სოკოების საოცრებათა სამყარო
ისინი არიან ჩვენს სხეულში, ჩვენს სხეულზე და ჩვენ ირგვლივ.
სოკოების უკეთ შესწავლამ და დაცვამ შეიძლება ჩვენი საერთო მომავალი განსაზღვროს.
სოკოების საოცრებათა სამყარო
ისინი არიან ჩვენს სხეულში, ჩვენს სხეულზე და ჩვენ ირგვლივ. სოკოების უკეთ შესწავლამ და დაცვამ შეიძლება ჩვენი საერთო მომავალი განსაზღვროს.
ფლორა. ფაუნა. ფუნგა.
ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაციაში სოკოების ცალკე სამეფოდ გამოსაყოფად მარტივი არგუმენტი არსებობს: სოკოების გარეშე ჩვენთვის ცნობილი ცოცხალი ბუნების დიდი ნაწილი სხვა ფორმით, ან საერთოდ არ იარსებებდა, მაგალითად, მცენარეები მხოლოდ წყალში იცოცხლებდნენ.
არანაკლებ 400 მილიონი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიკორიზული სოკოები მცენარეებს ხმელეთის კოლონიზაციაში დაეხმარნენ. სოკოებს სიმბიოზური კავშირის დამყარება შეუძლიათ სხვადასხვა მცენარესა და ცხოველთან. მაგალითად, სოკოები მცენარეთა უმეტესობის ფესვთა სისტემებში ბინადრობენ და ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილი შაქრით იკვებებიან. სანაცვლოდ, მცენარეებს წყლისა და აუცილებელი საკვები ნივთიერებების ათვისებაში ეხმარებიან.

ქალკედონის ნახევარკუნძულზე, საბერძნეთში, ხრაშუნა სოკო კასკადებად ეშვება ხის ტოტიდან.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ჩამონათვალში, თუ რა შეუძლიათ ამ პაწაწინა საოცრებებს. საფუარი, ობისა თუ ქუდიანი სოკოების გასაოცარი მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად აღემატება მცენარეებისა და ხერხემლიანი ცხოველებისას. დაახლოებით 5 მილიონამდე სახეობის სოკო არსებობს. მათი 90% აღწერილიც კი არ არის. სოკოები არიან ჰაერში, წყალში, ჩვენს კანზე და ორგანიზმშიც კი. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა ძალიან ცოტა იციან იმის შესახებ, თუ რატომ აქვთ მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკოსისტემებში წონასწორობის შესანარჩუნებლად.
„სოკოებს შეუძლიათ გვიჩვენონ, რომ სიცოცხლე მაშინაც იწყება, როდესაც სხვა სიცოცხლე მთავრდება“, – ასე ახასიათებს ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომელი და National Geographic-ის მკვლევარი, მიკოლოგი, „სოკოების ფონდის“ დამფუძნებელი ჯულიანა ფურჩი სოკოების მნიშვნელობას ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო ციკლისთვის. იგი უკანასკენლი 14 წელია ხელმძღვანელობს კონსერვაციის პოლიტიკაში სოკოების ჩართვის კამპანიას.

ეს ტოქსიკური ლამაზი არსება ყურადღებას იპყრობს თავისი მშვენიერი მეწამული ქუდით, მის ქვეშ კი, როგორც წესი, დიდი რაოდენობით დარიშხანს ინახავს.
სტუდენტობისას, ჩილეში, ფურჩი საოცარ ნარინჯისფერ სოკოს წააწყდა და კვლევის დროს მიხვდა, რომ არათუ არ არსებობდა ამ ქვეყნის სოკოების საველე გზამკვლევი, არამედ საერთოდ არ იყო პროგრამები მიკოლოგიის სფეროში. ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა მისთვის. პირობა დადო, რომ სიტუაციას შეცვლიდა და ჩილეს ადგილობრივი სოკოების აღწერა დაიწყო.
ამჟამად ათობით მიკოლოგი უჭერს მხარს მოწოდებას, რომ სოკოების კვლევისა და კონსერვაციისთვის ისეთივე დაფინანსება განისაზღვროს, როგორიც ფლორისა და ფაუნისათვის. ჩნდება ახალი ტერმინიც, „ფუნგა“, რომელიც სოკოების რეგიონულ პოპულაციას აღნიშნავს. ამავდროულად, მიკოლოგიის სფეროში გამოჩენილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან პოლ სტამეცი (საზოგადოებამ გაიცნო 2019 წლის პოპულარული დოკუმენტური ფილმით „ფანტასტიკური სოკოები“) და მერლინ შელდრეიკი (2020 წლის ბესტსელერი წიგნის „გადახლართული სიცოცხლის“ ავტორი), თავისებურად წარმოაჩინეს ამ ფარული სამყაროს საოცრებები და სარგებელი.
გასაკვირი არაა, რომ სულ უფრო მეტი ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაზე მზრუნველი ორგანიზაცია და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN), საჯაროდ უჭერს მხარს სოკოების ჩართვას გარემოს კონსერვაციულ ღონისძიებებში. National Geographic Society-მ „ფუნგა“ დაამატა „ველური ბუნების“ თავის განმარტებაში და ამ მიმართულებით საგრანტო განაცხადების მოზიდვას გაუხსნა გზა.
(მარცხნივ) Caloscypha fulgens
„Fulgens“ ლათინურად „კაშკაშას“ ნიშნავს. ეს ნარინჯისფერი სოკო, რომელიც საბერძნეთში, ოლიმპის მთაზე მოიპოვება, წიწვოვანი მცენარეების თესლს აზიანებს.
(მარჯვნივ) Macrolepiota procera
წეროსწვივა, რომელიც ფიჭვებს შორის მოჩანს შებინდებისას, მიუხედავად იმისა, რომ გემრიელია, სარისკო არჩევანია, რადგან შეიძლება შხამასოკოში აგვერიოს.
მომდევნო გვერდებზე შეიტყობთ, თუ რატომაა ასეთი ძალისხმევა მნიშვნელოვანი ჩვენი სიცოცხლისთვის. გაეცნობით ინვაზიურ სახეობებს, რომლებიც შეიძლება მიგვანიშნებდნენ, როგორ ვიარსებებთ დამთბარ და ცვალებად სამყაროში. გაეცნობით სოკოების რთულ „მიკობიომს“ ჩვენს ორგანიზმში, რომელიც ახლებურ წარმოდგენას გვიქმნის ისეთი დაავადებების გავრცელების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, კიბო (და გარკვეულ მინიშნებებსაც გვაძლევს მკურნალობისთვის). გაიგებთ, რატომ არის მიცელიუმი უფრო ეკომეგობრული მასალა და რომ მსოფლიო უფრო დიდი პეტრის ჯამია, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.
მომავალი სოკოებისაა. ახლა დროა გავარკვიოთ, როგორი იქნება ეს მომავალი. – ნიკ მარტინი
თავი პირველი
ბუნების უცნაური მოგზაური
თვითმფრინავით, გემით თუ კლიმატის ცვლილების გზით,
სოკოები ახალ ადგილებში ჩნდებიან.
ტექსტი
სარა გიბენსი
ფოტო
აგორასტოს პაპაცანისი
ენ პრინგლი სან-ფრანცისკოს მახლობლად, ტომალეს-ბეის საშტატო პარკში სოკოებს ათვალიერებდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სახეობად მიჩნეული უამრავი შხამასოკოთი (Amanita phalloides) იყო გარშემორტყმული.
„ფეხსაც ვერ გადავდგამდი, რომ მათზე არ დამებიჯებინა“, – ამბობს პრინგლი. „ეს ნამდვილი სიკვდილის ველი იყო. სრული შემოსევა“.
ეს იყო 20 წლის წინ, როდესაც პრინგლი – ამჟამად უისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მიკოლოგი – ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში კვლევებს ატარებდა. ფართო გავრცელების მიუხედავად, დადიოდა ხმები, რომ ამ მომაკვდინებელი სოკოს წარმოშობის ადგილი კალიფორნიის სანაპირო არ ყოფილა. ექვსი წლისა და დნმ-ის მრავალჯერ სეკვენირების შემდეგ პრინგლმა დაამტკიცა, რომ ჭორები სიმართლეს შეესაბამებოდა: შხამასოკო ჩრდილოეთ ამერიკისთვის ინვაზიური სახეობა იყო და, სავარაუდოდ, ევროპიდან შემოვიდა.
შხამასოკოები, რომლებიც ახლა თავდაპირველი არეალიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით გვხვდება, სოკოთი მოწამვლის შემთხვევათა უმეტესობის მთავარი დამნაშავეები არიან. მათი ძლიერმოქმედი ტოქსინები ადამიანის ორგანიზმს მიღებიდან ექვსიოდე საათის შემდეგ უტევენ და მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას იწვევენ, რაც მკურნალობის გარეშე ფატალური ღვიძლის უკმარისობით შეიძლება დამთავრდეს. გასული წლის აგვისტოში ავსტრალიაში შხამასოკოთი სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაახლოებით 12 სანტიმეტრი სიმაღლის შხამასოკო, რომლის თეთრ ქუდს მომწვანო-მოყვითალო ელფერი დაკრავს, ადვილად შეიძლება აგვერიოს საკვებად ვარგის სოკოში.
მაგრამ შხამასოკოები ადამიანების მოსაკლავად არ გაჩენილან. ეს მიკორიზული სოკოებია და ურთიერთგადახლართული ძაფებისგან (ჰიფებისგან) ვითარდება. ჰიფები ნიადაგში იზრდება, ხის ფესვებს ეხვევა და ხეებს საკვები ნივთიერებების შეწოვაში ეხმარება. ეს ყველაფერი ჩვენ ფეხქვეშ ხდება და პრინგლისა და სხვა მეცნიერთა როგორც ინტერესს, ასევე შეშფოთებასაც იწვევს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით სოკოების სამეფოსა და იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ მიწისქვეშა ქსელების გადაწყობისას.
გასული საუკუნის განმავლობაში ჩვენი სამყარო უფრო ურთიერთდაკავშირებული გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სოკოებიც, როგორც, მაგალითად, შხამასოკო, უთვალავი მარშრუტით გაემგზავრნენ სხვადასხვა მხარეს: ისინი იმპორტირებულ მცენარეებს დაემგზავრებოდნენ ხოლმე ან, უბრალოდ, ქარი მიაფრიალებდა ასობით კილომეტრზე. ახლა კლიმატის ცვლილება ეკოსისტემებს გარდაქმნის და სოკოების ბევრი წარმომადგენელი ისეთ ადგილებში ვითარდება, რომლებიც ოდესღაც მათთვის ძალიან ცივი და მშრალი იყო. თუ ისტორია გაკვეთილად გამოგვადგება, მაშინ შეიძლება არც ვიყოთ მზად იმისთვის, რაც მომავალში გველოდება.
გარკვეული გაგებით, სოკოების სამყარო დედამიწის ფარული განზომილებაა, რომლის დანახვას მხოლოდ ახლა ვსწავლობთ.
სოკოები ნიადაგში ხარობენ და მცენარეების მსგავსად მათ საკვებად ვარგისი ღეროები უვითარდებათ, მაგრამ მრავალი მახასიათებლით ისინი საერთოდ არ ჰგვანან მცენარეებს. თუ მცენარეების უჯრედის კედელი ცელულოზისგან შედგება, სოკოებს ქიტინი აქვთ, რომელსაც მწერებისა და კიბოსნაირების გარეგანი ჩონჩხი შეიცავს. სოკოები ჰეტეროტროფები არიან და სხვა ორგანიზმებით იკვებებიან. ხშირად ფერმენტებით შლიან მერქანს და მკვდარ მცენარეთა ორგანულ მასალას. სოკოების გარეშე ტყეში მკვდარი მცენარეები და ცხოველები დაგროვდებოდა და ხეების უმეტესობას გაუჭირდებოდა საჭირო საკვები ნივთიერებების მოპოვება.
„ისინი ალბათ უფრო ახლოს არიან ცხოველებთან, ვიდრე თქვენ გგონიათ“, – ამბობს რაბერნ სიმონსი, სოკოების კურატორი პერდიუს უნივერსიტეტის ჰერბარიუმში.
მილიარდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სოკოები კონკრეტულ გარემოში ვითარდებოდნენ და არსებობდნენ, ზოგჯერ მხოლოდ ერთ პარტნიორ სახეობასთან ერთად. მაგრამ, როდესაც სოკო ათეულ ათასობით კილომეტრზე გადაადგილდება, ეს რთული ურთიერთობები შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. „ეს არის სოკოვანი პათოგენების წარმოშობისთვის იდეალური ნიადაგი“, – ამბობს სტივენ პარნელი, უორვიკის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, რომელიც მცენარეთა დაავადებების გავრცელების მოდელირებაზე მუშაობს.
გამრავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები სოკოებს გადარჩენაში ეხმარება. სხვადასხვა სახეობის სპორები, რომლებიც ჰაერით ვრცელდება, შეიძლება ახალ ჰაბიტატში შეერიონ ან სოკოების ჰიფები, რომლებიც მიწისქვეშა ქსელებს ქმნიან, ერთმანეთს შეერწყან. ექსტრემალურ სიტუაციებში ბევრი შეიძლება უბრალოდ უსქესოდ გამრავლდეს.
პარნელი ამბობს, რომ კლიმატისა და ლანდშაფტის რეკორდული ტემპით ცვლილების ფონზე ეს რეპროდუქციული თვისებები სოკოებს უნიკალურად და შემაშფოთებლად ადაპტირებადს ხდის. სოკოებს ახალ გარემოში სწრაფად გავრცელება და მათ ირგვლივ არსებული ტოპოგრაფიის შეცვლა შეუძლიათ.
30-მეტრიანი ამერიკული წაბლის ხეები ოდესღაც აპალაჩებში ხარობდნენ, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის მიწაზე სოკო Cryphonectria parasitica დასახლდა. ეს სოკო აზიური წაბლის ხეებისთვის მხოლოდ შემაწუხებელი იყო, მაგრამ ამერიკული წაბლისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. აპალაჩების გიგანტების ხმობის შემდეგ, სოკოვანი პათოგენით – ქიტრიდით გამოწვეული საფრთხის წინაშე ამფიბიები დადგნენ. ითვლება, რომ კორეის ნახევარკუნძულზე წარმოშობილი ეს სოკო ადგილობრივ ამფიბიებთან ჰარმონიულად თანაარსებობდა, მაგრამ უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ახლა ამფიბიის მინიმუმ 500 სახეობის შემცირებასთან ასოცირდება. 90 სახეობა საერთოდ გაქრა თავისი ჰაბიტატებიდან.
„ჩვენ ბიოლოგიური მასალა რამდენიმე საათში გადაგვაქვს მთელ მსოფლიოში, იმ კონტინენტებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო განცალკევებული“, – ამბობს ბენ შილი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ეკოლოგი. „შეიძლება ითქვას, თავიდან შევქმენით დისფუნქციური პანგეა“.
შარშან შემოდგომაზე პრინგლი და მისი ერთ-ერთი სტუდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში აგროვებდნენ შხამასოკოს ევროპის ტყეებში. ეს ეგზემპლარები შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებს, უკეთ გააცნობიერონ, რატომ ხარობს შხამასოკო ზოგიერთ ეკოსისტემაში და ზოგიერთში – არა.
მკვლევრები ისეთ მტაცებელს ან პათოგენს ეძებენ, რომელთა გამრავლებითაც შეძლებენ შეაჩერონ ამ სოკოების ინვაზია ტყეში. ამ მეთოდს ბიოკონტროლი ეწოდება, თუმცა პრინგლი ამბობს, რომ სოკოების თავიანთ ბუნებრივ გარემოში შესაკავებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა პრევენციაა: უცხო სახეობათა იმპორტის კონტროლი და მათში სოკოების არსებობის შემოწმება.
როდესაც გარემოში სოკოვანი დაავადებების გავრცელებას ვერ ვზღუდავთ, მათი მკურნალობისთვის უზარმაზარი ღონისძიებების გატარება შეიძლება გახდეს საჭირო. ამერიკული წაბლის აღსადგენად რამდენიმე მეცნიერი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩართული სელექციის პროექტებში. ერთ-ერთი არჩევანი გახდა საკამათო გენმოდიფიცირებული ხე. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ბაყაყები შეიძლება ქიტრიდისგან განიკურნონ, სოკოს აღმოფხვრა იმ გარემოდან, სადაც მან უკვე შეაღწია, თითქმის შეუძლებელია. გასულ წელს ახალი კვლევით დადგინდა, თუ როგორ გამოიმუშავებს შხამასოკო ძლიერ ტოქსინს. ამით გაიხსნა კარი შესაძლო ანტიდოტის შესამუშავებლად.
სიმონსი აღნიშნავს, რომ ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებელ ბრძოლაში გამარჯვებისთვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – როგორც კაცობრიობისთვის, ისე სოკოებისთვის. „ჩვენ ვპოულობთ რაღაცებს, რაც გარკვეულწილად სასარგებლო აღმოჩნდება ხოლმე კაცობრიობისთვის, მაგალითად, ბიოსაწვავი ან სამკურნალო თვისებების მქონე ნაერთები. რაც დაცული იქნება, შეიძლება ერთ დღეს ჩვენივე შექმნილი მორიგი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს, ამატებს იგი.

თავი მეორე
ფარული სამეფო
სოკოები ადამიანებს უფრო ახლოს ენათესავებიან, ვიდრე მცენარეებს. სიცოცხლის ხეზე ცალკე სამეფოდ აღიარების მიუხედავად, ამ ორგანიზმების მხოლოდ მცირე ნაწილია ცნობილი მეცნიერებისთვის.
გრაფიკა
ჯეისონ ტრიტი
ილუსტრაცია
ქეითი ვიდმანი


სტუდიაში გადაღებული ეს ქუდიანი სოკო ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე გავრცელებული ჰალუცინოგენური სოკოების მრავალ სახეობას შორის ერთ-ერთია.
თავი მესამე
სოკოები ჩვენს სხეულში
ინახავს თუ არა სოკოების სამეფო ჯანმრთელობის ძველი და გადაუჭრელი პრობლემების მოგვარების გასაღებს?
ტექსტი
ლენგდონ კუკი
ორი წლის წინ სამედიცინო მკვლევრებმა, რომლებიც კიბოს უჯრედებს აკვირდებოდნენ, განაცხადეს, რომ უცნაური და მოულოდნელი მეზობელი იპოვეს: სოკოები. ეს სოკოები სიმსივნეების გვერდით მხოლოდ კი არ ბინადრობენ, არამედ მინიშნებებსაც იძლევიან, თუ რამდენად მომაკვდინებელი შეიძლება იყოს კიბო. მსხვილი ნაწლავის კიბოსთან დაკავშირებული საფუარი სოკო – კანდიდა – მეტასტაზების ზრდას პროგნოზირებდა, ხოლო კუჭ-ნაწლავის კიბოს შემთხვევაში გადარჩენის მცირე შანსთან იყო კორელაციაში.
ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, ეს სოკოები ამწვავებენ დაავადებას, თუ დაავადება როგორღაც სოკოების ინკუბაციას იწვევს, მაგრამ, ეს აღმოჩენები იმას მაინც მიანიშნებს, რომ შეიძლება არსებობდეს ახალი გზა ადამიანების ადრეული დიაგნოსტიკისა და დაავადების უკეთესი პროგნოზირებისათვის.
„თავდაპირველად გავოცდით“, – ამბობს ილიან ილიევი, ნიუ-იორკში კორნელის უნივერსიტეტის უაილის სამედიცინო კოლეჯის იმუნოლოგი და ერთ-ერთი მკვლევარი, რომელმაც სოკო კიბოსთან დააკავშირა. კანდიდას გარდა, მისმა გუნდმა აღმოაჩინა ამ დაავადებასთან დაკავშირებული სოკოს კიდევ რამდენიმე სხვა სახეობა, როგორებიცაა ბლასტომიცეტები ფილტვის კიბოში და მალასეზია – საფუარი სოკო, რომელიც დაკავშირებულია ძუძუს კიბოსთან.
ამ სიურპრიზის ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ბევრისთვის, შეიძლება იყოს კიდევ ერთი კავშირი სოკოსა და ჩვენს ჯანმრთელობას შორის. სამკურნალო სოკო მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ფორმით იყიდება: ნაყენების, კაფსულების, ფხვნილისა თუ ჩაის სახით. ეს 27-მილიარდდოლარიანი ბიზნესია, რომელიც 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, გაორმაგდება, ნაწილობრივ – კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასთან ასოცირების გამო.
თუმცა მკვლევრები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზე იმყოფებიან სოკოების ჭეშმარიტი სამკურნალო თვისებების დადგენის თვალსაზრისით. 2022 წელს ინდოეთსა და ბელგიაში მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ამ საკითხის შესახებ არსებული რეცენზირებული ლიტერატურის ყოვლისმომცველი მიმოხილვა. მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებ 32 სახეობისა გამოიკვეთა პერსპექტიულად, ანგარიშის მიხედვით მხოლოდ 10-მდე სახეობაზე ჩატარდა კლინიკური ტესტირება მათი პოტენციური სამკურნალო თვისებების გამოსავლენად.
სამკურნალო სოკოების პარადოქსი ისაა, რომ მათ შველაც შეუძლიათ და ზიანის მოყენებაც. ამ განსხვავების გაგება და ჩვენი ცოდნის სწორად გამოყენება დამოკიდებულია უფრო ფართო არეალის შესწავლაზე, რომელსაც მიკობიომი ეწოდება.

ადამიანის ორგანიზმი, რა თქმა უნდა, უცხო არ არის კარგი და ცუდი სოკოებისთვის. საფუარი კუჭში, რომელიც საჭმლის მონელებას არეგულირებს, კარგია. სოკოვანი ინფექცია კანზე – არც ისე. ტრილიონობით პაწაწინა მიკრობს შორის, რომლებიც ჩვენს სხეულზე ან სხეულში დაბალანსებულად ბინადრობენ, არის ბაქტერიები, ვირუსები და ერთუჯრედიანი უმარტივესები, რომლებიც ჩვენი მიკრობიომის ნაწილია. სოკოებიც ამ სამყაროს მიეკუთვნებიან, მაგრამ ბოლო წლებში მკვლევრებმა მათ ცალკე სახელი მიანიჭეს – მიკობიომი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზმები საკმაოდ განსხვავებულად მოქმედებენ.
ჰონკონგში, ჩინეთის უნივერსიტეტის Microbiota I-Center-ის დირექტორი სიუ ინგი ამბობს, რომ სოკოების საზოგადოება კუჭ-ნაწლავის მიკრობიომის „მცირე, მაგრამ გადამწყვეტი კომპონენტია“, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნაწლავის სოკოებს, როგორებიცაა კანდიდა, საქარომიცეტები და კლადოსპორიუმი, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ისინი დაავადებებთანაც არიან დაკავშირებულნი. მაგალითად, კანდიდას ჭარბმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს დისბიოზი, რომელიც ასოცირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან, მათ შორის, მსხვილი ნაწლავის კიბოსთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგი სოკო მეტისმეტად გამრავლების შემთხვევაში შეიძლება გამძვინვარდეს და ცუდ სოკოდ გადაიქცეს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის, დიპაკ საქსენასთვის, ეს კითხვა მარტივია: რატომ ბინადრობს ზოგიერთი სოკო სიმსივნეებში? საქსენას კვლევითი ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც პანკრეასის კიბოში სოკოები გამოავლინა. 2019 წელს მათ დაადგინეს, რომ საფუარ მალასეზიას შეუძლია წვრილი ნაწლავიდან პანკრეასისკენ მიგრაცია და კიბოს უჯრედებში დასახლება. საქსენა ვარაუდობს, რომ პანკრეასში სოკოების არსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს იმუნოსუპრესიით ან ორგანიზმში გარემოს სხვა ცვლილებით, რასაც სიმსივნე უწყობს ხელს. თაგვებზე ჩატარებულ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში საქსენამ დაინახა, რომ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ხელს უშლის სიმსივნის პროგრესირებას, თუმცა უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ის, რაც თაგვებზე მუშაობს, ხშირად პირდაპირ არ ვრცელდება ადამიანებზე.
სოკოს სპეციალისტებისთვის არც ისე ადვილია ერთის გამოყენება მეორის სამკურნალოდ. როგორც ინგი ამბობს, ისეთი ტრადიციული სოკოები, როგორებიცაა რეიში და Trametes versicolor, იმუნიტეტს ამაღლებენ და ქიმიოთერაპიის ეფექტს აძლიერებენ. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ სოკოს მრავალი სახეობა რეალურად შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნაერთებს, მათ შორის ბიოაქტიურ ნახშირწყლებს და ტერპენებს, რომლებიც იმუნური სისტემის სტიმულაციას იწვევენ, თუმცა კვლავ რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რომელი დოზაა ყველაზე ეფექტური და იმოქმედებს თუ არა რომელიმე მათგანი, როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება.
ამჟამად ბაზარზე არ არსებობს აშშ-ის სურსათისა და წამლების მარეგულირებელი სააგენტოს მიერ დამტკიცებული, სოკოს ბაზაზე დამზადებული კიბოს სამკურნალო საშუალებები ან იმუნიტეტის გამაძლიერებლები.
ოქტომბრის ერთ მოღრუბლულ დღეს ვაშინგტონში, პორტ-ანჯელესის მახლობლად, რობერტ როჯერსი დაბურულ ტყეში ხეტიალობდა. მას თან სოკოს თორმეტიოდე უშიშარი მკრეფავი ახლდა, რომლებიც ოლიმპიკის ნახევარკუნძულის სოკოს ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში სპეციალურ ექსკურსიაზე დარეგისტრირდნენ. მან მიანიშნა მარაოს ფორმის სოკოზე – Trametes versicolor-ზე, რომელიც დამპალ მორზე ამოზრდილიყო. ფორმითა და შეფერილობით ის ინდაურის კუდს ჰგავს და მას ასეც უწოდებენ.
როჯერსი საკუთარ თავს კლინიკოს ჰერბალისტს უწოდებს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიჩნეული სოკოებისა და ლიქენების საველე გზამკვლევის ავტორია. ის ერთ-ერთი ენთუზიასტია მრავალთა შორის, ვინც ჩაატარა კვლევა სოკოების ჩასართავად ჯანმრთელობისთვის ზრუნვის ყოველდღიურ რუტინაში – ხშირად პრევენციული ღონისძიების სახით. სოკოების უმეტესობა, რომელთაც ხშირად მოვიხმართ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფიტონუტრიენტებს შეიცავენ. რაც შეეხება კიბოს, სამკურნალო სოკოები, როგორიცაა Trametes versicolor, „ადგილზევე არ კლავენ კიბოს უჯრედებს. ისინი იმუნური სისტემის სტიმულაციას იწვევენ თავისი საქმის შესასრულებლად“, – განმარტავს იგი.
უფრო კონკრეტულად, როგორც ინგი ამბობს, Trametes versicolor აძლიერებს ციტოკინების გამომუშავებას, რაც ეხმარება უჯრედის რეაქციას უცხო პათოგენთან ან სიმსივნესთან საბრძოლველად. ამ სოკოს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. მისგან მიღებული ქიმიური ნივთიერება დაახლოებით 50 კლინიკური კვლევის საგანი ყოფილა.

ფოტოსტუდიაში გადაღებული ახლო კადრების გარდა, ეს სახეობა შეგიძლიათ ნახოთ აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში მუხის, ნეკერჩხლისა და წიფლის ხეებზე.
რაც შეეხება სოკოებსა და კიბოს უჯრედებს შორის კავშირს, ილიევი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ეს „ბიოლოგიურად წარმოუდგენელი“ იყო, მაგრამ შემდეგ „ფრთხილი ოპტიმისტი“ გახდა მიკობიომის მეტი საიდუმლოების ამოცნობის თვალსაზრისით.
შეადარეთ სამკურნალო სოკოს პოტენციური სარგებელი პენიცილინის გამოჩენას. სოკოს ბაზაზე დამზადებული პენიცილინი – ინფექციასთან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლი თანამედროვე ეპოქაში – შემთხვევით აღმოაჩინეს თითქმის ერთი საუკუნის წინ, მას შემდეგ, რაც ექიმმა ობის სოკოს სტაფილოკოკის ბაქტერიასთან ერთად გამრავლების საშუალება მისცა პეტრის ჯამში. ვინ იცის, კიდევ რა სხვა კავშირები შეიძლება აღმოვაჩინოთ ახლა, როცა ძიება დავიწყეთ?
თავი მეოთხე
მოდის მომავლის მოყვანა
მიკოტექსტილის სამყაროში მოდურ ნივთებს სათითაოდ ზრდიან.
ავტორი
გირი ნეითანი
ფოტო
ფილის მა
დღევანდელ რუმინეთში სულ უფრო მცირდება იმ ხელოსანთა რიცხვი, რომლებიც მრავალსაუკუნოვან საქმიანობას მისდევდნენ. ისინი ტყეში ეძებენ აბედა სოკოს (Fomes fomentarius), რომელიც ხეში იზრდება და ქერქის გარეთ წარმოდგენილია რამდენიმე სანტიმეტრის სიგანის თაროს ფორმით. ხის ღეროდან სოკოს მოაშორებენ და სიგრძეზე წვრილ ზოლებად ჭრიან. შემდეგ ამ ზოლებს აბრტყელებენ და ჭიმავენ ფართო, თექის მსგავს ფენებად, რომლებსაც ამადუს უწოდებენ, მისგან კი ქუდებს, ჩანთებს, სამკაულებს და დეკორატიულ ნაკეთობებს ამზადებენ.
ეს მასალა ლამაზი და ეკოლოგიურად სუფთაა, თუმცა მისი შეგროვება და დამუშავება დიდ შრომას მოითხოვს. ახლანდელი ალასკის ტერიტორიის მკვიდრი ხალხი, ტლინკიტი, ჯერ კიდევ 1903 წელს ჭილოფის მსგავსი გამძლე მასალისგან ჩანთებს ამზადებდა. 2021 წელს ჟურნალ „მიკოლოგიაში“ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მასალას წარმოქმნის აგარიკის სოკო – Laricifomes officinalis, რომელიც წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის უძველესი ტყეების მკვიდრია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, დამზადების პროცესი ეფუძნებოდა მასალის შეგროვებას და არა მათ მასობრივ წარმოებას.
დღეს, სამხრეთ კაროლინაში, 12 600 კვადრატული მეტრი ფართობის ნაგებობაში, ბიოტექნოლოგიური კომპანია MycoWorks, პირველად, უფრო მიზანმიმართულად და მასშტაბურად უდგება სოკოების გამოყენებას. მკრთალი წითელი განათების ქვეშ ლითონის კოლოფები მაღალ სვეტებად არის დაწყობილი. ირგვლივ დიდი მექანიკური ხელები ტრიალებს, რომლებიც მზად არის, სათითაოდ წაუღოს ისინი სტერილურ კოსტიუმებში გამოწყობილ ტექნიკოსთა მცირე ჯგუფს, რათა მათ ფარნებით კარგად შეამოწმონ შიგთავსი.
თითოეულ კოლოფში ინკუბირებულია მიცელიუმი, თხელი ძაფების ქსელი, რომელიც სოკოსთვის მცენარის ფესვთა სისტემის ანალოგია. მიცელიუმი სასწაულებრივი სტრუქტურული წარმონაქმნია, რომელიც ერთდროულად არის რბილი, მკვრივი და გამძლე, რის გამოც ის პოტენციურად ტყავის შესანიშნავი შემცვლელია. მიცელიუმის წინასწარ განსაზღვრულ ფორმებად გაზრდა შეიძლება რთულია, მაგრამ ბიოტექნოლოგიის ბოლოდროინდელმა მიღწევებმა გზა გაუხსნა მიკოტექსტილის ინდუსტრიას.
ასეთი ადრეული მცდელობები, როგორც ჩანს, უფრო ეთიკური, ეკოლოგიურად მდგრადი და ეფექტურია ცხოველთა ტყავის წარმოების მრავალმილიარდდოლარიან ინდუსტრიასთან შედარებით. MycoWorks მხოლოდ ერთ-ერთი საინტერესო ნოვატორია. ყველა მათგანი დიდ ფსონს დებს, რომ მიცელიუმის უფრო უკეთ შესწავლამ შეიძლება ხელახლა გააფართოოს მოდის და დიზაინის საზღვრები.
MycoWorks-ის თანადამფუძნებელი ფილ როსი 30 წელიწადზე მეტია ექსპერიმენტებს ატარებს განოდერმაზე. ამ გვარის სოკოები აბედა სოკოს მსგავსად იზრდებიან ველურ ბუნებაში. როგორც ხელოვანმა, როსმა სოკოებით ფორმების გამოყვანა ისწავლა. 2009 წელს მან ააშენა „ჩაის სახლი“ აგურებისგან, რომლებიც შეიძლებოდა აგეღოთ და ჩაი დაგეყენებინათ.

როსი თავდაპირველად მიკოლოგიის ბაზაზე დამზადებულ სამშენებლო მასალებს განიხილავდა, თუმცა 2015 წელს ფეხსაცმლის მწარმოებელთა კომპანიის გამოკითხვამ უბიძგა მას და თანადამფუძნებელ სოფია ვანგს, მოდაზე გადაეტანათ აქცენტი. მასალას, რომელსაც ახლა MycoWorks-ი აწარმოებს, „რეიში“ ეწოდება, რომელიც სოკო განოდერმას იაპონური სახელწოდებიდან არის ნასესხები.
ეს დაბალტექნოლოგიური და ენერგოეკონომიური ოპერაცია იწყება სოფლის მეურნეობის ნარჩენებით, როგორიცაა ნახერხი და ქატო. მას ათბობენ არსებული მიკრობების დასახოცად, რომლებმაც შეიძლება კონკურენცია გაუწიონ სოკოს. სტერილიზაციის შემდეგ სუბსტრატს სხვადასხვა ზომის კოლოფში ათავსებენ. შემდეგ ამ მასას უმატებენ განოდერმას, რომელიც იკვებება სუბსტრატით, გადაამუშავებს მას და იზრდება ამ ბიომასაში. ზოგიერთ შემთხვევაში, კოლოფში შეიძლება დაემატოს ქსოვილი, როგორც საყრდენი მიცელიუმისთვის, რომელიც მის გარშემო შემოიქსოვება და წარმოქმნის კომპოზიტურ მასალას. მიცელიუმის შრე საბოლოოდ გამოცალკევდება ნახერხის ბლოკისგან და ზრდა ჩერდება. ამის შემდეგ შესაძლებელია მისი „თრიმვლა“, რათა შეიქმნას მასალა, რომელიც ადვილად შეიძლება აგვერიოს ტრადიციულ ტყავში, სანამ მისგან ჩანთას ან ქუდს დაამზადებენ.
მართალია, მიცელიუმის გაზრდა მექანიზებულ საწყობებში შეიძლება, თუმცა ნიდერლანდური კომპანია Neffa-ს (New Fashion Factory) დამფუძნებელი, ანიელა ჰოიტინკი, ჩანთების, მაისურების თუ აბაჟურების დასამზადებლად თხევადი კულტურების მეთოდს იყენებს. ამ მეთოდის ერთი ნივთმტკიცება მისი პატარა შავი ჩანთაა. მიცელიუმის სუსპენზიის დასამზადებლად Neffa იყენებს ბიორეაქტორებს – ლუდსახარშის მსგავს ფერმენტაციის სისტემას. შემდეგ, სასურველი ფორმის მისაღებად, გადაწურულ მასალას ყალიბში აშრობს.

პათოგენური სოკო, G. sessile (წარმოდგენილი ეგზემპლარი კულტივირებულია) ფოთლოვანი ხეების ფესვებით იკვებება.
„თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ შექმნათ დიზაინი პროდუქტისგან და არა მასალისგან“, – ამბობს ჰოიტინკი, ჭიმავს რა ჩანთის მბზინავ, შავი ფერის მასალას, რომელიც გარეგნულად რაღაც შუალედურია პლასტმასასა და ტყავს შორის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თხევადი კულტურების მეთოდი თავისუფლად ექსპერიმენტირების საშუალებას იძლევა, ამბობს ჰოიტინკი. მისივე თქმით, კომპანიის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მასალების შევსება ბრენდირებული არომატებით ან, თუნდაც, კანის მოვლის ისეთი ინგრედიენტებით, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, ფსორიაზის სამკურნალოდ.
ეს მხოლოდ ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია ამ ტიპის ნაწარმსა და სტანდარტულ ტყავს შორის. გარდა ამისა, ორივე კომპანია ფიქრობს ეკოლოგიურ ზემოქმედებასა და მათი პროდუქციის სრულ სასიცოცხლო ციკლზე. მაგალითად, MycoWorks-ის „რეიში“ მთლიანად ბიოდეგრადირებადია – წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ძველი ფეხსაცმლის გადაგდება შეიძლება მის კომპოსტირებას ნიშნავდეს.
მაშინ, როდესაც დიდი კომპანიები იმედოვნებენ, რომ სოკოებს სრულიად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების წარმოებისთვის გამოიყენებენ, დამოუკიდებელი დიზაინერები იკვლევენ, რა პოტენციალი აქვთ მათ გადაყრილი ქსოვილების უზარმაზარი გროვის მოდიფიცირების ან დაშლის თვალსაზრისით. ნიუ-იორკელი დიზაინერი ჰელენ ელსტონი რამდენიმე წლის წინ ლონდონში მოდას შეისწავლიდა. მაშინ მან ნარჩენებს ეთიკური გამოსავალი მოუძებნა. იგი პოულობს ძველ ტანსაცმელს ან ნაფლეთებს, ერთმანეთზე აკერებს, ასტერილებს და შემდეგ ამატებს მიცელიუმის აპლიკაციას.

ჩინეთში, იაპონიასა და კორეის ნახევარკუნძულზე გავრცელებული მიკოპარაზიტი T. Paradoxum-ი იპყრობს მის მასპინძელ ციკადას. ფოტო გადაღებულია სტუდიაში.
მომდევნო თვეებში ის აკვირდება მასალაში მიცელიუმის შეღწევას, რომელიც ზოგჯერ შერჩევით შთანთქავს ბუნებრივ ბოჭკოებს და იგნორირებას უკეთებს სინთეტიკურს, ზოგჯერ კი საღებავს ახალ, გასაოცარ ფერებს ანიჭებს. წინა ექსპერიმენტებში ელსტონმა მიცელიუმს საშუალება მისცა, არსებული მასალა მთლიანად დაეშალა.
მეგი პაქსტონი, ნიუ-იორკელი მიკოფილი, რომელიც ახალ პიგმენტებს ეძებს, ამერიკული მოდის სახლისთვის აბრეშუმის კაბებს სოკოს საღებავებით ამუშავებს. ცოტა ხნის წინ მან ქვაბში ადუღა Scleroderma citrinum-ი. ეს სოკოები ძველ გოლფის ბურთებს ჰგავს, ყავისფერი ელფერით. ის გაოცებული დარჩა, რომ აბრეშუმმა „ყველაზე ლამაზი ვარდისფერი“ მიიღო – ფერი, რომელიც მომავალი კოლექციის შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს.
მრავალი დიზაინერი ჯერ კიდევ გაკვირვებულია სოკოების ქცევით – ისინი თითქოს ცოცხალ, უცხო პლანეტის ინტელექტთან თანამშრომლობენ. „ზოგადად ეს განაპირობებს ამ სფეროს მიმართ მგზნებარე ინტერესს. წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა ჯადოქრობა იმალება ჩვენ თვალწინ“, – ამბობს პაქსტონი. „ჩვენი მიზანი ამის გაგებაა“.