ნადირობა არქტიკაში
ინუჰუიტთა თაობები გრენლანდიის ყინულოვან წყლებში ნარვალებს ზვერავდნენ და დასდევდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ დროა მეცნიერებმა და სახელმწიფო მოხელეებმა მკვიდრი მოსახლეობის ცოდნას მეტი ყურადღება დაუთმონ.
ნადირობა არქტიკაში
ინუჰუიტთა თაობები გრენლანდიის ყინულოვან წყლებში ნარვალებს ზვერავდნენ და დასდევდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ დროა მეცნიერებმა და სახელმწიფო მოხელეებმა მკვიდრი მოსახლეობის ცოდნას მეტი ყურადღება დაუთმონ.
კილაკ კრისტიანსენმა კაიაკი ყინულის კიდიდან წყალში შეაცურა და ნარვალს, იმავე მარტოკბილას დაედევნა. 35 წლის ინუჰუიტი მონადირე შარშან კომპანიონებთან ერთად მარხილით გაემგზავრა გაზაფხულის ყინულის კიდისკენ კაანააკიდან (გრენლანდია) ნახევარი დღის სავალზე. არქტიკული წრიდან დაახლოებით 1200 კილომეტრში, ეს ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეა მსოფლიოში. კეკერტარსუაკის, იმავე ჰერბერტის კუნძულის დასავლეთ კიდესთან სარკესავით წყლიდან ვეშაპის სუნთქვა ყრუდ გაისმა. მარტოკბილა ზედაპირთან შეყოვნდა – როგორც ზოგიერთი ინუჰუიტი იტყოდა, თითქოს მონადირეს თავი შესთავაზა.
კილაკმა მარჯვენა ხელის ერთი მოძრაობით ჰარპუნი მოიმარჯვა და ნაცრისფერლაქებიან მარტოკბილას ზურგში სტყორცნა. ცხოველმა კუდის დგაფუნით ჩაყვინთა, მაგრამ სელაპის გაბერილი ტყავის ტივტივაზე მიბმული ჰარპუნი მაგრად იყო ჩარჭობილი მარტოკბილას სხეულში და დაჭრილ ცხოველს გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. კილაკმა გამარჯვების ნიშნად ნიჩაბი შემართა.

მისი კომპანიონები კაიაკებით სწრაფად მიუახლოვდნენ კილაკს, დაჭრილ მარტოკბილას დაეწივნენ, კიდევ ერთი ჰარპუნი ესროლეს და ბოლოს თოფით მოკლეს; შემდეგ კუდზე ბაგირი მოაბეს, თავიანთი ბანაკისკენ გაცურეს და წყლიდან ამოათრიეს. ყინულზე ამოყვანისთანავე დანები მოიმარჯვეს და უგემრიელესი „მატაკი“ დააგემოვნეს – ასე უწოდებენ ინუჰუიტები მარტოკბილას ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ კანსა და კანქვეშა ქონის ფენას. „ევროპული საკვები არ მაინტერესებს. ზღვიდან მოპოვებული ჩემი საკუთარი საკვები მინდა ვჭამო, ჩვენი წინაპრებივით“, – თქვა კილაკმა.
ინუჰუიტებისთვის მარტოკბილაზე ნადირობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია მათ მშობლიურ ტერიტორიაზე, რომელიც პიკიალასორსუაკის გარშემო მდებარეობს. პიკიალასორსუაკი არქტიკულ წრეში მოქცეული ღია წყლოვანი რეგიონია, რომელიც შუა ზაფხულში, როდესაც ზღვის ყინული ლღვება, 80 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტს მოიცავს. მას ჩრდილოეთის წყლების პოლინიასაც (ყინულღრუს) უწოდებენ. ის მარტოკბილას, თეთრი ვეშაპის, ლომვეშაპის და გრენლანდიური ვეშაპის გამოსაზამთრებელი ადგილია. ამ წყლებში უხვადაა შავი პალტუსი, არქტიკული ვირთევზა და სხვა თევზი, ხოლო მის კლდოვან ნაპირებზე ათობით მილიონი მცირე ლურიკი ბინადრობს. ყოველივე ეს ფიზიკური და სულიერი საზრდოს შეუცვლელი წყაროა ინუჰუიტებისთვის. ისინი საუკუნეების განმავლობაში იყვნენ დამოკიდებულნი ველურ ბუნებაზე. ეს ტერიტორია ოდესღაც კანადის ელსმირის კუნძულის სანადირო ადგილებსაც მოიცავდა. ინუჰუიტები მას უმიმატოოკს უწოდებდნენ.
ინუჰუიტების ნადირობის მეთოდები იმ ცხოველებზე ზრუნვის ტრადიციებიდან იღებს სათავეს, რომლებზეც ისინი არიან დამოკიდებულნი. მონადირეები, მოტორიანი ნავების ნაცვლად, უხმაურო კაიაკებს იყენებენ, რათა ნარვალები უმიზეზოდ არ შეაწუხონ ფიორდში, სადაც ვეშაპისნაირთა რიგის ეს ძუძუმწოვრები მშობიარობენ და ზაფხულში ნაშიერების გამოკვებას იწყებენ. ტყვიით მოკლული მარტოკბილა სწრაფად იძირება, ამიტომ მონადირეები მას ჯერ ჰარპუნს ესვრიან. ღირსეული ინუჰუიტი მონადირეები ნანადირევს ნადირობის ყველა მონაწილეს და, შეძლებისდაგვარად, თემის წევრებსაც უზიარებენ.
მაგრამ ბევრი ინუჰუიტი მონადირე ამბობს, რომ ეს პრაქტიკა საფრთხის წინაშეა. „მარტოკბილაზე ნადირობის კულტურა ქრება… კვოტების სისტემის გამო“, – განმარტავს ალეკაციაკი, მონადირე და მუსიკოსი კაანააკიდან. „კვოტა იმდენად მცირეა, რომ მონადირეებს მთელი ნანადირევის თავისთვის დატოვება უხდებათ, ნაცვლად გაზიარებისა; ფულის შოვნა ხომ სჭირდებათ“.
ინუჰუიტების სალაპარაკო ენა ინუკტუნია. ისინი ინუიტები არიან, მაგრამ თვლიან, რომ თავიანთი კულტურით გრენლანდიის ინუიტების კალაალისუტზე მოლაპარაკე უმრავლესობისგან განსხვავდებიან. მიუხედავად ენობრივი, ისტორიული და კულტურული განსხვავებებისა, ინუჰუიტებს არც დანია და არც გრენლანდია არ აღიარებს სუვერენულ მკვიდრ ხალხად. დაახლოებით 700 ინუჰუიტი ცხოვრობს კაანააკში და რამდენიმე უფრო მომცრო დასახლებაში ინგლფილდ ბრედნინგის ფიორდის მიმდებარედ, რომელიც კანგერლუსუაკის სახელითაც არის ცნობილი. კაანააკი მუდმივი დასახლება 1953 წელს გახდა, როდესაც დანიის კოლონიურმა ხელისუფლებამ ინუჰუიტების ოჯახები ჩრდილოეთით 100 კილომეტრში მდებარე მათი დასახლებიდან – უუმანაკიდან გადაასახლა, რათა სივრცე გაეთავისუფლებინა ამერიკის ახალი ტულეს საჰაერო ბაზისთვის, ახლანდელი პიტუფიკის კოსმოსური ბაზისთვის.
იძულებითი გადაადგილების გამო თემმა ტრადიციული სანადირო ადგილების ნაწილი დაკარგა, თუმცა კაანააკი გაზაფხულიდან გვიან ზაფხულამდე სავსე იყო მარტოკბილებით ანუ „კილალუკატებით“, როგორც ადგილობრივები უწოდებენ. ეს იდუმალებით მოცული ცხოველი (Monodon monoceros – ლათინურად „ერთი კბილი, ერთი რქა“) თავისი გრძელი ეშვითაა ცნობილი. ის ზედა ყბის მარცხენა ნაწილიდან გამოდის, სპირალურადაა დაგრეხილი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და სიგრძით ორ მეტრს აღემატება. ეს პატარა ვეშაპისნაირი შეიძლება 1600 კილოგრამს იწონიდეს და მისი სიგრძე ეშვის გარეშე ხუთ მეტრს აღემატებოდეს.
დღეს მსოფლიოში მარტოკბილები (უკანასკნელი მონაცემებით, მათი რიცხვი 100 000-ს აღემატება) უმეტესად ჩრდილოეთ კანადისა და გრენლანდიის სანაპირო წყლებში ბინადრობენ. 2017 წლიდან ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) მარტოკბილა ნაკლები საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა ნუსხაში შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიამ 2006 წლიდან მარტოკბილას ეშვების ექსპორტი აკრძალა, „მატაკითა“ და ეშვებით შიდა ვაჭრობა ნებადართულია. გრენლანდიის თევზჭერისა და ნადირობის მინისტრი ყოველწლიურად განსაზღვრავს, თუ რამდენი მარტოკბილას დაჭერა შეუძლიათ პროფესიონალ მონადირეებს კონკრეტულ რეგიონში. კაანააკში ნადირობის კვოტის დადგენისას, მინისტრი ცდილობს გაითვალისწინოს კანადა-გრენლანდიის ერთობლივი კომისიის სამეცნიერო რეკომენდაციები მარტოკბილასა და თეთრი ვეშაპის კონსერვაციისა და მართვის შესახებ (JCNB) – ნაწილობრივ ეყრდნობა გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის მიერ პოპულაციების შეფასებას – და გრენლანდიის მეთევზეთა და მონადირეთა ასოციაციის (KNAPK) წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
ამ ინსტიტუტის ამჟამინდელი შეფასებით, მარტოკბილას რიცხოვნობა ინგლფილდში 2000-დან 6000-მდეა. ეს მონაცემები 2007 და 2019 წლებში ჩატარებულ აეროგადაღებებს ეფუძნება. 2024 წლისთვის JCNB-მ რეკომენდაცია გაუწია კვოტის შემცირებას 84-დან დაახლოებით 50-მდე. მიუხედავად ამ რეკომენდაციისა, მინისტრმა გაითვალისწინა მონადირეების შეშფოთება და კვოტა არ შეცვალა.
ინუჰუიტების მარტოკბილასთან ურთიერთობა თაობათა განმავლობაში იმ რეალურ ემპირიულ მონაცემებს ეფუძნებოდა, რომლებიც ამ ვეშაპისნაირთა ქცევაზე მთელი წლის განმავლობაში რეგულარული დაკვირვებით დაგროვდა, მაშინ როდესაც ინსტიტუტის მეცნიერებს სხვა პროექტები, ბიუჯეტი და დრო ზღუდავს. ისინი ნუუკში, გრენლანდიის დედაქალაქში მუშაობენ, კაანააკში მგზავრობას კი შეიძლება ორი დღე დასჭირდეს.
მრავალი მონადირე არ არის ჩართული აღრიცხვის პროცესში და არ ენდობა ინსტიტუტის მიერ პოპულაციის შეფასების მონაცემებს. „მეცნიერებს არ სურთ, რომ კვლევაში მივიღოთ მონაწილეობა, – გვითხრა 65 წლის მონადირემ, იენს დანიელსენმა, – ისინი არ იცნობენ ცხოველებს, რომელთა დათვლასაც ცდილობენ“. ზოგიერთი მონადირე ითხოვს, რომ გაიზარდოს ან საერთოდ გაუქმდეს მთავრობის მიერ დაწესებული ლიმიტები. ინუჰუიტებს სურთ, რომ საკუთარ მამულს თვითონ მიხედონ. „ჩვენ იმ ცხოველებთან ერთად ვცხოვრობთ, რომლებზეც მთელი წლის განმავლობაში ვნადირობთ“, – თქვა კილაკმა. „ბიოლოგები, რომლებიც ამ ცხოველებს ითვლიან, ჩვენთან, მონადირეებთან უნდა მოვიდნენ და ჩვენგან ისწავლონ“.

იმისთვის, რომ მონადირეებს პროფესიული მონადირის სტატუსი მიენიჭოთ და სახელმწიფოსგან ნადირობის ნებართვა მიიღონ, წლიური შემოსავლის მინიმუმ ნახევარს ნადირობიდან უნდა იღებდნენ. 2021 წელს ჟურნალ Science-ისთვის გაგზავნილ წერილში ინსტიტუტის მეცნიერებმა მარტოკბილას შიდა ბაზარს კომერციული საწარმო – და არა საარსებო საშუალების წყარო – უწოდეს და აღნიშნეს, რომ ერთი საშუალო მარტოკბილას მატაკის საბაზრო ღირებულება 2020 წელს დაახლოებით 10 000$-ს შეადგენდა. „მარტოკბილა უდავოდ ყველაზე ძვირფასი სანადირო პროდუქტია გრენლანდიაში“, – წერდა მადს პიტერ ჰაიდე-იორგენსენი, ამ ინსტიტუტის მეცნიერი. იგი 30 წელზე მეტ ხანს იკვლევდა მარტოკბილას პოპულაციას. „მონადირეები დიდწილად ამ რესურსებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი და ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს ამ რესურსის სტატუსის მათეულ აღქმაზე“.
მან განმარტა, რომ ინსტიტუტის მისიაა საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდებზე დაფუძნებული სამეცნიერო რეკომენდაციების შემუშავება და არა პოპულაციების ერთობლივი მართვა. „ეს არ გამორიცხავს პოპულაციის სტატუსის შეფასების მეთოდების შემუშავებაში ადგილობრივი მონადირეების მონაწილეობას“, – წერს იგი და აღნიშნავს, რომ მარტოკბილას შესახებ სამეცნიერო მონაცემების შესაგროვებლად და ინტერვიუებში მონაწილეობისთვის, ინსტიტუტმა მონადირეები 2015 წელსაც დაიქირავა. თუმცა მან აღნიშნა, რომ ზღვის ძუძუმწოვრების შეფასება მოითხოვს „პოპულაციის დინამიკის ცოდნას, რომლის პროფესიონალურად გაანალიზების უნარი მხოლოდ რამდენიმე მეცნიერს აქვს“. კაანააკის 2022 წლის კვლევის ანალიზი ჯერ კიდევ პროცესშია, მომდევნო კვლევა კი 2030 წელს ან უფრო გვიანაა დაგეგმილი.
მსოფლიოში არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ რა დიდი წვლილი შეაქვს მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციულ ცოდნას ზოგადად ბუნების შეცნობაში და, კონკრეტულად, ვეშაპების რიცხოვნობის დადგენაში.
„ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და მათი ცოდნის გათვალისწინებით ადგილზე მართვა არის წინსვლის გზა. სხვა გზას ვერ ვხედავ“, – თქვა გრენლანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კუუპიკ ვ. კლაისტმა. იგი პიკიალასორსუაკის მომავლის შესახებ ინუიტთა ცირკუმპოლარული საბჭოს 2017 წლის მოხსენების თანაავტორია.
ნადირობა კარგად დადგმულ, მაგრამ სახიფათო ცეკვას ჰგავს წყალზე. კაიაკზე გამოდებულმა ჰარპუნის თოკმა, მარტოკბილას მოქნეული კუდის ნავზე დარტყმამ თუ ლომვეშაპის თავდასხმამ მონადირის სიცოცხლე იმდენადვე სწრაფად შეიძლება დაასრულოს, რამდენადაც სწრაფად ერჭობა გატყორცნილი ჰარპუნი მარტოკბილას ზურგში. კილაკი და მისი კომპანიონები ყოველ წარმატებულ ნადირობას საჩუქრად მიიჩნევენ. ხორცს თავიანთი ფუნქციების შესაბამისად ინაწილებენ – ჰარპუნის ტყორცნა იქნება ეს, მოძრავ ყინულზე დაკვირვება, ნანადირევის დაჭრა თუ ბანაკის მოვლა. პირველ მონადირეს, რომელიც მარტოკბილას ჰარპუნს სტყორცნის, ერგება eqqui (ხორცი თავსა და ფარფლებს შორის), uliutaa (ხორცი ხერხემლის გასწვრივ), sarpiup illua (კუდის ნახევარი ანუ კუდის ცალი ფარფლი), nungiallua (კუდის ძვალი), uummataa (გული), niaqua (თავი) და tuugaaq (ეშვი). მომდევნო მონადირის წილია itersoraq (ქვედა ტანი), sarpiata aappaa (კუდის ფარფლის მეორე ნახევარი) და uliutaa. ნადირობის სხვა მონაწილეებს უფრო მცირე და ნაკლებად სასურველი ნაწილები ერგებათ, მათ შორის, შინაგანი და რეპროდუქციული ორგანოები. ბოლო ულუფებს იღებენ ძაღლები. ისინი ინუჰუიტი მონადირეებისთვის გაზაფხულის ყინულზე გადაადგილების უფრო საიმედო საშუალებას წარმოადგენენ თოვლმავალთან შედარებით, რომელიც უფრო სწრაფია, მაგრამ ხმაურიანი, უფრო ძვირი და ავარიული.

მარტოკბილაზე ნადირობის კარგი სეზონი ინუჰუიტებს უზრუნველყოფს საკმარისი ხორცითა და მატაკით ოჯახებისა და ძაღლების გამოსაკვებად, აგრეთვე ისეთი სათემო შეკრებებისთვის, როგორიცაა ქორწილი. გარდა ამისა, ისინი იმარაგებენ მატაკსა და ეშვებს ადგილზე გასაყიდად. კვოტის თითქმის 40%-ით შემცირება როგორც საარსებო საკვების, ისე შემოსავლის დაკარგვასაც ნიშნავს.
“ზღვიდან მოპოვებული საკვები მინდა ვჭამო, ჩვენი წინაპრებივით“.
კილაკ კრისტიანსენი, ინუჰუიტი მონადირე
კაანააკის მონადირეთა კავშირი დაახლოებით 30 ადგილობრივი მცხოვრებისგან შედგება. ის KNAPK-ის ფილიალია, რომელიც წარმოადგენს მისი წევრების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ინტერესებს. კავშირის წევრები შემოსავალს ნადირობიდან და თევზჭერიდან იღებენ, რათა საარსებო წყარო ჰქონდეთ და პროფესიული მონადირის სტატუსიც შეინარჩუნონ; პერიოდულად არასრულ განაკვეთზეც მუშაობენ.

კავშირის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ აქ დღეს უფრო მეტი მარტოკბილა ბინადრობს, ვიდრე წარსულში. ამასთან, ისინი ამჩნევენ, რომ ცხოველები უფრო განსხვავებულად გამოიყურებიან და იქცევიან, ვიდრე ადრე, რაც პოპულაციების შერევაზე მეტყველებს. ინუჰუიტები განმარტავენ, რომ ზოგიერთ ახალ ინდივიდს, ინგლფილდის მარტოკბილასგან განსხვავებით, უფრო თხელი სხეული და დიდი კუდი აქვს და კაიაკებს საფრთხედ ვერ აღიქვამს მსგავსი გამოცდილების არქონის გამო. ჰაიდე-იორგენსენი ამბობს, რომ ინსტიტუტმა ჩაატარა გენეტიკური კვლევები და ზოგიერთ შემთხვევაში აღმოაჩინა ის „განსხვავებები, რომლებიც მონადირეებმა შენიშნეს“.
ბოლო დროს ინუჰუიტების ცოდნა უფრო მეტადაა აღიარებული. 2023 წელს განახლდა გრენლანდიის სამონადირეო კანონები და პოპულაციების შეფასებისას მკვლევრები უკვე გაითვალისწინებენ მონადირეების ცოდნასა და დაკვირვებებს. „გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეცნიერებასა და მონადირეთა ცოდნას“ თანაბარი წონა ექნება, თქვა გრენლანდიის მეთევზეობისა და ნადირობის სამინისტროს სამმართველოს ხელმძღვანელმა ამალი ა. იესენმა.
(მარცხნივ) გრძელტარიანი ბადის გამოყენებით პულაკ ულორიაკი მცირე ლურიკებს იჭერს სიორაპალუკთან, რომელიც კაანააკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ინუჰუიტების დასახლებაა. სელაპის ტყავში ფერმენტირებული მცირე ლურიკი მათი ტრადიციული საკვებია.
(მარჯვნივ) მონადირებულ მარტოკბილას კუდით აათრევენ გასუფთავებულ ყინულზე, მონადირეთა ბანაკთან. შემდეგ ჭრიან და ანაწილებენ. ყველაზე დიდი წილი იმ მონადირეებს ეკუთვნის, რომლებმაც ცხოველს ჰარპუნი ესროლეს.
საერთაშორისო დონეზე, გასულ წელს გრენლანდიამ და კანადამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს პიკიალასორსუაკის ერთობლივ მართვასა და დაცვასთან დაკავშირებით, რაც, სავარაუდოდ, ინუჰუიტებს მეტ ფუნქციას მიანიჭებს მათი წინაპრების ტერიტორიის, მათ შორის, უმიმატოოკის მართვაში.
„ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ისევ გვექნება წვდომა ჩვენს ტრადიციულ ტერიტორიაზე“, – თქვა კილაკმა. თუმცა, მას აინტერესებდა, რამდენი დრო დასჭირდებოდა კანონის პრაქტიკაში დანერგვას და ცვლილებების შეგრძნებას. ამასობაში კი კილაკი და მისი თანამემამულე მონადირეები კვლავ კაიაკებით გაცურავენ ნარვალებს შორის, პატივით მოეპყრობიან მათ, ისწავლიან მათგან და მათზე იქნებიან დამოკიდებულნი; მომავალ სეზონზეც ჰარპუნებით გავლენ გაზაფხულის ყინულის კიდეზე.