მოდის სასაფლაო უდაბნოში
ჩილეს უდაბნოში, ატაკამაში, მსოფლიოს უამრავი პოპულარული ბრენდის ტანსაცმელი გროვებად ყრია. ეს არის თანამედროვე სწრაფი მოდის სახე.
მოდის სასაფლაო უდაბნოში
ჩილეს უდაბნოში, ატაკამაში, მსოფლიოს უამრავი პოპულარული ბრენდის ტანსაცმელი გროვებად ყრია. ეს არის თანამედროვე სწრაფი მოდის სახე.
ატაკამის უდაბნო ჩრდილოეთ ჩილეში წყნარი ოკეანის სანაპიროსა და ანდებს შორის არის გადაჭიმული. ესაა მოწითალო-მონარინჯისფრო კანიონებითა და მწვერვალებით სავსე ვრცელი უნაყოფო ტერიტორია. როგორც დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი უდაბნო, ის აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაშია იმ ტურისტებისთვის, რომელთაც ღამის მოწმენდილ ცაზე სურთ დაკვირვება. იმის გამო, რომ აქაური მშრალი, კლდოვანი ლანდშაფტი მარსს წააგავს, NASA-ს აქ მარსმავლებიც კი გამოუცდია.
მაგრამ ატაკამამ ნაკლებად სახარბიელო რეპუტაციაც შეიძინა: აქ არის მსოფლიოში ტანსაცმლის ერთ-ერთი უდიდესი ნაგავსაყრელი. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ე. წ. სწრაფ მოდას: იაფი ტანსაცმლის მასობრივ წარმოებას. დღეს სწრაფი მოდის გამო იმდენი ტანსაცმელი იყრება, რომ გაერო ამას „გარემოსდაცვით და სოციალურ საგანგებო მდგომარეობას“ უწოდებს. ნაკადის შეკავება კი ძნელია.
ეს ყველაფერი კარგად ჩანს რიცხვებში. 2000-2014 წლებში ტანსაცმლის წარმოება გაორმაგდა, ხოლო მომხმარებლებმა 60%-ით მეტი სამოსის ყიდვა და ორჯერ ნაკლები დროით გამოყენება დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ წარმოებიდან ერთ წელიწადში ტანსაცმლის სამი მეხუთედი ნაგავსაყრელსა ან ნაგავსაწვავზე ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ წამს იმდენი ტანსაცმელი იყრება ან იწვება, რომ სატვირთო მანქანას გავავსებდით. მსგავსი დაწესებულებები ძირითადად სამხრეთ აზიასა და აფრიკაში გვხვდება, სადაც უამრავი გამოყენებული ტანსაცმელი იგზავნება, იქ კი ვერ ახერხებენ მათი დიდი ნაწილის ათვისებას. განის დედაქალაქის, აკრის მახლობლად მდებარე ნაგავსაყრელზე 60% ტანსაცმელია, რომელიც 20 მეტრ სიმაღლეს აღწევს. ეს ადგილი ამ კრიზისის სიმბოლო გახდა.
ინტერნეტში გავრცელებულ ერთ ვიდეორგოლში ჩრდილოეთ ჩილეს ნაგავსაყრელს „მოდის ნაგვის დიდი ლაქა“ უწოდეს ცნობილი „წყნარი ოკეანის ნაგვის დიდი ლაქის“ მსგავსად. გადაყრილი ტანსაცმლის ვეებერთელა გროვებს, მსოფლიოს ყველა ქვეყნის იარლიყებით, ბოლო არ უჩანს. ეს ალტო-ოსპისიოს, 120 000-მაცხოვრებლიანი ღარიბი ქალაქის მახლობლად ხდება. ერთ ხეობაში ხელოვნური ქურქებისა და პერანგების გროვაზე მზეზე გახუნებული ჯინსები და პიჯაკები ყრია, აქა-იქ ბოთლები, ჩანთები და სხვა ნაგავი ურევია.
როდესაც ინტერნეტში ტანსაცმლის გროვების ფოტოები გავრცელდა, ბევრმა ჩილელმა გაკვირვება გამოხატა. „სახტად დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ განვითარებული ქვეყნების ქსოვილის სანაგვე გავხდით“, – ამბობს ფრანკლინ სეპედა, დირექტორი კომპანიისა, რომელიც ეკონომიკის წრიულ მოდელზე მუშაობს. როგორ გახდა სამხრეთამერიკული ქვეყანა მსოფლიოს მიერ დაწუნებული სამოსის საწყობი? ეს უკავშირდება როგორც გლობალიზაციასა და ვაჭრობას, ისე მოდის სწრაფად ცვლად ტენდენციებს.

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოთ, რომ ეს სამყაროს მოწყვეტილი უდაბნო, ჩილეს მჭიდროდ დასახლებული პუნქტებიდან ათასი კილომეტრის მოშორებით, გახდა სწრაფი მოდის ნაგავსაყრელი. მაგრამ ქვეყანაში – უფრო ზუსტად, ატაკამის დასავლეთ კიდეზე, იკიკეს სანაპირო ქალაქში – სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი უბაჟო პორტიცაა. ევროპიდან, აზიიდან და ამერიკის ორივე კონტინენტიდან აქ ყოველწლიურად მილიონობით ტონა ტანსაცმელი შემოდის. მაგალითად, ჩილეს საბაჟო სამსახურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შარშან 46 მილიონი ტონა ტანსაცმელი მიიღეს.
თავისუფალი ვაჭრობის პორტები ეკონომიკურ აქტივობას უწყობენ ხელს. აქ ჩვეული გადასახადების გარეშე შესაძლებელია საქონლის შემოტანაც და მისი ხელახლა გატანაც. იკიკეს პორტი 1975 წელს დაარსდა სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ადგილობრივი ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. ჩილე გახდა მეორადი ტანსაცმლის ერთ-ერთი უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში, რამაც გარდაქმნა იკიკე. როდესაც სწრაფმა მოდამ იფეთქა, იმპორტიც გაიზარდა.
„თავისუფალი ვაჭრობის ზონა ნამდვილი რევოლუცია იყო ქალაქის მცხოვრებლებისთვის“, – ამბობს ბერნარდო გერერო, სოციოლოგი „ფუნდასიონ კრეარში“ – ორგანიზაციაში, რომელიც იკიკეს ისტორიასა და კულტურას შეისწავლის. „უცბად მათთვის ხელმისაწვდომი გახდა ისეთი რაღაცები, რაზეც ვერასოდეს იოცნებებდნენ, მაგალითად, საკუთარი მანქანა“. გერერო იხსენებს, რომ 1990-იან წლებში ქალაქში თითქმის ყველას ერთნაირი ქურთუკი ეცვა, როდესაც მათი დიდი პარტია შემოვიდოდა ხოლმე. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

დღეს თავისუფალ სავაჭრო ზონაში სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 2000 ბიზნესკომპანია მუშაობს. ნახევარზე მეტი უცხოურია. საწყობების შესასვლელებს სხვადასხვა ბრენდის ხელით ნახატი ლოგოები ამშვენებს. ვიწრო ქუჩებში დახვავებულია გამოყენებული მანქანები – კიდევ ერთი მსხვილი საიმპორტო საქონელი. თავისუფალი ზონა, ასევე, ნარჩენი ქსოვილის დასახარისხებელ პუნქტად გადაიქცა.
„პრინციპში, ჩვენ მსოფლიოს ტანსაცმელს გადავამუშავებთ“, – ამბობს მეჰმეთ ილდიზი, რომელიც ჩილეში 20 წლის წინ ჩამოვიდა თურქეთიდან და ტანსაცმლის საიმპორტო კომპანიას, „დილარას“, ფლობს. ილდიზს ტანსაცმელი აშშ-დან და ევროპიდან ჩამოაქვს, ძირითადად მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებიდან, როგორიცაა „გუდვილი“. როდესაც სამოსი იკიკეში შემოდის, მუშები მათ ოთხ კატეგორიად ახარისხებენ: უმაღლესიდან – უხარისხომდე. ილდიზი შემდეგ საუკეთესო სამოსს დომინიკელთა რესპუბლიკაში, პანამაში, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში აგზავნის; ხანდახან უკან აშშ-შიც კი ყიდის ხელახლა.
ტანსაცმელი, რომელზეც იმპორტიორები უარს ამბობენ, სატვირთო მანქანებზე ხვდება და მიდის ალტო-ოსპისიოს მახლობელ ნაგავსაყრელზე, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. იქ მას თავიდან ახარისხებენ და ყიდიან პატარა მაღაზიებში, ბაზრობებსა და ლა-კებრადილიაზე, უზარმაზარ ბაზრობაზე ღია ცის ქვეშ. აქ თითქმის ერთი კილომეტრის ჩაყოლებაზე მეორადი ტანსაცმლის 7000-მდე დახლია გაშლილი.
სამოსი, რომელიც ბაზრობაზე არ იყიდება, უდაბნოში მიდის. უმეტესობა სინთეტიკური, არაბიოდეგრადირებადი მასალისგანაა დამზადებული. ნაწილი მიაქვთ ადამიანებს, რომლებიც გადაყრილ ტანსაცმელში გამოსადეგ ნივთებს პოულობენ. ერთ გრილ შუადღეს ქალი, სახელად ხენესისი, გამოსასვლელ ტანსაცმელში, ექთნის ფორმებში, საცვლებსა და Crocs-ის ფეხსაცმელებში იქექებოდა. ცივი ღამეებისთვის თბილი ქსოვილები და საბნები ამოარჩია, უფრო კარგი ქსოვილები კი ლა-კებრადილიაზე გასაყიდად მოაგროვა – ამ ნივთებში მცირე გასამრჯელოს ასაღებად.
„მე ყველაფერი მადგება“, – თქვა მან სიცილით და წარმოიდგინა, როგორ მოიხდენდა მარწყვებიან საზაფხულო კაბას. „გაგვიმართლა, რომ ეს ვიპოვეთ“.

ადრე მეორადი ბაზრები ძალიან გამოსადეგი იყო, დღეს კი გადაყრილი სამოსის მოცულობას ვერ უმკლავდებიან. გაჩნდა დიდი და პატარა პროექტები პრობლემასთან გასამკლავებლად.
2018 წელს სეპედამ დააფუძნა სტარტაპი, რომელიც გადაყრილი ქსოვილისგან შენობის თბოიზოლაციის პანელებს ამზადებს. „ჩემთვის მოტივაციის წყაროა ეს იდეა, რომ ამდენი ნარჩენისგან შეგვიძლია დავამზადოთ ნედლი მასალა და ვაწარმოოთ ახალი პროდუქტები, ამით კი შევამციროთ ტანსაცმლის რაოდენობა ჩვენს უდაბნოში“, – ამბობს იგი.
სანტიაგოში დაფუძნებული კიდევ ერთი ახალბედა კომპანია, „ეკოსიტექსი“, გადაყრილი ქსოვილისგან ძაფს ამზადებს. „ჩვენი მისიაა, ჩილე გადაყრილი ქსოვილისგან გავათავისუფლოთ“, – ამბობს როსარიო ჰევია, „ეკოსიტექსის“, მფლობელი. ამასობაში იკიკეში ტანსაცმლის იმპორტიორი „დილარა“ გეგმავს, წელს ქსოვილის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნას, რათა ნახმარი ტანსაცმლისგან ავეჯის ბალიშების შიგთავსი აწარმოოს.
ესაა პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ყველაზე დამაიმედებელი გამოსავალი, რომელიც პრობლემის მასშტაბს გაუმკლავდებოდა, ჩილეს მთავრობის ხელშია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2050 წლამდე ყოველ წელს 3,4 მილიარდი ტონა ნაგავი დაგროვდება. ბევრი ქვეყანა ნახმარი ქსოვილის მოვლაზე პასუხისმგებლობას მწარმოებელს აკისრებს. ისეთი პოლიტიკა, როგორიცაა მწარმოებლის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა, დამკვიდრდა ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, ავსტრალია, იაპონია, კანადა და ამერიკის ზოგიერთი შტატი.
2016 წელს ჩილემ მსგავსი კანონი შემოიღო და მას „მწარმოებლის გაზრდილი პასუხისმგებლობა“ დაარქვა. ეს კანონი მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ანგარიშვალდებულს ხდის ნარჩენების ექვს კატეგორიაზე: საპოხ ზეთებზე, ელექტროაპარატურაზე, აკუმულატორებზე, პატარა ბატარეებზე, შესაფუთ მასალასა და საბურავებზე. თავდაპირველად ტექსტილი სიაში არ მოხვდა.
ტომას საიეგი, რომელიც ჩილეს გარემოს დაცვის სამინისტროს წრიული ეკონომიკის ოფისს უძღვება, ამბობს, რომ მისი გუნდი კანონში პროდუქტის სამი კატეგორიის, მათ შორის ტექსტილის დამატებაზე მუშაობს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, დავკეტოთ ონკანი, რომ ტანსაცმელი აღარ მოხვდეს უდაბნოში“, – ამბობს იგი. „ჩვენი ოცნებაა, ჩილე ნაგავსაყრელიდან გადამამუშავებელ ცენტრად გადავაქციოთ“.
ამასობაში, მოდაში ჩნდება და ქრება „აუცილებლად შესაძენი“ სამოსის ტენდენციები, ონლაინგაყიდვები იზრდება, მივიწყებული ტანსაცმლის გროვები კი ატაკამის უდაბნოს წითელ ქვიშაში ხვავდება.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში