გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი . . .
თებერვალი უმნიშვნელოვანესი თვეა გრენლანდიური სელაპებისთვის. ატლანტის ოკეანეში მრავალთვიანი მიგრაციის შემდეგ ისინი წმინდა ლავრენტის ყურეში იყრიან თავს და კანადის სანაპიროსთან მოტივტივე ზღვის ყინულს „სამშობიარო სახლად” აქცევენ. ახალშობილი სელაპებისთვის პირველ ორკვირიან მონაკვეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედის ზრუნვა და „ფეხქვეშ” მყარი ყინული. კლიმატის ცვლილება სწორედ ამ ყველაზე სათუთ პერიოდში უქმნის მათ ურთულეს პირობებს. ამის შესახებ მოგითხრობთ სტატიაში „მყიფე ყინულზე”.
ადამიანთა სამყაროში შვილებზე ზრუნვას სეზონი არ გააჩნია და ფეხქვეშ საყრდენის გამოცლაც ათასგვარ მოვლენას შეუძლია. ბავშვი თუ უკურნებელი სენითაა დაავადებული, მასზე დღედაღამ ზრუნვაში, მშობლებთან ერთად, ექიმებიც ერთვებიან და, პრაქტიკულად, ოჯახის წევრები ხდებიან. სტატია „შინ დაბრუნება” პალიატიურ მედიცინაზე მოგითხრობთ.
უამრავი გლობალური გამოწვევის ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა ამბების გაზიარება იმ ადგილების შესახებ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს – იქნება ეს ინდონეზიის ვრცელი ეკვატორული ტყეები თუ ჩრდილოეთ ამერიკის ეფემერული გუბურები.
ჟურნალის გარეკანიდან უკვე გეცოდინებათ, რომ ამ ნომრის მთავარი სტატია ეძღვნება მინას – ათასწლეულების წინ შექმნილ მასალას, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი თანამედროვეობა და მომავალი.