სიტყვებზე მეტი
ახალი ზელანდია
მაორების ენის სწავლების მოდელმა მთელი მსოფლიოს მკვიდრ თემებს აჩვენა კულტურის დაბრუნებისა და გამოცოცხლების გზა.
ხუთი წლის წინ, კანიენკეჰაკას ხალხის მიწაზე – მონრეალთან ახლოს, მდინარე წმინდა ლავრენტის პირას – კანენტოკონ ჰემლოკი და იერონჰიენჰავი ტატუმ მაკკომბერი თავიანთი მეგობრისა და მენტორის, მაორი ენის აქტიურ დამცველ სერ ტიმოტი კარეტუს მიერ დასმულმა შეკითხვამ ჩააფიქრა.
კანიენკეჰა – მოჰოკების ენა – ერთ-ერთია მსოფლიოს მრავალი საფრთხეში მყოფი ძირძველი ენიდან. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დათვის კლანის წევრები, მაკკომბერი და ჰემლოკი თავიანთ თემთან ერთად ენის შემსწავლელ იმერსიულ სკოლას უძღვებიან, სადაც მოჰოკი მოსწავლეები კანიენკეჰაზე მოლაპარაკეთა გარემოცვაში არიან. მაკკომბერი, რომელიც ამ სკოლის დაფუძნებას XXI საუკუნის დასაწყისში შეუდგა, შთაგონებას მთელ მსოფლიოში ეძებდა და დაუახლოვდა ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი მშობლიური ენები წარმატებით გამოაცოცხლეს. ამ საქმეში, შესაძლოა, სხვა არავინაა ისე განსწავლული, როგორც ის კაცი, რომელიც ახლა სკოლის სასადილო მაგიდასთან მაკკომბერის, ჰემლოკისა და კანიენკეჰას სხვა მცოდნეების მოპირდაპირედ ზის.
კარეტუმ მათ მარტივი რამ ჰკითხა: როგორ წარმოედგინათ ენისთვის საოცნებო მომავალი? მაკკომბერის თქმით, კანიენკეჰას რთული ნიუანსების შესასწავლად მეტი დროის გატარება იყო საჭირო ტომის იმ წევრებთან, რომელთათვისაც ის მშობლიური ენაა – უმეტესად უხუცესებთან. კარეტუ (ნგატი კაჰუნგუნუ, ნგაი ტუჰოე) უკან გადაიხარა: „აჰა, უკვე ამდენი ხანი გაატარეთ მათთან ერთად. დაგეხმარათ რამეში?“ დიახ, მაგრამ ჯერ არასაკმარისად, ჯერ – არა. უხუცესებს ასაკი ემატებოდათ, ახალგაზრდებს კი კვლავაც ბევრი ჰქონდათ სასწავლი. მათ უფრო სწრაფად უნდა ემოქმედათ.
ჰემლოკი ამბობს, რომ ეს პასუხი ძალიან სერ ტიმოტისეული იყო – პირდაპირი და მოზომილი, შორსმჭვრეტელი და დამრიგებლური. მაკკომბერი ამბობს, რომ 2019 წელს კარეტუსთან პირველი შეხვედრის შემდეგ მისმა რჩევა-დარიგებამ და შემართებამ მთელ გუნდს მოტივაცია შესძინა.
„არ დაელოდოთ ფულს, არ დაელოდოთ არავის თანხმობას და არავისგან არ მოელოდოთ, რომ შემოგიერთდებიან“, – ამბობს მაკკომბერი. უბრალოდ, საქმე აკეთეთ.
იმავე გზავნილს ავრცელებდა კარეტუ თანამოაზრეებთან ერთად ექვსი ათწლეულის წინ, როდესაც ტე რეო მაორი – მაორების ენა – საფრთხეში მყოფი ენის სტატუსს იძენდა. და იმავე გზავნილით მიმართავს იგი ყველას დღესაც, როდესაც მკვიდრ ხალხს ხვდება.
მისი სიტყვები იმედის მომცემია, რადგან აღნიშნული მოდელის გამოყენებით არაერთგან მიაღწიეს წარმატებას.

1970-იანი წლების დასაწყისში საუნივერსიტეტო განათლების მქონე ახალგაზრდა მაორების ჯგუფმა აოტეაროაში – როგორც მოიხსენიებენ ახალ ზელანდიას ტე რეოზე – სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება დაიწყო. ამ აქტივისტებმა თავს „ნგა ტამატოა“, ანუ „ახალგაზრდა მეომრები“ უწოდეს. სხვა რეგიონულ ჯგუფებთან ერთად, ისინი ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ მაორების მარგინალიზაციისა და იძულებითი ასიმილაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ – პირველ რიგში იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლითაც მთავრობა ტე რეო მაორის გამოყენებას ზღუდავდა.
1867 წელს ახალმა ზელანდიამ მკვიდრ ხალხთა სკოლების შესახებ კანონი მიიღო, რომლის მიხედვით სკოლებში ტე რეოს სწავლება აიკრძალა. მასწავლებლები და ადმინისტრატორები სცემდნენ მოსწავლეებს, რომლებიც მშობლიურ ენაზე ლაპარაკს გაბედავდნენ. ეს ჩაგრული მაორი ბავშვები მაორი მშობლები გახდნენ; მსგავსი ბედისწერისგან თავიანთი შვილების დასაცავად, ბევრი მათგანი შვილებს მაორიზე არ ალაპარაკებდა. მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვმა იკლო და ენა საფრთხეში მყოფის სტატუსის მიღების პირას იყო.
1972 წელს სახელგანთქმული მაორი აქტივისტი ტამე იტი (ნგაი ტუჰოე, ვაიკატო, ტე არავა) და ნგა ტამატოას სხვა წევრები „ტე რეო მაორი საზოგადოებასთან“ ერთად მარშით უელინგტონში, ახალი ზელანდიის პარლამენტის კიბეებთან მივიდნენ. ჯგუფს 30 000-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერილი პეტიცია მიჰქონდა, რომელიც საჯარო სკოლებში მაორის სწავლებას მოითხოვდა. იტი ფიქრობს, რომ ამგვარმა პროტესტმა აოტეაროაში მცხოვრებ მაორი თემებს ტე რეოს დაბრუნების თვითრწმენა მიანიჭა.
დეიმ ირიტანა ტავჰივჰირანგი მოძრაობის პირველი დიდი წარმატებული პროექტის – კოჰანგა რეოს – დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო. კოჰანგა რეო 1982 წელს გაიხსნა და იქ მშობლებისა და პატარებისგან მოითხოვდნენ, რომ საკლასო ოთახშიც და სახლშიც მხოლოდ ტე რეოზე ელაპარაკათ. კურიკულუმი უშუალოდ მაორების ისტორიასა და კულტურაზე იყო ორიენტირებული. უხუცესები და სხვები, ვინც ენას უბადლოდ ფლობდნენ, გაკვეთილებს უძღვებოდნენ. „კოჰანგა რეო“ ითარგმნება, როგორც „ენის ბუდე“ და ის ამ ტიპის პირველი პროგრამა იყო, რომელმაც სრული ენობრივი და კულტურული იმერსიის მეთოდი გამოიყენა. მაორი თემებისთვის სკოლები ახალი აღმოჩენასავით იყო.
ტავჰივჰირანგის (ნგატი პოროუ, ნგატი კაჰუნგუნუ, ნგაპუჰი) თანახმად, პროგრამამ ხუთი სკოლით დაიწყო და სამ წელიწადში 300-ზე მეტ ადგილას გახსნა სასწავლებელი. კოჰანგა რეოს სწრაფი ზრდა კულტურული რეგენერაციის უპრეცედენტო წარმატების მაგალითს წარმოადგენს. ტავჰივჰირანგის აზრით, ამით გამოიკვეთა მაორი ოჯახებში ფართოდ გავრცელებული, თუმცა დათრგუნვილი სურვილი იმისა, რომ მათ შვილებს არაკოლონიალური სტანდარტებით მიეღოთ განათლება.
ორიინი კაიპარა 1983 წელს დაიბადა, სწორედ მაშინ, როდესაც ტე რეოს გაცოცხლების პროცესი იწყებოდა. მის მშობლებსა და პაპა-ბებიას ადგილობრივი კოჰანგა რეოს ჩამოყალიბებაში მიუძღვით წვლილი. კაიპარას და მის თანაკლასელებს აჩვევდნენ, რომ მაორი ენაზე ელაპარაკათ „მუდმივად, ყველგან, ყველაფრის მიუხედავად“, – ამბობს იგი. ბავშვობაში კაიპარა (ნგატი ავა, ტუჰოე, ტუვჰარეტოა, ნგატი რანგიტიჰი) ვერ ხვდებოდა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის ნაწილი იყო ან რომ მისი კლასი, მისივე თქმით, საცდელი „ზღვის გოჭები“ იყვნენ – ისინი უბრალოდ მაორი ბავშვები იყვნენ მაორი მასწავლებლებით და ადმინისტრატორებით.
„ჩვენი პაპა-ბებია მაგრები იყვნენ, ჩვენი მშობლები მაგრები იყვნენ“, – ამბობს იგი, – „მათ უბრალოდ ძალიან უნდოდათ, ჩვენთვის ჩაეგონებინათ, რამდენად მშვენიერია ჩვენი ენა, ჩვენი კულტურა და ვინ ვართ ჩვენ“.
მაორი ოჯახებმა მალევე გააცნობიერეს, რომ საქმე ვერ დაიწყებოდა და დასრულდებოდა კოჰანგა რეოთი. 1985 წელს, აოტეაროაში, კაიპარას მხარეში, მაორი უხუცესებისა და პედაგოგების ჯგუფმა დააარსა „ტე კურა კაუპაპა მაორი ო ჰოანი ვაიტიტი“ – ტე რეოს შემსწავლელი პირველი იმერსიული სკოლა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ამასობაში იმ ჯგუფმა, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ ტავჰივჰირანგი და კარეტუ, რომელიც 1987 წელს მაორი ენის კომისრად დაინიშნა, მაორი ენის შესახებ კანონის მიღებას შეუწყეს ხელი. ტე რეოს ინგლისურთან ერთად ოფიციალური ენის სტატუსი მიენიჭა, რაც მოგვიანებით ახალი ზელანდიის ჟესტურ ენაზეც გავრცელდა.
კაიპარას თქმით, ვინაიდან ის ამ ახალ, მაორების მიერ მართულ სასკოლო სისტემაში იზრდებოდა, მან გაითავისა ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას და მის თანაკლასელებს აერთიანებდათ – როგორც სრულიად მაორი ხალხის წინაშე, ისე მშობლებისა და პაპა-ბებიების წინაშე მათი გაღებული მსხვერპლისა და ძალისხმევისთვის. 2021 წელს კაიპარა ახალი ამბების პირველი წამყვანი გახდა, რომელსაც „მოკო კაუაე“, ანუ ტრადიციული ნიკაპის სვირინგი ჰქონდა.
„კაუპაპამ მასწავლა, როგორ ვიყო თავდაჯერებული, ვიდგე კომფორტულად ადამიანების წინაშე და საჯაროდ ვილაპარაკო, ახალი ამბები წავიყვანო როგორც ინგლისურად, ისე მაორიზე, – ამბობს იგი, – და ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროში თავისუფლად ვიმოძრაო“.
„ენის ბუდის“ მოდელი მალევე იქცა სრულიად მაორი ხალხის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საექსპორტო პროდუქტად მთელი მსოფლიოს მკვიდრი თემებისთვის.
დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც პატარა კაიპარა კოჰანგა რეოში სწავლობდა, ჰავაის მშობლიური ენის დამცველები ენის დაკარგვის საშიშროების საპასუხოდ მოქმედებას იწყებდნენ. 1982 წელს, მაორი ენის მკვლევარი ტამატი რიდი ლექციის წასაკითხად და ახლად დაარსებული კოჰანგა რეოს შესახებ ხმის გასავრცელებლად ჰავაიში გაემგზავრა. ორ წელიწადში, პატარა ჯგუფმა ლარი კიმურას ხელმძღვანელობით, რომელიც ამჟამად ჰილოში, ჰავაის უნივერსიტეტში, ჰავაიური ენისა და ჰავაის შემსწავლელ მეცნიერებათა პროფესორია, ჰავაიში ენის შემსწავლელი პირველი „ბუდე-სკოლა“გახსნა, რომელთაც „აჰა პუნანა ლეო“ ეწოდა. მომდევნო წელს მათ კიდევ ორი „ბუდე-სკოლა“ გახსნეს ჰილოსა და ჰონოლულუში.
ოთხი ათწლეულის შემდეგ, აჰა პუნანა ლეოს სისტემა ჰავაიში 13 სკოლამდელ დაწესებულებას მოიცავს; ორგანიზატორებმა და ადმინისტრატორებმა დაწყებითი და საშუალო საფეხურის კლასებისთვის რამდენიმე იმერსიული სკოლა დააარსეს. კოჰანგა რეოს მსგავსად, აჰა პუნანა ლეო სასიგნალო შუქად იქცა.
„ჩვენ ამას ვერ მივაღწევდით სხვა მკვიდრი ხალხების მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ, – ამბობს კანენტოკონ ჰემლოკი, – ერთმანეთს ყოველთვის ვჭირდებოდით“.
ვაშინგტონის შტატის პუიალუპის ტომიდან დაწყებული, ფინეთის მკვიდრ საამებამდე, მკვიდრ ხალხთა თემები ექვსი ათწლეულის წინ შემოღებული მაორი „ენის ბუდეების“ მაგალითს მიჰყვებიან. როგორც კიმურა აღნიშნავს, ადამიანისთვის მშობლიური ენის დაუფლება ახალი სიტყვებისა და ფრაზების სწავლაზე მეტია. ის თემებს საშუალებას აძლევს, დაინახონ და აღიქვან სამყარო ისე, როგორც მათი წინაპრები აღიქვამდნენ და მათი ცხოვრების წესი მომავალ თაობებს შემოუნახონ. „ეს მხოლოდ ენა არ არის“, – ამბობს იგი.
ეს ყველაფერია.