ყველაფრის ცენტრი
ნიგერია
მიუხედავად რეპრესიული კანონებისა და სოციალური სტიგმებისა, ბევრი მკვიდრი ნიგერიელი გამოხატავს ჭეშმარიტ იდენტობას, მათ შორის არიან ლგბტქ თემის წარმომადგენლებიც.
ავტორი აკუეკე ემეზი და დიზაინერი ადეჯუ თომფსონი კრეატიულობასა და გამძლეობაზე მსჯელობენ.
ადეჯუ თომფსონის დიზაინის სტუდიაში კედლები და ჭერი ინტენსიური კობალტისფერი ლურჯია. მთელი ოთახი ხელოვნების ნიმუშებითაა მოფენილი – პატარა ბრინჯაოს სკულპტურებიდან დაწყებული, წიგნების თუ საოჯახო ფოტოების დასტებით დამთავრებული. ერთ ხელოსანს მისი გუნდიდან, რომელიც დიდ მაგიდას უზის, ბუმბულისა და კასავას საღებავის გამოყენებით დიდი სიფრთხილით გამოჰყავს ხაზები უზარმაზარ თეთრ ქსოვილზე – იორუბას ტრადიციული ტექნიკით ქმნის „ადირეს“. ეს საიმედოდ შეღებილი ქსოვილი თომფსონის ძვირადღირებული მოდის ბრენდის, Lagos Space Programme-ის სამოსად გადაიქცევა.

ნიუ-იორკიდან სამშობლოში ვბრუნდები. 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც ლიტერატურულ კარიერას მივყავი ხელი, ლაგოსში იშვიათად ჩავდივარ. ამ პერიოდში შვიდი წიგნი გამოვეცი, ჟურნალ Time-ის გარეკანზეც მოვხვდი, თუმცა, როგორც ქვიარ მწერალსა და მხატვარს, გადასახლებაში ცხოვრება მოსვენებას არ მაძლევს. ნიგერია არც თუ უსაფრთხო ადგილია ქვიარი და ტრანსი თემისთვის, თუმცა ბევრი შემოქმედი ქვიარი მაინც რჩება სამშობლოში. განსაკუთრებული შეგრძნებაა იმის ხილვა, თუ როგორ ქმნის ლაგოსში უსქესო სამოსს თომფსონის მსგავსი ადამიანი – უფრო ზუსტად, თუ როგორ იქმნება ხელოვნება იმ უძველეს კულტურაზე დაყრდნობით, რომელსაც საკუთარი ხალხი გვიკრძალავს.
Lagos Space Programme-ი თომფსონის ხელში აფრიკული დიზაინის მომავალია – ექსპერიმენტული და გამორჩეული. ის არამხოლოდ მზა სამოსის ბრენდია, არამედ ქვეყნის ისტორიის გამომხატველი კონცეფციაა. სწორედ ამის გამოა თომფსონი პირველი აფრიკელი დიზაინერი, რომელსაც მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავების პრესტიჟული ჯილდო, International Woolmark Prize-ი გადაეცა. ლაგოსში მის სტუდიაში შესვლისას ერთდროულად მძიმე და სასიამოვნო შეგრძნება შეიძლება დაგეუფლოს. ჩვენ ჩაის მივირთმევთ, მუქი ლურჯი „ადირეთი“ გაწყობილ ტახტზე ვსხედვართ და კულტურის ევოლუციას მკვიდრ ხალხთა ჩვენ-ჩვენი ცენტრის პერსპექტივიდან განვიხილავთ, როგორც იგბო ხელოვანი და იორუბა დიზაინერი.
აკუეკე ემეზი: ჩემს ნამუშევრებში ცენტრებზე ფიქრი ტონი მორისონის ციტატამ შთამაგონა: „საზღვართან ვიდექი… ცენტრად გამოვაცხადე… და დანარჩენ სამყაროს საშუალება მივეცი ჩემკენ გადმოენაცვლა“. შეიძლება ითქვას, დეკოლონიზაციის ათვლის წერტილი „თეთრი ცენტრია“, რომელსაც ვშორდებით, არა?
ხოლო „რეაბორიგენიზაციაში“ ფოკუსი იმ ცენტრზეა, რომლისკენაც მივილტვით. შენ საით მიდიხარ?
ადეჯუ თომფსონი: მე დაცინვისა და ჩაგვრის ფონზე ძლიერი კომპლექსებით ვიზრდებოდი. ინტროვერტი ვიყავი. როდესაც დიდ ბრიტანეთში დავიწყე სწავლა, ჩემმა პროფესორმა მკითხა, ვიცოდი თუ არა რამე Antwerp Six-ზე, იოჯი იამამოტოსა და სხვა იაპონელ დიზაინერებზე. აღმოვაჩინე, რომ მათი ნამუშევრები განსხვავდებოდა ყველაფრისგან, რასთანაც მანამდე ნიგერიაში მქონია შეხება. ეს ძალიან ინტროსპექციული, ძვირფასი მომენტი იყო, რომელმაც გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე. მომინდა მათი ნიგერიული ვერსია გავმხდარიყავი.
ახლა იორუბას კულტურით ვარ შეპყრობილი, ძალიან მეამაყება ის. იორუბა განსაზღვრავს, თუ როგორ ვპოზიციონირებ მსოფლიოში, თუმცა, იყო დრო, მას მხოლოდ ზედაპირულად აღვიქვამდი, როგორც ძალიან ხმაურიან და ფერად ხალხს გუჩის სათვალეებითა და თვალისმომჭრელი მაქმანებით. ისე, ამას წინათ, პრადას მაღაზიაში აღმოვაჩინე, რომ ბრჭყვიალა ნივთები მომწონს [იცინის].
ლაგოსელი შემოქმედი აიო ლოსონი (მარჯვნივ) მიხვდა, რომ თავის ინგლისურ აღზრდას უნდა დაშორებოდა, რომ იორუბას იდენტობას დაჰბრუნებოდა. თავის პარტნიორ უიაი იკპე-ეტიმთან ერთად მართავს ხოლმე ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქვიარ წვეულებასაც. ორივე კინორეჟისორია. იკპე-ეტიმი ხაზს უსვამს, რომ იგი გაიზარდა ლაგოსში, თუმცა აღზარდა იბიბიო ქალმა, რის შედეგადაც შეიქმნა კულტურათა ის ნაზავი, რომელიც ძალიან ეძვირფასება.
აარონ აჰალუ გაიზარდა იმ თავისუფლების განცდით, რომელსაც „იან დაუდუ“ (ჰაუსას ტერმინი: „კაცი, რომელიც ქალივით იქცევა“. ასე ხშირად უწოდებენ გეი მამაკაცს) აძლევს საკუთარ თავს თვითგამოხატვისთვის, მიუხედავად სისასტიკისა, რომელსაც ქვიარ თემი განიცდის. ამ ისტორიას ეყრდნობა აჰალუ, ქვიარი შემოქმედი, რომელიც საკუთარ ჩრდილონიგერიულ იდენტობას ითვალისწინებს მაშინაც კი, როდესაც მოდის საშუალებით გამოხატავს თავს.
ქვიარმა დიზაინერმა, ჯორდინ ომოლულუ ვანგეიმ, ბავშვობა იორუბაზე მოლაპარაკე დედის ოჯახთან გაატარა. ხუთი წლის ასაკში მამასთან გადავიდა, რომელიც ინგლისურსა და დასავლურ ღირებულებებს ანიჭებდა უპირატესობას. „ინგლისურად უნდა დამეწყო ლაპარაკი, – ამბობს იგი, – ასე რომ მკვიდრი იდენტობა ჩემთვის უნდა შემენახა“. ვანგეი, რომელიც ტრანსი მამაკაცია, ნუგეშს იორუბას ისტორიაში პოულობს – თავის ისტორიაში, რომელიც სავსეა განსხვავებული ფიგურებით.
მუსიკოსი ზეინაბ დონლი (ლედი დონლი) საკუთარი მკვიდრი აფრიკული იდენტობის კომპლექსურობას აღიქვამს როგორც სამუდამო ქორწინებას განსხვავებულ კულტურებსა და მის მასაზრდოებელ ისტორიებს შორის. მისი ჩადელი დიდი პაპა მამის მხრიდან, ნიგერიაში ჩასვლამდე მონებით მოვაჭრეებს გაექცა. მამა კადუნელი ჰაუსაა ჩრდილოეთიდან, ხოლო დედა – იჯო ბაიელსიდან (ქვეყნის სამხრეთი). „არასოდეს მქონია ჩემს ჰაუსა ან იჯო იდენტობასთან სრული მიკუთვნების განცდა, – ამბობს იგი, – უბრალოდ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ნიგერიელი ვარ“.

ემეზი: ფესვებს დაუბრუნდი.
თომფსონი: ხალხს ვეუბნები, რომ იორუბას ტომის ქალის ენერგიით ვარ დამუხტული… და ისე შემიძლია წარვმართო ჩემი ცხოვრება, როგორც მინდა. შეიძლება ბზინვარე ნივთები მიზიდავდეს, მაგრამ ისევ ის მგრძნობიარე ტიპი ვარ.
ემეზი: ჩემთვის ბზინვარება მორთულობის უძველეს კულტურას უკავშირდება, არა? თანამედროვეობაში შესაძლოა ის სხვაგვარად ისახება, მაგრამ მისი არსი ძალიან ძველია.
თომფსონი: შეხედე, როგორ აცვიათ ამ ქალებს! როგორი დრამატული დრაპირებაა! ეს ისეთი რომანტიკულია. შეხედე, როგორ ატარებს ხალხი „აგდაბას“. შეხედე მის ინტენსიურობას. იცი, რას ნიშნავს, როდესაც საკუთარ თავს ასეთი ძლიერი განაცხადით წარუდგენ მსოფლიოს?
თავიდან ამას ვერ ვხედავდი, რადგან ტრავმა მახშობდა. მე თვითონ, ბავშვობიდან მოყოლებული, არასოდეს აღვიქვამდი პრობლემად, რომ გეი ვარ, მაგრამ გასაზრდელად დიდი გზა მქონდა გასავლელი.
როდესაც არაბინარული იდენტობა აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ის ჩემი იყო – თითქოს ვიპოვე რაღაც, რითაც შევძლებდი დამეცვა თავი და გავმკლავებოდი მამაკაცობასთან დაკავშირებულ ბავშვობის ტრავმებსა და განდევნილობის განცდას.
ემეზი: ჯერ კიდევ გაქვს იმის განცდა, რომ ეს იდენტობა გჭირდება თავის დასაცავად?
თომფსონი: არა, არა. ახლა მყოფნის გამბედაობა, რომ თავად შევქმნა საკუთარი მამაკაცურობა. მომწონს ის ფაქტი, რომ როგორც ინდივიდს, მქონდა შესაძლებლობა გამევლო გზა, რომელმაც ამ მომენტამდე მომიყვანა, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა სიმართლემ სხვა ადამიანების იდენტობა შეზღუდოს.
ემეზი: იმ წელს, როდესაც ჩემი ნოველა „მტკნარი წყალი“ გამოვიდა, ვთქვი, რომ არაბინარული იდენტობის ვიყავი. ვცდილობდი, რომ რაღაც კავშირი მეპოვა საკუთარ თავსა და იმ საზოგადოებას შორის, რომელიც ჩემს გაცნობას იწყებდა.
რამდენიმე წელიწადში ვიფიქრე: – იცი რა? თუკი მართლა მინდა საკუთარი წარმომავლობის ცენტრისკენ ვიმოძრაო, მაშინ უნდა შევეშვა უადგილო ტერმინების გამოყენებას. ასე რომ, საქმე ჩემს არაბინარულობაში არ არის. მე არ მაქვს გენდერი, იმიტომ რომ მე სული ვარ და სულებს გენდერი არ აქვთ. „იდენტიფიცირება“ ჩემთვის უსარგებლო ზმნაა. მე ან ვარ რაღაც, ან – არა.
როდესაც ფესვებთან დაბრუნებაზე („რეაბორიგენიზაცია“) ვლაპარაკობთ, [ჩვენ] როგორც წესი, სწორხაზოვან დაბრუნებაზე ვფიქრობთ. თუმცა, შენი ნამუშევრები ერთდროულად წარსულსაც მიაგებს პატივს და მომავლისკენაც ისწრაფვის.
თომფსონი: ჩემს ნამუშევრებში აისახება მთელი კულტურა, რომელსაც ვეზიარები – მხატვრობა იქნება ეს, კინო, თუ მუსიკა – ყველაფერი ნიგერიულ ფილტრში გატარებული. მომწონს, რომ შემიძლია წარვდგე სამყაროს წინაშე და ვთქვა, რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო ქვიარი დიზაინერი. იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება სხვა ქვიარი დიზაინერიც, რომელიც იტყვის, რომ ადეჯუ და მისი შემოქმედება უყვარს, მაგრამ მას თავისი ვერსია აქვს.
ემეზი: ზოგი ფიქრობს, რომ ერთადერთი ავთენტიკური კულტურა კოლონიზაციამდე არსებობდა, თითქოს თეთრკანიანი ხალხი მოვიდა, მზერა მოგვაპყრო და ჩვენ ქარვაში გავქვავდით.
თომფსონი: თითქოს, ჩვენი კულტურა აღარ ვითარდებოდა.
ემეზი: არ მგონია, ხალხი ხვდებოდეს, რომ ის საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. როგორც მკვიდრი ხალხი, ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით ჩვენს კულტურას. შენ ამ კულტურას წარმოადგენ, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ქმნი, კულტურაა.
მწერალი აიოდელე ოლაფინტუადე ტრადიციონალისტი იორუბაა. იგი მისდევს იორუბას სულიერ პრაქტიკას და სწავლობს მის წინაპრებთან კავშირს: „მკვიდრ იდენტობას არ ირჩევ; ეს ისაა, რაც ხარ,“ – ამბობს იგი. ოლოფინტუადი ქვიარი ქალია და ამბობს, რომ იორუბას ტრადიცია ბევრად უფრო ღიაა არაკონფორმისტული იდენტობებისადმი, ვიდრე დასავლური რელიგიები.
ცნობილი ინოვატორი და ნიგერიის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის, Paystack-ის დამაარსებელი ეზრა ოლუბი თვლის, რომ მკვიდრი იდენტობის კონცეფცია მჭიდროდაა გადაჯაჭვული ადამიანში დაცულობისა და თავისუფლების განცდასთან. „ჩემ გარშემო იდეალური გარემოს შესაქმნელად ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენის ღონისძიებათა მთელი სერია დამჭირდა“, – ამბობს იგი. ასეთი გარემოა მისი სახლიც, სადაც ლაგოსის მოუსვენრობა არ იგრძნობა და სადაც ეს პორტრეტია გადაღებული.
ბრიტანელ-ნიგერიელი რეჟისორი რემი ვონ-რიჩარდსი რასის როლს იკვლევს იორუბას იდენტობის განვითარებაში. მისი მთავარი კითხვაა: თუკი ვიღაც სხვადასხვა კულტურას აერთიანებს თავის თავში, ვინ ან რა მიანიშნებს, თუ რა არის ზუსტად იდენტობის განმსაზღვრელი? „იყო მკვიდრი, ჩემთვის კონკრეტული კულტურის გათავისებას ნიშნავს… მე მკვიდრი ვარ იმდენად, რამდენადაც ტრადიციული სულიერება მაინტერესებს. მკვიდრი ვარ, რადგან ადირეს ტარება მიყვარს“.
მოდის შემოქმედი ჯონტელ პიტერსი დელტის შტატიდანაა, თუმცა თავისი მკვიდრი იდენტობისგან მოწყვეტილი გაიზარდა. პიტერსი ქვიარია და ვერაფრით დააკმაყოფილა ის კულტურული ნორმები, რომელსაც სახლში უყენებდნენ. სამაგიეროდ, თავისუფლება სამეჯლისო დარბაზში ცეკვისას მოიპოვა.
ედოელი რესტორატორი ობეჰი ეკჰომუ თავის სამ შვილთან ერთადაა გადაღებული. მან იპოვა კავშირი სოციალური წნეხის უარყოფასა და საკუთარ „სულიერ მეგზურებს“ შორის, რომლებსაც აღწერს, როგორც ორ უსქესო არსებას: „მთელი იდეოლოგია სოციუმის მიერ მიღებასა და უარყოფაზე ნაგავში მოვისროლე… მთავარია ძლიერი ცენტრი გქონდეს“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ მისი სულიერი ცენტრი ეხმარება საკუთარი საჭიროებების მიღებაში.

თომფსონი: ახალი კოლექციის იდეა ვერსალში, წიგნის მაღაზიაში გამიჩნდა. მასალებით და ყველაფრის სიუხვით მოვიხიბლე. კურდღლის სოროში გადავეშვი და იქიდან იორუბას ხალხის ჩაცმულობისა და ევროპული მოთხოვნების შერწყმისა და ახალი ვიზუალური ენის შექმნის იდეით დავბრუნდი.
წელიწადში ერთხელ აღინიშნება იორუბას ფესტივალი „ოჯუდე ობა“. არაჩვეულებრივი სანახაობაა – ოჯახები მეფისა და იორუბას სამყაროს წინაშე წარდგებიან. ახალი კოლექციის შესაქმნელად წარმოვიდგინე პერსონაჟი, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში ცხოვრობს, მაგრამ ძალიან ნიგერიელია და `ოჯუდე ობასთვის“ ემზადება.
ემეზი: რამდენი რამ შეიძლება ითქვას ჩვენი მშობლების თობაზეც. მათზე, ვინც ლონდონში ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან, ძალიან ნიგერიელი იყო. მამაჩემიც ერთ-ერთი მათგანია – ძალიან იგბო და არ არსებობს მისი არსების რამე ნაწილი, რომელიც იგბოობაზე იტყოდა უარს.
თომფსონი: ჩვენ ახლა საკუთარ კულტურას ვსწავლობთ და ვაცნობიერებთ, რომ თურმე გვატყუებდნენ. გვიკვირს, როგორ არ ვიცოდით, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ფესვები.
ემეზი: იმიტომ, რომ ამას არ გვასწავლიდნენ.
თომფსონი: მე ძალიან მეამაყება, რომ ნიგერიელი ვარ. ოსუნ-ოსოგბოს ფესტივალზეც ვიყავი, საოცარი სანახაობა იყო. ქალწულს ხილისა და თაფლის შესაწირი მიჰქონდა ოსუნისთვის. შესაწირი ძალიან მძიმეა და მის ტარებაში ქალწულს ხალხი ეხმარებოდა. წინ ქალების მთელი არმია მიდიოდა ხელში ხანჯლებითა და თითბრის სარკეებით. ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ეს სანახაობა შთაბეჭდილებაა, რომელიც საკუთარი სამყაროს შენებაში მეხმარება. მინდა, რომ ხალხს მოვუთხრო აფრიკის პროგრესული, პრეკოლონიური იდენტობისა და კოლონიზატორების ბარბაროსობის შესახებ.
ემეზი: როდესაც ამ კვლევასა და ინტროსპექციაში გადაეშვი, იგრძენი, თუ როგორ შეიცვალა შენი სული?
თომფსონი: ის, რაც კოლონიზატორებმა ნამდვილად სცადეს, ჩვენი იდენტობისგან დაცლა იყო, ასე რომ, როდესაც იბრუნებ იმას, რაც ხარ, უბრუნდები საკუთარ თავს. ჩემთვის ეს უფრო თამამი გამოხატვის ხერხებს ნიშნავდა. როდესაც კოლექციებზე ვმუშაობ, ჩემთვის საზღვრები არ არსებობს. როდესაც „ადირეს“ ვქმნი, რადიკალურად ვფიქრობ: როგორია დღეს მცხოვრები ქვიარის მიერ შექმნილი „ადირე“?
ფოტოსერიის ტექსტის ავტორია ნიგერიელი ჟურნალისტი ნელსონ ს. ჯ. (იგბო). იგი ლაგოსში ცხოვრობს. მისი ნაშრომები დაბეჭდილა New Your Times-ში, Rolling Stone-სა და Time-ში.
ინტერვიუ შემოკლებულია და რედაქტირებულია სიცხადისთვის.