესპანეთის სამეფო ტახტმა ის სახელმწიფოს გადასცა, 1870 წელს კი ის ეროვნული ძეგლი გახდა. დღეს სატახტო ქალაქი კვლავ სიცოცხლით სავსეა – მას ემსახურებიან კარისკაცები, მოქმედებს ბიუროკრატიული მექანიზმები და ციხესიმაგრეში შესვლის მკაცრი პროტოკოლები; თითქოს უცხოელი დესპანები ვიყოთ, რომლებიც ამირას წინაშე გზავნილით უნდა წარდგნენ.

სწორედ ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დესპანის დამსახურებაა, რომ მსოფლიოს ამ კუთხის შესახებ უამრავმა ადამიანმა იცის. მწერალი ვაშინგტონ ირვინგი მადრიდში, აშშ-ის საელჩოში, დიპლომატად იყო განწესებული, როდესაც 1829 წელს გრანადას ესტუმრა. ნაპოლეონის ჯარების უკან დახევიდან 17 წელი იყო გასული და რაც გადარჩა, მოუვლელობით დაზიანდა: ოთახები გაიძარცვა, აუზები სარეცხ ადგილებად გადაიქცა, შიდა ეზოები ბაკებად გადაკეთდა, ხოლო ოჯახები, რომლებსაც სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდათ, იქაურ ცარიელ სივრცეებს შეეფარნენ. „ის მეფეების ციხესიმაგრიდან გარიყულთა თავშესაფრად იქცა, თუმცა ბინადრების გარეშე არასდროს დარჩენილა“, – ამბობს ბერმუდესი. „და სწორედ ეს იცავდა მას სრული ნგრევისგან“. ბერმუდესი მათ ალჰამბრის „სკვოტერებს“ უწოდებს.
ირვინგმა მათ უფრო რომანტიკული სახელი შეურჩია და ალჰამბრის შვილები უწოდა. სწორედ მაწანწალებმა, ყაჩაღებმა, მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილებმა გაამდიდრეს – დამარცხებულთა აჩრდილებთან ერთად – ვაშინგტონ ირვინგის ლიტერატურული კრებული „ალჰამბრა“, რომელმაც ეს ქალაქი სამყაროს გააცნო და ტურისტულ რუკაზეც საპატიო ადგილი მიუჩინა.
როდესაც ირვინგი თავის რუს დიპლომატ კოლეგასთან ერთად ალჰამბრას ესტუმრა, ისინი შეძრწუნდნენ, რომ მნახველებს, მათ შორის დიდგვაროვნებსაც კი, გრაფიტის სახით დაეტოვებინათ კვალი – თავიანთი სახელებითა და კედლებზე ნაჯღაბნი მინაწერებით. რუსმა კოლეგამ ამ პრაქტიკის შესაჩერებლად სტუმრების შთაბეჭდილებების წიგნი შექმნა, რომელიც მომდევნო 43 წლის განმავლობაში ათასობით ავტოგრაფით აივსო.
მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამგზავრი მალევე გაუდგა გზას, „მოჯადოებულმა“ ირვინგმა, როგორც თვითონ წერს, „ამ ძველ ჯადოსნურ კომპლექსში“ კიდევ რამდენიმე თვე დაჰყო. მან თავი შეაფარა სამეფო პალატებს, რომლებიც ლინდარახას თვალწარმტაც ბაღს გადაჰყურებდა.
დღესაც შესაძლებელია იმ ადგილების მონახულება, რომლებსაც ირვინგი აღწერს; ასეთია, მაგალითად, აღდგენილი „შვიდი სართულის კარიბჭე“. პოპულარული ლეგენდის თანახმად, უკანასკნელი სულთანი ბოაბდილი ამ კარიბჭიდან გაიპარა და ხვეწნა-მუდარით ითხოვდა, რომ კარიბჭე მისი გაქცევის შემდეგ დალუქულიყო. „მეფის ასულების კოშკს“ სახელი ეწოდა ირვინგის მოთხრობის მიხედვით, რომელშიც სამ მუსლიმ პრინცესას ქრისტიანი ტყვეები შეუყვარდებათ.ირვინგის წიგნმა ციხესიმაგრე აქცია „აუცილებლად სანახავ ადგილად“, – ამბობს ბერმუდესი.
ალჰამბრა ყოველთვის აღაფრთოვანებდა უცხოელებს. 1492 წლის იანვარში ცხენზე ამხედრებული დედოფალი ისაბელი, რომელიც სამხედრო მსვლელობას წინამძღოლობდა, ტრიუმფალურად გაემგზავრა ალ-ჰამრაში, რომელიც ითარგმნება, როგორც „წითელი“ – ციხესიმაგრის ვარდისფერი შეფერილობიდან გამომდინარე. რეკონკისტამ, რომელიც 700 წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, პირენეს ნახევარკუნძულზე მუსლიმთა კონტროლირებული ტერიტორიები სათითაოდ დაიბრუნა. პაპის განკარგულებით დაიწყო ეს უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა და გრანადის სამეფოს ხელში ჩაგდებისთვის 10-წლიანი ომი გაჩაღდა.
ზოგი იფიქრებდა, რომ ქრისტიანი დედოფალი ალჰამბრას ფერფლად აქცევდა. ამის ნაცვლად, ისაბელმა ის ხელუხლებელი დატოვა.
როდესაც დედოფალს ალჰამბრის გასაღები საბოლოოდ ჩააბარეს, მემატიანეებმა ხაზი გაუსვეს ისაბელის გაოცებას ბასტიონის შიგნით არსებული დახვეწილი დეტალების პირველად ხილვისას: ორნამენტული გისოსები, ფიჭისებრი კამარები, ფილების უსასრულო გეომეტრია, მოჩუხჩუხე აუზები, რომლებშიც საუცხოო ფასადები ირეკლებოდა.
ალჰამბრა აუღებელი ციხესიმაგრე იყო თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში. ზოგი იფიქრებდა, რომ ქრისტიანი დედოფალი ციხეს ფერფლად აქცევდა და მის კედლებზე ამოტვიფრულ ალაჰის მადიდებელ წარწერებს გაანადგურებდა. ამის ნაცვლად, მისი ბრძანებით ის ხელუხლებელი დატოვეს. მეტიც, მან გადაწყვიტა, მისი სამუდამო განსასვენებელიც აქ ყოფილიყო; როდესაც იგი 1504 წელს თავის რეზიდენციაში, ქალაქ მედინა-დელ-კამპოში გარდაიცვალა, მისი კუბო გრანადისკენ სამკვირიან მოგზაურობაში გააგზავნეს. ალჰამბრა, რომელიც ნასრიდების სამეფო კარს სულ რაღაც 12 წლით ადრე დაეტოვებინა, კათოლიკე დედოფლის უკანასკნელი განსასვენებელი გახდა. ის და მისი მეუღლე, მეფე ფერდინანდი თავდაპირველად ციხესიმაგრეში დაასაფლავეს, ხოლო მოგვიანებით გრანადის სამეფო ტაძარში გადაასვენეს.

რამდენიმე წლის შემდეგ, ისაბელის შვილიშვილი კარლ V თაფლობის თვეში თავისი ბებიისა და პაპის დაპყრობილ ქალაქს ესტუმრა. მან ქრისტიანობის ისლამზე გამარჯვების სიმბოლოდ ალჰამბრაში საკუთარი სასახლის აშენება გადაწყვიტა. მშენებლობას საუკუნეზე მეტი დასჭირდა და მეფეს იქ არასოდეს უცხოვრია, მაგრამ ბერმუდესს ეს ფაქტი უმნიშვნელოდ მიაჩნია. ამ პროცესში ახალი შინაარსი წარმოიშვა: კარლმა პირვანდელი არქიტექტურა გამოიყენა, როგორც საძირკველი ახლის ასაგებად, რაც მეტაფორულად ტრიუმფს გამოხატავს. მნახველების რჩეული სამი ნასრიდული სასახლის – მეშუარის, კომარესისა და ლომთა სასახლის – მომიჯნავედ ესპანეთის მეფისთვის აღმართული ეს ოთხკუთხა, ხისტი ნაგებობა ერთმა არქიტექტორმა შეადარა „ალჰამბრაში შემოჭრილ მეტეორს“.
კარლის სასახლის ცენტრალურ კოლონადაში ბერმუდესი თავისი წინამხრის სიგრძის გასაღებს იღებს და ქვის კიბეებისკენ ჩამავალ კარს ხსნის. ალჰამბრის პერსონალი მას „დროის კიბეს“ უწოდებს. ნახევრად სიბნელეში სხვა კართან ჩავდივართ. ბერმუდესი ახალ გასაღებს ატრიალებს და, თითქოს ჯადოსნურად, უეცრად კომარესის სასახლის „მირტის ეზოში“ აღმოვჩნდები, რომელსაც თავის მართკუთხა აუზს გარშემორტყმული ბუჩქების სახელი ჰქვია.
ის, ვინც უბადლოდ ფლობდა ენას, სულთნის შემდეგ სამეფოში ყველაზე გავლენიანი პირი ხდებოდა.
რენესანსული თავდაჭერილობიდან უცებ გადავინაცვლეთ შეგრძნებებით გაჯერებულ სივრცეში. გამარჯვებულებიდან – დამარცხებულებთან. ეს კიბე 1580 წელს სწორედ ძველი სამეფო სახლის ახალთან გასაერთიანებლად ააგეს.
ალჰამბრას ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანი სტუმრობს, თუმცა მათ კომპლექსის მხოლოდ 20%-ის დათვალიერება შეუძლიათ. ბერმუდესი ზოგიერთი ფარული ნაწილისკენ მიმიძღვის, კერძოდ – მიწისქვეშა ქსელში. ეს თვალს მოფარებული სადა და ფუნქციური ოთახები, მისი თქმით, მსახურებისა და მცველების განკარგულებაში იყო. ზოგიერთ მათგანში პატიმრებიც ჰყავდათ. კომპლექსის 20 მიწისქვეშა სატუსაღოდან ერთ-ერთში ვიხედებით, რომელიც სულ ერთი საუკუნის წინ აღმოაჩინეს. გრანადის დაცემის შემდეგ თავად დედოფალი გაეშურა ქრისტიანი ტყვეების გასათავისუფლებლად, ისევე როგორც მალაგის მუსლიმურ ციხესიმაგრეში, სადაც ნიდერლანდელმა ოფიცერმა უთხრა, რომ 40 წელიწადზე მეტი ჰყავდათ დატყვევებული.
კვლავ მიწისქვეშ ვართ და დიდი რეზერვუარისკენ მივდივართ, რომელიც საკათედრო ტაძარს უფრო წააგავს თავისი ცილინდრულკამარიანი ნავებით და მასშტაბურობით. მიწისქვეშა ნაგებობები გრილ, სტაბილურ ტემპერატურასაც უზრუნველყოფდა მარცვლეულისა და სხვა ძირითადი საკვები პროდუქტების შესანახად. როდესაც კიბით მღვიმის მსგავს სილოსში ჩავდივართ, ისეთ ადგილად მეჩვენება, სადაც შეიძლება ალჰამბრის ლეგენდარული დერეფნები იწყებოდეს. ინსტინქტურად ვიწყებ მათ ძიებას. აქ არცერთი არაა, მაგრამ ისინი ნამდვილად არსებობს. ერთი სართულით ზემოთ, კომარესის კოშკის სატახტო ოთახის ქვეშ, სამეფო გვარდიის წევრები იქნებოდნენ განლაგებულნი. გვირაბებში მივაბიჯებთ და ვაცნობიერებთ, რომ ოთახის დიდებულებით განცვიფრებული ტურისტები ვერც კი წარმოიდგენენ, თუ რა ინფრასტრუქტურაა ქვემოთ.

ბერმუდესი კარს აღებს. ფარნით ანათებს კიბეს, რომელსაც მიწის სიღრმეში ჩავყავართ, ხოლო 200 საფეხურის შემდეგ – კიდევ ერთ კართან ვხვდებით. ამ კარს შუაგულ ტყეში გავყავართ, ზუსტად გალავანს გარეთ. მდინარე დაროს სიახლოვეს ვიმყოფებით. ეს ციხესიმაგრის დატოვების მარტივი – და საიდუმლო – გზა იქნებოდა. 1359 წელს მუჰამედ V, ნასრიდების მერვე მონარქი, აჯანყებულებმა ჩამოაგდეს და მის ნაცვლად ტახტზე მისი ნახევარძმა დასვეს. შუაღამისას მეამბოხეები გალავანზე გადმოძვრნენ და მცველები დაჭრეს. კანონიერი სულთანი 20 წლისაც არ იყო, როდესაც გაიქცა – ზოგის თქმით, კომარესის კოშკში არსებული გასასვლელით. იქნებ, სწორედ ამ ადგილას გამოაღწია აქოშინებულმა და აქედან გაუჩინარდა?
სამი წლის შემდეგ მუჰამედ V ტახტს დაუბრუნდა. რომ არა ამის შემდგომ აყვავებული და მშვიდობიანი 30-წლიანი მმართველობა, ალჰამბრა – როგორსაც დღეს ვიცნობთ – არ იარსებებდა. მუჰამედმა დაიწყო დინასტიის ოქროს ხანა. მისი აგებულია მრავლისთვის ალჰამბრის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი – შიდა ეზო, რომლის ცენტრშიც ათობით ლომის ქანდაკებით გარშემორტყმული შადრევანია მოქცეული; მან მამის ტრადიციასაც უერთგულა და სასახლის გამშვენება ხელოვნების სხვა ფორმით – არაბული წარწერების ამოტვიფვრით განაგრძო.
ალჰამბრა პოეზიის სასახლეა, სიტყვების არქიტექტურა, როგორც მას ხოსე მიგელ პუერტა ვილჩესი აღწერს; მისი დაწერილია „წაკითხული ალჰამბრა“, რომელშიც იგი კედლის წარწერებს შიფრავს. ბერმუდესის მსგავსად, მან მთელი ცხოვრება ამ ადგილის შესწავლას და სამყაროსთვის მის გადმოთარგმნას მიუძღვნა. „საყრდენები, სვეტები და თაღედები რომ გამოეცალოს კიდევაც, ეს შენობა მხოლოდ სიტყვების მეშვეობითაც იდგებოდა ფეხზე“, – ამბობს იგი და კალიგრაფიული პანელებით სავსე კედლებზე მიუთითებს. სტრიქონები კედლების გასწვრივ მიედინება, კარტუშებად იხვევა და ნიშებშიც კი იკვეთება. ზოგიერთი თაბაშირზეა ამოჭრილი, სხვები – ხეზე ან კერამიკულ ფილებზეა საგულდაგულოდ ამოტვიფრული. ნასრიდების საგვარეულოს ყოვლისმომცველი დევიზი – „სხვა დამპყრობელი არ არსებობს, გარდა ღმერთისა“ – სხვადასხვა კედლიდან გვეგებება სტუმრების მისასალმებელ სიტყვებთან ერთად.
სინამდვილეში, ალჰამბრა შეიქმნა ღვთის – და სულთნის, როგორც ღმერთის მიწიერი წარმომადგენლის – სადიდებლად. ორნამენტული დამწერლობა მნახველებს გარს ისე ეხვევა, თითქოს მონუმენტური წიგნის ფურცლებზე იმყოფებოდნენ. თუმცა, დაწერილი სიტყვის ძალა ამით არ შემოიფარგლებოდა. კორესპონდენციისა და წერილობითი ანგარიშების დაწესებულება „დივან ალ-ინსა“ დაახლოებით 1273 წელს დაარსდა და მას სათავეში ედგა ორი ნატიფი ხელოვნების – დიპლომატიისა და წერის – ოსტატი. „მისი ფუნქცია პროპაგანდისტული იყო“, – ამბობს პუერტა ვილჩესი. „ტექსტები უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ უშეცდომო, არამედ მშვენიერი, პოეტური და ღმერთის, დინასტიისა და სულთნის სათანადოდ განმადიდებელი“. ადამიანი, რომელიც უბადლოდ ფლობდა ენას, იგივე ქათიბი, ორმაგ ვეზირად იქცეოდა და ხდებოდა როგორც კანცელარიის ხელმძღვანელი, ისე პრემიერ-მინისტრიც – სულთნის შემდეგ სამეფოში ყველაზე გავლენიანი პირი.
პუერტა ვილჩესი საკუთარი თანამშრომლებივით მოიხსენიებს ამ სამეფოს დიდ პოეტებს, რომლებიც წერდნენ ლექსებს და შიდა დოკუმენტებს და, ამგვარად, წარმოადგენენ ბობოქარი ეპოქის ფასდაუდებელ მემატიანეებს. ვილჩესის აზრით, მათი შემოქმედება გედის სიმღერაა დინასტიისთვის, რომელიც ნახევარკუნძულზე თავის გეოგრაფიულ იზოლირებულობას და თავისი დაცემის გარდაუვალობას აცნობიერებს. ალჰამბრის ეპიგრაფები ნასრიდების ისლამური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე თვალისმომჭრელ ნიმუშებს წარმოადგენს, რაც, შესაძლოა, იმ სიდიადის დემონსტრირების მცდელობაც იყო, რომელიც დიდხანს აღარ გასტანდა. არაბული დამწერლობის ორი ფორმიდან, რომლებიც აქ გვხვდება, ერთ-ერთი – ნასხური, იგივე კურსივული ფორმა – ადვილად შესამჩნევია, თუმცა ქუფური წარწერები ენის მცოდნე მნახველმაც კი შეიძლება ვერ შენიშნოს. თავისი სწორხაზოვანი სტილით ის ხშირად გეომეტრიული ელემენტივით ერწყმის დეკორს.
ლომთა სასახლეში პოეტ იბნ ზამრაკს და მუჰამედს, შეიძლება, თავიანთი ყველაზე თამამი კოლაბორაცია ჰქონოდათ. სასახლის შადრევანი, რომელიც ბრწყინვალედაა გამოქანდაკებული ისე, რომ მარმარილოს ძარღვები ლომების კუნთებს ჰგავდეს, სიმბოლურ გზავნილს შეიცავს. მასზე ნახსენებია სიტყვა „ხალიფა“, ისლამის უზენაესი წინამძღოლი, რომლის როლიც სულთნისას აღემატება. ტიტულის ცვლილებით მუჰამედს – პოლიტიკურ ფიგურას – რელიგიური ავტორიტეტი მიენიჭა. „ეს რთული დრო იყო“, – ამბობს პუერტა ვილჩესი. „სულთანს თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაცია სჭირდებოდა არა იმდენად ქრისტიანების, არამედ საკუთარი ხალხის თვალში“.
იმავე სასახლის მეფეთა დარბაზში იშვიათ ხელოვნების ნიმუშს ვხვდებით, რომელსაც ოცწლიანი რესტავრაციის შემდეგ ახლახან დაუბრუნეს ძველი დიდება. სამ დახატულ სცენაში ადამიანის ფიგურებს ვხედავთ, რაც ისლამური ხელოვნებისთვის უჩვეულოა. თუმცა, ეს ერთადერთი გამოცანა არ არის. ცენტრალურ გუმბათზე გამოსახული 10 მამაკაცი, რომელთაც მდიდრული მუსლიმური სამოსი აცვიათ, ამ სივრცეს თითქოს ზემოდან გადმოჰყურებს. ერთი თეორიის თანახმად, ეს ნასრიდების პირველი ათი მმართველია (აქედან მომდინარეობს ოთახის სახელწოდებაც). ორი სხვა ნახატი შუა საუკუნეების სამეფო კარის ვინიეტებია, რომლებშიც ქრისტიანი და მუსლიმი რაინდები ნადირობენ, პაექრობენ და ქალწულებს იხსნიან (ამ სიუჟეტებში ყოველთვის მუსლიმები იმარჯვებენ). „სულ მცირე ორი სამეფო ქორწილი გამართულა მეფეთა დარბაზში“, – ამბობს პუერტა ვილჩესი. „ეს ნახატები ნასრიდების სამეფო კარის ბრწყინვალებას განადიდებდნენ და გამოსაჩენ ადგილას უნდა ყოფილიყვნენ“. XIV საუკუნის ნამუშევრები საბოლოოდ გადაიმალა, როდესაც ეს ოთახი XVI საუკუნის ეკლესიამ შეიერთა. ისინი დროთა განმავლობაში დაზიანდა.

პირვანდელ ტილოებს შაბით დათრიმლული და ტემპერის ნატურალური პიგმენტებით გამშვენებული ცხენის ტყავით ამზადებდნენ, შემდეგ კი ამობრუნებული ნავის კორპუსის ფორმის ხის ჩარჩოებში სვამდნენ, რომელთაც წყლით ან ხანძრით დაზიანებისგან დასაცავად კუპრსა და თაბაშირში ავლებდნენ. პროცესში „სხვადასხვა ხელობის ოსტატები იყვნენ ჩართულნი – ხის, ფერწერისა და ტყავის სპეციალისტები. მათ ერთობლივად შექმნეს შედევრი, რომლის შესრულების ტექნიკაც ესპანურ-მუსლიმურ სამყაროში არსად გვხვდება“, – ამბობს ალჰამბრის რესტავრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენა კორეა.
არქიტექტორებმა, ოსტატმა მებათქაშეებმა, დურგლებმა და მხატვრებმა დარბაზის შესაკეთებლად ერთობლივად ისე იმუშავეს, როგორც, ალბათ, ამ ხელოვნების ნიმუშის შემქმნელი გუნდი იშრომებდა 600 წლის წინათ. ერთ-ერთი მიღწევა აღმდგენი დუღაბის გამოგონება იყო, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია. უხილავი ინგრედიენტი ქინინია. „თუ აღდგენილი სეგმენტის ჩვენება გვსურს, ულტრაიისფერი შუქი უნდა გამოვიყენოთ“, – ამბობს რამონ რუბიო, რომელიც მობათქაშებისა და ფილების რესტავრაციის სახელოსნოს ხელმძღვანელობს. ამ ტექნიკის შთაგონება მოულოდნელად გაჩნდა – როდესაც მან დისკო-განათების ფონზე ჯინ-ტონიკში ქინინის ფლუორესცენცია შენიშნა.
ვისი დახატულია ეს სცენები, რომლებიც გრანადის დაცემამდე მუსლიმთა და ქრისტიანთა თანაცხოვრების უკანასკნელ კვალს ასახავს? ექსპერტების თქმით, ისინი, შესაძლოა, საამიროსთან კომერციულად მოვაჭრე მეზობელი სამეფოებიდან ჩამოსული ქრისტიანი ოსტატები ყოფილიყვნენ – ძირითადად აპენინის ნახევარკუნძულიდან, კერძოდ, გენუიდან, ან მუსლიმები, რომლებიც ამ სამეფო კარების რენესანსის ტექნიკას იცნობდნენ. რესტავრაციის ფარგლებში დაუღალავად მიმდინარე კვლევების მიუხედავად, ეს ადგილი – ისევე როგორც მრავალი სხვა ალჰამბრაში – კვლავ საიდუმლოებს ინახავს.
ალბაისინისკენ ვიხედები – გრანადის შუა საუკუნეების ლაბირინთული უბნისკენ, რომელიც ალჰამბრის მოპირდაპირედ აღმართულ ბორცვზეა გაშენებული. მისი შეთეთრებული ფასადების, ვილებისა და კვიპაროსის ხეების ჩამალული ბაღების ხილვისას რთულია ამაზე უფრო სრულქმნილი ხედის წარმოდგენა. ალბაისინისკენ სვლას „კუესტა-დელ-რეი-ჩიკოდ“ (პატარა მეფის, ბოაბდილის მეტსახელი) ცნობილი ბილიკით ვიწყებ და აქაურობას ისე ვტოვებ, როგორც 24-ე და ნასრიდების უკანასკნელი სულთანი დატოვებდა, როდესაც სამუდამოდ ემშვიდობებოდა ციხესიმაგრეს. ალბაისინიდან შესაძლებელია ალჰამბრის სასახლეების ქრონოლოგიურად დათვალიერება მარჯვნიდან მარცხნივ – როგორც თავად არაბული იკითხება. არაბულიც კვლავ ისმის ამ უბანში, სადაც ჩაის მაღაზიებია ჩამწკრივებული და არაბული ბაზრობების ატმოსფერო ტრიალებს. ბოაბდილის გაძევების შემდეგ მცხოვრებლებს თავიანთი საქმიანობის, სახლების, ენისა და რელიგიის შენარჩუნების ნება დართეს, თუმცა თანაცხოვრების ამგვარმა სულისკვეთებამ მხოლოდ რვა წელიწადს გასტანა. 1501 წლისთვის მუსლიმები იძულებული იყვნენ ან გაქცეულიყვნენ, ან ქრისტიანობა მიეღოთ. დარ-ალ-ჰორას სასახლეს ვათვალიერებ, რომელიც ბოაბდილის დედის სახლი და გრანადაში მეფის უკანასკნელი თავშესაფარი იყო, სანამ მაროკოში გაიქცეოდა. ინტერიერის დიდებულებაზე გარედან არაფერი მიგვანიშნებს. ალჰამბრის მსგავსად, ექსტერიერი ცოტას ამბობს. მშვენიერება მხოლოდ შიგნით იფურჩქნება. წასვლის წინ ვჩერდები, რომ ციხესიმაგრეს ერთხელაც შევავლო თვალი. გვერდით მიდგას მეგობარი ბლანკა რუნეი – ვეტერანი გიდი. „ეს მზერა ბევრჯერ მინახავს“, – ამბობს იგი. „იმ ადამიანის მზერაა, ვინც ისე ემშვიდობება ალჰამბრას, თითქოს სულ ახლახან გამოაძევეს იქიდან“.
გრანადის სტუმრობა
ქალაქის მდიდარი მემკვიდრეობა მნახველებს უნიკალურ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.
ალჰამბრა
ბილეთები ერთი-ორი თვით ადრე მაინც შეიძინეთ. ვიზიტს მეტწილად ღია ცის ქვეშ გაატარებთ, ამიტომ გაზაფხული და შემოდგომა იდეალური პერიოდებია. არ გამოტოვოთ „ლომთა ეზოს“ შადრევანი და „მირტის ეზო“.
სან-ფრანცისკოს მონასტერი, სადაც ისაბელ I და ფერდინანდ II თავდაპირველად დაკრძალეს, დღეს სასტუმრო და რესტორანია, რომელიც ნასრიდების სამეფო კარის რეცეპტებით შთაგონებულ კერძებს გვთავაზობს.
ალბაისინი
ამ მიხვეულ-მოხვეულ უბანში, სადაც ერთ დროს გრანადის მუსლიმური ცხოვრება ჩქეფდა, ნასრიდების დინასტიისდროინდელი ვილების ადგილს ბუტიკ-სასტუმროები იკავებს. ჩვენი რჩეულია XV საუკუნის სასტუმრო „კასა მორისკა“. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სათვალთვალო კოშკურიდან და მიმდებარე მეჩეთის ბაღებიდან ალჰამბრის თავზე ჩამავალი მზის კლასიკური ხედი იშლება. საღამოს მიწურულს ჩაის დასალევად კალდერერია-ნუევას ქუჩასაც ესტუმრეთ.
საკრომონტე
ახლომდებარე საკრომონტე ბოშების შექმნილი ცეკვის – ფლამენკოს წარმოშობის ადგილია. ბოშები 500 წელიწადზე მეტია აქ სახლობენ – ბევრი მათგანი ცხოვრობს ამ გარემოსთვის სახასიათო მღვიმეებში. ასევე მღვიმეებშია არაერთი ბარი, სადაც წარმოდგენები იმართება. ამ თვალწარმტაც უბანში მდინარის პირასაც გაისეირნებთ. – ემა ლირა
ჟურნალის შტატიანი მხატვარი ფერნანდო გ. ბაპტისტა წარმოშობით ესპანეთის ქალაქ ბილბაოდანაა და წარსულში ბარსელონის საგრადა-ფამილიას ილუსტრაციები აქვს შექმნილი. სტატიის სხვა ელემენტები ჟურნალის ესპანური გამოცემიდანაა ადაპტირებული.
სრული, ილუსტრირებული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ გამოცემში.