სად გაქრნენ კარიბუები?
ათასწლეულების განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში კარიბუს გიგანტური ჯოგები მიგრირებდნენ. დღეს კი მათი რიცხოვნობა მცირდება და მიზეზი არავინ იცის.
სად გაქრნენ კარიბუები?
ათასწლეულების განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში კარიბუს გიგანტური ჯოგები მიგრირებდნენ. დღეს კი მათი რიცხოვნობა მცირდება და მიზეზი არავინ იცის.
კლაიდ მორი შეუპოვრად მისდევს ჯოგს.
აქსელერატორს ბოლომდე აწვება და თეთრი კრისტალების ბდღვირს ტოვებს. მე უკან მივყვები და მის ტემპს ვერაფრით ვინარჩუნებ. ჩემი თოვლმავლით აქეთ-იქით ვუხვევ, იმავე მოყინულ მიწაზე მივსრიალებ, თუმცა კლაიდივით კარგად ვერ ვახერხებ და არც მასავით მწყურია კარიბუს მონადირება და გემრიელი ხორცის დამუშავებით ხელების გათბობა. მიუხედავად იმისა, რომ -4 გრადუსია და აპრილის ქარი უღელტეხილზე სიცივეს კიდევ უფრო აძლიერებს, მორი, როგორც ჩანს, ხელთათმანებს არასოდეს ატარებს. „სიჩქარეს მაკარგვინებს“, – მეტყვის მოგვიანებით.
მორი ყველაფერში სისწრაფეს ავლენს – ხასიათსა თუ გასატყავებელი დანით მუშაობისას. მისთვის ეს გართობა არ არის – ნამდვილი რბოლაა საკვების მოსაპოვებლად. მორი კიდევ რამდენჯერმე უხვევს, შემდეგ ამუხრუჭებს, თოფს იხსნის და უმიზნებს. გასროლა ბუშტის გასკდომას ჰგავს, დაბალი და ყრუ ხმით უზარმაზარი მთებისა და მოწმენდილი ცის ფონზე. ასიოდე მეტრში მდედრი ეცემა. ჯოგის დანარჩენი წევრები, 10-15 დედა კარიბუ და მათი ნაშიერები, სირბილს აგრძელებენ, თუმცა შორს არ მიდიან, თითქოს იციან, რომ მოსახდენი უკვე მოხდა.
ირემს ვუახლოვდებით და ვხედავთ, რომ გასროლა ზუსტია. მორი შავი კომბინეზონიდან დანას იღებს, იხრება და საქმეს იწყებს. პირველ რიგში, ცხოველს თავს კვეთს. მის ხალხს, ნუნამიუტებს, რომლებიც ალასკის სოფელ ანაკტუვუკ-პასში ცხოვრობენ, სჯერა, რომ ეს და მომდევნო ნაბიჯები ყველაზე მნიშვნელოვანია. თავი ოდნავ მოშორებით მიაქვს – ნაზად, თითქოს, საყვარელი კატა იყოს – და ფრთხილად დებს თოვლზე თავდაყირა. ირმის სულს ახლა შეუძლია გათავისუფლდეს და სულების სამყაროში გაფრინდეს. იქ მას მფარველი სული ანუგეშებს, შემდეგ კი ისევ დედამიწაზე დააბრუნებს ახალ სხეულში.
ეს პატივისცემის, დაბრუნებისა და განახლების ციკლია. მორი 37 წლისაა და ეს არის ის, რაც იცის, რაც ასწავლეს და რასაც შვილებს ასწავლის. კარიბუს თავის დაბინავების შემდეგ, მორი ხორცის აქნას იწყებს. სწრაფი, მკვეთრი მოძრაობები. წითელი, მარჯვე ხელები. როდესაც თითები ეყინება, გააქნევს, სულს უბერავს და ჯერ კიდევ თბილ სხეულს ადებს გასათბობად. ხორცს მარხილზე ტვირთავს და შემდეგ უკვე ხელთათმანებსაც იცვამს.
ანაკტუვუკ-პასისკენ გაცილებით უსაფრთხო სიჩქარით ბრუნდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნელა მიდის – მან კარგად იცის, რომ გზაში ხორცი არ უნდა გაეყინოს – უბრალოდ, ამჯერად ვახერხებ, რომ არ ჩამოვრჩე. ერთ ჯერზე გავასწარი კიდეც. ამ დროს ვამჩნევ, რომ იღიმება. ნადირობის გარდა, მორის სხვა სამუშაო არ აქვს. არც უნდა, რომ სხვა რამ აკეთოს. ის ნადირობით არჩენს თავის დიდ ოჯახს. ამ საღამოს კი სახლში ბევრი საჭმელი ექნებათ და უამრავ ადამიანს გაუმასპინძლდებიან.
მორის მამა მკითხავს: „დაინახე, როგორ ამოატრიალა თავი?“
„დიახ“, – ვეტყვი მე.
უხუცესი თავს დააქნევს. „არ დაივიწყო“.
კლაიდ მორის მიერ მოკლული კარიბუ დასავლეთ არქტიკის ჯოგის წევრი იყო, რომელსაც ზოგჯერ უბრალოდ დასავლურს უწოდებენ. იმ დროისთვის, 1990-იან წლებში, როდესაც მორი ნადირობას სწავლობდა, ეს ჯოგი თითქმის 500 000 ინდივიდს აერთიანებდა და პოპულაციის რიცხოვნობა პიკს აღწევდა. ისინი დაახლოებით კალიფორნიის ფართობის ტერიტორიაზე მოძრაობდნენ. ბევრი მათგანი წელიწადში ორჯერ ჩაუვლიდა ხოლმე მორის სახლს გაზაფხულის და შემოდგომის მიგრაციის დროს, რაც მის თემს საკვების და სულიერი კეთილდღეობის მუდმივი წყაროთი უზრუნველყოფდა ჩრდილოეთ ალასკის მიუდგომელ და უკიდურესად შორეულ ნაწილში.
მაგრამ 2021 წლისათვის, ალასკის ამ ერთ-ერთი უდიდესი, დასავლეთის ჯოგის რიცხოვნობა განახევრდა. როგორც მორიმ და სხვა მონადირეებმა მითხრეს, ზოგ წელს ანაკტუვუკ-პასთან ძალიან ცოტა კარიბუ ჩაივლიდა. სხვა წლებში ისინი რამდენიმე კვირის დაგვიანებით ან საერთოდ აღარ მოდიოდნენ. ეს სრულიად უჩვეულოც არ ყოფილა: ცნობილია, რომ კარიბუს ჯოგების ზომა დროთა განმავლობაში იცვლება. კარიბუები ველური არსებები არიან და საკუთარ ინსტინქტებს, განრიგს და მოტივაციას მიჰყვებიან. თუმცა, უფრო ფართო კონტექსტში, ეს კლება ძლიერ შემაშფოთებელია, რადგან მხოლოდ დასავლურ ჯოგს არ ეხება.
ტუნდრაში მომიგრირე ამ ცხოველს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. თუ კანადასა და აშშ-ში მას კარიბუ ჰქვია, რუსეთსა და ნორვეგიაში – თითქმის იდენტურ ცხოველს ჩრდილოეთის ირემს უწოდებენ. ყველა მათგანი ჩრდილოეთის მკაცრ ჰაბიტატებში ბინადრობს, ტყის გავრცელების ზედა საზღვრისა და არქტიკული ტუნდრის შორეულ რაიონებს შორის და შორს მიგრირებენ. თუმცა იმის მიუხედავად, თუ სად შეხვდებით და რა სახელს უწოდებთ, გასული ათწლეულების განმავლობაში კარიბუ ჩვენ თვალწინ ქრება.
1990-იანი წლების ბოლოდან 2018 წლამდე ამ ცხოველების რიცხვი დაახლოებით 56%-ით შემცირდა – თითქმის ხუთი მილიონიდან ორ მილიონამდე. კანადასა და ალასკაში მობინადრე დაახლოებით 13 მსხვილი ჯოგიდან უმეტესობაში მუდმივი პოპულაციური კლებაა და სულ მცირე ერთი, ბათერსტის ჯოგი, რამდენიმე წელიწადში შეიძლება მთლიანად გაქრეს.

არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ რა არის ამ დიდი გაუჩინარების მიზეზი. არ გამოვლენილა არცერთი დაავადება ან ინდივიდუალური დამნაშავეების ვინაობა. როგორც ჩანს, სამართლებრივი დაცვის არცერთ საშუალებას ან პოლიტიკას არ ძალუძს შეაჩეროს ან თუნდაც შეანელოს ეს პროცესი. ყველას, ვინც არქტიკული წრის სამხრეთით ცხოვრობს, ეს პრობლემა შეიძლება აბსტრაქტულად მოეჩვენოს, თუმცა შორეულ ჩრდილოეთში ეს ასე არ არის.
ტყის გავრცელების საზღვარზე მიმოფანტულ პატარა თემებსა ან ღია ტუნდრაში მდებარე, მკვიდრი ხალხებით დასახლებულ ქალაქებში, კარიბუს პოპულაციის ვარდნა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ასეთ დასახლებებში იმპორტირებული საკვები და საწვავი შეიძლება ასტრონომიულად ძვირი ღირდეს, ხოლო კარიბუზე ნადირობა ოჯახის რჩენის ყველაზე იაფი, სწრაფი და დამაკმაყოფილებელი გზა იყოს. ინუპიატმა უხუცესმა მითხრა, რომ ეს გაციების სიმპტომების დაწყებას ჰგავს. შემდეგ სიმპტომები უარესდება, სანამ არ გამოიფიტებით და დაუძლურდებით, სანამ შიში არ შეგიპყრობთ, რომ ეს გაციება კი არა, რაღაც უფრო ძლიერია. რაღაც, რაც მთელ თქვენს ორგანიზმს მოედო.
ასე აღიქვამს კარიბუს პრობლემას ჩრდილოეთის ბევრი მკვიდრი ხალხი, მათ შორის ნუნამიუტებიც. მათი სახელი „მიწის ხალხს“ ნიშნავს, თუმცა ნებისმიერი გეტყვით, რომ ისინი, უპირველესად, კარიბუს ხალხია. მათ ზოგჯერ ამერიკის ბოლო მომთაბარეებსაც უწოდებენ, რადგან დაახლოებით 1950 წლამდე ნუნამიუტები ჯერ კიდევ მობილური ცხოვრების წესს მისდევდნენ და თავიანთ ცხოვრებას ნადირობასა თუ კარიბუს დევნაში ატარებდნენ. ანაკტუვუკ-პასში დასახლება სწორედ იმიტომ არჩიეს, რომ აქ ჯოგი მდინარესავით მოედინებოდა. სახელწოდება ანაკტუვუკი ნიშნავს „ადგილს, სადაც ბევრი კარიბუს ნაკელია“.
ერთ საღამოს, მას შემდეგ, რაც კლაიდ მორისთან ერთად სანადიროდ ვიყავი, მისმა მამამ, მარკმა, მშვიდად გამოთქვა აზრი თავისი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანზე. მარკ მორი ვიეტნამის ომის ვეტერანი გახლდათ. სქელი შევერცხლილი თმა, სქელი ძველი სათვალე. თავის აშენებულ სახლში სავარძელზე იჯდა ფანჯარასთან და უცქერდა, როგორ მიირთმევდა მისი ოჯახი კლაიდის მოტანილ კარიბუს. „მათთვის დიდი რისკი იყო ბინადარი ცხოვრების წესზე გადმოსვლა“, – თქვა მარკმა საკუთარ მამაზე, დედაზე, ბიძებსა და დეიდებზე – იმ თაობაზე, რომელმაც უარი თქვა მომთაბარეობაზე. „მათ სჯეროდათ, რომ კარიბუ აქ ყოველთვის იქნებოდა“.
როდესაც რამდენიმე წლის წინ ალასკაში ველური ბუნების ბიოლოგი ჰეზერ ჯონსონი ჩავიდა, იგი გააოცა კარიბუს იდუმალებამ. ჩრდილოეთის სხვა არსებების – თეთრი დათვების ან ნარვალების მსგავსად, კარიბუ, როგორც მწერალი ბარი ლოპესი წერდა, იდუმალ ცხოვრებას ეწევა. მათი პოვნა საკმაოდ რთულია. ძვირია შესწავლა. იოლად ფრთხებიან. ზოგჯერ იმის დადგენაც რთულია, თუ რით იკვებებიან. ესაა მთავარი მიზეზი, რატომ არის თავსატეხი მათი რიცხოვნობის კლება.

„არ მეგონა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში დარჩენილი იყო ხმელეთის დიდი ძუძუმწოვარი, რომლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით“, – მითხრა ჯონსონმა, რომელიც აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში მუშაობს. „ვიფიქრე, როგორ შეიძლება ასე ცოტა ვიცოდეთ ამ ცხოველის შესახებ? მაგრამ შემდეგ უფროსმა კოლეგამ მითხრა: „ჰეზერ, ამას სხვაგვარად უნდა შეხედო: რაც ვიცით, ისიც გასაკვირია“.
მკვლევრებმა სულ ახლახან დაადასტურეს, რომ კარიბუ პლანეტის უდიდეს მოგზაურთა შორისაა. სატელიტური რადიოსაყელურის მონაცემებზე დაყრდნობით, ჯგუფმა, ეროვნული პარკის სამსახურის ველური ბუნების ბიოლოგის, კაილ ჯოლის ხელმძღვანელობით 2019 წელს აჩვენა, რომ ამ ცხოველებს შეუძლიათ ყოველწლიურად დაახლოებით 1350 კილომეტრის გავლა თავიანთი მიგრაციის სწორხაზოვან მარშრუტზე ერთი პუნქტიდან მეორემდე. ეს მეტია ხმელეთის სხვა ნებისმიერ ძუძუმწოვართან შედარებით.
ამ გრანდიოზული მოგზაურობის დროს კარიბუ შეიძლება გადაადგილდეს შავი ნაძვის ტყეებიდან მზისგან გახუნებულ ტუნდრამდე ან მთების მოშიშვლებული ფერდობებიდან ქარიან სანაპირო დაბლობებამდე. ცნობილია, რომ ისინი ზღვაშიც კი შედიან. თუმცა მიგრაციისას მათ ემუქრებათ არაერთი ბუნებრივი საფრთხე – მგლები, დათვები, გაყინული მდინარეები, კოღოების გუნდები, ასევე ადამიანის მიერ შექმნილი დაბრკოლებები: ნავთობსარეწები, გზები და მაღაროები.
კლიმატის ცვლილებაც ასევე სწრაფად ცვლის მათ ჰაბიტატს. არქტიკაში ტემპერატურის მატება რეგულარულად არღვევს ამინდის ნაცნობ ხასიათს. სადაც თოვლი და ქარი ბატონობდა, ახლა წვიმა და ყინვა გახშირდა, რაც კარიბუს საკვებს ყინულის შეუღწევად საფარქვეშ ამწყვდევს. ზაფხულიც ხანგრძლივდება და ეს სულაც არ არის კარგი: თბილ ტემპერატურას ახალი მცენარეები და ცხოველები, მეტი პარაზიტი თუ ხანძარი მოაქვს ტუნდრაში.
ეს ყველაფერი გავლენას ახდენს კარიბუზე და ჩვენც მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამის გაცნობიერებას. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ხართ მეცნიერი, მონადირე, ბუნების დამცველი ან ვინმე სხვა, რომელიც ეძებს კარიბუს გაუჩინარების მიზეზს, მოულოდნელად აღმოჩნდებით ისეთივე მასშტაბური პრობლემის წინაშე, როგორიც თავად ეს ლანდშაფტია.
„ვფიქრობ, მხოლოდ ერთი მიზეზი რომ იყოს, ჩვენ ის გვეცოდინებოდა“, – მითხრა იან ადამჩევსკიმ, კანადელმა ბიოლოგმა. „როდესაც ადგენთ იმ ყველაფრის ჩამონათვალს, რამაც შეიძლება იმოქმედოს კარიბუზე, სია ძალიან გრძელდება, ხოლო როდესაც განსაზღვრავთ, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ, როგორც წესი, ჩამონათვალი ძალიან მოკლეა“.
ადამჩევსკი მუშაობს ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიების მთავრობაში. კანადის ეს რეგიონი, წელიწადის გარკვეულ პერიოდში, ტუნდრაში მომიგრირე კარიბუს შვიდი ჯოგის საბინადროა. მათ შორისაა ბათერსტის ჯოგი, რომელიც ველური ბუნების ყველაზე უარესი სცენარის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 1986 წელს ეს ჯოგი 472 000 ინდივიდს ითვლიდა. მას შემდეგ დაიწყო თანდათანობითი კლება, რამაც საბოლოოდ კოლაფსი გამოიწვია. 2021 წლისთვის ჯოგის რიცხოვნობა 99%-ით შემცირდა.

ეს კლება არაორდინარული იყო. როდესაც ადამჩევსკის შესაძლო მიზეზებზე ვკითხე, მან ამოიოხრა. ადამჩევსკიმ მითხრა, რომ ბევრი მათგანი, ვისთანაც უსაუბრია, კლიმატის ცვლილებას მიიჩნევდა ჯოგის რიცხოვნობის კლებაზე მოქმედ ფაქტორად. თუმცა ეს ტერმინიც ბუნდოვანი იყო და მისი ზემოქმედების განსაზღვრაც.
ადამჩევსკის თქმით, შედარებით მცირე, უფრო ლოკალურ ეჭვმიტანილებზე ფოკუსირება ბევრად იოლი გახლდათ. ყველაზე პოპულარული ბოროტმოქმედები მგლები იყვნენ. სხვები თვლიდნენ, რომ მონადირეები ძალიან ბევრ ცხოველს ხოცავდნენ, ხოლო მკვიდრი თემები, რომლებიც აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ და ყველაზე მეტად ზარალდებიან კარიბუს რიცხოვნობის შემცირებით, ხშირად სამთო მოპოვებით სამუშაოებს მიიჩნევენ უდიდეს საფრთხედ ჯოგებისთვის.
იმ დროისთვის, როდესაც ბათერსტის ჯოგი ყველაზე ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებზე რამდენიმე მაღარო გაიხსნა, მათ შორის „კოლომაკის“ ოქროს მაღარო და „დიავიკის“ და „ეკატის“ ალმასის მაღაროები. ისინი ბათერსტის ჯოგის საბინადრო არეალში მდებარეობდნენ, ხოლო „ლუპინის“ ძველი ოქროს მაღარო, ნუნავუტში, იმ მიწებიდან ზუსტად სამხრეთით მდებარეობდა, სადაც ეს ჯოგი ნაშიერებს შობდა.
„აქ ყველამ იცის, რომ ბათერსტის პოპულაციის რიცხოვნობა [იმ დროს] მაქსიმუმს აღწევდა. შემდეგ გაჩნდა მაღაროები, დაიგო გზები და კარიბუების რაოდენობამ იკლო“. ადამჩევსკის თქმით, ბევრისთვის ეს არ იყო დამთხვევა. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ სამრეწველო განვითარება არღვევს კარიბუს ქცევას. როგორც ჩანს, გზებსა და მილსადენებს ეს ცხოველები ხშირად დაბრკოლებებად აღიქვამენ, რომლებიც ბლოკავს მათ სამიგრაციო გზებს და ურღვევს კვების ნირს. როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, მოერიდონ მაღაროელთა დასახლებებს და ნავთობსარეწებს, საიდანაც შეიძლება ქიმიური ნივთიერებების სუნი და ნაყარი მოდიოდეს, საბურღი აღჭურვილობა და სატვირთო მანქანები მიწას არყევდეს, ხოლო ჰაერს თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ხმაური ავსებდეს.
რადგანაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებზე შეწყდება მაღაროების დამუშავება, ადამჩევსკის თქმით, რამდენიმე მკვიდრმა ხალხმა განსხვავებული მიდგომები გამოიყენა ბათერსტის ჯოგის განადგურების შესაჩერებლად. როგორც მან მითხრა, 2015 წელს ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიაზე სადავო გადაწყვეტილება მიიღეს – აკრძალეს ნადირობა, რასაც მკვიდრმა თემებმა მხარი დაუჭირეს. ასევე სხვადასხვა გზით შეეცადნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე მგლების რიცხვის შემცირებას, მათ შორის თვითმფრინავიდან სროლით. და მაინც, კარიბუების რიცხოვნობა მცირდებოდა.
თავად ბათერსტის ჯოგისთვის კლების ერთ-ერთი ყველაზე ავის მომასწავებელი შედეგი, როგორც ჩანს, იდენტობის დაკარგვაა. კარიბუს შემთხვევაში ტერმინი „ჯოგი“ ჩვეულებრივ აღნიშნავს ცხოველთა ჯგუფს, რომლის ყველა წევრი მუდმივად ერთსა და იმავე ადგილზე ბრუნდება ნაშიერების მოსავლენად. დედები ასწავლიან თავიანთ პატარებს, როგორ მივიდნენ იქ, გზად აჩვენებენ სხვადასხვა საკვებ ადგილს, ასევე, უზიარებენ ალტერნატიულ მარშრუტებს, შემოვლით გზებს, რომლებიც შეიძლება გამოადგეთ არახელსაყრელი ამინდის ან მგლებისა და მონადირეებისგან მომდინარე საფრთხის შემთხვევაში.
(მარცხნივ) მტაცებლების მიერ მთლიანად გასუფთავებული ჩონჩხი გდია გზაზე, რომელსაც დასავლეთ არქტიკის ჯოგი გადის ბრუქსის ქედის გავლით ანაკტუვუკ-პასისკენ.
(მარჯვნივ) კლაიდ მორი, დანიელის ბიძა, ემზადება ნანადირევის თოვლმავლით შინ წასაღებად. მისი პაპა და ბებია კარიბუს დაჰყვებოდნენ დაახლოებით 1950 წლამდე, სანამ ნუნამიუტები ამ მხარეში დასახლდებოდნენ.
დიდხანს ვფიქრობდი, რომ ასეთი მიგრაციები პილიგრიმობას ჰგავდა, ხოლო ახალგაზრდა ინდივიდების აღზრდა (რაც ძირითადად უფრო ასაკოვანი მდედრების პასუხისმგებლობაა) უკავშირდება იმას, რასაც მეცნიერები ხშირად ჯოგის კოლექტიურ მეხსიერებას უწოდებენ: ლანდშაფტის შესწავლის უნიკალურ და მტკიცე გზას. ზოგიერთმა ასეთ პრაქტიკას კულტურაც კი უწოდა. ეს კულტურები კი საკმარისად შეკრულია იმისთვის, რომ ჯგუფის წევრებმა სიახლოვე შეინარჩუნონ და ნაშიერების მოსავლენად ერთსა და იმავე მიწებს დაუბრუნდნენ.
თუმცა ადამჩევსკის თქმით, ბოლო რამდენიმე ზამთრის განმავლობაში ბათერსტის ჯოგი ხშირად ერეოდა მეორე, ბევრად უფრო მსხვილ ჯოგს, რომელსაც ბევერლის უწოდებენ. შეიძლება ბათერსტის ჯოგი უსაფრთხოებას ეძებდა მრავალრიცხოვან ბევერლის ჯოგში. იქნებ უფრო დიდ ჯოგად ჩამოყალიბებულიყვნენ. მათი აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო; გაქრობის პირას სხვა ჯოგებიც ყოფილან, თუმცა ამ საფრთხისთვის თავი დაუღწევიათ. მაგრამ ბათერსტის უნიკალური კულტურა – ცხოვრების ნირი, გაქრობის ზღვარზე იყო.
„თუ რომელიმე ამ ჯოგს დავკარგავთ, ასევე დავკარგავთ ქცევით მეხსიერებას“, – მითხრა ადამჩევსკიმ. „როდესაც კარიბუები ნაშიერის მოსაგებად ტრადიციულ ადგილზე არ მიდიან, როგორც ჩანს, დიდხანს არ ცოცხლობენ“.
შორეულ ჩრდილოეთში მიმდინარე სხვა ცვლილებების – ტუნდრის გამწვანების, ზღვის ყინულის დნობის, ტყის ხანძრის გათვალისწინებით, ბათერსტის ჯოგის რღვევა დემენციის სიმპტომს ჰგავდა; ლანდშაფტი თავისი იდენტობის კიდევ ერთ ნაწილს კარგავდა. გავრცელდებოდა ბათერსტის სინდრომი? იყო თუ არა პროცესი შეუქცევადი? არსებობდა რამე წამალი? – ეს არავინ იცოდა.
ადამჩევსკიმ მითხრა, რომ იმედი მცირე დეტალებში აღმოაჩინა: მაგალითად, მატების ნიშნები ერთ ჯოგში ან შემცირების ტემპის შენელება მეორეში. იგი კარიბუს ისტორიასაც ებღაუჭებოდა. მისი თქმით, როგორც ჩანს, კარიბუს ჯოგის რიცხოვნობა ციკლურად იცვლება. აღმავლობის ფაზას კლება მოსდევს.
„არის პერიოდები, როდესაც ჯოგები მოცემულ ლანდშაფტში სრულიად ქრებიან და არის შემთხვევები, როდესაც ახალი ჯოგები იქმნება“, – მითხრა ადამჩევსკიმ. „ჯოგები არაა უკვდავი. ისინი არ რჩებიან სამუდამოდ დროსა და სივრცეში“.
2021 წლის აგვისტოს ერთ მოღრუბლულ დღეს, ნუნავუტის იზოლირებულ კუთხეში, ამწვანებულ ტუნდრაში, კარიბუს ათეულობით ნაკვალევს დავყურებდი. ღრმა და ვიწრო ნაკვალევი მიწაზე ყველა მიმართულებით იფანტებოდა. შეგეძლოთ ნებისმიერი აგერჩიათ და ჰორიზონტამდე გაჰყოლოდით ან, თუნდაც, ქალაქ იელოუნაიფამდე, სამხრეთით 400 კილომეტრის მანძილზე.
მარშრუტი ავირჩიე და ტლანქად გავუყევი. ჩემთან ერთად იყო მკვრივი, სპორტული აღნაგობის მამაკაცი როი ჯუდასი. მას ფოთლებიანი კამუფლაჟი ეცვა, თუმცა უახლოეს ხემდე ერთ დღეზე მეტი უნდა გევლო ფეხით. თან მოჰქონდა ვინჩესტერის ძველი ბერკეტიანი შაშხანა დათვებისთვის, იგივე „ზორბა ადამიანებისთვის“, როგორც მათ მისი ხალხი, ტლიჩო უწოდებს პატივისცემის ნიშნად. თუმცა იმ დღეს დათვები არ ჩანდნენ – სადმე სხვაგან ნადირობდნენ ან მიწამაყვალას მიირთმევდნენ.
საითაც მივბრუნდებოდით, ტუნდრა ცარიელი ჩანდა. იმ მიწებს მივუახლოვდით, სადაც ბათერსტის ჯოგი ნაშიერებს შობს. ძველი ნაკვალევები, ალბათ, მათი იყო, თუმცა, კარიბუები არ ჩანდნენ.

სიარულისას ვცდილობდი, წარმომედგინა იმ ცხოველების რაოდენობა, რომელიც საჭიროა ლანდშაფტის ასეთი სახით ჩამოყალიბებისთვის – ნაკვალევის ასე მყარად დასატოვებლად. ათიათასობით კარიბუ. ათწლეულების მიგრაცია. მიწის ზანზარი მათ ჩლიქებქვეშ.
„ადრე ეს მათთვის მაგისტრალი იყო, – თქვა ჯუდასმა, – ახლა კი ყველა გაქრა“.
ჯუდასი კარიბუებზე ნადირობაში გაიზარდა, იმ ტყეებში, რომლებიც ახლოსაა მის სახლთან, ვეკვეიტის თემთან. ჯუდასის წარმოსახვაში არსებული ლანდშაფტის რუკები, ისევე როგორც მისი ხალხის ენა და კულტურა, სავსე იყო კარიბუსთან დაკავშირებული ორიენტირების ნიშნებით, ისტორიებით, ლექსიკით. ბათერსტის კარიბუს ტყავი ოდესღაც მათი ყველაზე ღირებული რესურსი იყო. მისგან დამზადებული კარვები, აღჭურვილობა და ტანსაცმელი შესაძლებელს ხდიდა ადამიანის ცხოვრებას ცივ ზოლში, სადაც ჩრდილოეთის დიდი ტყეები ღია არქტიკულ ტუნდრაში გადადის.
ჯუდასი, რა თქმა უნდა, ბათერსტის ჯოგზე ვეღარ ნადირობდა. ტლიჩო, მკვიდრი ხალხი, ემორჩილებოდა ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებზე ნადირობის აკრძალვას. თუმცა, როგორც მან და სხვებმაც მითხრეს, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. იმ დროისთვის ტლიჩოს უკვე მრავალი ათწლეულის მანძილზე აზიანებდა კოლონიური წესები, მათ შორის, ეს ხალხი კარგავდა ენასა და კულტურას. ბათერსტის ჯოგის დაცემამ მხოლოდ გააღრმავა ეგზისტენციალური კრიზისის განცდა. თუ ტლიჩო ვერ შეძლებდა ბათერსტზე ნადირობას, თუ ვერ შეინარჩუნებდა ტრადიციებს და უძველეს კავშირებს ამ ცხოველთან, ვინ გახდებოდა მაშინ?
ტლიჩო ჯერ კიდევ ამ შეკითხვას ეჭიდებოდა, როდესაც მე ჯუდასს და კიდევ რამდენიმე ტლიჩოს შევუერთდი კოკეტის სანაპიროზე, რომელსაც კონტუოიტოს ტბასაც უწოდებენ. ამ მკვიდრი ხალხის ერთ-ერთი პასუხი იყო პროგრამის შექმნა სახელწოდებით Ekwo Nàxoèhdee K’è, რაც მიახლოებითი თარგმანით ნიშნავს „სადაც კარიბუები მოგზაურობენ“. ყოველი წლის გარკვეულ ნაწილს ჯუდასი ამ პროგრამაზე მუშაობას უთმობდა, დაჰყავდა ტლიჩოს წევრები კოკეტში, სადაც ისინი კვირების განმავლობაში შლიდნენ ბანაკებს, ლაშქრობდნენ და ჯოგის გადარჩენილ ინდივიდებს ეძებდნენ.
„როდესაც ვპოულობთ, ჩანაწერებს ვაკეთებთ“, – მითხრა ჯუდასმა. „ვუთვალთვალებთ და მივყვებით. ვცდილობთ მივუახლოვდეთ და გავარკვიოთ, რას აპირებენ“.
დამკვირვებლები ითვლიდნენ კარიბუებს და იწერდნენ სხვა დეტალებს, მათ შორის როგორ გამოიყურებოდნენ, სად მოგზაურობდნენ, რით იკვებებოდნენ და, თავის მხრივ, ვინ ჭამდა მათ. ყოველი ზაფხულის ბოლოს შედეგებს უგზავნიდნენ ტლიჩოს ხელისუფლებას, რომელიც ბათერსტის ჯოგის მართვისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს იღებდა.
როი ჯუდასთან და მის გუნდთან ერთად გატარებული დროის განმავლობაში ბევრი ცხოველი ვნახე: უზარმაზარი დათვები, ჩემი ფეხის სიგრძის კალმახი, არწივები, წეროები, ხარვერძები და ახალგაზრდა თეთრი მგელი, რომელიც ისე დადიოდა ჩვენს ბანაკში, როგორც საკუთარ სახლში.
ვნახეთ ადამიანთა მრავალსაუკუნოვანი ბანაკებიც, მონადირის საფარები, რომლებიც შუბების და ისრების ეპოქის ლოდებისგან იყო აგებული. ხშირად, როდესაც შესასვენებლად ვჩერდებოდით, ირგვლივ ხშირად ვხედავდით ქვის ნატეხებს, ძველ მონადირეთა დანატოვარს, ამავე ადგილებში რომ ისხდნენ და კაჟისა ან კვარცისგან იარაღს თლიდნენ.
მაგრამ ძალიან ცოტა იყო ბათერსტის კარიბუ. იმ დროისთვის ითვლებოდა, რომ მხოლოდ 6000 ინდივიდი დარჩა. თავიდან ეს რიცხვი დიდი მეჩვენა. ვფიქრობდი, რომ ოდნავ მეტი ძალისხმევის შემთხვევაში ჯოგს აუცილებლად ვიპოვიდით. თუმცა ჯუდასმა თავაზიანად შემისწორა. მისი თქმით, ასეთი მცირე რაოდენობის ცხოველი მარტივად გაუჩინარდებოდა ტუნდრის სიღრმეში. დღეების გასვლასთან ერთად, როდესაც ერთიც ვერ ვნახეთ, თანდათან დავიწყე პრობლემის მასშტაბის გააზრება.

მე ნიუ-იორკში ვცხოვრობ. უახლოესი ტუნდრის კარიბუ 1600 კილომეტრის დაშორებით ონტარიოში დახეტიალობს. ჩემთვისაც კი, ამ სტატიაზე მრავალი წლის მუშაობის, ათეულობით ადამიანთან გასაუბრების და კარიბუს მხარეში კარვებში ღამისთევის შემდეგ, ეს ცხოველი, როგორც წესი, მხედველობის მიღმაა და გონებიდანაც სწრაფად უჩინარდება. ისინი ნაკლებად ჰგვანან რეალურ არსებებს, უფრო მეტად – რუკაზე მოლივლივე აჩრდილებს. დაფიქრდით, თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენ ადამიანს აწუხებს ამ ქმნილებების ყოფა და მიხვდებით, რატომ არ იწვევს მათი ბედი შეშფოთებას ოტავასა თუ ვაშინგტონში.
როი ჯუდასისთვის პასუხი ნათელი და პირადული გახლდათ. ზაფხულში იგი ტუნდრაში კარიბუებს ითვლიდა. ზამთარში, როდესაც ბათერსტის ჯოგი მისი მშობლიური ქალაქის სიახლოვეს, ტყისკენ მიგრირებდა, ის ეხმარებოდა ადგილობრივ მთავრობას ნადირობის აკრძალვის წესის აღსრულებაში. ეს კარიბუების პატივისცემის მისი გზა იყო. ძველ ურთიერთობებზე ზრუნვა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამის გამო ჯუდასი ბევრმა აითვალწუნა.
ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც აკრძალვა ძალაში შევიდა, მას მხარი ყველამ არ დაუჭირა. ზოგიერთი ტლიჩო უკმაყოფილო იყო იმით, რომ უცხო პირები მათი ჯოგის გაკონტროლებას ცდილობდნენ. მათ სურდათ ნადირობის გაგრძელება, როგორც ყოველთვის და, ამგვარად, ჯუდასს თავისი სამუშაო ზოგჯერ მეზობლებთან კონფლიქტში შესვლას აიძულებდა. ერთხელ მან ნადირობისას ძველი მეგობარიც კი დაიჭირა.
ერთ საღამოს, ტუნდრაში, როდესაც კარიბუს ნაკვალევს მივუყვებოდით, ჯუდასმა მითხრა, რომ ხალხმა, როგორც იქნა, დაიწყო მისეული ხედვის გაზიარება.
„როგორია ეს ხედვა?“ – ვკითხე მე.
მან კოღო მოიშორა, შაშხანა მეორე მხარზე მოიგდო და თქვა: „მინდა, რომ აქ მომავალში კარიბუ იყოს“.
იარეთ ბათერსტის მიწიდან დასავლეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებისა და იუკონის გავლით ალასკისკენ და ამ ისტორიაში ერთგვარ ანომალიას იპოვით. აქ, ბოფორტის ზღვის სანაპიროსთან, საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთაზე, ინუპიატისა და გვიჩინის მიწებზე, პორკიუპაინის ჯოგის არეალია.
ამ პროექტის დაწყებისას არაერთ მკვლევარს ვესაუბრე და თითქმის ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ პორკიუპაინი ეწინააღმდეგებოდა კონტინენტურ ტენდენციას და ეს ჯოგი არათუ დაიშალა, არამედ მათი რიცხვი უკანასკნელ ხანებში გაიზარდა კიდეც.
(მარცხნივ) ზაფხულის საძოვრებისაკენ მიმავალი კარიბუები წყლით გაჟღენთილ ტუნდრას კვეთენ. ისინი მოცურავეებად არიან დაბადებულნი ბეწვის ღრუ ფოლიკულების და ნიჩბისებრი ჩლიქების წყალობით, რომლებიც მათ მდინარეებისა თუ ტბების გადალახვაში ეხმარება.
(მარჯვნივ) სამხრეთის მთის კარიბუები ლიქენებს მიირთმევენ სამხრეთ-ცენტრალურ ბრიტანეთის კოლუმბიაში. გადაშენების პირას მყოფი სუბპოპულაციის აღსადგენად, მკვიდრი ხალხების კონსორციუმი იჭერს და საყელურებს უკეთებს მაკე მდედრებს.
2013-დან 2017 წლამდე, როდესაც ბათერსტის პოპულაცია სტაბილურად მცირდებოდა და მალე მათ ბედს დასავლეთ არქტიკის ჯოგიც გაიზიარებდა, პორკიუპაინის ჯოგის რიცხოვნობა დაახლოებით 21 000 ინდივიდით გაიზარდა და 218 000-ს მიაღწია. და ეს მოხდა კლიმატის ცვლილების, მგლების – ყველაფრის მიუხედავად.
ბევრ მეცნიერს და მონადირეს ამან იმედი ჩაუსახა. თუმცა გაუგებარი იყო, რით შეიძლება აიხსნას პორკიუპაინის ასეთი გამრავლება, როცა მათ ირგვლივ ყველა სხვა ჯოგის რიცხოვნობა იკლებდა. ისევე როგორც ყველაფერი სხვა, რაც კარიბუს უკავშირდება, ამაზე პასუხიც, სავარაუდოდ, კლიმატის, ბიოლოგიის და ლანდშაფტის რთულ ურთიერთკავშირშია დამალული. მაგრამ, რაღაც მომენტში ჩნდებოდა შეგრძნება, რომ პორკიუპაინი შესაძლოა ფარავდეს საიდუმლოს, რაღაც მინიშნებას, რომელიც ნათელს მოჰფენდა ან შეანელებდა კარიბუების გაქრობის პროცესს.
თუმცა, როდესაც რამე უჩვეულოს დაეყრდნობით, ხშირად ის ცვლილებას იწყებს. ჰეზერ ჯონსონმა გამაფრთხილა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა პორკიუპაინის რიცხოვნობისთვის. მისი თქმით, ჯოგი ზუსტად არ აღურიცხავთ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში. ამავე დროს, მონადირეებმა მათ ფიზიკურ მდგომარეობაში შემაშფოთებელი ტენდენციები შენიშნეს: კარიბუს ეს ჯოგი სულ უფრო ცუდ ფორმაშია, ნაკლები ცხიმით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მკაცრ არქტიკულ ზამთარში გადასარჩენად. „მოსაზრება, რომ მათი რიცხვი არ იკლებს, მოძველებულია“, – თქვა ჯონსონმა. „ნამდვილად არ ვიცით“.
ამ სტატიაზე მუშაობის დროს, 2023 წლის შემოდგომაზე, ზოგიერთი მათგანი, ვისაც მე ვესაუბრე, კარიბუს შესახებ ახალი კვლევების შედეგების გამოქვეყნებას ელოდა, რაც, როგორც წესი, ზაფხულობით ხდება. დასავლეთ არქტიკის და პორკიუპაინის ჯოგებიც თავიდან უნდა დათვლილიყო და მათი რაოდენობის მატებას შესაძლოა განწყობა აემაღლებინა და ნადირობის რეგულაციებზეც კი ემოქმედა. მეორე მხრივ, უარყოფითი ციფრები მხოლოდ გააძლიერებდა უიმედობას.
კაილ ჯოლის თქმით, ეს წელი ისედაც უკვე რთული გამოდგა დასავლეთ არქტიკის ჯოგისთვის. ივლისის ნაწილი მან ჩრდილოეთ ალასკაში გაატარა. ის სატელიტურ რადიოსაყელურებს აძრობდა კარიბუებს, რომლებიც მკაცრ ზამთარში დაიღუპნენ, როდესაც დიდი და სველი თოვლი მოვიდა – ცემენტივით, რაც ცხოველს გადაადგილებას ურთულებდა. თუმცა სექტემბერში სასიხარულო ამბები გავრცელდა ამ შტატის ნავთობით მდიდარ რეგიონ ნორთ-სლოუპიდან. შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა გააუქმა ნავთობის მოპოვების ყველა ლიცენზია უზარმაზარ არქტიკის ეროვნულ ნაკრძალში, რომელიც პორკიუპაინის ჯოგის მშობიარობის ადგილია.
ეს ამბავი აღნიშნეს გვიჩინებმა, რომლებიც წმინდად მიიჩნევენ მშობიარობის ზონის მიმდებარე ტერიტორიას – „წმინდა ადგილი, სადაც ცხოვრება იწყება“. თუმცა ადამიანის მისწრაფება ნავთობის მოპოვებისკენ კვლავ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია პორკიუპაინის მომავლის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ნაკრძალში ბურღვა არ მიმდინარეობს, არ არსებობს გარანტია, რომ ახალი ადმინისტრაცია ან ახალი კონგრესი არ ეცდება მის განახლებას. ადგილობრივმა და სახელმწიფო პოლიტიკოსებმა ეს უკვე არაერთხელ სცადეს, თუმცა ამ დრომდე წარუმატებლად.
„ვფიქრობ, ჩვენთვის ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენი რამ შეიცვალა კარიბუსთვის“, – მითხრა ჰეზერ ჯონსონმა. მაგრამ „თუ მხოლოდ ერთი რამ უნდა ვთქვათ, რაც მათ ნამდვილად არ მოსწონთ, ეს სამრეწველო განვითარებაა. ისინი მართლაც მგრძნობიარენი არიან ამის მიმართ, რაც არაერთხელ დადასტურდა“.
მისი თქმით, ეს შეიძლება საუკეთესო გასაღები იყოს კარიბუს რიცხოვნობის კლების საიდუმლოს ამოსახსნელად.
კარიბუს ჩვევები, როგორც ჩანს, ჰარმონიაშია ძველ და ცივ სამყაროსთან, რომელიც აღარ არსებობს. დღეს მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად შეძლებს ან ვერ შეძლებს კარიბუ ახალ პირობებთან ადაპტირებას. ერთ დღეს, დასავლეთ ალასკაში, მდინარე კობუკის ნაპირზე ვიდექი, და ვუცქერდი, როგორ ცდილობდა ახალგაზრდა მამრი მუქი წყლის გადაცურვას. ძალიან უჭირდა. დინებას ყინულის დიდი ნატეხები მოჰქონდა. მისი ნაკლებად გაბედული თანამგზავრების ჯგუფი ნაპირზე იდგა და ელოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
კარიბუ 10 000 წლის განმავლობაში მოდიოდა აქ მდინარის გადასალახად შემოდგომის მიგრაციისას. არტეფაქტები მიუთითებენ, რომ მონადირეები მოდიოდნენ და აქ ხვდებოდნენ მათ. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა ათასობით წლის განმავლობაში. ახლა ადგილობრივი მონადირეები იქ მაინც მიდიან, მაგრამ კარიბუ ხშირად იგვიანებს ან საერთოდ აღარ მოდის. მკვიდრი ხალხისგან ხშირად მსმენია, რომ თუ კარიბუს დრო მიეცა, ადაპტირებას შეძლებს, რადგან ის ცნობისმოყვარე, სიცოცხლისუნარიანი ცხოველია. არქტიკის ბინადარი ცხოველი სხვანაირი ვერც იქნებოდა.
ისევ მდინარეს გავხედე. ახალგაზრდა მამრი წყლის ზედაპირზე გაჭირვებით ამოვიდა. დაბრუნება გადაწყვიტა. ნაპირზე მძლავრად შეირხა და სხვებს შეუერთდა. ჯოგი ჩემკენ შემობრუნდა – რუხი სხეულები, დიდი რქები, ფართოდ გახელილი თვალები. შემდეგ სანაპიროს აუყვნენ და ხეებში გაუჩინარდნენ.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში