სხვისი ცხოვრების წარმოდგენა
ერთი მწერლისთვის ბავშვობაში National Geographic-ი შესაძლებლობებით სავსე სამყაროში მიმავალი კარიბჭე იყო, დღეს კი ჟურნალმა მას ახალი წიგნის დაწერა შთააგონა.
კოლეჯში ჩაბარებამდე მამაჩემი სატვირთო გემზე მუშაობდა, რომლითაც საბჭოთა კავშირი, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია და საფრანგეთი მოიარა. ბავშვობაში, სასტუმრო ოთახის სავარძელში მის გვერდით ვიჯექი ხოლმე. კალთაში ფოტოგრაფიის წიგნი ან ჟურნალი National Geographic-ი გვედო, შორეული ადგილების და ადამიანების გამოსახულებებს ვუყურებდით და მისი მოგზაურობების ამბებს ვისმენდი.
ჩემთვის ყველაზე საყვარელ ფოტოებში დაჭერილი იყო მომენტები, რომლებიც ამბავს აცოცხლებდა: ტიბეტელი მწყემსი ქალი ჭრელი სამოსით, ჰარიეტ ტაბმენის მკაცრი მზერა სტატიაში მიწისქვეშა რკინიგზის შესახებ; დოროთეა ლანგის საკულტო ფოტო, „მიგრანტი დედა“, ქალის დაღლილი სახით და ნატანჯი თვალებით.
ყოველ გამოსახულებას ინტიმურობის შეგრძნება დაჰყვებოდა, სხვისი გამორჩეული, მისტიკური შინაგანი სამყაროს წამიერი სურათი. ჩემს მოგონებებში ფოტოები და მამაჩემის ამბები ერთმანეთს ერწყმის. ჩემი თვალით ვნახე მდინარე ზამბეზიზე გაბმული თოკის ხიდი, თუ მამაჩემმა მიამბო, როგორ გადაკვეთა ის? მამაჩემმა ნახა იაპონური მაკაკა, თუ ფოტოზე ერთად ვნახეთ ეს საოცარი არსება დახრილი, თოვლით გათეთრებული წამწამებით?
სწორედ ამ მომენტების და წარმოსახვის გამო გავხდი მწერალი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ამბების თხრობის ინსტინქტი, რომელიც National Geographic-ით დაიწყო, მომავალში ჩემი საზრდო გახდებოდა. იმ ფოტოებმა თავი უფრო ფართო საზოგადოების წევრად მაგრძნობინა. მაშინ ვფიქრობდი: ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ. ჩვენ ყველანი ერთსა და იმავეს დავეძებთ: სიყვარულს, უსაფრთხოებას, ოჯახს, ბედნიერებას. და მათ პოვნაზე ყველას ყველგან თავისი დიდი ისტორია აქვს.
ჰარიეტ ტაბმენის ფოტოს ნახვიდან 30 წლის შემდეგ ჩემი პირველი რომანი, სახელად The House Girl დავწერე. წიგნი, რომელშიც მიწისქვეშა რკინიგზა ფიგურირებს, New York Times-ის უეცარი ბესტსელერი გახდა. შემდეგ გამოვეცი მეორე ბესტსელერი, The Last Romantics, რომლის ინსპირაცია ოჯახური ტრაგედია გახდა. COVID-ის კარანტინისას მესამე რომანზე დავიწყე მუშაობა. წიგნი სახელად Community Board მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც უეცარი დანაკარგისგან მიყენებული ჭრილობის მოსაშუშებლად და ცხოვრების ხალისის დასაბრუნებლად ახალ ინგლისში, ბავშვობის სახლში ბრუნდება. დარსის პერსონაჟი შთაგონებულია მამაჩემთან ერთად სასტუმრო ოთახში გატარებული წარსული შუადღეებით.

მე გავიზარდე დასავლეთ მასაჩუსეტსის პატარა ქალაქში, სადაც თოვლი მეტრებით იზომებოდა და მთელი ზაფხულის განმავლობაში ჟოლოებს ბუჩქებიდანვე ვჭამდით. ეს ძალიან მშვიდი და სასიამოვნო ადგილი იყო, თუმცა მამაჩემის ნაამბობებმა ჩემში მოგზაურობის სწრაფად მზარდი სურვილი დათესა.
როდესაც წამოვიზარდე, ბევრი ჩვენგანივით, ჩემმა ოჯახმა და ქალაქმა გამაღიზიანა. ზედმეტად შემბოჭავი და პატარა მეჩვენებოდა. ამინდი საშუალებას თუ მაძლევდა, ჩემი საძინებლის ფანჯრიდან სახურავზე ვძვრებოდი, ვარსკვლავებს ვუცქერდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: სად წავალ? ვის შევხვდები? რა მინდა გამოვიდე?
როგორც კი შევძელი, მასაჩუსეტსიდან სასწავლად, სამუშაოდ და სამოგზაუროდ გავემგზავრე კოსტა-რიკაში, ახალ ზელანდიაში, მოსკოვში, ლონდონსა და ევროპის კიდევ არაერთ ქალაქში. ეს მოხეტიალე ცხოვრება მომწონდა – ახალ ადამიანებს ვხდებოდი, სხვადასხვა ადგილას საინტერესო სამსახურებში ვმუშაობდი, მაგრამ, საბოლოოდ, საკუთარი სახლი და ხანგრძლივი ურთიერთობები ვინატრე. ასე რომ, 15 წლის წინ ჩემს ოჯახთან ერთად სიეტლში დავფუძნდი. აქ ჩემი შვილები თინეიჯერები გახდნენ და ჩემი კარიერაც წარმატებით განვითარდა.
2020 წელს, როდესაც Community Board-ის წერა დავიწყე, სამყარო უეცრად შეიცვალა. ისევე ვნერვიულობდი როგორც ყველა – ჩვენს შვილებზე, კეთილდღეობაზე, შორს მყოფი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე, მოხუცებსა და სხვა დაუცველ ადამიანებზე. წიგნის მოქმედება პანდემიამდე ვითარდება, თუმცა მთავარ მოქმედ გმირს იგივე კითხვები მოვახვიე თავს, რაც თავად მაწუხებდა: როგორ ვიპოვოთ შთაგონება, როდესაც მარტოები და შეშინებულები ვართ? როგორ დავამყაროთ კავშირები, როდესაც ვშფოთავთ? როგორ გადავაბიჯოთ საკუთარ თავს და ვიცხოვროთ ამ საშიშ და სასტიკ სამყაროში?
კარანტინმა დღეები, კვირები და თვეები გასტანა. შემდეგ სიეტლში, ჩემს პატარა უბანში მოულოდნელი მოვლენები განვითარდა. მეზობლები, 5 წლის ბავშვის დაბადების დღეს ქუჩის მეორე მხრიდან შუშხუნებით აღნიშნავდნენ; შემდეგ დაიწყო ერთმანეთისთვის საკვების მიწოდება; მოკითხვები; ექსპრომტად ჩატარებული ქუჩის კონცერტები; კართან დატოვებული ღვინის ბოთლები და საათობით გაწელილი სატელეფონო საუბრები. შევნიშნე, რომ პატარ-პატარა კეთილი საქმეები მეგობრებს, მეზობლებსა და უცნობებს შორის გახშირდა.
შეგრძნებამ, რომ დიდი საზოგადოების წევრი ვიყავი, კვლავ გამახსენა ბავშვობაში, სასტუმრო ოთახში გატარებული შუადღეები. ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ქუჩის გადასწვრივ, ქალაქში და დედამიწაზეც. სწორედ ამ გზავნილის გადმოცემა მსურდა დარსის ამბით.
ჩემი საძინებლის ფანჯრიდან სახურავზე ვძვრებოდი, მის ბრტყელ ნაწილზე მოკალათებული ვარსკვლავებს ვუცქერდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: სად წავალ? ვის შევხვდები? რა მინდა გამოვიდე?
ჩემი წარმოდგენით, დარსის ბავშვობის სახლი სავსე იქნებოდა National Geographic-ის დასტებით. საკუთარი გადაწყვეტილებით იზოლირებული დარსი გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ყველა მათგანის წაკითხვას გადაწყვეტს. კითხულობს ვიკინგების ხომალდებზე, პოეტ პაბლო ნერუდაზე, ჩილეს სანაპიროს მკვლევარ მეცნიერებზე, ფერადოვან კვეზალებზე და ამ ამბებით შთაგონებული გადაწყვეტს გარე სამყაროში დაბრუნებას და საკუთარი ცხოვრების განახლებას.
ერთ-ერთი უკანასკნელი ამბავი, რომელსაც დარსი წაიკითხავს, მალიში არსებულ ქალაქ ჯენეზეა, სადაც ყოველ წელს, წვიმების სეზონის დაწყებამდე, ქალაქის მცხოვრებლები იკრიბებიან მზეზე გამომწვარი ალიზის აგურებისგან 1200-იან წლებში აშენებული ცენტრალური მეჩეთის შესაკეთებლად. მოსახლეობისთვის ეს განახლების რიტუალია, თემის კეთილდღეობისთვის გაწეული სამსახური. ჯენეში „სიტყვა არქიტექტურა არსებითი სახელის გარდა ზმნაცაა“, წერია ფოტოს აღწერაში. ასევეა კომუნა, თავგადასავალი, სიყვარული.
დარსი იწყებს სახლიდან გასვლას მწუხარების დასაძლევად და გარშემომყოფებთან ურთიერთობის აღსადგენად. ის ხვდება ენერგიულ, ხანში შესულ ქვრივ ქალს, რომელსაც მოხუცებულთა სახლიდან გაღწევა სურს, სამი ბიჭის მამას, რომელიც უბანში თანამედროვე საბავშვო მოედნის აშენებაზე ოცნებობს, ახალბედა პოლიციელს, რომელიც დარსის სამეზობლოში მფრინავ საეჭვო დრონს მიჰყვება და სხვებს, ერთმანეთზე უფრო უცნაურ და საოცარ ადამიანებს. დროთა განმავლობაში დარსი ხვდება, რომ მწუხარების დაძლევას და საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენას მარტო ვერ შეძლებს – მას სჭირდება გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობა.
რაც არ უნდა დიდხანს ვიცხოვროთ სხვაგან, სახლი გამჯდარია ჩვენს დნმ-ში. არ აქვს მნიშვნელობა, ბოლოს რამდენი ხნის წინ გავატარეთ დრო ჩვენი ბავშვობის ბინაში, სოფელსა ან ქალაქში. ამ ადგილების ზოგიერთი ელემენტი ჩვენი ნაწილი ხდება. ამდენი წლის შემდეგ, უწინდელივით ვარსკვლავების საცქერად სახურავზე აღარ ვძვრები, თუმცა საკუთარ თავს კვლავ ვუსვამ კითხვებს სამყაროში ჩემი ადგილის შესახებ. კვლავ ვცდილობ შევიცნო საკუთარ თავთან სიმყუდროვის შეგრძნების და საზოგადოებაში საკუთარი დანიშნულების აღმოჩენის უნივერსალური სურვილები. ვწერ, რომ შევისწავლო დაუსრულებელი, გამაღიზიანებელი, მაგრამ საოცრად ლამაზი, საკუთარი თავის ძიების პროცესი. ყველა ჩვენგანისთვის სხვისი ცხოვრების წარმოდგენა ნიშნავს ასევე საკუთარი თავისთვის უფრო სავსე და მრავალფეროვან ცხოვრებაზე ოცნებას.
სიეტლში მცხოვრები ტარა კონკლინი New York Times-ის ბესტსელერების ავტორია. მისი ახალი რომანი Community Board ახლახან გამოიცა.