სასიცოცხლო მიგრაცია
გაეცანით 15J-ის პირველი გადაფრენის დეტალებს – ის ერთ-ერთია გადაშენების პირას მყოფი ამერიკული წეროებიდან, რომელთაც თავისი სახეობის გადარჩენისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში ყოველწლიურად თითქმის 8000 კილომეტრის დაფარვა უწევთ.
სასიცოცხლო მიგრაცია
გაეცანით 15J-ის პირველი გადაფრენის დეტალებს – ის ერთ-ერთია გადაშენების პირას მყოფი ამერიკული წეროებიდან, რომელთაც თავისი სახეობის გადარჩენისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში ყოველწლიურად თითქმის 8000 კილომეტრის დაფარვა უწევთ.
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდთან ერთად 250 მეტრის სიმაღლეზე ვერტმფრენით მგზავრობისას უზარმაზარ ტაიგას გადავყურებდი, რომელიც კანადის ვუდ-ბუფალოს ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ დროს ერთ-ერთი მეცნიერის გაფრთხილება გაისმა: „ფრინველია ჩვენ მარცხნივ!“.
პილოტმა პოლ სპრინგმა ვერტმფრენი მარცხნივ შემოაბრუნა, რათა დახრილი კუთხიდან ჰორიზონტზე გადაჭიმული უთვალავი გუბურა უფრო მკაფიოდ გამოჩენილიყო. ამ წყალ-ჭაობის შუაგულში ორი თოვლივით თეთრი ლაქა შევნიშნეთ მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმაღლე სულ რაღაც 1,5 მეტრი იყო.
„აი ბარტყიც“, – აღნიშნა კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის (ECCC) ბიოლოგმა ჯონ კონკინმა და ბინოკლი ჟანგისფერი შეფერილობის ფრინველისკენ მიმართა, რომელიც თავის მშობლებზე ოდნავ დაბალი იყო და მარშს დიდი ნაბიჯებით მიაპობდა. სპრინგმა ვერტმფრენი მიწაზე დაუშვა. კონკინი და მისი ეკოლოგი კოლეგა მარკ ბიდუელი, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ბიოლოგ დეივ ბრანდტთან და კანადელ გარეულ ცხოველთა ვეტერინარ სენდი ბლეკთან ერთად, ჩამოხტნენ ვერტმფრენიდან.
მათ მხოლოდ 12 წუთი ჰქონდათ მოუხელთებელი სამიზნის მოსაძებნად და დასაჭერად: მათგან განსხვავებით, გარეული ამერიკული წეროს ბარტყი ტალახსა და გაუვალ ბუჩქნარში თავისუფლად გადაადგილდება. თუ დროში ვერ ჩაეტეოდნენ, დევნაზე უარის თქმა მოუწევდათ, რათა ფრინველებისთვის მეტისმეტი სტრესი არ მიეყენებინათ.
როდესაც მკვლევრები ბუჩქნარში გაუჩინარდნენ, სპრინგი და მე 150 მეტრ სიმაღლეზე ავფრინდით, რომ მათ ვერტმფრენიდან დავხმარებოდით. ადამიანების მიახლოება რომ იგრძნეს, მშობელმა წეროებმა გიგანტური ფრთები გაშალეს და გაფრინდნენ. ბარტყის უკან ჩამოტოვება მოუწიათ. „ბარტყს ვხედავ, – ამცნო სპრინგმა გუნდს რაციით, – ზუსტად ვერტმფრენის ქვეშაა. ვერტმფრენისკენ დაიძარით“.
გუნდმა ქვეტყე სწრაფად გადაკვეთა; სხარტად მიიწევდნენ წინ, რომ ჭაობიან ლანდშაფტში არ ჩაფლულიყვნენ. ფრინველის დაჭერაში დაოსტატებული კონკინი ბარტყს მიუახლოვდა; მას ნისკარტი, თავი და ფეხები დაუჭირა და ფრთხილად მოიქცია იღლიაში.


წყარო: წეროთა საერთაშორისო ფონდი
6 წუთი და 36 წამი – ფრინველი დაჭერილია. ახლა უფრო ტექნიკური პროცესის დროა. აქოშინებულმა გუნდის წევრებმა აღჭურვილობა ამოალაგეს. ბრანდტმა ბარტყი კალთაში ჩაისვა, კონკინმა კი ცალ ფეხზე რადიოგადამცემი დაუმაგრა, ხოლო მეორეზე ფერადი რგოლები შეაბა.
ამასობაში, ვეტერინარმა ბლეკმა ფრინველს თვალები შეუმოწმა და მისი სხეულის მდგომარეობა შეაფასა. მან მოაგროვა ბიოლოგიური მასალა – სისხლი, ბუმბულები, ნერწყვი და ფეკალური მასის სინჯი – რათა ლაბორატორიული კვლევებით დაედგინათ ფრინველის სქესი და გაერკვიათ, ჰქონია თუ არა შეხება მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან ან დაავადებებთან, მათ შორის მაღალპათოგენურ ფრინველის გრიპთან (HPAI). ამის მერე ბარტყი აწონეს.
საქმის დამთავრების შემდეგ ბრანდტმა ბარტყი ნაზად აიყვანა ხელში, მარშის კიდესთან მიიყვანა, ფრთხილად დასვა და სწრაფად გამობრუნდა. ეს ბარტყი, რომელიც მეცნიერებისთვის დღეს 15J-ის სახელითაა ცნობილი, საპირისპირო მიმართულებით გაეშურა, შემდეგ წამით შეჩერდა, ბუმბული აიშალა, ფეხზე შებმული ახალი სამკაული გააფართხალა და თავის მშობლებს დაუბრუნდა მარშში.
ეს ამერიკული წეროები ჩრდილოეთ ამერიკის კონსერვაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი წარმატების სიმბოლოს წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, ისინი მსოფლიოში ბინადარი წეროების 15 სახეობას შორის უიშვიათეს სახეობად რჩებიან და დღემდე გადაშენების პირას არიან. მეცნიერების ვარაუდით, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში 10 000-მდე ამერიკული წერო ბინადრობდა, თუმცა ჰაბიტატის დაკარგვისა და მონადირეების წინააღმდეგ ისინი ვერაფერს გახდნენ. 1900-იან წლებში მათ ხოცავდნენ საკვებად, ნადირობით თავშესაქცევად და ბუმბულისთვის, რომლითაც XX საუკუნის დამდეგს ქუდებს ამზადებდნენ. 1941 წლისთვის მხოლოდ 16 გადამფრენი ამერიკული წერო დარჩა, რომლებიც სეზონურად ჩრდილოეთ კანადიდან ტეხასის სანაპირომდე სირთულეებით აღსავსე 4000 კილომეტრს ფარავდნენ.
უკანასკნელი 70 წელიწადია კონსერვაციის, კანონმდებლობის ცვლილების, ჰაბიტატის შენარჩუნების, ტყვეობაში გამრავლებისა და კვლევების შედეგად ფრინველთა პოპულაცია ნელ-ნელა აღდგა. ამჟამად 800-ზე მეტ ამერიკულ წეროს ვითვლით, რომელთაგან 530-ზე მეტი გადაფრენის ცენტრალური სამიგრაციო მარშრუტის გუნდს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენების უმეტესობა თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული ტყვეობასა და სახეობათა რეინტროდუქციის ექსპერიმენტულ პროგრამაში ლუიზიანასა და უისკონსინში. და მაინც, არაერთი ექსპერტის თქმით, ნაადრევია ფრინველების გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოღება. ამერიკული წეროს პოპულაციის აღდგენის გეგმაში ეკოლოგიური და გენეტიკური სტაბილურობის მისაღწევად სამი ძირითადი სტრატეგიაა. პირველი მოიცავს ცენტრალური სამიგრაციო მარშრუტის პოპულაციის რიცხვის გაზრდას იმდენად, რომ ისინი გადაურჩნენ პოტენციურად კატასტროფულ მოვლენას, როგორიცაა მომაკვდინებელი ფრინველის გრიპი. მეორე სტრატეგია ტყვეობაში გაზრდილი პოპულაციის შენარჩუნებაა, რათა განსაცდელისგან მეტად იყვნენ დაზღვეულნი. მესამე კი გარეულ ფრინველთა დამატებით ორი ავტონომიური გუნდის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რათა წეროები ქვეყნის სხვა მხარეებშიც მომრავლდნენ, სადაც ისტორიულად ბინადრობდნენ.
15J-ის მსგავსი ბარტყების მხოლოდ ერთი მესამედი აღწევს გამრავლების ასაკს – ოთხ ან ხუთ წელს. მათ წითური ფოცხვრები და კოიოტები ინადირებენ ან მიგრაციის დროს დაქანცულობითა და შიმშილით იხოცებიან. ისინი ადამიანის საქმიანობით გამოწვეული საფრთხეების წინაშეც დგანან, მათ შორისაა დაბინძურებული წყალ-ჭაობები, ბრაკონიერები, ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებსაც ყოველწლიურად მილიონობით ფრინველი ეწირება.
ისინი ფრინველთა სამყაროს თეთრი დათვებივით არიან. მათი გადაშენება იმას ნიშნავს, რომ პლანეტის ერთ-ერთი უმშვენიერესი სახეობის გადარჩენა ვერ შევძელით. ჩემი ვიზიტი ვუდ-ბუფალოს ეროვნულ პარკში რამდენიმეთვიან თავგადასავლად იქცა, რომლის დროსაც 15J-ის ხიფათით აღსავსე მოგზაურობას ვადევნებდი თვალს.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს, ფრინველთა მიგრაცია ბუნების ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოებად რჩება. როგორ აგნებენ გზას დიდ მანძილებზე? მიგრაციის მარშრუტი გენეტიკურადაა მათში ჩაბეჭდილი, თუ შემდეგ სწავლობენ? შეუძლიათ თუ არა სამიგრაციო მარშრუტების შეცვლა, რათა თანამედროვე სამყაროს საფრთხეებს თავი აარიდონ, მათ შორის ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებასა და სულ უფრო ექსტრემალურ ამინდებს.
სატელიტურ ტელემეტრიასა და გრძელვადიან მონიტორინგში ტექნოლოგიური წინსვლა წეროების შემსწავლელ ბიოლოგებს ზოგიერთი საიდუმლოების ამოხსნაში ეხმარება. 2009 წლიდან ცენტრალური სამიგრაციო მარშრუტის გუნდის 178 ინდივიდი აღჭურვეს მზის ენერგიაზე მომუშავე რადიოგადამცემებით, რათა ფრინველთა ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები შეეგროვებინათ. მე შესაძლებლობა მომეცა, სიახლეები მიმეღო 15J-ისა და 17 სხვა „J-ფრინველის“ კოჰორტის შესახებ, რომლებიც 2022 წლის აგვისტოში დარგოლეს.
პირველი სიახლე ოქტომბრის შუა რიცხვებში მივიღე: 15J ჰაერში იყო და სამხრეთისკენ მიემართებოდა პარკის გარეთ. სავარაუდოდ, კლებადმა ტემპერატურამ და ჩრდილო-დასავლეთის ქარებმა მის ოჯახს გადაფრენისკენ უბიძგა; მათ ვუდ-ბუფალოს ტერიტორია დატოვეს და მომდევნო საღამოს, პარკიდან 800 კილომეტრის დაშორებით, სასკაჩევანში ჩაფრინდნენ.
წეროს ფრენის სიმაღლიდან

1957 წელს გამოშვებული Cessna-ს თვითმფრინავით ჩრდილოეთისკენ მოგზაურობისას – ტეხასის არანზასის ეროვნული ნაკრძალიდან კანადის ვუდ-ბუფალოს ეროვნულ პარკამდე – პილოტმა კრისტოფერ ბოიერმა და ფოტოგრაფმა მაიკლ ფორსბერგმა გადამფრენი ამერიკული წეროების თვალით დანახული ლანდშაფტი 2022 წლის გაზაფხულზე აღბეჭდეს. ეს ტრანსკონტინენტური ფრინველები თითქმის 4000-კილომეტრიანი „ლაშქრობისას“ ძლიერ ქარებსა თუ ქარბუქებში შეიძლება მოყვნენ; მათ ასევე სიფრთხილით უნდა შეარჩიონ, სად შეჩერდებიან საკვებად და დასასვენებლად. ბუნებაში არსებული გამოწვევების გარდა, როგორებიცაა ცუდი ამინდი, გვალვა და მტაცებლები, წეროებმა ადამიანის ქმედებით გამოწვეული საფრთხეები უნდა დაძლიონ – ელექტროგადამცემი ხაზებიდან თუ დაბინძურებული წყალ-ჭაობებიდან დაწყებული, ბრაკონიერებით და ურბანული განაშენიანებით დამთავრებული. ყოველწლიური მოგზაურობები, რომლებიც ჯამში 8000 კილომეტრს შეადგენს, იმდენად დამქანცველია, რომ გამრავლების ასაკამდე წეროების მხოლოდ ერთი მესამედი აღწევს.
1. ტეხასის არანზასის ეროვნული ნაკრძალის მლაშე მარშები წეროებისთვის ძირითადი გამოსაზამთრებელი ადგილია. ეს დაცული ტერიტორია 1937 წელს დაარსდა. როდესაც გაზაფხულის მიგრაცია იწყება, წეროები უკან იტოვებენ ტეხასის სანაპირო ზოლის 47 000-ჰექტრიან თავშესაფარს.
2. სანაპირო არხი, არანზასის ეროვნული ნაკრძალი
3. რედ-რივერი ბერკბერნეტთან, ტეხასში, ტეხას-ოკლაჰომას საზღვრის გასწვრივ
4. ფერმა ალფალფასთან, ოკლაჰომა
5. ოკლაჰომაში, კანზასის საზღვართან, სოლტ-პლეინსის ეროვნულ ნაკრძალში, დიდი სოლტ-პლეინსის ტბის კიდესთან გაშლილი მლაშე ვაკეები კარგ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს.
6. ქარის ელექტროსადგური კემპბელთან, ნებრასკა
7. ნებრასკაში, გიბონთან მდებარე მდინარე პლატის განიერი და არაღრმა, დაწნული არხები ფრინველებს გაშლილი სივრცითა და მრავალი ხელსაყრელი საბუდრით უზრუნველყოფს.
8. გაზაფხულზე მინდვრებს ამზადებენ სათესად; მდინარე პლატი გიბონთან, ნებრასკა
9. მიდლ-ლუპ-რივერის ველი, არკადიასთან, ნებრასკა
10. წრიული სარწყავი სისტემა სასოფლო-სამეურნეო მინდვრების ქსელში ატკინსონთან, ნებრასკა
11. დათოვლილი გზა კენელთან, სტენდინგ-როკის ინდიელების რეზერვაცია, სამხრეთი დაკოტა
12. სასკაჩევანში, უოტრუსთან ახლოს, პრერიის ეს გუბურა მნიშვნელოვანი ოაზისია
13. სატვირთო მატარებელი ალანთან, სასკაჩევანი
14. ღია სამთო სამუშაოებით ბიტუმოვანი ქვიშების მოპოვება ფორტ-მაკკეისთან, ალბერტა
15. ეს ამრეკლავი ბორეალური წყალ-ჭაობები ვუდ-ბუფალოს ეროვნულ პარკში (ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები) წეროებისთვის კარგად ნაცნობ გამრავლების ადგილზე დაბრუნებას ასახავს. ეს უმნიშვნელოვანესი სეზონური თავშესაფარი ბუდეების მოსაწყობად, ბარტყების გასაზრდელად და კვლავ ტეხასისკენ საშემოდგომო მოგზაურობისთვის მოსამზადებლად უსაფრთხო სივრცეს წარმოადგენს.
1. ტეხასის არანზასის ეროვნული ნაკრძალის მლაშე მარშები წეროებისთვის ძირითადი გამოსაზამთრებელი ადგილია. ეს დაცული ტერიტორია 1937 წელს დაარსდა. როდესაც გაზაფხულის მიგრაცია იწყება, წეროები უკან იტოვებენ ტეხასის სანაპირო ზოლის 47 000-ჰექტრიან თავშესაფარს.
2. სანაპირო არხი, არანზასის ეროვნული ნაკრძალი
3. რედ-რივერი ბერკბერნეტთან, ტეხასში, ტეხას-ოკლაჰომას საზღვრის გასწვრივ
4. ფერმა ალფალფასთან, ოკლაჰომა
5. ოკლაჰომაში, კანზასის საზღვართან, სოლტ-პლეინსის ეროვნულ ნაკრძალში, დიდი სოლტ-პლეინსის ტბის კიდესთან გაშლილი მლაშე ვაკეები კარგ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს.
6. ქარის ელექტროსადგური კემპბელთან, ნებრასკა
7. ნებრასკაში, გიბონთან მდებარე მდინარე პლატის განიერი და არაღრმა, დაწნული არხები ფრინველებს გაშლილი სივრცითა და მრავალი ხელსაყრელი საბუდრით უზრუნველყოფს.
8. გაზაფხულზე მინდვრებს ამზადებენ სათესად; მდინარე პლატი გიბონთან, ნებრასკა
9. მიდლ-ლუპ-რივერის ველი, არკადიასთან, ნებრასკა
10. წრიული სარწყავი სისტემა სასოფლო-სამეურნეო მინდვრების ქსელში ატკინსონთან, ნებრასკა
11. დათოვლილი გზა კენელთან, სტენდინგ-როკის ინდიელების რეზერვაცია, სამხრეთი დაკოტა
12. სასკაჩევანში, უოტრუსთან ახლოს, პრერიის ეს გუბურა მნიშვნელოვანი ოაზისია
13. სატვირთო მატარებელი ალანთან, სასკაჩევანი
14. ღია სამთო სამუშაოებით ბიტუმოვანი ქვიშების მოპოვება ფორტ-მაკკეისთან, ალბერტა
15. ეს ამრეკლავი ბორეალური წყალ-ჭაობები ვუდ-ბუფალოს ეროვნულ პარკში (ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები) წეროებისთვის კარგად ნაცნობ გამრავლების ადგილზე დაბრუნებას ასახავს. ეს უმნიშვნელოვანესი სეზონური თავშესაფარი ბუდეების მოსაწყობად, ბარტყების გასაზრდელად და კვლავ ტეხასისკენ საშემოდგომო მოგზაურობისთვის მოსამზადებლად უსაფრთხო სივრცეს წარმოადგენს.
სხვა ამერიკული წეროების მსგავსად, რომლებიც პარკს ტოვებენ, 15J და მისი მშობლები იქ ხანგრძლივად შეჩერდნენ; დასასვენებლად და ძალების აღსადგენად სარგებლობდნენ პრერიების გუბურებით, მარჩხობი წყალ-ჭაობებით, რომლებიც 10 000 წლის წინ მყინვარების უკან დახევის შედეგად წარმოიქმნა, და დიდი ვაკეების ჩრდილოეთ კიდესთან მდებარე ტერიტორიებით. ამ რეგიონში დასასვენებლად ჩაფრენილ მილიონობით ფრინველს სულ უფრო მეტი ისეთი საფრთხე ემუქრება, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო ქიმიური ნივთიერებებით, მათ შორის, სასუქებითა და პესტიციდებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლები. თუმცა, ადრეულ შემოდგომაზე ეს ტერიტორია მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან უხვად მორჩენილი მარცვლეულით უზრუნველყოფს და ისინი მწერებით, ამფიბიებითა და წყალ-ჭაობების სხვა პატარა არსებებითაც იკვებებიან. წეროები ამ მრავალმხრივ ნაყოფიერ მიწაზე, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირით ჩერდებიან.
3 ნოემბერს, 15J და მისი მშობლები ჩრდილოეთ დაკოტაში ჩაფრინდნენ, საიდანაც სამხრეთისკენ სვლა დაიწყეს. სამი დღისა და 500 კილომეტრის შემდეგ 15J-ის რადიოგადამცემი სამხრეთ დაკოტაში სატელეკომუნიკაციო ანძას დაუკავშირდა. 14 ნოემბერს, თითქმის 500 კილომეტრითა და კიდევ ერთი შტატით სამხრეთით მათ ერთი ღამე ნებრასკაში, მდინარე პლატთან გაატარეს, სადაც წეროები ნარიყი ქვიშის კუნძულებზე იბუდებენ და საკვებს მდინარის გვერდით არხებში, სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ნოტიო მდელოებზე იძიებენ.
ფოტოგრაფმა მაიკლ ფორსბერგმა, რომელიც უკანასკნელი ოთხი წელია ამერიკულ წეროებს უღებს ფოტოებს, ერთ-ერთ დილას იქ 15J შენიშნა მდინარესთან საკვების ძიებისას. მან ადგილიდანვე მომწერა: „უკანასკნელი ორი საათი პლატზე 15J-თან ერთად გავატარე. ვერ ვიჯერებ. ახლახან გაუდგნენ გზას. იქ მიეშურებიან, სადაც თბილა. აქ ცივა. მდინარე იყინება“.
თუმცა, ჯანმრთელი ამერიკული წეროების რიცხვის ზრდასთან ერთად, ასეთმა გაჩერებებმა შესაძლოა მათ უფრო ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას. ერთი წლის წინ ბიოლოგებმა, რომლებიც მდინარე პლატზე ფრინველებს აკვირდებოდნენ, ერთ გუნდში 46-ზე მეტი ამერიკული წერო დათვალეს; ეს გადამფრენი გარეული წეროების ყველაზე დიდი გუნდია, რომელიც კი აშშ-ში უკანასკნელ ათწლეულებში დაუფიქსირებიათ. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ წეროები მრავალრიცხოვან ჯგუფებად გადაადგილებას ხელახლა სწავლობენ, რაც თვითგადარჩენისთვის აუცილებელი ბუნებრივი ტაქტიკაა, თუმცა ეს ჩვენთვის ღელვის საგანიც შეიძლება გახდეს. როდესაც საერთო პოპულაციის ამდენად დიდი პროცენტი ერთ სივრცეში იყრის თავს, ჩნდება რისკი, რომ ექსტრემალურმა კლიმატურმა მოვლენამ ან დაავადების გავრცელებამ კვლავ რადიკალურად არ შეამციროს მათი რიცხვი.

ახლახან ფრინველის გრიპმა მილიონობით სხვა ფრინველი შეიწირა 81 ქვეყნის მასშტაბით. ველური ბუნების მართვის კოორდინატორები მობილიზებულნი არიან, რომ გადაშენების პირას მყოფი ფრინველების, მათ შორის ამერიკული წეროების, პოპულაციებში ეპიდემია არ გავრცელდეს. უისკონსინში, კერძოდ ბარაბუში, წეროთა საერთაშორისო ფონდმა ბიოუსაფრთხოების ზომები მიიღო ტყვეობაში მყოფი წეროების გარეულ ფრინველებთან კონტაქტისგან დასაცავად და მათგან ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.
სანამ 15J განაგრძობდა ნოემბრის მოგზაურობას სამხრეთისკენ, ლუიზიანაში ჩავფრინდი, რათა მენახა ამერიკული წეროების „2022 წლის გამოშვება“ ახალ ორლეანში მდებარე ფრიპორტ-მაკმორანის ოდიუბონის სახელობის სახეობათა გადარჩენის ცენტრში. იქ ექვსთვენახევრის წეროებს უკვე შეეძლოთ ფრენა. ამ დროს მათი ბუნებაში გაშვება უსაფრთხოა.
2011 წლის გაზაფხულიდან სახეობის რეინტროდუქციის ამ პროექტს ლუიზიანის ველური ბუნებისა და თევზჭერის დეპარტამენტი უძღვება. პირველ სეზონზე ბიოლოგებმა ტყვეობაში გამრავლებული 10 ბარტყი გაუშვეს ბუნებაში, კერძოდ, ვერმილიონის ოლქში მდებარე თეთრი ტბის წყალ-ჭაობების საკონსერვაციო ტერიტორიაზე. ამის შემდეგ მეტი პატარა წერო შეემატა გუნდს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ლუიზიანაში ბინადრობს, რადგან ფრინველთა ზოგი პოპულაცია არ მიგრირებს, თუკი ისინი მხოლოდ ერთ ადგილას ცხოვრებას არიან მიჩვეულნი და ყველაფრით არიან უზრუნველყოფილნი. ამ შტატში ყურადღებით აკონტროლებენ ფრინველებს და ხშირად იმ მიწის მესაკუთრეებთან თანამშრომლობენ, რომლებიც არ აპროტესტებენ, რომ წეროები მათ ბრინჯის მინდვრებში საკვებს იძიებენ. ლუიზიანის ფრინველთა გუნდი ამჟამად 80-მდე წეროსგან შედგება. პროექტის მიზანი 120-მდე ინდივიდისგან – მათ შორის 30 რეპროდუქციული წყვილისგან – შემდგარი ავტონომიური პოპულაციის ჩამოყალიბებაა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ახალი წევრების დამატება არ დასჭირდება.
გამთენიისას მივედი, რომ ფრინველთა ბუნებაში დაბრუნებას დავსწრებოდი. ამ დღეს წეროები სახეობათა გადარჩენის ცენტრიდან თეთრ ტბასთან ჩაჰყავთ, რათა მარშში გაუშვან. ცენტრის ასისტენტ-კურატორი რიჩარდ დანი ჭიშკართან შემხვდა და გეგმა გამაცნო. შემოღობილ სივრცეებში 10 პატარა წეროს დაჭერის შემდეგ ბიოლოგების გუნდი მათ აწონის და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუმოწმებს. შემდეგ თითოეულ ფრინველს მუყაოს ნასვრეტებიან ყუთში ჩასვამენ და ფურგონში მოათავსებენ თეთრ ტბაზე გადასაყვანად.
თეთრ ტბაზე ლუიზიანის ველური ბუნებისა და თევზჭერის დეპარტამენტის თანამშრომელი ევა სისკოსკი დაგვხვდა. სისკოსკი თვალყურს ადევნებდა ფრინველების დარგოლვას და მათთვის გადამცემების დამაგრებას. შემდეგ წეროები ყუთებით ნავზე გადაიყვანეს და გრძელი არხის გავლით ბადეებით გარშემორტყმული მარშის ტერიტორიაზე შეიყვანეს. ამ შემოღობილ სივრცეში სატყუარა წერო იდგა, რათა პატარა ფრინველებს ახალ სახლში შეჰგებებოდა.
წეროები ყუთებიდან ერთიმეორის მიყოლებით ამოჰყავდათ და თეთრკოსტიუმიან ბიოლოგს ატანდნენ, რომელიც შენიღბული იყო ბარტყების იმპრინტინგის პრევენციის მიზნით. ბაკში გაშვების შემდეგ მათ ფრთები დაიბერტყეს და ამ მეტისმეტად გრძელი დღის შემდეგ გაიზმორნენ.
მომდევნო დილას სისკოსკი წეროებს ესტუმრა, რომლებიც ჯგუფურად მოძრაობდნენ, თითქოს აფრენა უნდოდათ. სულ მალე ბადეები აიხსნებოდა და მათ ამ ტერიტორიაზე გაბნევის საშუალება მიეცემოდათ. ბევრი გათავისუფლებული ფრინველი ხშირად გაშვებიდან პირველივე წელიწადს იღუპება. ეს იმითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ტყვეობაში გაზრდილი წეროებისთვის ველური ბუნება უცხოა. სისკოსკის თქმით, ისინი გულუბრყვილოები არიან და ადამიანების სიახლოვეს ბინადრობენ, ამიტომ ელექტროგადამცემ ხაზებთან და ღობეებთან გადაკვეთის მაღალი შანსი აქვთ.
ლუიზიანაში ბიოლოგი ევა სისკოსკი რეინტროდუქციის პროგრამიდან გამოშვებულ ფრინველებთან კომუნიკაციას ამყარებს და ხის მარიონეტით წეროს ქცევების იმიტაციას ცდილობს (მარცხენა ფოტო).
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ბიოლოგი დეივ ბრანდტი (მარცხნივ) და წეროთა საერთაშორისო ფონდის ვეტერინარი ბარი ჰარტაპი დაშავებულ ამერიკულ წეროზე ზრუნავენ ტეხასში (მარჯვენა ფოტო).
დაახლოებით 2600 კილომეტრის მოშორებით, 15J ამერიკის შუაგულს კვეთდა. 15 ნოემბერს მისი რადიოგადამცემი ოკლაჰომაში ფიჭური კავშირის კოშკურას დაუკავშირდა. ამ შტატში ახლახან ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქარის ელექტროსადგური ამუშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კანონმდებლები და ენერგოსექტორი ნახშირბადის კვალის შემცირებას ცდილობენ, საკითხავია, როგორ ზეგავლენას მოახდენს ეკომეგობრული ენერგეტიკული პროგრესი და ჰაბიტატში შეჭრა გადამფრენ ფრინველებზე, მათ შორის ამერიკულ წეროებზე. ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს არსებები ქარის ელექტროსადგურებს თავს არიდებენ, რაც მათ ხელს უშლის, მიგრაციისას კონკრეტულ დასასვენებელ ადგილებში შეჩერდნენ. სულ მცირე, 5500 ტურბინა აღმართეს ფრინველთა მიმოფრენის მარშრუტზე და კიდევ 18 000-ზე მეტის აღმართვას გეგმავენ. ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ამერიკული წერო ტურბინას ემსხვერპლა, მაგრამ ამის პარალელურად ელექტროგადამცემი ხაზების რაოდენობა მატულობს, რაც ბუნების დამცველი ჯგუფების უმთავრესი საფიქრალია. ეს ჯგუფები იბრძვიან, რომ ასეთი ადგილები მეტი სიფრთხილით შეირჩეს, რათა პოტენციური შეჯახებების რისკი შემცირდეს და ელექტროგადამცემი ხაზები ამრეკლავი ნიშნებით უფრო მეტად შესამჩნევი გახდეს.
ერთი დღისა და 420 კილომეტრის შემდეგ 15J ჩავიდა ტეხასში. ნოემბრის მიწურულს მისგან შემოსული სიგნალები შეწყდა. დეივ ბრანდტმა მითხრა, რომ იგი, სავარაუდოდ, მობილური კავშირის კოშკურებისგან შორს, შტატის 47 000 ჰექტარზე გადაჭიმულ არანზასის ეროვნულ ნაკრძალში იმყოფებოდა, რომელიც 1937 წელს დაარსდა როგორც გადამფრენი წყლის ფრინველებისა და სხვა ველური ცხოველების თავშესაფარი. თუ ასეა, მისი პირველი შემოდგომის მიგრაცია წარმატებით დასრულდა – მან ერთ თვემდე პერიოდში 4000 კილომეტრზე მეტი იმოგზაურა და შეძლო, ზამთარი ტეხასში, მექსიკის ყურის სანაპიროზე გაეტარებინა.
სანაპირო ზოლის, მლაშე მარშებისა და ზღვის მოქცევითი ტალღებით წარმოქმნილი ტბორების ეს თვალწარმტაცი პეიზაჟი „ზამთრის სცენაა“, რომელზეც ამერიკული წეროები და მათი ცხოვრების თანამგზავრები საგულდაგულოდ დადგმული ცეკვებით ტიხტიხებენ და ბალერინებივით ბზრიალებენ.
თუმცა, ამ გამოსაზამთრებელ მიწებზეც არსებობს საფრთხეები, მაგალითად, სანაპირო ზოლის განაშენიანება და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის მატება. ზოგიერთი მეცნიერის პროგნოზით, აწეული ზღვის დონე და შედეგად ამ ტერიტორიაზე შეჭრილი მლაშე ზღვის წყალი ტეხასის სანაპირო ზოლის მტკნარი წყალ-ჭაობების ტერიტორიების 50%-ზე მეტს ოკეანის წყლად აქცევს 2100 წლამდე. ამასობაში, ხანგრძლივი გვალვებისა და სან-ანტონიოს მსგავსი „მწყურვალი“ ქალაქების გამო მტკნარი წყლის შენაკადების რაოდენობა მცირდება. სანაპირო ესტუარებში მარილიანობის დონის ცვლილება უარყოფითად ზემოქმედებს ცისფერ კიბორჩხალებსა და გოჯი ბერის მცენარეზე, რომლებიც ამერიკული წეროების უმთავრესი საკვები წყაროა. ბუნების დამცველი ზოგიერთი ჯგუფი გვაფრთხილებს, რომ მთლიანი ეკოსისტემის უფრო გააზრებული კონსერვაციის გარეშე ამერიკულმა წერომ შეიძლება ამ საუკუნის დასასრულამდე დაკარგოს ერთადერთი გამოსაზამთრებელი ადგილი.

დეკემბერში ბრანდტს ტეხასში შევხვდი, რათა 15J-ისა და სხვა „J-ფრინველების“ ადგილმდებარეობის დადგენა გვეცადა. სანაპირო არხის გასწვრივ ვიდექით და გავყურებდით მლაშე მარშს, რომელიც სულ მცირე კილომეტრ-ნახევარზე იყო გადაჭიმული. ის თუმცა შეხედვით ვრცელი ტერიტორია ჩანდა, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულებში განაშენიანების შედეგად განადგურებული ისტორიული მარშის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენდა. უეცრად ბალახში ჩაფლული დიუნიდან ორი ამერიკული წერო აფრინდა. მათი თეთრი ბუმბული მზის სინათლეზე ბზინავდა. „აქ იმიტომ არიან, რომ ეს ყველაფერი სანაპიროს გასწვრივ სხვაგან არსად აღარ გვხვდება“, – თქვა ბრანდტმა ამ მდიდარი ჰაბიტატის შესახებ. „ნახევარკუნძულის ამ ნაწილში მთლიანი პოპულაციის თითქმის 40% იზამთრებს“.
მომდევნო დილას, გამთენიისას, სათევზაო ნავით გავედით და არანზასის თავშესაფრისა და მიმდებარე სანაპირო ზოლების გასწვრივ 15J-ს უშედეგოდ ვეძებდით რვა საათის განმავლობაში. სამაგიეროდ ვიპოვეთ ამერიკული წეროების რამდენიმე სხვა ოჯახი, მათ შორის მამალი წერო 11J, რომელიც შარშან აგვისტოში დაახლოებით იმავე პერიოდში დარგოლეს.
მომდევნო საღამოს ნიუ-იორკისკენ მიმავალ გზაზე ბრანდტისგან შეტყობინება მივიღე: 15J-ის რადიოგადამცემი „გააქტიურდა“ და მისი ადგილმდებარეობა იმ მიდამოებში დააფიქსირა, სადაც ნავით ვისეირნეთ.
თუ ყველაფერი კარგად იქნება, 15J დღეს უკვე 536 აღრიცხულ ამერიკულ წეროს შეუერთდება, რომლებიც გაზაფხულზე ტეხასიდან გამოფრინდებიან, თავიანთ ინსტინქტებს გაჰყვებიან და კვლავ ჩრდილოეთს მიაშურებენ. ერთი თვის განმავლობაში ისინი ვუდ-ბუფალოს ეროვნულ პარკამდე 4000 კილომეტრზე მეტს დაფარავენ, სადაც ზრდასრული წეროები ბუდეს გაიკეთებენ და კვერცხებს დადებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სასიცოცხლო ციკლს რამდენიმე წელიწადში 15J-იც შეუერთდება, რათა ხელი შეუწყოს თავის გადაშენების პირას მყოფ სახეობას, სრულად დაუბრუნდეს ბუნებას.
ფოტოგრაფი მაიკლ ფორსბერგი კონსერვაციის თემებზე ფოკუსირდება და პროექტ Platte Basin Timelapse-ის თანადამფუძნებელია. იგი ყოველთვის მოხარულია, წეროების გარემოცვაში გაატაროს დრო.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში