თბილისი
XIX საუკუნის ფრანგულ პრესაში
ევროპული პრესის ისტორიაში 1842 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ბრიტანელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა, ჰერბერტ ინგრამმა, ლონდონში პირველი ილუსტრირებული ჟურნალის, „The Illustrated London News“-ის გამოცემა დაიწყო. ინგრამის წამოწყებას მალე გამოუჩნდნენ მიმდევრები, თავდაპირველად საფრანგეთში, სადაც ლიტერატორმა ედუარ შარტონმა პირველი ფრანგული ილუსტრირებული ჟურნალის – „Illustration. Journal Universel“-ის გამოცემას მიჰყო ხელი. ცოტა მოგვიანებით ევროპულმა ილუსტრირებულმა პრესამ გერმანიასა და იტალიაშიც იხილა დღის შუქი.
დროსთან ერთად ჩნდებოდა ახალი, თემატური ჟურნალები, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მოგზაურობის თემაზე მომზადებული გამოცემები. როგორც წესი, ილუსტრაციების ავტორები პროფესიონალი მხატვრები და გრავირების ოსტატები იყვნენ.
ცხადია, ჩანახატების საფუძველზე მომზადებული გრავიურების ბეჭდვას ევროპაში იმაზე ბევრად დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ილუსტრირებულ პრესას, თუმცა ახალი წამოწყების უპირატესობა იყო ის, რომ ილუსტრირებული ევროპული პრესის დიდი ნაწილი ყოველკვირეულ გამოცემებს წარმოადგენდა და მუდმივ სიახლეებს სთავაზობდა მკითხველს.
XIX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული, ევროპული ილუსტრირებული პრესის ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ თუ იტალიურენოვან გამოცემებში ბევრგან ნახავთ საქართველოსა და ქართველების შესახებ დაბეჭდილ ილუსტრაციებს, ყველაზე ხშირად თბილისის თემატიკაზე.
თბილისთან დაკავშირებული ყველა იმ ჩანახატისა და გრავიურის ჩამოთვლა, რომლებიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული ილუსტრირებული პრესის ფურცლებზე დაბეჭდილა, შორს წაგვიყვანს. საკმარისია რამდენიმე მათგანის ხსენება. მაგალითად, 1851 წელს, ფრანგულ – „L’Illustration. Journal Universel“-ში დაბეჭდილი თბილისის პირველი ოპერის ორი გრავიურა; 1855 წელს ინგლისურ „Illustraded Times“-ში გამოქვეყნებული ბაზრის მოედნისა და მეტეხის ჩანახატი; 1859 წელს, გერმანულ „Uber Land und Meer – Allgemeine illustrierte Zeitung“-ის ფურცლებზე დაბეჭდილი თბილისის ხედი. ასევე, ფრანგული „Le Monde Illustré“-ის 1863 წლის და ინგლისური „The Illustrated London News“-ის 1888 წლის ნომრებში დაბეჭდილი თბილისის პანორამული ხედები.
თბილისის შესახებ მომზადებულ და ევროპულ ილუსტრირებულ პრესაში დაბეჭდილ გამორჩეულ ჩანახატებს უნდა მივაკუთვნოთ 1850 წელს პარიზში, ადოლფ ლორან ჟოანის ხელმძღვანელობით გამოცემული „Voyage illustré dans les cinq parties du monde“-ის ფურცლებზე დაბეჭდილი თბილისის გრავიურა. ჟოანის გამოცემა 1846-1849 წლების მოგზაურობების შესახებ ცნობებს აერთიანებდა და სხვადასხვა სახის ილუსტრაციებით იყო გაფორმებული. თბილისის გრავიურის გარდა, ამავე გამოცემაში ნახავთ ქართველი თავადების, თბილისის მახლობლად არსებული ბაღისა და ახალციხის პანორამულ ხედს.
1850 წელს ფრანგულ გამოცემაში დაბეჭდილ თბილისის ჩანახატს თან ახლავს საინტერესო ცნობები ქალაქის შესახებ.
როგორც თბილისის ჩანახატზე თანდართული წარწერიდან ირკვევა, ჩანახატი შვეიცარიელი გეოლოგის, სიძველეთა მკვლევრისა და ნევშატელის აკადემიის პროფესორის ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს მოგზაურობის დროს, 1831-1834 წლებში უნდა იყოს შესრულებული. აღნიშნულის დასტურად ისიც გამოდგება, რომ თბილისის იმავე ხედის ნახვა მონპერეს მიერ, 1839-1845 წლებში ნევშატელში დაბეჭდილ შესანიშნავ ფრანგულენოვან ექვსტომეულ ატლასშიც შეიძლება, სახელწოდებით „მოგზაურობა კავკასიონის გარშემო, ჩერქეზებსა და აფხაზებთან, კოლხიდაში, საქართველოში, სომხეთსა და ყირიმში“. მონპერეს გამოცემის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ საფრანგეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ამ ნაშრომისთვის ავტორი დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვა.
1850 წლის ფრანგულ გამოცემაში დაბეჭდილი თბილისის ჩანახატი მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან, ახლანდელი რიყის მიმდებარე ტერიტორიიდან უნდა იყოს შესრულებული. ჩანახატი ნაწილობრივ იმეორებს თბილისის ყველაზე ძველ, 1673 წელს ჟან შარდენის მოგზაურობის დროს შესრულებულ ჩანახატზე დატანილ სურათს. შარდენის მოგზაურობის ჩანახატის მსგავსად, აქაც მრავლად ვხვდებით რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს, თუმცა 1673 წელს შესრულებულ ჩანახატსა და 1850 წელს ფრანგულ ილუსტრირებულ ჟურნალში დაბეჭდილ თბილისის ხედს შორის სხვაობა უფრო მეტია, ვიდრე საერთო.
ამ ჩანახატზე ახლო კადრში მდინარის ნაპირზე მყოფი ხალხი ჩანს, ნაწილი ცხენებით. მდინარეში ტივი და ნავი იკითხება. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დატანილი შენობა-ნაგებობებიდან ყველაზე გამორჩეული მეტეხის ეკლესია და ციხეა.
მეტეხთან, ქალაქის მარცხენა სანაპირო მარჯვენას ხიდით უკავშირდება. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მარცხენა სანაპიროსგან განსხვავებით, მარჯვენა სანაპირო ბევრად უფრო დატვირთულია. იოლად ამოიცნობა ნარიყალას ციხე, ქარვასლები და სიონის საკათედრო ტაძარი. 1850 წელს ფრანგულ გამოცემაში დაბეჭდილ თბილისის ხედს თან ახლავს საინტერესო ცნობები ქალაქის შესახებ. მოთხრობილია ქალაქის დაარსების ლეგენდა და მეფე ვახტანგ გორგასლის როლი ამ საქმეში, გოგირდოვანი წყლების და ქალაქის სახელწოდების კავშირის ისტორია, აღწერილია თბილისური აბანოები, როგორც ქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ლაპარაკია აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს განადგურებულ ძველ ქალაქსა და ახალი, ევროპული არქიტექტურის თბილისზე, რომელიც XIX საუკუნიდან გამოჩნდა ქალაქში და ძველთან ერთად ახალი სიცოცხლე შთაბერა თბილისს.