არაერთხელ მიფიქრია, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მოქმედი ვულკანის სიახლოვეს. განიცდიან თუ არა მუდმივ სტრესს იმის გაცნობიერებით, რომ ერთ დღესაც ლავა ამოხეთქავს და საკუთარ სახლთან დამშვიდობება მოუწევთ ისე, როგორც, მაგალითად – კანარის კუნძულების ათასობით მკვიდრს სამიოდე წლის წინ. იმ დროს განგაშის სისტემის წყალობით სრული ევაკუაცია მოხერხდა და დაუძლეველი ძალის წინაშე აღმოჩენილი ხალხი საფრთხეს გაექცა. თუმცა ლა-პალმაზე გადაღებული ეს კადრი და თავად სტატია „ცეცხლის მილებში“ ამ ამოფრქვევასთან დაკავშირებულ სხვა განსაცვიფრებელ მოვლენაზე მოგითხრობთ. სტრესი კი იმის გამო ვახსენე, რომ ის ამ ნომრის მთავარი სტატიის თემაა. დღეს უწყვეტად ვიღებთ შემაშფოთებელი გლობალური თუ ლოკალური ამბების ნაკადს, უშუალოდ ვაწყდებით ათასგვარ გამოწვევასაც, რომელიც სტრესულ გამოცდილებად მაშინ იქცევა, როდესაც მისი დაძლევის რესურსს ვერ ვპოულობთ. ეს არის ძალიან უხეში პერიფრაზი იმისა, თუ რას გვეუბნება მეცნიერება სტრესის შესახებ. როგორ მოქმედებს ეს მდგომარეობა სხეულსა და გონებაზე? როგორ გავუმკლავდეთ მას? პასუხებს სტატიაში ამოიკითხავთ.
ორგანიზმში „ჩაშენებული“ განგაშის სისტემა, საფრთხის წინაშე აღმოჩენილ ცხოველს (მათ შორის ადამიანსაც) მოქმედებისკენ უბიძგებს: ან გაქცევით უშველოს თავს, ან – ბრძოლით. ეს ფიზიოლოგიური რეაქცია სოციალურ სიბრტყეშიც შეიძლება გადმოვიტანოთ… საზოგადოებას ლავის მდინარესავით დაუძლეველი ძალა თუ არ ემუქრება, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.