საფრთხეში მყოფ სახეობათა გადარჩენა – საკუთარი თავის გადარჩენა
ფლორიდული სავანის ბეღურის ხმა უჩვეულო და გასაოცრად მწერისმაგვარია, თუმცა ის კინაღამ სამუდამოდ დადუმდა. 2012 წელს National Geographic-ის მკვლევარსა და პროექტ „ფოტოკიდობნის“ დამფუძნებელ ჯოელ სარტორეს დაურეკეს აშშ-ის თევზისა და ველურ ცხოველთა სამსახურიდან: მგალობელი ფრინველი, რომელიც ფლორიდის მშრალი პრერიების ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მაკავშირებელი რგოლია, გადაშენებასთან ახლოს იყო.

ფოტო: ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC PHOTO ARK
National Geographic Society-ს დაფინანსებით სარტორე ფლორიდაში გაფრინდა, რათა ამ ფრინველის ფოტოები გადაეღო, კონსერვაციონისტებთან ერთად ემუშავა და აღნიშნული სახეობის განსაცდელის შესახებ გაევრცელებინა ინფორმაცია. ეს ამბავი გაშუქდა ჟურნალ Audubon-ში და სხვა მედიაპლატფორმებზე, რამაც ხელი შეუწყო ფრინველის გამრავლების პროგრამის სამთავრობო დაფინანსებას. ამ ნაბიჯების წყალობით ახლა ველურ ბუნებაში აღნიშნული სახეობის 180 ზრდასრულ ინდივიდზე მეტი გვხვდება და მათ გასამრავლებლად მუშაობა გრძელდება.
ამ ბეღურის (Ammodramus savannarum floridanus) გადასარჩენად მიმართული ძალისხმევა „რწმენისა და თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია“, – ამბობს სარტორე. ამ ამბავმა დაგვანახა ასევე ის, თუ რა გვჭირდება გადაშენების პირას მყოფ სახეობათა დასაცავად: კვლევა, დამაჯერებელი არგუმენტები, თანამშრომლობა, რესურსები და დრო.
ეს გზა განასახიერებს National Geographic Society-ს მისიას: გავაშუქოთ და დავიცვათ სამყაროს საოცრებები. ბოლო 136 წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ მოდელი, რომლის სათავეშიც მკვლევრები არიან და ის აერთიანებს მეცნიერებას, აღმოჩენებს, განათლებას და ამბის თხრობას, საზოგადოებისთვის ბიძგის მისაცემად.
სარტორე უკვე 17 წელია აგროვებს ცხოველების ფოტოებს „კიდობნის“ პროექტისთვის. 15 000-ზე მეტი სახეობის პორტრეტი მნახველს მოუწოდებს, ჩაერთოს ზრუნვაში. National Geographic Society სარტორეს მსგავს მკვლევრებს მხარს უჭერს 140-ზე მეტ ქვეყანაში.
ჯოელ სარტორეს თქმით, „ფრინველთა ხმები ჯანსაღი პლანეტის ხმებია. ფრინველის ან სხვა ცხოველის გადარჩენით, სინამდვილეში, საკუთარ თავს გადავარჩენთ“.