მაცოცხლებელი ნივთიერებები
ვიტამინები ყოველდღიურობის კარგად ნაცნობი ნაწილია. მათი აღმოჩენა და სახელდება უკავშირდება არაერთ მეცნიერსა და საინტერესო ამბავს უკავშირდება.
C ვიტამინი გაციებასთან საბრძოლველად? სტაფილო მხედველობის გასაუმჯობესებელი A ვიტამინის მისაღებად? ცხიმიანი თევზი და მზის სხივები ძვლების გასამაგრებელი D ვიტამინის მისაღებად? ყველამ ვიცით, რომ ვიტამინებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ საინტერესოა, როგორ აღმოაჩინეს ისინი და როგორ შეურჩიეს სახელები.
ადამიანები ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ საკვები და ჯანმრთელობა ერთმანეთთან კავშირში იყო, თუმცა თანამედროვე დიეტოლოგიის ჩამოყალიბებას ათასობით წელი და ქიმიის, ფიზიკისა თუ ბიოლოგიის დარგში წინსვლა დასჭირდა. ადრეული ექსპერიმენტები ძირითადად აზოტის კვლევაზე იყო ფოკუსირებული, რომელიც 1722 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები იკვლევდნენ, როგორ აისახებოდა ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე ამ ელემენტის არსებობა ან ნაკლებობა საკვებში.
შემდგომ, 1838 წელს, ნიდერლანდელმა ქიმიკოსმა გერიტ იან მულდერმა ქიმიური ნივთიერების – პროტეინის (ცილის) არსებობაზე დაიწყო ლაპარაკი, რომელიც, მისი მტკიცებით, ადამიანის კვებაში წამყვან როლს ასრულებდა. ისტორიკოს კენეთ კარპენტერის თანახმად, ათეულობით წლის განმავლობაში ცილა ადამიანის „რეალურ საკვებ ნივთიერებად“ მიიჩნეოდა მიუხედავად ახალი ინფორმაციისა, რომ ხილი, ბოსტნეული და რძე ხელს უშლის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა რაქიტი და სურავანდი. ამგვარი დაავადებები ხშირად ვლინდებოდა იმ ადამიანებში, რომლებსაც საკვების უკმარისობა ჰქონდათ, თუმცა მეცნიერები მიზეზად სხვა ფაქტორებს ასახელებდნენ, როგორებიცაა ინფექცია, საკვების დაბინძურება და ზღვის ჰაერიც კი.
ამ აღმოჩენამ გარდატეხა მოახდინა სამეცნიერო აზროვნებაში. ის მიანიშნებდა, რომ ზოგიერთი დაავადება არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს და ახალაღმოჩენილი ნაერთებით განიკურნოს.
ხანგრძლივი მოგზაურობების დროს მეზღვაურები ხშირად სნეულდებოდნენ დაავადებით ბერი-ბერი, რომელიც ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვასა და გულის უკმარისობას იწვევს. იაპონელმა საზღვაო ექიმმა, კანეჰირო ტაკაკიმ, ჩამოაყალიბა გარდამტეხი თეორია. მან 1880-იან წლებში შეამჩნია, რომ ეს დაავადება უფრო ხშირი იყო ღარიბ ადამიანებს შორის. ტაკაკიმ ივარაუდა, რომ ამის მიზეზი მათ რაციონში ცილის ნაკლებობა შეიძლება ყოფილიყო.
ნიდერლანდელმა სამხედრო ექიმმა, კრისტიან ეიკმანმა, ქათმებზე დაკვირვების შედეგად წარმოადგინა თავისი თეორია, რომლის მიხედვითაც იაპონურ გემებზე თეთრი ბრინჯით გამოკვებილ ფრინველებს ბერი-ბერის მსგავსი სიმპტომები უვლინდებოდათ, ხოლო ყავისფერი ბრინჯით ნაკვები ქათმები ჯანმრთელობას არ უჩიოდნენ.
ეიკმანმა ამ მიმართულებით კვლევა განაგრძო და აღმოაჩინა, რომ პატიმრები, რომლებიც თეთრი ბრინჯით იკვებებოდნენ, ასევე ავადდებოდნენ ბერი-ბერით. შეიძლება ამის მიზეზი დამუშავებული მარცვლეული ყოფილიყო?
XX საუკუნის დასაწყისში პოლონელი ქიმიკოსი კაზიმირ ფუნკი შეუდგა თეთრი ბრინჯის დასამზადებლად ამ მარცვლეულისთვის მოშორებული ქერქისა და ქატოს კვლევას და დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება მტრედებზე. ის მტრედები, რომლებიც თეთრი ბრინჯით იკვებებოდნენ, დაავადდნენ, თუმცა მათი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ბრინჯის ქატოს და საფუარის ჭამა დაიწყეს. ამ აღმოჩენამ დაადასტურა ტაკაკის თეორია კვებასა და ბერი-ბერის დაავადებას შორის კავშირზე, თუმცა დაავადების მთავარი მიზეზი ცილის ნაკლებობა არ ყოფილა. მიზეზი სხვა ნივთიერების ნაკლებობა აღმოჩნდა. როგორც ფუნკის 1912 წლის თეორიაშია აღნიშნული, ეს არის აზოტის შემცველი ნაერთი, რომელსაც ის „ვიტამინს“ არქმევს, ლათინური სიტყვიდან „vita“ – სიცოცხლე, ხოლო „amine“ – აზოტის შემცველ ნაერთს აღნიშნავს.
ამ აღმოჩენამ სამეცნიერო აზროვნებაში რევოლუცია მოახდინა, როდესაც დადასტურდა, რომ დაავადებების მიზეზი შეიძლება არასრულფასოვანი კვება ყოფილიყო და ის განგვეკურნა შესაბამისი რაოდენობის ახალაღმოჩენილი ნაერთებით. ფუნკმა განაცხადა, რომ „უნდა მოვერიდოთ ერთფეროვან რაციონს“.

ილუსტრაცია: MAX-O-MATIC. ფოტო: სამეცნიერო ფოტობიბლიოთეკა (მაკკოლუმი); BETTMANN ARCHIVE/GETTY IMAGES (ფუნკი); SCIENCE HISTORY IMAGES/ALAMY STOCK PHOTO (დამი). ფონი: ALAMY STOCK PHOTO (ორი); SCIENCE HISTORY IMAGES/ALAMY STOCK PHOTO; SCIENCE MUSEUM GROUP (ორი); UNDERWOOD ARCHIVES/GETTY IMAGES
მეცნიერებმა სასწრაფოდ დაიწყეს სხვა მიკრონუტრიენტების გამოცალკევება, რომლებიც უკავშირდებოდა ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა რაქიტი, სურავანდი, ჩიყვი და სხვა. იმ დროისთვის, როდესაც ფუნკმა დაამკვიდრა ტერმინი „ვიტამინი“, ამერიკელმა ნუტრიციოლოგმა ელმერ მაკკოლუმმა სხვადასხვა ცხოველზე ჩაატარა ექსპერიმენტები და დაადგინა, რომ „თანმხლები“ ნივთიერება, რომელიც ზოგიერთ ცხიმში ვლინდება, აუცილებელია ზრდისთვის ვირთაგვებში. ეს ნივთიერება, რომელიც ცხიმში იხსნება, ცნობილი გახდა, როგორც ვიტამინი A.
მაკკოლუმმა და სხვა მეცნიერებმა ფუნკის მიერ დაწყებულ ექსპერიმენტებზე მუშაობა განაგრძეს და ბრინჯის ქატოდან მიღებულ ნივთიერებას ვიტამინი B დაარქვეს. როგორც აღმოჩნდა, ეს ნივთიერება წყალში ხსნადი რვა სხვადასხვა ვიტამინი ყოფილა. ყოველ მათგანს დაერქვა საკუთარი სახელი, მაგალითად – თიამინი, და მიენიჭა ციფრი აღმოჩენის თანმიმდევრობით.
სიტყვა „vitamine“-ს ბოლო ასო „e“ მას შემდეგ ჩამოაშორეს, რაც დაადგინეს, რომ ყველა ასეთი ნაერთი არ შეიცავდა აზოტს ანუ არ წარმოადგენდა „amine“-ს. თუმცა ვიტამინების ანბანურად დასახელება, მათი აღმოჩენის რიგითობით, განაგრძეს. დღეს ოთხი ცხიმში ხსნადი ვიტამინი – A, D, E, და K – ადამიანის ზრდისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებლად მიიჩნევა. ასევეა წყალში ხსნადი ცხრა ვიტამინი: B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი), B5 (პანტოთენის მჟავა), B6 (პირიდოქსინი), B7 (ბიოტინი), B9 (ფოლატი), B12 (კობალამინი) და C ვიტამინი.
ერთი ვიტამინი აცდენილია ანბანს. K ვიტამინი დანიელმა მკვლევარმა, კარლ პეტერ ჰენრიკ დამმა აღმოაჩინა 1929 წელს; ეს ნივთიერება არსებითია სისხლის კოაგულაციისთვის – დანიურ ენაზე ეს სიტყვა K ასოთი იწყება და სახელიც მის მიხედვით შეურჩიეს.
ბოლო აუცილებელი ვიტამინი, B12, 1948 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ მკვლევრები აკვირდებიან ვიტამინების გავლენას ჯანმრთელობაზე. ახალ არსებითად მნიშვნელოვან ვიტამინს მეცნიერები, სავარაუდოდ, ვეღარ აღმოაჩენენ, რადგან დღეისთვის თითქოს ყველა, კვებასთან დაკავშირებული ნაკლოვანება გათვალისწინებულია. მიუხედავად ამისა, კვლევები გრძელდება და მეცნიერები უკვე ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მიკრონუტრიენტების მცირე კვალსაც კი საგულდაგულოდ იძიებენ.