სავანის უგვირგვინო დედოფლები
ხალებიანი აფთრების სამყაროში მდედრები მბრძანებლობენ.
შესაძლოა მათი წარმატების საიდუმლოც ეს არის.
სავანის უგვირგვინო დედოფლები
ხალებიანი აფთრების სამყაროში მდედრები მბრძანებლობენ. შესაძლოა მათი წარმატების საიდუმლოც ეს არის.
საავდრო ღრუბელი ჩამოწვა კენიის მასაი-მარას სავანაში. სველ ბალახზე ხალებიანი აფთრის ლეკვები თამაშობდნენ და ყირაზე გადადიოდნენ. ლეკვების დედა იქვე ისვენებდა. დროდადრო წამოდგებოდა და შედარებით დიდი ზომის, ერთი წლის ასაკის ლეკვს მოთამაშეთა გუნდისგან განარიდებდა. როდესაც უფროსი ლეკვი ჯგუფს ისევ მიუახლოვდა, ერთმა, უფრო გაბედულმა ლეკვმა, იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომ დედას მიბაძა, გაიბღინძა და მაქსიმალურად შემაშინებელი გამომეტყველების მიღებას შეეცადა. ასეთი საქციელი კომიკურად მოჩანდა, მაგრამ ორივე ცხოველმა იცოდა თავისი ადგილი ხროვაში. უფრო მსხვილი, მაგრამ შედარებით დაბალი რანგის აფთარი შეჩერდა, თავი დახარა და გაერიდა.
ფოტოგრაფმა ჯენ გაიტონმა ეს სცენა ინფრაწითელი კამერით დააფიქსირა და ამგვარად აფთრების ღამის ქცევაზე უფრო კარგად დაკვირვების საშუალება მოგვცა. მან პატარა სარკმელი გაჭრა აფთრების საინტერესო საზოგადოებრივ სტრუქტურაში, სადაც ყველა წევრი დედისგან მემკვიდრეობით იღებს ადგილს იერარქიაში. აქ მდედრები ბატონობენ და იერარქიული საფეხური ყველაფერს ნიშნავს. ამ მატრილინურმა სისტემამ ხელი შეუწყო ხალებიან აფთარს, მსხვილ ხორცისმჭამელთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი სახეობა გამხდარიყო მთელ აფრიკაში.
აფთრების ქცევების შესახებ ამ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება ვერაფრით მოხერხდებოდა, რომ არა Mara Hyena-ს პროექტის დამფუძნებლის, კეი ჰოლკემპის მიერ განხორციელებული 35-წლიანი საველე კვლევა.
მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიოლოგი ჰოლკემპი 1988 წლიდან შეისწავლის აფთრის აფრიკულ სახეობებს მასაი-მარაში. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კვლევაა, რაც კი რომელიმე ძუძუმწოვარზე ჩატარებულა. „ვფიქრობდი, რომ იქ ორ წელიწადს გავატარებდი, მაგრამ მივეჯაჭვე“, – ამბობს იგი.
აფთრებზე მიჯაჭვა? მათი სახელის ხსენებაზე ადამიანთა უმეტესობას სახე ემანჭება. არისტოტელე მათ „გახრწნილი ხორცის უზომოდ მოყვარულ“ ცხოველებად აღწერდა, თეოდორ რუზველტი კი „საზიზღარი სიმხდალისა და უკიდურესი სისასტიკის ერთგვარ ნაზავს“ უწოდებდა. აფრიკაში აფთრებს ბოროტ, გაუმაძღარ და ჯადოქრობასთან თუ სექსუალურ გადახრებთან ასოცირებულ არსებებად მიიჩნევენ. 1994 წლის ანიმაციურ ფილმ „მეფე ლომშიც“ კი აფთრები ცბიერ და ბოროტმოქმედ არსებებად წარმოაჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ სუბსაჰარულ და ჩრდილოეთ აფრიკაში ოთხი სახეობის აფთარი ბინადრობს – მენაპირე, ზოლებიანი, ხალებიანი და მიწის მგელი – ყველაზე მავნეს ავტორიტეტი ხალებიან აფთარს აქვს. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ადამიანთან მისი უფრო ხშირი კონტაქტი იყოს. „ასევე არიან ვირთაგვები, ტარაკნები, კოიოტები – მარტო იმიტომ, რომ უფრო ხშირად გვხვდებიან“, – ამბობს National Geographic-ის მკვლევარი და მტაცებელთა ეკოლოგი კრისტინ უილკინსონი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი). ის აფთრებს კენიაში, ნაკურუს ტბის ეროვნულ პარკში შეისწავლის. „სახეობები, რომლებსაც ყველაზე მეტად აძაგებთ, ხშირად ადამიანთა მახლობლად მობინადრე, მარტივად ადაპტირების უნარისა და მრავალფეროვანი რაციონის მქონე სახეობები არიან“.
როდესაც უილკინსონი, ჰოლკემპი და სხვა მკვლევრები უფრო მეტ ინფორმაციას იგებენ ხალებიანი აფთრის ბიოლოგიისა და ქცევის შესახებ, ისევ და ისევ თავდაყირა აყენებენ ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ მართავს აფრიკის ველურ სამეფოს.

კლასიკური საფარის კადრი ასეთია: ლომი ახალმოკლულ ლეშთან დგას, თავდახრილი აფთრები კი შორიახლოს დაძრწიან. ლომმა მსხვერპლი მოკლა და აფთრები შანსს ელიან, რომ ნასუფრალი მიიღონ, არა? არც მთლად ასეა.

როდესაც ბიოლოგმა ჰანს კრუკმა 1960-იან წლებში ტანზანიაში აფთრების შესწავლა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ მათი, როგორც ნარჩენებით მკვებავი მშიშარა ცხოველების რეპუტაცია მითი იყო. მან გაარკვია – როდესაც ხალებიანი აფთრები და ლომები ლეშს ინაწილებდნენ, ნახევარზე მეტ შემთხვევაში მსხვერპლი სწორედ აფთრების მონადირებული იყო. ამას წინათ კენიაში მკვლევრებმა შეიტყვეს, რომ მასაი-მარას აფთრები საკვების საშუალოდ ორ მესამედს ძირითადად ნადირობით მოიპოვებენ და ხშირად გუნდურად მოქმედებენ გნუსთან, ზებრასთან, კამეჩსა თუ სხვა დიდი ზომის მსხვერპლთან გასამკლავებლად.
როგორ ახერხებენ შეთანხმებულად ნადირობას, ჯერ ისევ საიდუმლოს წარმოადგენს. ამიტომ ჰოლკემპმა და მისმა კოლეგამ, არიანა სტრანდბურგ-პეშკინმა (კონსტანცის უნივერსიტეტი, გერმანია), აფთრების მთელ ხროვას მიკროფონითა და აქსელერომეტრით აღჭურვილი GPS-საყელურები მოარგეს, რათა მათი მოძრაობა და ხმოვანი სიგნალები გაეანალიზებინათ, მათ შორის, საფირმო ნიშნად ქცეული აფთრის სიცილი, რაც, სავარაუდოდ, ძლიერ აგზნებას გამოხატავს.
„საყელურები საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ, სად არიან ეს ცხოველები, რომელი რომელს რას ეუბნება, ჯგუფის რომელი წევრები პასუხობენ და რომლები – არა და რას აკეთებს ყველა აფთარი“, – ამბობს ჰოლკემპი.
ერთი რამ უკვე დიდი ხანია ნათელია: „აფთრების საზოგადოების ხერხემალს“ აფთრების დედოფლები ქმნიან, ამბობს ჰოლკემპი. მატრილინურ დომინირებას ნაწილობრივ ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს: უფრო მაღალი რანგის მდედრების მდედრი და მამრი ნაყოფი ჯერ კიდევ საშვილოსნოში იწყებს სასქესო ჰორმონით – ტესტოსტერონით ჭარბად გაჯერებას, რაც, სავარაუდოდ, ზრდის აგრესიას. დომინირებას ნაწილობრივ ანატომიაც განაპირობებს: აფთარი ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც გარე ვაგინალური ხვრელი არ გააჩნია. მდედრ ხალებიან აფთარს წაგრძელებული კლიტორი აქვს, რომელიც ფეხებს შორის კიდია და ძლიერ წააგავს მამრის პენისს. შეწყვილების დროს მდედრი ამ „ფსევდოპენისს“ მუცელში იბრუნებს, რაც შეუძლებელს ხდის მამრის შეღწევას მდედრის ხელშეწყობის გარეშე. შესაბამისად, მდედრი წყვეტს, ვინ იქნება მისი შთამომავლობის მამა. აღსანიშნავია, რომ მდედრი კლიტორიდანვე მშობიარობს.
მდედრები რამდენიმე წლის განმავლობაში ზრუნავენ ნაშიერებზე – უფრო მეტხანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა აფრიკული მტაცებელი. ეს დრო ახალგაზრდა აფთრის თავის ქალის განვითარებისთვის არის საჭირო. ამ პერიოდში მას არ შეუძლია დიდი ზომის ნადავლის მონადირება. ჰოლკემპის ვარაუდით, ნაშიერების ასეთი ხანგრძლივი დამოკიდებულება დედებზე შეიძლება ერთ-ერთ მიზეზად მივიჩნიოთ, თუ რატომ ჩამოყალიბდნენ მდედრები უფრო აგრესიულებად, ვიდრე მამრები, რომლებიც არავითარ როლს არ ასრულებენ შვილების გაზრდაში.

რამდენიმე წლის წინ ჰოლკემპის კოლეგა ლილი ჯონსონ-ულრიხი, ციურიხის უნივერსიტეტის კოგნიტივისტი-ეკოლოგი, ჩრდილოეთ ეთიოპიის ქალაქ მეკელეში გაემგზავრა, სადაც აფთრები ასობით წლის განმავლობაში ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენ. იქ მან კვლევისთვის შესაფერისი ადგილი შეარჩია და „თავსატეხი ყუთი“ ჩადგა – ფოლადის 37-სანტიმეტრიანი კვადრატული კონტეინერი ოთხი პატარა კარით. კონტეინერში უმი ხორცის ნაჭერი ან რძის ფხვნილი იყო მოთავსებული, თითოეული კარის გახსნისთვის კი სხვადასხვა მოტორული უნარი იყო საჭირო: შეღება, გამოღება, გასრიალება ან ურდულის გახსნა.
მისმა გუნდმა ცდები სამ ადგილას ჩაატარა: ქალაქში, სადაც აფთრები დიდი ხნის განმავლობაში ბინადრობდნენ, დაცულ ტერიტორიაზე – სოფლად და ამ დაცული ტერიტორიის პირას მზარდ დაბაში, სადაც აფთრები მხოლოდ 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

როდესაც შედეგები შეაფასეს, გაოცდნენ. აღმოჩნდა, რომ სოფლად მობინადრე ცხოველები უფრო ოსტატურად ახერხებდნენ კარის გაღებას (ინოვაციის საზომი), ვიდრე დაბისა და ქალაქის ბინადრები. ეს აღმოჩენა, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, ეწინააღმდეგება თეორიას, რომლის მიხედვითაც ქალაქის ცხოველები უკეთ უმკლავდებიან ამოცანებს.
პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ აფთრები ჭკვიანები არიან, სადაც არ უნდა ბინადრობდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯონსონ-ულრიხი ეჭვობს, რომ საქმე მხოლოდ ამაში არაა: მაშინ, როდესაც ქალაქის აფთრები ძირითადად საქონლის ლეშით იკვებებიან, სოფლად მობინადრე აფთრები თავიანთი საკვების უმეტეს წილს ნადირობით მოიპოვებენ, რაც უფრო ინოვაციურ აზროვნებას და მარჯვე მოტორულ უნარებს მოითხოვს.
არჯუნ დირი, ველური ბუნების ეკოლოგი და National Geographic-ის მკვლევარი, აფთრებს ტანზანიაში, ნგორონგოროს კრატერზე იკვლევდა. ისიც აღაფრთოვანა ამ სახეობის კოგნიტიურმა უნარებმა. „როდესაც აფთარს უყურებ, თვალებზე ეტყობათ, რომ თავში ბევრი რამ უტრიალებთ. ჩვენ მათ სათანადოდ ვერ ვაფასებთ“, – ამბობს იგი.

ძუძუმწოვრებს შორის აფთრებს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კბილები და ყბები აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოინადირონ ფართო სპექტრის მსხვერპლი და შეძლებისდაგვარად სრულად შეჭამონ, მათ შორის, ძვლიანად. მაგრამ სწორედ თანდაყოლილმა ინოვაციურობამ შეუწყო ხელი ამ სახეობის გავრცელებას და წარმატებას აფრიკის კონტინენტზე.
ხროვის ზომა დიდწილადაა დამოკიდებული მსხვერპლის სიმრავლეზე და მერყეობს 10-ზე ნაკლებიდან (უდაბნოს ტიპის ლანდშაფტებში) დაახლოებით 130 ინდივიდამდე (რესურსებით მდიდარ ადგილებში, როგორებიცაა მასაი-მარა და ნგორონგოროს კრატერი). თუმცა, მიუხედავად რაოდენობისა, საჭიროებიდან გამომდინარე, აფთრის ჯგუფები შეიძლება დაიყონ ან შეერწყან ერთმანეთს. მაგალითად, ზოგიერთმა ინდივიდმა შეიძლება მარტომ ან მცირე ჯგუფთან ერთად დაისვენოს თუ მოიძიოს საკვები, შემდეგ კი მოულოდნელად შეუერთდეს უფრო დიდ ჯგუფს სანადიროდ ან ლომების თავდასხმისგან დასაცავად.
ასეთი მობილობა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ხალებიან აფთარს „მსოფლიოში სოციალურად ყველაზე კომპლექსურ მტაცებლად აქცევს“, – ამბობს დირი. აფთრისებრი ძაღლისა და მრავალი სხვა მტაცებლისგან განსხვავებით, აფთრებს შეუძლიათ გამრავლდნენ ნებისმიერ დროსა თუ ნებისმიერ ადგილას და გაზარდონ შთამომავლობა ადამიანებისა და საქონლის მიერ დეგრადირებულ ჰაბიტატებში. შესაძლოა სწორედ ასეთმა მოქნილობამ განაპირობა, რომ სახეობა არ შემცირდა იმგვარად, როგორც აფრიკის სხვა ხორცისმჭამელები, რომლებიც ნაკლებად უმკლავდებიან მოულოდნელ სტრეს-ფაქტორებს.

ერთ მშრალ, მცხუნვარე დღეს, უილკინსონი მაღალი გამავლობის ავტომობილით კენიის ქალაქ ნაკურუს გარეუბანში, სოისამბუს ნაკრძალისკენ მიემართება. ხანგრძლივი გვალვა აშკარად თვალშისაცემია.
დაახლოებით 37 000 ადამიანი ცხოვრობს ნაკრძალთან, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ველური ბუნებით დაინტერესებულ ტურისტებს შორის, მაგრამ ადგილობრივთა შეშფოთებას, სულ მცირე, ერთი სახეობის ცხოველი მაინც იწვევს. „როდესაც ადგილობრივ მოსახლეფობას კონფლიქტების შესახებ ესაუბრებით, ყურადღების ცენტრში თითქმის ყოველთვის აფთრები ხვდებიან“, – ამბობს უილკინსონი.
(მარცხნივ) პალაცოს მამრი ლეკვი უფრო დიდ, მაგრამ დაბალი სტატუსის მდედრს დაჟინებით უმზერს. ორივე სქესის ლეკვი მემკვიდრეობით იღებს დედის რანგს, თუმცა სქესობრივი მომწიფების შემდეგ მამრთა უმეტესობა ტოვებს ხროვას მეწყვილის საძიებლად და სტატუსს კარგავს.
(მარჯვნივ) რობოტით გადაღებულ ფოტოზე აფთრები ახალმოკლულ გნუს მიირთმევენ. აფთრები მონადირეებიც არიან და ლეშისმჭამელებიც. ისინი ხელს უწყობენ ეკოსისტემიდან ისეთი პათოგენების მოშორებას, როგორიცაა ჯილეხი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზი.
ბოლოდროინდელი კვლევის ფარგლებში, უილკინსონმა შვიდ აფთარს მიამაგრა GPS-საყელურები. ახლა იგი ლეპტოპს ხსნის, რათა ღამით მათი მოგზაურობის მარშრუტი ნახოს. GPS-მონაცემებისა და ფოტოხაფანგებით გადაღებული ათასობით სურათის გაანალიზებით მან აღმოაჩინა, რომ ღამით აფთრები რეგულარულად ტოვებენ ნაკურუს ტბის ეროვნულ პარკს (კენიაში მხოლოდ ორი სრულად შემოღობილი ეროვნული პარკიდან ერთ-ერთს) და მეზობელი დასახლებებისკენ მიემართებიან, პარკსა და ნაკრძალს შორის, რათა ყასბების მიერ დატოვებული ნაგლეჯები და ლეშის ნარჩენები მიირთვან. ზოგჯერ იმ შინაურ ცხოველებსაც კლავენ და შეექცევიან, რომლებიც მტაცებლებისგან დაცულ, შემოღობილ ადგილებში არ იმყოფებოდნენ, დილით კი ისევ პარკში ბრუნდებიან. უილკინსონი ხუმრობით აღნიშნავს, რომ ეს მტაცებლები „თავდახრილი აფთრის“ ასანას ასრულებენ და ისე ძვრებიან ღობის ქვეშ აღმოჩენილ ხვრელში.
უილკინსონის საველე კვლევა გვიჩვენებს, რომ რეინჯერების მიერ ღობის შეკეთების შემდეგ, აფთრები იმავე გასასვლელს პოულობენ და სწრაფად იწყებენ გარემონტებული ადგილების დემონტაჟს, რაც ართულებს ამ გონიერი სახეობის შეკავებას. ღობეებზე დამაგრებულმა კამერებმა სასაცილო მომენტებიც დააფიქსირა: ღამით აფთრები ადვილად მიძვრებიან გარღვეულ ღობეში, მაგრამ უკან გამოძრომა უჭირთ გამობერილი მუცლების გამო.

უილკინსონის კვლევა ცხადყოფს, თუ რა იოლად ეგუებიან ხალებიანი აფთრები ადამიანთან ახლოს ცხოვრებას და როგორ ოსტატურად ლახავენ ბარიერებს (როგორიცაა ღობეებში გასაძრომი გზის პოვნა), რომელთა გადალახვაც სხვა სახეობებს ასე მარტივად არ შეუძლიათ.
რამდენადაც ადამიანთა დასახლებები სულ უფრო და უფრო უახლოვდება აფთრების ჰაბიტატს, ცხოველებმა ისწავლეს, თუ როგორ აარიდონ თავი ადამიანებს გარკვეულ სიტუაციაში. დირის კვლევამ აჩვენა, რომ ნგორონგოროს კრატერში მობინადრე აფთრებს არ აწუხებდნენ მწყემსები, რომლებიც მათ სიახლოვეს ატარებდნენ საქონელს. მათ კორტიზოლის, ანუ სტრესის ჰორმონის იგივე დონე ჰქონდათ, როგორიც კრატერში, ადამიანისგან მოშორებით მობინადრე აფთრებს.
სინამდვილეში, ნგორონგოროს აფთრებმა ისწავლეს ადამიანთა მარშრუტების განჭვრეტა და მათთან შეხვედრის თავიდან აცილება ღამით უფრო მეტად გააქტიურების გზით. „ყველა ცხოველს არ შეუძლია ასე შეცვალოს თავისი ქცევა უარყოფითი შედეგების გარეშე, მაგრამ აფთრებს შეუძლიათ“, – ამბობს დირი. „მათ იციან, როგორ ისარგებლონ ლანდშაფტის ყოველი სანტიმეტრით და იპოვონ გადარჩენის გზები ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მათ მტრულად უყურებენ“.
ცხადია, აფთრები შეიჭრებიან ადამიანთა ჰაბიტატებში, როდესაც მათი გარეული მსხვერპლის დიდი ნაწილი გაწყდება. ასეთი ვითარებაა ჩრდილოეთ ეთიოპიაში, სადაც ტყეები საუკუნეების განმავლობაში სავარგულებად და საძოვრებად გადაიქცა. თუმცა, ამ მხარეებში აფთრები შედარებით მშვიდობიანად ცხოვრობენ ადამიანებთან ახლოს – გარკვეულწილად იმიტომ, რომ ადგილობრივების რწმენით, ეს ცხოველები ბოროტ სულებს შთანთქავენ. მაგალითად, მეკელეში დღის განმავლობაში აფთრები ძირითადად დარჩენილ ტყიან ადგილებში იმალებიან ქალაქგარეთ და ეკლესიის ეზოების გარშემო. ისინი გამოდიან სიბნელეში, ძირითადად ცხენებისა და შინაური ფრინველის ლეშის შესაჭმელად, რომლებსაც ღია ნაგავსაყრელებსა და გზისპირებზე ყრიან ქალაქის დასუფთავების სამსახურის გაუმართავი მუშაობის გამო.

მეკელეში აფთრების კვებით ქცევასა და პოპულაციის ზომაზე დაკვირვებით და ამ მონაცემების დაავადებათა გადაცემის მოდელში შეყვანით, ჩინმაი სონავანემ ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს: მეკელეში აფთრები დაავადების მატარებელ 200 ტონაზე მეტ ლეშს ანადგურებენ ყოველწლიურად. ეს ჯილეხითა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას ნიშნავს. აფთრების „დაავადებათა კონტროლის სამსახური“ კი, პირუტყვის დანაკარგებისა და ადამიანთა სამკურნალო ხარჯების შემცირებით, ადგილობრივ ეკონომიკას ყოველწლიურად 50 000 დოლარზე მეტს უზოგავს.

ყოველ ხუთ წელიწადში ჰოლკემპი ერთ განსაკუთრებულ ცდას ატარებს: წამმზომითა და ფანქრით შეიარაღებული უცქერს, როგორ ჩერდებიან საფარის სტუმრები რომელიმე ხროვასთან.
ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში ტურისტები აფთრების ცქერას საშუალოდ ერთ წუთსა და 38 წამს უთმობდნენ. წლების განმავლობაში ადამიანთა უმეტესობა ამ ცხოველებს არამიმზიდველად თვლიდა და „ნამდვილი“ მტაცებლების – ლომების ან ავაზების ნახვას ამჯობინებდა.
ამ ანტიპათიამ თავისი კვალი დატოვა. სუბსაჰარულ აფრიკაში, სავარაუდოდ, 50 000-ზე მეტი ხალებიანი აფთარი მოძრაობს, მაგრამ მათი საერთო რიცხოვნობა მცირდება. ხალებიან აფთრებს იგივე საფრთხე ემუქრებათ, რაც სხვა დიდ აფრიკულ მტაცებლებს. მაგრამ ამ სახეობას, რომლის სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ადამიანია, ლომებისა და სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით, კლავენ არა მხოლოდ საქონელზე თავდასხმის გამო, არამედ იმიტომაც, რომ პარაზიტებად და შავი მაგიის გამავრცელებლებად მიაჩნიათ. „აფთრების კონსერვაციის ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ის, რომ ადამიანებს ისინი არ უყვართ“, – ამბობს ჰოლკემპი.
მაგრამ ეს სიტუაცია თანდათან შეიძლება შეიცვალოს. ჰელსინკის უნივერსიტეტის ეკოლოგმა და National Geographic-ის მკვლევარმა მიკელ ტორენტს-ტიკომ კენიაში პასტორალური თემების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ცენტრალურ კენიაში, ლაიკიპიის ოლქში, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ველური ბუნების დაცვისთვის, ზოგიერთი მწყემსი უფრო პოზიტიურადაა განწყობილი ხალებიანი აფთრების მიმართ, ვიდრე სხვები ჩრდილოეთ კენიაში, ილერეტ-ვარდში, სადაც კონსერვაციის ინიციატივები „მოკრძალებულია“. ორივე ადგილას ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრები ჩართულნი არიან კონსერვაციულ ან ტურისტულ საქმიანობაში, აფთრებს უფრო მეტ სარგებელს მიაწერენ.
2022 წლის ერთ ადრიან დილას ჰოლკემპი უყურებდა საფარიზე მიმავალი ტურისტების ჯგუფს, რომლებიც 20 წუთზე მეტ ხანს აკვირდებოდნენ ნადავლის გარშემო შეკრებილ აფთრებს. დაკვირვების საშუალო დრო ახლა უკვე ოთხ წუთს აჭარბებდა. ეს შეიძლება პატარა, მაგრამ შესამჩნევი ნაბიჯი იყოს ამ ხორცისმჭამელის პატივისცემისკენ, ამბობს ჰოლკემპი. რაც უფრო ახლოდან აკვირდებიან, მით უფრო კარგად ხედავენ ადამიანები, თუ ვინ არის სავანის ნამდვილი დედოფალი.

რეპორტაჟი კენიიდან: აიენატ მერსე
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში