თვალი ცისკენ
მსოფლიოს უდიდესი რეფრაქტორული ტელესკოპი კვლავ გაიხსნა ტურისტებისთვის.
უისკონსინის დაბა უილიამს-ბეიში, ჯენივის ტბის ნაპირას მდებარე იერქსის ობსერვატორიაში დღესაც 1897 წელია. ლითონის მოძრავი ნახევარსფერო უზარმაზარი რეფრაქტორული ტელესკოპის გარშემო ტრიალებს. ტელესკოპი 18 მეტრის სიგრძის, 6-ტონიანი გასაოცარი მოწყობილობაა ერთ ბოლოში საგულდაგულოდ გაპრიალებული, მეტრის სისქის ორი ლინზით, მეორეში კი ოკულარით. მეტად უჩვეულო რამაა.
იმისთვის, რომ ასტრონომმა ან რიგითმა დამთვალიერებელმა ტელესკოპში გახედვა შეძლოს, დისპეტჩერი არქაულ ჩამრთველს თითს ჩამოჰკრავს და ობსერვატორიის მრგვალი იატაკი ოკულარამდე თვალის მისაწვდენად შვიდი მეტრის სიმაღლეზე ადის. ამის შემდეგ მნახველმა ტელესკოპს ხელები უნდა ჩასჭიდოს და უზარმაზარი, მაგრამ მოქნილი მოწყობილობა სინათლის სასურველი წერტილისკენ მიმართოს.
(მარცხნივ) 1921 წელს აშშ-ში ვიზიტისას ალბერტ აინშტაინმა (მეშვიდე მარჯვნიდან) დაჟინებით მოითხოვა იერქსის ობსერვატორიის მონახულება.
(მარჯვნივ) ირმის ნახტომის გამოსახულება, იერქსის არქივებში დაცული 175 000-მდე მინის ფირფიტიდან ერთ-ერთი, მიიღო ე. ე. ბარნარდმა, რომელმაც მტვრის ღრუბლები აღმოაჩინა ჩვენს გალაქტიკაში.
რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, ამ ძველისძველი აპარატურის შენახვა ასტრონომიულ თანხებს მოითხოვს. დღეს, როდესაც იერქსის კართან ტურისტების გრძელი რიგი დგას, რთული დასაჯერებელია, რომ 2018 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ, ობსერვატორია ბეწვზე გადაურჩა დანგრევას.
„თანამედროვე ასტროფიზიკის აკვნად“ წოდებული იერქსი ორიოდე წლის წინ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იყო. ისტორიული მნიშვნელობის ტელესკოპი სქელ, დაბურულ ცელოფანში გაეხვიათ, როგორც განგსტერების მსხვერპლთა გვამები მძაფრსიუჟეტიან ფილმებში. ტელესკოპი, რომელიც ოდესღაც მაგნიტივით იზიდავდა საუკეთესო ასტროფიზიკოსებს და თეორეტიკოს ასტრონომებს, მათ შორის: ალბერტ აინშტაინს, ედვინ ჰაბლს, ჯერარდ კოიპერს და კარლ სეიგანს, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელმაც ობსერვატორიის პატრონობა 2020 წელს იტვირთა, 15 მილიონი დოლარი დახარჯა რესტავრაციაზე და იერქსიც ხელახლა დაიბადა. პირველად საუკუნის განმავლობაში ობსერვატორიის შენობა ფართო საზოგადოებისთვის გაიღო.

უკვე რამდენიმე წელია, რაც იერქსის პერსონალი ობსერვატორიის არსებობის ისტორიაში ყველაზე დატვირთული დღისთვის ემზადება: 2024 წლის 8 აპრილისთვის, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკელები მზის სრულ დაბნელებას იხილავენ. უილიამს-ბეიდან ეს მოვლენა 90,2%-ით გამოჩნდება და უისკონსინელები, რომელთაც ტოტალური დაბნელების სანახავად ასობით კილომეტრის გავლა არ სურთ, მზის თითქმის სრული დაბნელების სათვალთვალოდ ამ ლეგენდარულ შენობაზე უკეთეს ადგილს ვერსად იპოვიან. იერქსი საკუთარ ბრწყინვალებას მხოლოდ ზეცას როდი უმადლის: თავად შენობის თვალწარმტაცი არქიტექტურაც ერთ რამედ ღირს. ვიქტორიანული ეპოქის ყაიდაზე მოჩუქურთმებული, რომანული თაღებით და ტერაკოტის ქანდაკებებით დამშვენებული ეს შესანიშნავი ობსერვატორია ჯორჯ ელერი ჰეილმა და ჩარლზ ტაისონ იერქსმა, ორმა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერესების მქონე კაცმა დააარსა.
ჰეილი ასტროფიზიკოსი იყო და იმ დროისთვის რევოლუციური მიზანი ამოძრავებდა: სურდა დაეარსებინა დაწესებულება, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ობსერვატორიაც და აკადემიური დაწესებულებაც, სადაც ფიზიკოსები და ქიმიკოსები საკუთარ აღმოჩენებს ასტროფიზიკის უახლეს თეორიებს მიუსადაგებდნენ. ფინანსისტი იერქსი, თავის მხრივ, ჩიკაგოს ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ბიზნესმენი იყო. იერქსმა ობსერვატორიის მშენებლობა საკუთარი იმიჯის აღსადგენად დააფინანსა, მაგრამ მისმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა და ბოლოს ნიუ-იორკში მოუწია გადაბარგება. იერქსის სახე ობსერვატორიის კოლონებზეა გამოსახული, თუმცა მზაკვრული ღიმილით და თავზე ეშმაკის რქებით.

„მხატვრები გაერთნენ. იერქსი არავის უყვარდა“, – ამბობს დენის კოისი, Yerkes Future Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი. ამ ორგანიზაციამ ჩიკაგოს უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ ობსერვატორიის პატრონობა იკისრა. 200-კილოგრამიანი ლინზების დამსახურებით, რომლებიც საფრანგეთში დაამზადეს და მასაჩუსეტსამდე გემით ჩაიტანეს, იერქსის ტელესკოპი გალილეოს მიერ 1609 წელს აწყობილი ორლინზიანი პირდაპირი ხედვის ხელის ტელესკოპის ყველა დროის ყველაზე მასშტაბურ ვერსიად იქცა. რადგან იერქსი ერთ-ერთი პირველი დიდი ტელესკოპი იყო, რომელსაც ფოტოგადაღების ფუნქცია ჰქონდა, მის კორპუსს ვარსკვლავების ტრაექტორიის აღსაბეჭდად აბსოლუტური სიზუსტით უნდა ემოძრავა. ამ ურთულესი ამოცანის გადასაჭრელად მეცნიერები სასწაულებს ჩადიოდნენ და უზარმაზარ ხელსაწყოს საათის ისარივით თანაბრად და მოზომილად ატრიალებდნენ.
მალე ასტრონომებმა უპირატესობა რეფლექტორულ ტელესკოპს მიანიჭეს, რომელიც სინათლის სხივებს სარკეების მეშვეობით კრებს ფოკუსში, თუმცა ამის შემდეგაც იერქსის სახელით არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა. ობსერვატორიაში ათასობით სამეცნიერო ნაშრომი ინახება, მათ შორის ჰაბლის 1920 წელს დაწერილი სადოქტორო დისერტაცია.
ასეთია იერქსის მნიშვნელობა. ასტრონომები დღემდე იყენებენ იერქსში გადაღებულ 175 000-მდე ფოტოგრაფიულ ფირფიტას და ვარსკვლავების დღევანდელ პოზიციას მათ საუკუნის წინანდელ მდებარეობას ადარებენ, მაგრამ ოდესღაც მეცნიერებით სავსე ობსერვატორიის დერეფნები ახლა სიჩუმეს მოუცავს. შენობის რესტავრაციის მხარდამჭერ კამპანიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ასტრონომიის და არქიტექტურის მოყვარულებმა მთელი აშშ-ის მასშტაბით დიდი თანხები გაიღეს.
„ხალხს ყოველთვის უნდოდა ამ შენობის სტუმრობა“, – ამბობს კოისი. ეს თითქმის მისტიკური მიზიდულობაა, რომელიც დღემდე არ კარგავს ძალას. „საოცარია, როდესაც ხედავ სინათლის სხივს, რომელმაც მილიონობით სინათლის წელი გამოიარა, რომ მოგზაურობა შენი თვალის ბადურაში დაესრულებინა“.
