სტრესი. რას ამბობს მეცნიერება
სტრესი, როგორც თავდაცვითი მექანიზმი, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს. დღეს მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, ზუსტად – როგორ.
სტრესი. რას ამბობს მეცნიერება
სტრესი, როგორც თავდაცვითი მექანიზმი, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს. დღეს მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, ზუსტად – როგორ.
„უკანასკნელ წლებში აღქმული ფსიქოლოგიური სტრესის დონე მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზია ისეთ მოვლენათა ერთობლიობა, როგორებიცაა COVID-19-ის პანდემია, სამოქალაქო მღელვარება, პოლიტიკური არასტაბილურობის გამწვავება თუ კლიმატის ცვლილება და მის შედეგად გამოწვეული ძლიერი ეკოლოგიური და ეკონომიკური რყევები. სტრესის მასშტაბური ზრდის შედეგების შეფასებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ. არსებული მონაცემების თანახმად, ჩვენ წინაშეა განწყობისა და შფოთვითი აშლილობების, მათ შორის დეპრესიის, შფოთვისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, პანდემია“. „უკანასკნელ წლებში აღქმული ფსიქოლოგიური სტრესის დონე მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზია ისეთ მოვლენათა ერთობლიობა, როგორებიცაა COVID-19-ის პანდემია, სამოქალაქო მღელვარება, პოლიტიკური არასტაბილურობის გამწვავება თუ კლიმატის ცვლილება და მის შედეგად გამოწვეული ძლიერი ეკოლოგიური და ეკონომიკური რყევები. სტრესის მასშტაბური ზრდის შედეგების შეფასებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ. არსებული მონაცემების თანახმად, ჩვენ წინაშეა განწყობისა და შფოთვითი აშლილობების, მათ შორის დეპრესიის, შფოთვისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, პანდემია“.
„სტრესის ნეირობიოლოგია: მოწყვლადობა, გამძლეობა და დიდი დეპრესია“. PNAS, 2023 წლის ნოემბერი
თქვენ რამდენად გაწუხებთ სტრესი?
– ნეირომეცნიერები, ჰუდა აკილი და ერიკ ჯ. ნესტლერი
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გრძელვადიანი – ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური კვლევის შედეგად, უცნაური აღმოჩენა გაკეთდა. 1967 წელს მკვლევრები აკვირდებოდნენ 40-64 წლის ასაკის 17 500 ბრიტანელი სახელმწიფო მოსამსახურის ჯანმრთელობას ლონდონში. მათ აღმოაჩინეს, რომ იერარქიულად დაბლა მდგომი თანამშრომლები, მაგალითად ოფისის დამხმარე პერსონალი, უფრო ადრე და მეტი სიხშირით იხოცებოდა, ვიდრე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები საზოგადოების ზედა ეშელონებიდან. დაბალი რანგის წარმომადგენელ თანამშრომლებში, რატომღაც, უფრო ხშირი იყო გულის კორონარული დაავადება.
დამატებით კვლევაში, რომელიც 35-55 წლის 10 300 სახელმწიფო მოსამსახურეზე ჩაატარეს, მკვლევრებმა სტატუსთან დაკავშირებული ამ განსხვავების შესაძლო მიზეზი გამოავლინეს: დაბალი რანგის თანამშრომლებს ნაკლები გავლენა ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შედეგად, ბევრი მათგანი განიცდიდა სტრესს, რაც, როგორც ჩანს, უარყოფითად ზემოქმედებდა მათ ჯანმრთელობაზე.
მას შემდეგ 50-მდე წელი გავიდა და მეცნიერებმა და მედიცინის მკვლევრებმა ეჭვგარეშე დაამტკიცეს, რომ მუდმივ სტრესს ზოგადი ჯანმრთელობის მოწამვლა შეუძლია. გარდა იმისა, რომ იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, სტრესი ჩართულია სიმსუქნისა და დიაბეტის განვითარებაშიც. მეცნიერებმა, ასევე, აღმოაჩინეს, რომ სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას და უფრო დაუცველებს გვხდის ინფექციური დაავადებების მიმართ.
თითოეული ჩვენგანი სტრესს არაერთგვაროვნად და საკმაოდ სხვადასხვა ხარისხით გრძნობს. სტრესის კონცეფცია პირველად წამოაყენა ენდოკრინოლოგმა და სტრესის კვლევის პიონერმა ჰანს სელიემ: ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გარემოში ამა თუ იმ გამოწვევის საპასუხოდ გვიჩნდება ცვლილების მოთხოვნილება. 1936 წლის ცნობილ კვლევაში სელიემ დაადგინა, რომ სხვადასხვა ტიპის უსიამოვნო გამღიზიანებელი – ხმაური, კაშკაშა შუქი ან ექსტრემალური ტემპერატურა – ლაბორატორიაში ცხოველებს აიძულებდა, ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ როგორმე ადაპტირებულიყვნენ. თანამედროვე საზოგადოებაში სტრესორებად აღიქვამენ ყველაფერს – ყოველდღიური, მარტივი პრობლემებით (მაგალითად, სატრანსპორტო საცობი) დაწყებული, დიდი ტრანსფორმაციებით (მაგალითად, განქორწინება ან საყვარელი ადამიანის სიკვდილი) დამთავრებული. შედეგად გვიჩნდება „გრძნობა, რომ არ გვაქვს ცვლილებების მოთხოვნილების საპასუხოდ საჭირო რესურსი“, – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგი და ნევროლოგი გრეგ ჯ. ნორმანი, სტრესის წამყვანი მკვლევარი.
სტრესის დროს ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს ადრენალინს, შედეგად გვიხშირდება პულსი და სუნთქვა, გვეკუმშება კუნთები, მატულობს წნევა. ამას მოჰყვება კორტიზოლის მკვეთრი მატება – ჰორმონისა, რომელიც „ბრძოლის ან გაქცევის“ რეჟიმში ყოფნის განცდას იწვევს. მწვავე სტრესის გამოვლინებაა, მაგალითად, სპონტანურად დაგეგმილი პრეზენტაციის ჩატარებით გამოწვეული მღელვარება – თავდაცვითი რეაქცია, რომელიც შეიძლება ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად მძიმე იყოს, თუმცა აღქმული საფრთხის ჩავლის შემდეგ სწრაფად გადაივლის.
მეხსიერების დაკარგვა ამსტერდამის ლაბორატორიაში თაგვი ეძებს ლაბირინთიდან გასაძრომ ხვრელს. მეძუძური თაგვები დასტრესეს სოროს მოსაწყობი მასალის შეზღუდვით, რათა ენახათ ამ ქმედების ზეგავლენა მათ ნაშიერებზე. წამოზრდილი თაგვები ლაბირინთში შეუშვეს. მარტივი ბავშვობის მქონე თაგვებთან შედარებით, დასტრესილი დედის გაზრდილ მღრღნელებს უჭირდათ გახსენება, თუ სად იყო ხვრელი.
გავლენა ჯანმრთელობაზე ციხის მცველები მონაწილეობენ მსროლელთან გამკლავების წვრთნაში ყოფილი სკოლის შენობაში, ტეხასში. კანონდამცველებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე საერთო მოსახლეობაში. სავარჯიშო სიტუაციებშიც კი მათი ფიზიოლოგიური სტრესის ნიშნები იზრდება.
უხილავი გავლენა ლორენსვილის (ჯორჯია) მცხოვრები კეიტლინ და კრის ნიკოლსისთვის სამი ტყუპის გაზრდა რთულია. ბავშვები ნაადრევად დაიბადნენ და ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები აქვთ. ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს თავადაც ჯანმრთელობის სირთულეები ხვდებათ: მათი ტელომერები — ქრომოსომების დამცავი დაბოლოებები — უფრო მოკლეა, რაც, სავარაუდოდ, სტრესით გამოწვეულ დაბერებაზე მიგვანიშნებს.
მომავალი თაობის დაცვა კარლინ რაფაელი (მარცხნივ), ჯანდაცვის მუშაკი ნიუ-იორკში, სტუმრობს ახალბედა დედას, მარისელა ბრავო ბერერასა და მის ორი თვის ქალიშვილს, რათა დააკვალიანოს ძუძუთი კვებასა და ძილთან დაკავშირებით. კვლევა აჩვენებს, რომ ქრონიკული სტრესი ცვლის დედის რძეში საკვები ნივთიერებების შემადგენლობას. ახალშობილთა დედებისთვის სტრესის მართვა მნიშვნელოვანია ჩვილების ჯანსაღად განვითარებისთვის.
მეხსიერების დაკარგვა ამსტერდამის ლაბორატორიაში თაგვი ეძებს ლაბირინთიდან გასაძრომ ხვრელს. მეძუძური თაგვები დასტრესეს სოროს მოსაწყობი მასალის შეზღუდვით, რათა ენახათ ამ ქმედების ზეგავლენა მათ ნაშიერებზე. წამოზრდილი თაგვები ლაბირინთში შეუშვეს. მარტივი ბავშვობის მქონე თაგვებთან შედარებით, დასტრესილი დედის გაზრდილ მღრღნელებს უჭირდათ გახსენება, თუ სად იყო ხვრელი.
გავლენა ჯანმრთელობაზე ციხის მცველები მონაწილეობენ მსროლელთან გამკლავების წვრთნაში ყოფილი სკოლის შენობაში, ტეხასში. კანონდამცველებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე საერთო მოსახლეობაში. სავარჯიშო სიტუაციებშიც კი მათი ფიზიოლოგიური სტრესის ნიშნები იზრდება.
უხილავი გავლენა ლორენსვილის (ჯორჯია) მცხოვრები კეიტლინ და კრის ნიკოლსისთვის სამი ტყუპის გაზრდა რთულია. ბავშვები ნაადრევად დაიბადნენ და ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები აქვთ. ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს თავადაც ჯანმრთელობის სირთულეები ხვდებათ: მათი ტელომერები — ქრომოსომების დამცავი დაბოლოებები — უფრო მოკლეა, რაც, სავარაუდოდ, სტრესით გამოწვეულ დაბერებაზე მიგვანიშნებს.
მომავალი თაობის დაცვა კარლინ რაფაელი (მარცხნივ), ჯანდაცვის მუშაკი ნიუ-იორკში, სტუმრობს ახალბედა დედას, მარისელა ბრავო ბერერასა და მის ორი თვის ქალიშვილს, რათა დააკვალიანოს ძუძუთი კვებასა და ძილთან დაკავშირებით. კვლევა აჩვენებს, რომ ქრონიკული სტრესი ცვლის დედის რძეში საკვები ნივთიერებების შემადგენლობას. ახალშობილთა დედებისთვის სტრესის მართვა მნიშვნელოვანია ჩვილების ჯანსაღად განვითარებისთვის.
ამისგან განსხვავებით, ქრონიკული სტრესი უწყვეტი მდგომარეობაა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების საშუალებას იშვიათად გვაძლევს. სწორედ ამიტომაა ის უფრო ტოქსიკური. „ესაა მუდმივი მდგომარეობა… ეს არაა უბრალო გამოწვევა. ეს საშიშია“, – ამბობს ნორმანი. ფინანსური სირთულეები ქრონიკული სტრესის ერთ-ერთი წყაროა. ასეთივეა მჩაგვრელი უფროსი სამსახურში. ამასთან, სტრესის ზოგიერთი ფორმა შეიძლება, ვერც ამოვიცნოთ იქამდე, სანამ ის არ დაგვაზიანებს. ასეთია, მაგალითად, სოციალური იზოლაცია. ის ხშირია მოხუცებში და COVID-19-ის პანდემიის დროს ეს ყველა ასაკის ადამიანმაც გამოცადა. 2023 წელს ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის (APA) მიერ ჩატარებული ეროვნული გამოკითხვის შედეგად დაადგინეს, რომ პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, სტრესმა დიდი კვალი დატოვა მოსახლეობაზე – საგრძნობლად გაიზარდა ქრონიკული დაავადებებისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების სიხშირე, განსაკუთრებით 35-44 წლის ადამიანებში.
დღეს, ქრონიკული სტრესი, თითქოს, მთელ მსოფლიოს მოედო. ადამიანები ცდილობენ გაუმკლავდნენ გარემოსა და სოციოეკონომიკური მდგომარეობის სწრაფ ცვლილებებს. „გელაპის“ 2023 წლის ემოციების მსოფლიო ანგარიშის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში სტრესი რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება. ამის მაგალითია თალიბანის მმართველობის ქვეშ მყოფი ავღანეთი და სიერა-ლეონე, სადაც 2022 წელს მზარდი საცხოვრებელი ხარჯების საწინააღმდეგო პროტესტმა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. სტრესის დონე და მისი გავლენა უფრო დიდია მარგინალიზებულ, დაბალშემოსავლიან თემებში, რომელთაც ნაკლებად აქვთ სტრესის დასაძლევად საჭირო რესურსები. თუმცა არც შედარებით შეძლებული ხალხია ბოლომდე დაცული. 2023 წლის APA-ს გამოკითხვაში მონაწილეთა მესამედის თქმით, ისინი „მაინც სრულიად დასტრესილად გრძნობენ თავს, რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ სტრესის სამართავად“.
რადგან სტრესი უკვე აუტანელ დონეს უახლოვდება, მკვლევრები ცდილობენ გაიგონ, ზუსტად როგორ მოქმედებს ის ჩვენს სხეულსა და გონებაზე. მათ იმედი აქვთ, რომ თუ გვეცოდინება, როგორ მუშაობს სტრესი ფიზიოლოგიურ დონეზე, ადამიანებს დავიცავთ სამუდამო ზიანისგან. ჯერჯერობით ერთი მთავარი რამაა ნათელი, რომ სტრესი მხოლოდ ფორმებით და ინტენსიურობით არ განსხვავდება. ის თითოეულ ჩვენგანს განსხვავებულად ურტყამს – თანაც, ნებისმიერ ასაკში.
ადრეული ბავშვობა
ათობით ათასი ობოლი და მიტოვებული ბავშვი, რომლებიც 1960-1990-იან წლებში რუმინეთის არასათანადოდ აღჭურვილ ობოლთა თავშესაფრებში იზრდებოდნენ, წარმოუდგენელ უყურადღებობასა და სასტიკ მოპყრობას განიცდიდნენ. როდესაც მეცნიერებმა ამ თავშესაფრებში გაზრდილი ჩვილები შეისწავლეს, დაადგინეს, რომ ისინი ნორმალურად არ ვითარდებოდნენ. მათი ტვინის ელექტრული აქტივობა უფრო სუსტი იყო, ვიდრე რუმინეთის რიგით ოჯახებში გაზრდილი ჩვილებისა. ობოლთა თავშესაფრებში გაზრდილ ბევრ ბავშვს განუვითარდა ფსიქიკური აშლილობები. ბევრი გონებრივად ჩამორჩენილიც იყო. დღეს ბავშვთა განვითარების არაერთი ექსპერტისთვის ამ ობოლთა ტრაგიკული გამოცდილება მაგალითია იმისა, თუ როგორი წარუშლელი კვალის დატოვება შეუძლია ადრეულ ასაკში მიღებულ სტრესს თავის ტვინზე.
ამ კვლევებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანიკო კოროსიზე, როდესაც ის სტრესის ნეირობიოლოგიაზე სადოქტორო ნაშრომს წერდა. დღეს იგი ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევარია და ატარებს ექსპერიმენტებს თაგვებზე იმ კავშირის ასახსნელად, რომელიც არსებობს ადრეული ასაკის სტრესსა და ტვინის განვითარებას შორის; მან შეიძლება იპოვა კიდეც საინტერესო კავშირი სტრესსა და მის შედეგად ტვინში საკვები ნივთიერებების შემადგენლობას შორის. ახალშობილი თაგვები პირველ სამ კვირას, როგორც წესი, დედის მზრუნველობის ქვეშ ატარებენ. „ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ჩავსვით გალიებში, სადაც სოროს მოსაწყობად საჭირო მასალა ცოტა იყო“, – ამბობს კოროსი. ეს სტრესული იყო დედისთვის, რადგან ის მუდმივად ეძებს და ვერ პოულობს მასალას. „ამიტომ ის იწყებს უცნაურად ქცევას და ნაშიერებზეც უფრო ცუდად ზრუნავს“, – ამბობს კოროსი. პირველი მძიმე კვირის შემდეგ დედა თაგვი და მისი ნაშიერები უფრო კომფორტულ გალიაში გადაჰყავთ. „ახლა დედის ზრუნვა ისევ ნორმალური ხდება“.
(მარცხნივ) ცვლილებები ტვინში
ადრეულ ასაკში მიღებული სტრესი თაგვის ტვინს ცვლის. ტვინის ქსოვილის თხელი ნაჭრების ანალიზისას ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ანომალიები შეამჩნიეს მიკროგლიაში — უჯრედებში, რომელთა ფუნქციაც იმუნური რეაქციის დარეგულირება და მომაკვდავი ნეირონებისა და სხვა ნარჩენების ტვინიდან მოშორებაა.
(მარჯვნივ) მოწყვლადი ასაკი
ჰარვარდის სტრესისა და განვითარების ლაბორატორიაში საშუალო სკოლის მოსწავლეს, ზეინაბ ქორაკივალას უტარებენ ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რათა გამოიკვლიონ ყოველდღიური სტრესის ზემოქმედება მოზარდის ტვინის განვითარებაზე.

ტ. ს. ჰაინი და კ. ს. მონკი, ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ჟურნალი, 2017 წლის მარტი
ნაშიერები დროთა განმავლობაში იმავე წონას აღწევენ, რასაც დაბადებიდან კომფორტულ გარემოში გაზრდილი თაგვები, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ დასწავლისა და მეხსიერების დავალებების შესრულებისას უარესი შედეგები აქვთ თაგვებს, რომლებმაც პირველი კვირა ცუდ გარემოში გაატარეს. „ზრდასრულ ასაკში განვითარებულ ქრონიკულ სტრესს გავლენა ნამდვილად აქვს, მაგრამ ის ხშირად შეიძლება იყოს დროებითი და თავისით წარმავალი“, – ამბობს კოროსი. „ადრეულ ასაკში მიღებულ სტრესს კი სერიოზული და გრძელვადიანი შედეგები ახლავს, რადგან ამ პერიოდში თავის ტვინში უამრავი ნერვული გზა ფორმირდება“.
ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კოროსიმ და მისმა კოლეგებმა სტრესში მყოფ ახალშობილ თაგვებში შენიშნეს, იყო ტვინში საკვები ნივთიერების შემადგენლობა. პირველ კვირაში კონკრეტული ცხიმმჟავებისა და ამინომჟავების დონე უფრო დაბალი იყო, ვიდრე სხვა, ჯანსაღ გარემოში გაზრდილ თაგვებში. „ეს მართლაც თვალშისაცემი იყო“, – ამბობს კოროსი. მას აინტერესებდა, შესაძლებელია თუ არა დასტრესილი თაგვის განვითარების ნორმალიზება ამ საკვები ნივთიერებების შემცველი რაციონით. ჯერ ასეთი საკვები მიაწოდეს დედას, რომ მას აღნიშნული საკვები ნივთიერებები რძით გადაეცა. შემდეგ ამ რაციონზე უკვე პირდაპირ გადაიყვანეს ნაშიერები ორი კვირის განმავლობაში. რამდენიმე თვეში დაიწყეს თაგვების შემოწმება. დასტრესილი თაგვებისგან განსხვავებით, რომლებსაც განსაკუთრებული საკვები არასოდეს მიუღიათ, გამდიდრებული რაციონით გაზრდილ თაგვებს არ აღენიშნებოდათ კოგნიტიური უნარების დაქვეითება. „გამიკვირდა, რომ კვებას ასეთი გავლენა ჰქონდა, რადგან კვების დარეგულირება ხომ მარტივად შეგვიძლია“, – ამბობს კოროსი.
რა თქმა უნდა, ერთია თაგვი, მეორე – ადამიანი. კოროსი და მისი კოლეგები ადამიანებსაც იკვლევენ. ბოლო დროს ისინი შეისწავლიდნენ, თუ რამდენად გადაეცემა სტრესის გავლენა შთამომავლობის ტვინს, როდესაც დასტრესილი დედის რძეში საკვები ნივთიერებების დეფიციტია. ამ ჰიპოთეზის გამამყარებელი მტკიცებულება მათ აღმოაჩინეს კვლევაში, რომელიც ახალშობილთა დედების რძის შემადგენლობას შეისწავლიდა ამსტერდამში. „ვხედავთ, რომ სტრესგამოვლილი დედების რძეს ცხიმმჟავებისა და ამინომჟავების სხვა შემადგენლობა აქვს“, – ამბობს იგი.

კოროსის თქმით, თუ სამომავლო კვლევები მეტ მტკიცებულებას მოაგროვებს, გვექნება საფუძველი, რომ სტრესულ გარემოში მცხოვრები დედების მიერ გაჩენილ ახალშობილთა რაციონი გავამდიდროთ კონკრეტული საკვები ნივთიერებებით. „თუ მეტაბოლურ დეფიციტზეა ლაპარაკი, მაშინ შეიძლება მხოლოდ ჯანსაღად კვება არ იყოს საკმარისი, – ამბობს იგი, – შეიძლება რაღაც პერიოდში ძალიან სპეციფიკური საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია დაგვჭირდეს“.
მოზარდობა
საშუალო სკოლის ბევრი მოსწავლის მსგავსად, ზეინაბ ქორაკივალასაც ხშირად უჭირს აკადემიური მოსწრებისა და სოციალური ცხოვრების დაბალანსება. ის ლექსინგტონში, მასაჩუსეტსში, კონკურენტულ სკოლაში სწავლობს. აქ, მისი თქმით, „B+ ან A- რომ მიიღო, ცუდ შედეგად ითვლება“. მისთვის ნიშნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მცირე ხანში საბუთები უნდა გაეგზავნა კოლეჯში ჩასაბარებლად. ზეინაბი თავის თავს აღწერს, როგორც მებრძოლს. ბოლოს დეკემბერში რომ ვესაუბრე, დასტრესილი იყო, რადგან წინა კვირას სკოლაში რამდენიმე დღე გააცდინა. „ძალიან ბევრ მასალას და კლასგარეშე აქტივობას უნდა დავწეოდი“, – მითხრა მან, – „ძალიან ბევრი იყო. ასე მეგონა, რომ საერთოდ არაფრის დრო არ მქონდა“.
ქორაკივალა ერთ-ერთია იმ 150 მოზარდიდან, რომელსაც ჰარვარდის კვლევის ფარგლებში აკვირდებიან. კვლევას უძღვება ორეგონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ქეითი მაკლაფლინი. კვლევის მიზანია გაიზომოს, როგორი გავლენა აქვს ყოველდღიურ სტრესორებს თინეიჯერების ემოციურ, კოგნიტიურ, სოციალურ და თავის ტვინის განვითარებაზე. მაკლაფლინს სურს გაიგოს, როგორ ჩნდება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მოზარდობისას – განსაკუთრებით მოწყვლად ასაკში, როდესაც ისინი ბავშვობიდან ზრდასრულობაში შეაბიჯებენ. „კვლევები აჩვენებს, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების უმეტესობა სტრესული მოვლენის შემდეგ მალევე იჩენს თავს, როგორც წესი, ერთ ან ორ თვეში“, – ამბობს მაკლაფლინი. „თინეიჯერობაში ეს შეიძლება იყოს შეყვარებულთან განშორება ან მრავალთვიანი მომზადების შემდეგ საფეხბურთო გუნდში ვერ მოხვედრა, საუკეთესო მეგობრისგან უარყოფა ან მეგობრების ჯგუფიდან გარიყვა“.
მაკლაფლინის კვლევა სხვადასხვა სოციოეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენელ თინეიჯერებს აკვირდება. ყოველ თვე მოზარდები სტრესის შესახებ სიღრმისეულ ინტერვიუზე ლაბორატორიაში მიდიან. მკვლევრები მოზარდებს ეკითხებიან გასული თვის მოვლენებზე, ურთიერთობებზე, სკოლის ამბებზე, უბნის ამბებსა და მათ ოჯახებზე. კვლევის სუბიექტებს უმაგრებენ მოწყობილობებს, რომლებიც მკვლევრებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ მათი ძილისა და ფიზიკური აქტივობის შაბლონებს. თინეიჯერების სმარტფონებიდან მკვლევრები დამატებით ინფორმაციას აგროვებენ მათ ქცევაზე – რამდენად აქტიურობენ სოციალურ მედიაში და როგორი სიხშირით ეკონტაქტებიან მეგობრებს. ისინი, ასევე, ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას იყენებენ ნეირონული აქტივობის შესაფასებლად. „გვაინტერესებს, როდის გრძნობს ინდივიდი ჩვეულზე უფრო მეტ სტრესს. რა იცვლება მათ ქცევაში, ძილში, ფიზიკურ აქტივობასა და, რაც მთავარია, თავის ტვინში“, – ამბობს მაკლაფლინი.

ტაფტსის უნივერსიტეტის დოქტორანტს, ურსულა ბიტის, უჭირავს ბეღურა. თავის კვლევაში იგი მსგავს ფრინველებს სტრესულ სიტუაციებში აგდებდა. სისხლის ანალიზით გამოაშკარავდა, რომ დაზიანდა ფრინველების დნმ. ეს გვაფიქრებინებს, რომ დნმ-ის რეპარაციის მექანიზმები მწყობრიდან გამოვიდა.
მისი გუნდი ამ მონაცემებს ჯერაც აგროვებს, მაგრამ უფრო პატარა, წინამორბედი კვლევა, რომელიც 30 თინეიჯერზე ჩატარდა, მინიშნებებს გვაწვდის, თუ რა შეიძლება გამოავლინოს მაკლაფლინის გუნდმა. ამ კვლევაში მან აღმოაჩინა, რომ სტრესის ხარისხი, რომელსაც მოზარდი ამა თუ იმ თვეში ლაბორატორიაში მისვლამდე განიცდიდა, გავლენას ახდენდა იმაზე, თუ როგორ რეაგირებდა მისი ტვინი ემოციურად დამტვირთველ ინფორმაციაზე, მაგალითად, შემაშინებელი სახის სურათზე. თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი, რომელიც ემოციების რეგულაციაში გვეხმარება, ნაკლებად აქტიურდებოდა იმ პერიოდში, როდესაც სუბიექტი მეტ სტრესს განიცდიდა. „ეს გვაფიქრებინებს იმას, რასაც საკუთარ ცხოვრებაშიც ვაკვირდებით: როდესაც ძალიან დასტრესილი ხარ, ემოციური რეაქციის კონტროლი გიჭირს, – ამბობს მაკლაფლინი, – შეიძლება, მაგალითად, უფრო მარტივად წაეჩხუბო ოჯახის წევრს“.
მაკლაფლინი ოპტიმისტურადაა განწყობილი: ფიქრობს, რომ ახლანდელი კვლევა საშუალებას მისცემს, გამოავლინოს ცვლილებები ქცევასა და ტვინის აქტივობაში, რომლებიც მიანიშნებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე, მაგალითად, შფოთვისა და დეპრესიის დაწყებაზე. მისი თქმით, ეს საშუალებას მოგვცემდა, შეგვემუშავებინა მიზნობრივი ინტერვენციები, რომელთაც თინეიჯერებს ზუსტად საჭირო დროს დავუნიშნავდით. მაგალითად, თუ სტრესის მარკერად დავასახელებდით ძილის ხანგრძლივობის უეცარ კლებას ან სოციალური ურთიერთობების მკაფიო შემცირებას, ჩარევას მარტივად შევძლებდით ადამიანის სმარტფონითვე. „მაგალითად, შეგახსენებთ, როგორ მოემზადო ძილისთვის ან კარგი იქნებოდა სკოლის დამრიგებელთან გასაუბრება“, – გვიხსნის მაკლაფლინი.

სხვა კვლევაში ბიტიმ ბეღურების ფრთებში გაზომა კორტიკოსტერონი – სტრესთან დაკავშირებული ჰორმონი. „როგორც ხის რგოლებით ვიგებთ, რა გზა გაიარა ხემ წარსულში“, ისე ინახავს ფრთაც სტრესულ მომენტებს, – აგვიხსნა მან.
ზრდასრულობა
ფსიქოლოგი ჯენის კიკოლტ-გლეიზერი და მისი ვირუსოლოგი ქმარი, რონალდ გლეიზერი, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისიდან იკვლევდნენ სტრესის გავლენას ფიზიოლოგიაზე. იმ პერიოდში ეს შედარებით ახალი დარგი იყო. „გვინდოდა გვენახა, რამდენად ახდენდა ყოველდღიური, ჩვეული მოვლენები გავლენას სტრესზე“, – ამბობს კიკოლტ-გლეიზერი, დღეს ოჰაიოს უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. მომდევნო წლებში მათმა ნაშრომებმა ზრდასრულობის საკვანძო სტრესორებიც მოიცვა – განსაკუთრებით ის, თუ რა გავლენა აქვთ მათ იმუნურ სისტემაზე.
თავიდან ისინი აკვირდებოდნენ მედიცინის სტუდენტებს. სისხლის ანალიზის მეშვეობით დაადგინეს, რომ სტუდენტების იმუნური სისტემა სუსტდებოდა გამოცდების დროს. მკვლევრები იმასაც დააკვირდნენ, ცვლიდა თუ არა სტრესი ორგანიზმის რეაქციას ვაქცინაზე. მონაწილეებს B ჰეპატიტის 3-დოზიანი ვაქცინა მისცეს – თითოეული დოზა გამოცდების პერიოდში. „ვუყურებდით, ვინ გამოიმუშავა ანტისხეულები ერთი თვის ინტერვალით ჩატარებულ პირველ და მეორე აცრას შორის“, – ამბობს კიკოლტ-გლეიზერი, – „უფრო მეტად დასტრესილ ან აღელვებულ სტუდენტებს არ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები“. მესამე დოზით ისინი უკვე ახერხებდნენ იმუნიტეტის გამომუშავებას.
მკვლევრები დააკვირდნენ უფრო ასაკოვან ადამიანებსაც, უფრო კონკრეტულად კი საზოგადოების განსაკუთრებით დასტრესილ ჯგუფს – მათ, ვინც სხვებზე ზრუნავს. კვლევის ფარგლებში გრიპისა და პნევმონიის ვაქცინაცია ჩაუტარეს ადამიანებს, რომლებიც დემენციის მქონე მეუღლეს უვლიდნენ. მედიცინის სტუდენტებისგან განსხვავებით, რომელთა სტრესიც მოკლევადიანია, ეს ადამიანები უწყვეტ რეჟიმში განიცდიდნენ სტრესს. დოზის მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ მათ ნაკლები ანტისხეულები ჰქონდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფს – ისინი ვერ ინარჩუნებდნენ თავდაცვით რეაქციას. „ამან მოგვცა მტკიცებულება, რომ სტრესი ბიოლოგიაზეც არსებით გავლენას ახდენს“, – ამბობს კიკოლტ-გლეიზერი.
1980-იანი წლების კვლევებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ შელდონ კოენის, დღეს კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ემერიტუს-პროფესორის ხელმძღვანელობით მკვლევრებმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს. მათ დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 400 ზრდასრული მოხალისის ნესტოში შეუშვეს სურდოს გამომწვევი ვირუსები მას შემდეგ, რაც მონაწილეებს გამოჰკითხეს, თუ რამდენად სტრესულად გრძნობდნენ თავს. „რაც უფრო დიდ სტრესს ასახელებდნენ ვირუსის შეყვანამდე, მით უფრო მაღალი იყო სურდოს განვითარების ალბათობა“, – ამბობს კოენი. მოგვიანებით სხვა კვლევაში კოენმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ სტრესის ხანგრძლივობასაც ჰქონდა მნიშვნელობა: რაც უფრო ხანგრძლივი იყო ის, მით უფრო იზრდებოდა დაავადების შანსი. მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ სტრესის ყველა ტიპი ერთგვაროვნად არ მოქმედებდა. „განსაკუთრებით მაღალი რისკი ჰქონდათ მათ, ვისაც ქრონიკული ეკონომიკური ან ქრონიკული ინტერპერსონალური სტრესი აწუხებდა“, – ამბობს კოენი.
მომდევნო ნაშრომებში კოენი და მისი კოლეგები იკვლევდნენ, ზუსტად როგორ ხდიდა სტრესი ადამიანებს უფრო მოწყვლადს დაავადებების მიმართ. მათ დაადგინეს, რომ ვირუსის შეყრისას ქრონიკულად დასტრესილი ადამიანები გამოყოფენ ჭარბ ციტოკინებს – ცილებს, რომლებიც იმუნურ სისტემას სიგნალებს გადასცემენ. ისინი ინფექციის კერასთან ან დაზიანებულ ადგილამდე მიდიან და ანთებასა და სხვა უჯრედულ პროცესებს ააქტიურებენ ორგანიზმის დასაცავად. მაგრამ დაინფიცირების ადგილას ციტოკინების სიჭარბე საზიანოა. ეს იწვევს ზედმეტ ანთებას. სწორედ ამის შედეგია ცხვირის „გაჭედვა“, ცხვირიდან გამონადენი და გაციების სხვა სიმპტომები. „სტრესი აფერხებს იმუნური სისტემის უნარს, დაარეგულიროს ანთების გამომწვევი ციტოკინები“, – გვიხსნის კოენი. ეს მიგნებები იმედს გვიტოვებს: გამოიკვეთა სამიზნეები, რომლებზეც მეტი უნდა ვიმუშაოთ.
ახალი ქსელები ტვინში უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო-სამედიცინო ცენტრის „კომპიუტერიზებული სარეაბილიტაციო გარემოს ლაბორატორიაში“, მერილენდში, სამხედრო ვეტერანი უეინ კრისტიანი უახლოვდება საკუთარ ემოციურად რთულად საყურებელ ფოტოს. კვლევები აჩვენებს, რომ თუკი პაციენტებს დავეხმარებით, თვალი გაუსწორონ ტრავმულ მოგონებებს, ეს შეამცირებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომებს.
დაზიანებული იმუნიტეტი სანამ მისი მეუღლე, ტომი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს, სპეციალურ დაწესებულებაში გადავიდოდა, ელენ ები თითქმის მთელ დროსა და ენერგიას ქმარზე ზრუნვას უთმობდა. მან მონაწილეობა მიიღო ოჰაიოს უნივერსიტეტის კვლევაში – თუ რა გავლენას ახდენს დაავადებულ ახლობელზე ზრუნვა მომვლელის იმუნიტეტზე, დეპრესიისა და შფოთის რისკზე.
მაღალი რისკი, სწრაფი ნაბიჯები ფილადელფიაში, ბენჯამინ ფრანკლინის ხიდზე, „ფილის მოსიარულე გოგონების“ ჯგუფი ყოველკვირეულად იკრიბება ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით 5 კმ-ის გასავლელად. ქალებსა და ახალგაზრდებს მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად ემუქრებათ სამსახურში გადაწვა. ვარჯიში ამის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა.
კავშირის წყურვილი მოხუცებს ხშირად უწევთ იზოლაციასთან გამკლავება. ეს ქრონიკული სტრესის წყაროა. ცხოველების თერაპია ამის წამალია. ვანკუვერის (ვაშინგტონი) მოხუცებულთა სახლს სტუმრობს თერაპიული ლამა. მოხუცებულთა სახლის ბინადრები ეფერებიან და სტაფილოს აჭმევენ მას. ხანდახან სტაფილოს ტუჩებითაც იჭერენ, რომ ლამამ კოცნით გამოართვას.
ახალი ქსელები ტვინში უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო-სამედიცინო ცენტრის „კომპიუტერიზებული სარეაბილიტაციო გარემოს ლაბორატორიაში“, მერილენდში, სამხედრო ვეტერანი უეინ კრისტიანი უახლოვდება საკუთარ ემოციურად რთულად საყურებელ ფოტოს. კვლევები აჩვენებს, რომ თუკი პაციენტებს დავეხმარებით, თვალი გაუსწორონ ტრავმულ მოგონებებს, ეს შეამცირებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომებს.
დაზიანებული იმუნიტეტი სანამ მისი მეუღლე, ტომი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს, სპეციალურ დაწესებულებაში გადავიდოდა, ელენ ები თითქმის მთელ დროსა და ენერგიას ქმარზე ზრუნვას უთმობდა. მან მონაწილეობა მიიღო ოჰაიოს უნივერსიტეტის კვლევაში – თუ რა გავლენას ახდენს დაავადებულ ახლობელზე ზრუნვა მომვლელის იმუნიტეტზე, დეპრესიისა და შფოთის რისკზე.
მაღალი რისკი, სწრაფი ნაბიჯები ფილადელფიაში, ბენჯამინ ფრანკლინის ხიდზე, „ფილის მოსიარულე გოგონების“ ჯგუფი ყოველკვირეულად იკრიბება ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით 5 კმ-ის გასავლელად. ქალებსა და ახალგაზრდებს მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად ემუქრებათ სამსახურში გადაწვა. ვარჯიში ამის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა.
კავშირის წყურვილი მოხუცებს ხშირად უწევთ იზოლაციასთან გამკლავება. ეს ქრონიკული სტრესის წყაროა. ცხოველების თერაპია ამის წამალია. ვანკუვერის (ვაშინგტონი) მოხუცებულთა სახლს სტუმრობს თერაპიული ლამა. მოხუცებულთა სახლის ბინადრები ეფერებიან და სტაფილოს აჭმევენ მას. ხანდახან სტაფილოს ტუჩებითაც იჭერენ, რომ ლამამ კოცნით გამოართვას.
მომავალი
სტრესის ამოხსნისა და დაძლევის გასაღები შეიძლება ჩვენს დნმ-ში იყოს. ბოლო დროს მკვლევრები დაინტერესდნენ, რა გავლენა აქვს ამ ქრონიკულ მდგომარეობად გარდაქმნილ თავდაცვით მექანიზმს უჯრედულ დონეზე.
გასულ წელს ურსულა ბიტიმ, ტაფტსის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, კოლეგებთან ერთად იპოვა შესაძლო მტკიცებულება იმისა, რომ სტრესს დნმ-ის აღმდგენი მექანიზმების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. ლაბორატორიაში გუნდმა ბეღურები გაატარა „ქრონიკული ცვლადი სტრესის პროტოკოლში“ – ანუ, როგორც ბიტი გვითარგმნის: „ჩიტები გააღიზიანეს“. მკვლევრები შედიან ფრინველის ოთახში, „გალიებზე კალმებს აკაკუნებენ, ოთახში გალიებს აგორავებენ და ხმამაღლა რთავენ რადიოს“, – გვიხსნის ბიტი. მათი მიზანია ცხოველების შეწუხება, მაგრამ არა – ფიზიკური ზიანის მიყენება. სამკვირიანი უსიამოვნო მოპყრობის შემდეგ ბეღურების სისხლისა და ქსოვილის სინჯებში ჩანს დნმ-ის დაზიანება. „წარმოიდგინეთ, დნმ-ის მსგავსი ორი მავთული რომ დაახვიო და მაკრატლით გადაჭრა“, – ამბობს ბიტი.
დნმ-ის ასეთი გაწყვეტა ხშირია ბეღურებშიც და სხვა სახეობებშიც, მათ შორის ადამიანებშიც, მაგრამ ზიანი, როგორც წესი, თვითრეპარაციის მექანიზმების წყალობით ქრება. ქრონიკული სტრესის პირობებში „რეპარაციის მექანიზმები მწყობრიდან გამოდის, რის გამოც დნმ-ის დაზიანება იზრდება“, – გვიხსნის ბიტი. მისი თქმით, ფრინველებში განსაკუთრებით ზიანდება ღვიძლის უჯრედები. ეს გვაფიქრებინებს, რომ ადამიანებშიც სტრესი განსხვავებულად მოქმედებს ამა თუ იმ ორგანოზე.
ამისგან განსხვავებით, კიკოლტ-გლეიზერი და ფსიქოლოგი ლიზა კრისტიანი ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში გრძელვადიან კვლევას ატარებენ, რომ დაადგინონ, უფრო სწრაფად ბერდებიან თუ არა ქრონიკული სტრესის მქონე ადამიანები. ისინი ისევ მომვლელ მეუღლეებზე კონცენტრირდებიან. სისხლის ანალიზში აკვირდებიან ისეთ მარკერებს, როგორიცაა ტელომერების სიგრძე – დნმ-ის განმეორებადი თანმიმდევრობა ქრომოსომების ბოლოებზე, რომელიც ასაკთან ერთად მოკლდება. თუ ამ კვლევის შედეგებიც დაემთხვევა ძველ, უფრო მცირემასშტაბიან კვლევას, ვივარაუდებთ, რომ ქრონიკულად დასტრესილი მომვლელები არა მხოლოდ ავადდებიან უფრო დიდი ალბათობით და იკურნებიან შედარებით ნელი ტემპით, არამედ, დაჩქარებული დაბერების ნიშნებსაც ავლენენ. ჩვენ ჯერაც ვსწავლობთ, რამდენად ღრმად აღწევს ქრონიკული სტრესი ჩვენს ორგანიზმში. თუმცა ამ კვლევების შედეგები კიდევ უფრო დაგვაახლოებს სტრესის თავსატეხის ამოხსნასთან. იქნებ, მომავალში უკეთ შევძლოთ ცვლილებების მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
სტრესის ანტიდოტი
მედიტაციას ათასწლეულების განმავლობაში მიმართავენ. მას ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებლი მოაქვს, მათ შორის, მართავს სტრესსა და შფოთს.

რობინსვილში, ნიუ-ჯერსიში, მლოცველები მედიტირებენ BAPS Swaminarayan Akshardham-ის კომპლექსში — აშშ-ის უდიდეს ინდუისტურ ტაძარში. სულ უფრო მეტი ადამიანი მისდევს მედიტაციის მეთოდებს, რომელთა გაჩენაც ინდუიზმსა და ბუდიზმს უკავშირდება.
ინდოეთში გავიზარდე. ზაფხულობით ბებია-ბაბუას ვსტუმრებოდი ხოლმე კოლკატაში. ყოველ ნაშუადღევს ბებია ძირს, ხალიჩაზე, დაჯდებოდა, სახით საოჯახო სალოცავი კუთხისკენ, სადაც ხის ტახტზე წამომჯდარი ინდუისტური ღვთაებების ქვის ფიგურები ეწყო. ნახევარი საათი გაუნძრევლად, თვალდახუჭული იჯდა ხოლმე. თითებით კრიალოსანს მარცვლავდა და თან კრიშნას სახელს ჩურჩულებდა. პატარაობაში ეს ხელსაყრელ მომენტად მეჩვენებოდა იმისთვის, რომ ფეხაკრეფით შევსულიყავი და მომეპარა დამტკბარი თამარინდის უგემრიელესი პასტა, რომელსაც ბებია ოთახის მეორე ბოლოში თაროზე ინახავდა. თუმცა არასდროს ვუკვირდებოდი, ამ ყოველდღიური რიტუალიდან რა ხეირს ნახულობდა.
შეუძლებელია ობიექტურად შევაფასოთ, ნაშუადღევის მედიტაციის სესიები ეხმარებოდა თუ არა ბებიას, დაემყარებინა რაიმე სახის კავშირი ზეციურ ძალასთან, თუმცა უფრო და უფრო მეტი სამეცნიერო მტკიცებულება გროვდება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ბებიასთვის ამ პრაქტიკას არაერთი სარგებელი მოჰქონდა. ეს, სავარაუდოდ, მისთვის სტრესის მართვის ეფექტური საშუალება იყო. შესაძლოა, ამან ასაკობრივი კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებაც კი შეანელა – იქნებ, სწორედ ამით აიხსნება, რომ მან მენტალურად შესანიშნავი ფორმა შეინარჩუნა სიკვდილამდე. მედიტაცია, ასევე, იქნებ, ტკივილთან გამკლავებაშიც ეხმარებოდა.
ყველაზე ფართო გაგებით, მედიტაციას ასე განმარტავენ: ყურადღების კონცენტრირება მიმდინარე მომენტზე. მსოფლიოს რელიგიურ ტრადიციებში მედიტაციას ათასობით წლის განმავლობაში ამა თუ იმ ფორმით იყენებდნენ. როგორც წესი, მჭვრეტელობის მიზანი სულიერი გასხივოსნებაა, მაგრამ მათ, ვინც მედიტაციით არის დაკავებული, სწამთ, რომ ეს პრაქტიკა ჯანმრთელობისთვისაც სასიკეთოა. უკანასკნელი 30 წლის კვლევებიც ამ რწმენას ადასტურებს. ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიური ე.წ. „მაინდფულნეს“ მედიტაცია – ანუ 45 წუთის განმავლობაში საკუთარ აზრებსა და ემოციებზე დაკვირვება – შფოთვას აქარწყლებდა და ანტიდეპრესანტის ფუნქციას ასრულებდა. სხვა კვლევის მიხედვით, „მაინდფულნესზე“ დაფუძნებულმა კოგნიტიურმა თერაპიამ – რომლის ფარგლებშიც ადამიანები სწავლობენ ფიქრის ნეგატიური მოდელების დაძლევას სუნთქვის სავარჯიშოებითა და მედიტაციით – შეძლო შეემცირებინა დეპრესია ზრდასრულებში, რომლებიც იღებდნენ ანტიდეპრესანტებს და ვერ ხედავდნენ წამლის შედეგს.

ელექტროენცეფალოგრამა ზომავს მოხალისის ტვინის ელექტრულ აქტივობას „ალემბიკში“, ტვინისა და სხეულის ცენტრში (კალიფორნია). მედიტაციის რეგულარულ მიმდევრებს ყურადღების ქსელში (ყვითელი ზონა ქვემოთ) უფრო დიდი აქტივობა აქვთ, ვიდრე დანარჩენებს.
კეტრინ დივეინი და სხვები, ტვინის მეცნიერებები, 2021 წლის აპრილი

რაც უფრო იზრდება ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობისა და სტრესის მოხსნის მნიშვნელობის შესახებ, მით უფრო მატულობს მედიტაციის პოპულარობაც. ბევრმა ადამიანმა შეიტყო, რომ დღეში თუნდაც რამდენიმეწუთიან სუნთქვით სავარჯიშოს მოაქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის. აშშ-ის ბევრ სკოლას უკვე აქვს მედიტაციის სასწავლი პროგრამები. 4-17 წლის ბავშვებში „მაინდფულნესის“ მსგავს პრაქტიკაში ჩართულთა წილი 2012-დან 2017 წლამდე ცხრაჯერ გაიზარდა. ასეთი ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა მედიტაციის სწავლა და ვარჯიში: ათობით აპლიკაცია ადამიანებს საშუალებას აძლევს, სმარტფონის მეშვეობით გამოცადონ სესიები ინსტრუქტორების გაძღოლით, დამამშვიდებელი მუსიკით, სასურველ დროსა და ადგილას.
„ოცი წლის წინ ადამიანებს რომ ვეუბნებოდი, ვმედიტირებ-მეთქი, ფიქრობდნენ, რომ რაღაც სექტის წევრი ვიყავი“, – იხსენებს კეტრინ დივეინი, ნეირომეცნიერი და ბერკლიში მდებარე სხეულისა და გონების ცენტრ „ალემბიკის“ აღმასრულებელი დირექტორი. „მეკითხებოდნენ, ეს რა არისო? დაახლოებით ექვსი წლის წინ ეს მდგომარეობა შეიცვალა. დღეს მედიტაციას რომ ვახსენებ, მეუბნებიან, „ჰო, მეც არ მაწყენდა“. დიდი განსხვავებაა“.
დღევანდელი კვლევებით ცდილობენ გაიგონ, რატომ მოაქვს მედიტაციას ესა თუ ის სარგებელი. სარა ლაზარი, მასაჩუსეტსის მრავალპროფილური ჰოსპიტლის ნეირომეცნიერი და მისი კოლეგები თავიანთი კვლევებით ავლენენ, როგორ ამცირებს მედიტაცია შფოთს, რომელსაც სტრესის მსგავსი სიმპტომები აქვს. ერთ-ერთი კვლევა ადარებდა სტრესის შემცირების ორ პროგრამას: ერთი დაფუძნებული იყო „მაინდფულნესზე“, სადაც 42 მოხალისე რვა კვირის განმავლობაში სწავლობდა გაცნობიერების მედიტაციასა და იოგას; მეორე ვარჯიშზე იყო დაფუძნებული, რომელშიც 25 მოხალისე მსუბუქ აერობიკას აკეთებდა. ორივე ჯგუფმა შეასრულა პირობით რეფლექსებთან დაკავშირებული თერაპიული ამოცანა, რომელშიც მათ უსაფრთხო გარემოში შფოთვის გამომწვევი სტიმული განმეორებით მიეწოდებოდათ იქამდე, სანამ ის შფოთვას აღარ იწვევდა. მოხალისეებს აჩვენებდნენ ნათურის სურათს, რომელიც ლურჯად, მწვანედ ან ყვითლად ანათებდა. ორ ფერთან ერთად მოხალისეები იღებდნენ მცირე ელექტრულ შოკს. მოგვიანებით ამ სურათებს შოკის გარეშე აჩვენებდნენ, რომ გამქრალიყო „შიშის მეხსიერება“ და შექმნილიყო „უსაფრთხოების მეხსიერება“, რომელიც ამ განათებასთან იქნებოდა ასოცირებული.
ლაზარმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ „მაინდფულნესის“ ჯგუფს უფრო მარტივად შეეძლო შიშის მოგონების დავიწყება. ტვინის სკანირებით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ „მაინდფულნესის“ პროგრამის შემდეგ მოხალისეების ტვინი სხვანაირად ამუშავებდა „უსაფრთხოების მეხსიერებას“. ისინი უფრო მარტივად იხსენებდნენ, რომ ამა თუ იმ ფერის ნათურა აღარ იყო სახიფათო.
(მარცხნივ) შესვენება თამაშ-თამაშით
კონექტიკუტში ცხრა წლის მილა უესტ-როზენთალი მედიტირებს თოჯინის დახმარებით. ბარბი სახელწოდებით „ჩემთან ერთად ისუნთქე“ სათამაშოების მწარმოებლის, Mattel-ის და მედიტაციის აპლიკაციის, Headspace-ის თანამშრომლობის შედეგია. თოჯინას გულსაკიდზე აქვს ღილაკი, რომელზე დაჭერისას ირთვება მედიტაციის ხუთიდან ერთ-ერთი სესია სინათლისა და ხმის ეფექტებით.
(მარჯვნივ) მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო
ანტრეპრენიორი ბრაიან მაზა ყოველდღე 10 წუთი მედიტირებს თავის სახლში (ნიუ-იორკი). მას თავზე უკეთია შემოსაკრავი მოწყობილობა „Muse 2“, რომელიც ზომავს ტვინის ელექტრულ აქტივობას და შედეგის შესაბამის ხმებს უშვებს. ეს ხმები მომხმარებელს კონცენტრირებაში ეხმარება.
მედიტაცია არა მხოლოდ სტრესსა და შფოთზე ახდენს გავლენას. ფადელ ზეიდანი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-დიეგო) ნეირომეცნიერი, იკვლევს, თუ როგორ ამცირებს „მაინდფულნესი“ ტკივილს. ბოლოდროინდელ კვლევაში ზეიდანმა და კოლეგებმა ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით მოხალისეთა ტვინი მედიტაციისა და ტკივილის დროს გადაიღეს, რათა გაეგოთ, როგორ ამცირებს მედიტაცია დისკომფორტს.
„მედიტაციის დროს 33%-ით იკლებს ტკივილისა და უსიამოვნების ხარისხი“, – ამბობს ზეიდანი.
რატომ აყუჩებს მედიტაცია ტკივილს? ზეიდანის თქმით, მკვლევრებმა ამ კითხვას სკანირებით უპასუხეს. როგორც აღმოჩნდა, მედიტაციის დროს ტკივილის შემცირება დაკავშირებულია თვითგაცნობიერებასთან ასოცირებული ნეირონული ქსელების ნაკლებ აქტივაციასთან. ყველაზე მეტად აქტივაცია კლებულობს თავის ტვინის მედიალურ პრეფრონტალურ ქერქში – ნეირონულ ცენტრში, რომელიც წამყვან როლს ასრულებს თვითრეფლექსიასა და საკუთარი თავის შეფასებაში. „მედიტაციის დროს თვითშეფასება დეაქტივირდება, – ამბობს ზეიდანი, – და რაც უფრო მცირდება ის, მეტია ანალგეზია, მეტია ტკივილის გაყუჩება“. ტკივილის სიგნალებს ტვინი მაინც იღებს, მაგრამ „სიგნალები არ შედის ტვინის იმ ქსელებში, რომლებიც გვატყობინებენ, რომ ეს ჩვენი ტკივილია“, – ხსნის იგი. ანუ „მაინდფულნესი“, თითქოს, გვეხმარება, განვაცალკეოთ ჩვენი თავი ტკივილისგან.
შარშან ნოემბერში ციხეს ვესტუმრე – ადგილს, სადაც, წესით, ბევრი სტრესი ტრიალებს. ჰოვარდ რ. იანგის გამოსასწორებელ დაწესებულებაში, უილმინგტონში, დელავერში, მედიტაციის მასწავლებლები („ადამიანური ღირებულებების საერთაშორისო ასოციაციის“ წარმომადგენლები) 20 პატიმრის სესიას უძღვებოდნენ. ამ ასოციაციის დამფუძნებელია სულიერი წინამძღოლი გურუდევ შრი შრი რავი შანკარი, რომელმაც პოპულარული გახადა სუდარშან კრია იოგა (SKY), რიტმული სუნთქვის ტექნიკა კონცენტრირებისთვის. მედიტაციის სხვა ფორმების მსგავსად, SKY ადამიანებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნაკლებად გაღიზიანდნენ სტრესულ სიტუაციაში. ასოციაციის პროგრამა 60 ქვეყანაში უკვე 800 000-ზე მეტმა პატიმარმა და გამოსასწორებელი დაწესებულების თანამშრომელმა გაიარა.

უილმინგტონის (დელავერი) ჰოვარდ რ. იანგის გამოსასწორებელ დაწესებულებაში პატიმართა ჯგუფს მედიტაციას ასწავლიან: სუდარშან კრია იოგას, იმავე რიტმულ სუნთქვას, რომელიც ადამიანებს ემოციების მართვაში ეხმარება.
იმ სესიაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, ზოგ მონაწილეს უკვე გავლილი ჰქონდა ტრენინგი და ისინი მიღებული ცოდნის ყოველდღიურობაში გამოყენებას ცდილობდნენ (ციხის წარმომადგენლებმა უფლება მომცეს, პატიმრები გამომეკითხა იმ პირობით, რომ მათ გვარებს არ გავასაჯაროებდი). ველაპარაკე ხორხეს, 30 წლამდე ასაკის დაბალი ტანის კაცს თხელი წვერითა და ნათელი თვალებით, რომელიც 2016 წელს განზრახ თავდასხმაში დამნაშავედ ცნეს და უილმინგტონის ციხეში გაუშვეს. მითხრა, რომ პუერტო-რიკოში დაიბადა და ხუთი წლის ასაკში აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში გადმოვიდა. რადგან ინგლისურს სრულყოფილად არ ფლობდა, კლასელები დასცინოდნენ. „არ ვიცოდი, რა პასუხი გამეცა“, – მითხრა მან. ამიტომ, ჩხუბს იწყებდა.
ხორხემ მედიტაციის შესახებ რამდენიმე წლის წინ სპორტული ორთაბრძოლის კლუბში გაიგო. მისი ნაცნობი მატჩის წინ მედიტირებდა, და თითქოს, არც ორთაბრძოლის დროს ღელავდა და არც წაგების შემთხვევაში. „ვფიქრობდი ხოლმე, მე რატომ ვარ ასეთი გაცეცხლებული, ის კი – ასეთი მშვიდი?“ – თქვა ხორხემ. მისი თქმით, ამ კითხვას ნაწილობრივ პასუხი გაეცა ციხის მედიტაციის პროგრამის წყალობით. ეს ცოდნა ცხოვრებაშიც დანერგა. „როდესაც ვგრძნობ, რომ ვბრაზდები, უბრალოდ ვსუნთქავ“, – მითხრა მან. ბოლო დროს კოლკატაში მშობლიურ სახლს რომ ვესტუმრე, ჩუმად ვიდექი სალოცავი ოთახის გარეთ, იქ, სადაც ბებია მედიტირებდა ხოლმე. მისი გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა, მოსაპარი თამარინდის ქილაც აღარსად იდო. 51 წლის ასაკში ცხოვრებით დამძიმებული დავფიქრდი, იქნებ დროა, მედიტაცია მეც ყოველდღიურობის წესად ვაქციო.
ფოტოგრაფ ბრაიან ფინკეს ჟურნალისთვის გაშუქებული აქვს ისეთი თემები, როგორებიცაა ალკოჰოლის ისტორია, საკვების ნარჩენების პრობლემა და გემოს მეცნიერება.