თამაში გვჭირდება, სერიოზულად
ზრდასრულები თამაშს ხშირად სულელურ და ბავშვურ საქციელად მიიჩნევენ, თუმცა გართობა არსებითი შეიძლება იყოს ჩვენი სახეობის გადასარჩენად.
დეკემბრის ერთ დილას, როდესაც დათოვლილ ვაშინგტონში გავიღვიძე, მაშინვე გარეთ გავვარდი თოვლის პაპის გასაკეთებლად, მაგრამ როგორც არ ვაგორავე გუნდა, ვერაფრით გავზარდე. დამარცხებული, გაშლილი ხელ-ფეხით ჩავეშვი თოვლში. რადგან „თოვლის ანგელოზი“ უკვე ნახევრად გაკეთებული მქონდა, კიდურებიც საქარე მინის საწმენდივით ავამოძრავე.
შემდეგ შევამჩნიე, რომ აუდიტორია მყავდა – ერთი წყვილი გამკიცხავი სახეებით მაკვირდებოდა. სირცხვილისგან გავწითლდი.
თოვლში მარტო მოთამაშე შუახნის ქალი უცნაური სანახავია, მაგრამ იქნებ არ უნდა იყოს. ახალი კვლევები ზრდასრულებში პირქუშობის მოზღვავებაზე მიუთითებს. ჩვენ თამაშის თანდაყოლილი ინსტინქტი ჩავიხშეთ და ეს უამრავ პრობლემას გვიქმნის.
თამაში შეიძლება არასერიოზულად გვეჩვენოს, თუმცა ბოლოდროინდელი კვლევები მოწმობს, რომ ძუძუმწოვრებისთვის და, შესაძლოა, ყველა ხერხემლიანისთვის ის ძილივით აუცილებელიც კი იყოს. შარშან ზაფხულში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თამაშის წყურვილი ტვინის ღეროში წარმოიშობა, რომელიც ევოლუციურად ჩვენი ნერვული სისტემის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია. თამაშის სიყვარული ახალგაზრდა ცხოველებს თავიანთი სხეულისა და გარემოს შესწავლაში ეხმარება – ზრდასრულ ასაკში კი მათი უმეტესობა თამაშს წყვეტს. თუმცა ზოგი – მგლები, ყვავები, დელფინები, მაიმუნები, ადამიანები თუ სხვა პრიმატები – არასოდეს წყვეტს თამაშს და ბიოლოგები მიზეზების ძიებას იწყებენ.
ერთი ვარაუდით, ზრდასრულთა თამაშმა შეიძლება სასარგებლო აღმოჩენებამდე მიგვიყვანოს, რასაც ამყარებს კიბორჩხალაჭამია მაკაკების კვლევა. ლეთბრიჯის უნივერსიტეტის ცხოველთა მკვლევარმა კამილა ჩენიმ მაიმუნებს ორი ტიპის თავსატეხის ყუთი დაუტოვა. საჭმელი რომ ეპოვათ, ქვა ან ყუთში უნდა ჩაეგდოთ, ან ყუთისთვის დაერტყათ. შედეგად დადგინდა, რომ მაკაკები, რომლებიც გართობის მიზნით ქვებს აქამდეც ისროდნენ, უფრო ხშირად ხსნიდნენ ქვის ჩასაგდებ თავსატეხს, ხოლო რომლებიც ქვების ერთმანეთზე რაკუნით ერთობოდნენ, პერკუსიულ თავსატეხს ხსნიდნენ.
ეს მიგნება ასევე იმაზე მიგვანიშნებს, რომ თამაშის მოყვარულ პროტოადამიანს ოდესღაც ქვის იარაღების დამზადების იდეა გაუჩნდა. დღესაც კი, ბრაუნის თქმით, უდიდესი გამოგონებებისა თუ ხელოვნების ნიმუშების უკან თამაშის მოთხოვნილება დგას.
ცხოველთა ქცევის სპეციალისტ მარკ ბეკოფის თქმით, საგნებით თამაში დროდადრო მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას გვასწავლის, თუმცა უფრო ზოგადი სარგებელიც მოაქვს. „თამაშისას ქცევის რეპერტუარის გამრავალფეროვნება გვამზადებს მოულოდნელობებისთვის“. დამოუკიდებლად თამაშისას ცხოველები ორ რამეს სწავლობენ: როგორ მოიქცნენ წაბორძიკებისას და შეინარჩუნონ სიმშვიდე მოულოდნელ ვითარებაში. „თამაში გვაძლევს საშუალებას, მოულოდნელობას უსაფრთხო გარემოში გავუმკლავდეთ“, – ამბობს ბეკოფი. ამით აიხსნება, თუ რატომ არ თამაშობენ პროგნოზირებად გარემოში ბინადარი ზრდასრული ცხოველები და რატომ თამაშობენ ისინი, რომელთაც ნოვატორობა უწევთ თვითგადარჩენისთვის.
თამაშის წყურვილი ტვინის ღეროში წარმოიშობა, რომელიც ევოლუციურად ჩვენი ნერვული სისტემის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია.
თამაშის მოყვარულ ზრდასრულ ცხოველთა უმეტესობა სოციალურ ჯგუფებად ცხოვრობს. ამ დაკვირვების შედეგად ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ზრდასრულთა თამაშის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება.
სანამ მგელს ხროვაში მიიღებენ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ თამაში იცის. ძიძგილაობა ნამდვილ ჩხუბში რომ არ გადაიზარდოს, მოთამაშეები ერთმანეთის ემოციურ მდგომარეობას უნდა დააკვირდნენ. ამგვარად მგლები სწავლობენ, რა მოსწონთ ცალკეულ ინდივიდებს და რა – არა. „სოციალური თამაშის მთავარი მახასიათებელი საკუთარი თავის „დაუძლურებაა“, – ამბობს ბეკოფი, – თამაშით ჩხუბისას ჩვენ ვხედავთ ძლიერ ცხოველებს, რომლებიც ზურგზე წვებიან და სუსტ ცხოველებს მოგების საშუალებას აძლევენ“. სოციალური თამაში თანამშრომლობითია; მიზანი არა მოგება, არამედ თამაშის გახანგრძლივებაა. თუ არ გინდათ, რომ თქვენთან მოთამაშე დანებდეს, დათმობა უნდა შეგეძლოთ. შედეგად, სოციალური თამაში ხროვის ეგალიტარულ ასპექტებს აძლიერებს.
ბონობოები ერთ-ერთი ყველაზე ეგალიტარულად მცხოვრები და თამაშის მოყვარული ცხოველები არიან. პიზის უნივერსიტეტის პრიმატოლოგის, ელიზაბეტა პალაჯის თქმით, ეს დამთხვევა არ არის. თამაშით ჩხუბის ეფექტურობა გარკვეული დონის უმწეობის გამოხატვის უნარზეა დამოკიდებული, რათა წარმატებული თამაშის სესიით ბონობოების ურთიერთობები კეთილგანწყობისა და ნდობის გაღვივებით განმტკიცდეს.
ზრდასრულთა თამაში ინკლუზიურობის, თანამშრომლობის, კრეატიულობის, ადაპტაციურობისა და თანასწორობის წამახალისებელია – იმ თვისებების, რომლებიც ადამიანებს ნამდვილად არ გვაწყენდა, ამბობს თამაშის სპეციალისტი ჯეფ ჰარი. სამწუხაროდ, სოციალური ნორმები გვზღუდავს. „თამაშის მოყვარულ ზრდასრულად ყოფნა სტიგმატიზებულია“, – ამბობს იგი.
ყოველთვის ასე არ იყო – აღნიშნავს ბოსტონის უნივერსიტეტის თამაშის მკვლევარი პიტერ გრეი. უკანასკნელ შემორჩენილ მონადირე-შემგროვებელ ტომთა კვლევისას გრეიმ შენიშნა, რომ აღწერებში ისინი ხშირად მოიხსენიებოდნენ, როგორც „კეთილგანწყობილნი“, „მუდმივად მომღიმარნი“, „გულმხიარულნი“. მისი თქმით, „ნადირობა და შემგროვებლობა სახალისო იყო“. გრეის სიტყვებით, ამ მონადირე-შემგროვებლებს არ ჰქონდათ „გარჯის“ ან „მძიმე სამუშაოს“ შესატყვისი სიტყვები.
„ისე ჟღერს, თითქოს მათი ცხოვრების რომანტიზებას ვახდენ, მაგრამ ეს ევოლუციური თვალსაზრისითაც ლოგიკურია“, – ამბობს გრეი. „ზოგადად, ისეთი რაღაცების კეთება მოგვწონს, რაც გადარჩენისთვის გვჭირდება – ჭამა, წყლის სმა, ბავშვებზე ზრუნვა“. მისი თქმით, ადამიანები ჩამოვშორდით გართობას, როდესაც მცენარეული კულტურების დათესვა დავიწყეთ. მინდვრების მოხვნა და ფქვილის დაფქვა მძიმე და მოსაწყენი სამუშაოა. შემდეგ ქარხნები გამოვიგონეთ და თამაში საერთოდ მივივიწყეთ.
ჯეფ ჰარის თქმით, ამ ტრაექტორიის შეცვლა შეგვიძლია. რადგანაც სრულიად ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში გადავდივართ, მუშაობა და თამაში კვლავ ერწყმის ერთმანეთს. თანამედროვე ორგანიზაციებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ზრდასრულთა თამაშის წახალისება. რუტინული საქმეების შესასრულებლად ადამიანები ნაკლებად გვჭირდება. „ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ახალ რაღაცებს იგონებენ“, – ამბობს ჰარი. ისეთი საფრთხეების ფონზე, როგორიც ომი და კლიმატის ცვლილებაა, მარტივია სერიოზულობაში ჩაძირვა, თუმცა სწორედ ამის საპირისპირო გვჭირდება. „თამაშის არსი ისაა, რომ რთულ სამყაროს კრეატიულობითა და ოპტიმიზმით შევხედოთ და ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს გავუგოთ“, – ამბობს ბრაუნი.

გართობა: არა მხოლოდ ძუძუმწოვრებისთვის
უკანასკნელ წლებში მეცნიერები თამაშის მაგალითებს მთელ ცხოველთა სამეფოში აწყდებიან. მათ უნახავთ, როგორ „ემგზავრებიან“ თავკომბალები აკვარიუმის აერატორით გამოშვებულ ბუშტებს, აკვირდებიან ხვლიკებს, რომლებიც გაზიანი სასმლის ქილების მოსატანად ძაღლებივით დარბიან. მათ ვიდეოკამერით ბაყაყების ჭიდაობა და კრაზანების თამაშით წაჩხუბება გადაუღიათ, პატარა ობობებიც კი გამოუჭერიათ ცეკვა- თამაშისას. ისინი, როგორც ჩანს, შეწყვილების რიტუალში ვარჯიშობდნენ.

თამაშის ინსტრუქცია ზრდასრულებისთვის
ჩვენ, ზრდასრულებს, ჩვენი, ზრდასრული პასუხისმგებლობებით, ხშირად გვიჭირს ბავშვური ხალისის დაბრუნება. შეგვიძლია დავიწყოთ ასე:
• საკუთარ თავს მოწყენის საშუალება მიეცით. გამორთეთ ტელევიზორი, მოისროლეთ მობილური და მოიპატიჟეთ სულელური იდეები.
• იყავით უცნაურები. ხატეთ ფეხებით, ქალთევზობანა ითამაშეთ აბაზანაში.
• თუ შემოქმედებით განწყობაზე ხართ, რამე დროებითი შექმენით, რათა პროცესზე კონცენტრირდეთ და არა შედეგზე. ბუნებრივი მასალისგან ფერიების სახლები ააშენეთ.
• მოიწვიეთ ლაღი მეგობრები, რათა ამ მხიარულებას შემოუერთდნენ. გამოიგონეთ ახალი თამაშის წესები.
• უმასპინძლეთ საცეკვაო წვეულებას, მაგრამ ყველას სთხოვეთ, რომ თქვენი სახლიდან რომელიმე საგანს ეცეკვონ. • იდეები არ გაქვთ? იმპროვიზაციული თამაშები, როგორიცაა დაჭერობანა, შეიძლება მოდუნებაში დაგეხმაროთ. ან ისეთი თამაშით გაერთეთ, რომელშიც მხოლოდ თქვენი წარმოსახვა დაგჭირდებათ. ინტერნეტში უამრავი თამაშის ინსტრუქციას მიაგნებთ.
სეიდი დინგფელდერი არის ჟურნალისტი, რომელიც ცხოველთა ქცევაზე, ნეირომეცნიერებასა და ნეირომრავალფეროვნებაზე წერს. 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდება მისი პირველი წიგნი „გიცნობთ? პროზოპაგნოზიის მქონე რეპორტიორის მოგზაურობა მხედველობის, მეხსიერებისა და წარმოსახვის მეცნიერებაში“.