წლის მკვლევარი: ფერნანდო ტრუხილიო
კოლუმბიელი საზღვაო ბიოლოგი ფერნანდო ტრუხილიო 2024 წლის Rolex National Geographic-ის წლის მკვლევრად დასახელდა. აღნიშნულ ჯილდოს National Geographic Society იმ გაბედულ მკვლევრებს გადასცემს, რომლებიც ჩვენი პლანეტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს აშუქებენ და ამით სხვებსაც მოქმედებისკენ მოუწოდებენ. „მისი საქმიანობა სამხრეთ ამერიკაში ხელს უწყობს საფრთხეში მყოფი გარეული ცხოველების დაცვას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას“, – ამბობს ჯილ ტიფენტალერი, National Geographic Society-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ტრუხილიომ მთელი ცხოვრება ამაზონის მდინარის დელფინების გადარჩენას მიუძღვნა და ამის გამო მკვიდრმა ტიკუნას ხალხმა, რომელიც კოლუმბიაში მდინარე ამაზონის სანაპიროზე ცხოვრობს, მას მეტსახელი „ომაჩა“ შეარქვა. მას შემდეგ, რაც ტრუხილიომ თავისი მეტსახელის მნიშვნელობა გაიგო, გადაწყვიტა, რომ ის თავისი ბუნების დამცველი ორგანიზაციის სახელად ექცია. ტიკუნას კულტურაში „ომაჩას“ უწოდებენ დელფინს, რომელსაც ადამიანად გარდასახვა შეუძლია.
„ჩემთვის მართლაც სასწაულია, როდესაც ტყეში დელფინს ვპოულობ, – ამბობს ტრუხილიო, – თუმცა მტკნარი წყლის ეს ბინადრები მეთევზეობის, სამთო მრეწველობისა და გაუტყეურების გამო საფრთხეში არიან. ტრუხილიო ჩართულია National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet Amazon-ის ორწლიან ექსპედიციაში, რომელიც მდინარე ამაზონის აუზს იკვლევს. მკვლევრები თანამშრომლობენ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რათა შეიმუშაონ მათთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი თევზაობის ისეთი პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის დელფინებს.
ის ასევე ჩართული იყო მდინარის დელფინების 2023 წლის გლობალური დეკლარაციის შემუშავებაში, რომლის მიზანი მათი მთელ მსოფლიოში დაცვაა.
არ გამოტოვოთ მეტი ინფორმაცია ამაზონის ექსპედიციის შესახებ მომავალ თვეებში, განსაკუთრებით შემოდგომის სპეციალურ გამოშვებაში.