საკრალური მოგზაურობა
ბურიატი უხუცესი ერჟენ ხამაგანოვა მოგვითხრობს მკვიდრ ხალხთა ღირებულებებზე, რომელთაც მშობლიური მიწის დასაცავად იყენებენ მონღოლეთში.
საკრალური მოგზაურობა
ბურიატი უხუცესი ერჟენ ხამაგანოვა მოგვითხრობს მკვიდრ ხალხთა ღირებულებებზე, რომელთაც მშობლიური მიწის დასაცავად იყენებენ მონღოლეთში.
შარშან შემოდგომაზე მონღოლი მწყემსი ბაზარ ლოსოლი უხუცესების მომცრო ჯგუფს გაგვიძღვა ალთაის მთებში. როდესაც შუადღის მზე ფრიალო კლდეებს დაეფინა, პეტროგლიფების ფარული სამყარო გამოჩნდა – გარეთხა, გველები, ფრინველები, მზეები და მთვარეები. აქ ყოველ მათგანს ეთაყვანებიან, როგორც მაცნეებს – ჩვენს მაკავშირებლებს ზეცასთან, დედამიწასა და მიწისქვეშეთთან. ბაიან-უნდერის („მდიდარი პლატო“) არქაულმა სილამაზემ მომხიბლა, თუმცა სცენა, თითქოს, არასრული მოჩანდა.
ბაზარი ჩრდილიდან გამოვიდა. მის ტრადიციულ ცისფერ მანტიაზე დატანილი ბზინვარე ორნამენტები კლდეზე ამოკვეთილ მოხატულობებს იმეორებდა. მე ვხვდებოდი, თუ რა მაკლდა და არ მასვენებდა: ხალხის არყოფნა საკრალურ ადგილზე. განსხვავებით დასავლური ხედვისგან, რომელიც ლანდშაფტების დასაცავად ხშირად უზღუდავს ადამიანს მასთან შეხებას, ჩვენი ტრადიცია ყურადღებას ამახვილებს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე. ამ ადგილისადმი ბაზარის ღრმა პატივისცემა განასახიერებს ჩვენს საკონსერვაციო ფილოსოფიას: გაუწყვეტელი ჯაჭვი ადამიანს, ბუნებასა და კულტურას შორის. ეს კავშირი გამოსჭვივის ასევე მკვიდრ თემებში, რომელთა დაუღალავი მუშაობით ბაიან-უნდერს სათემო დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. მათი გულმხურვალებით ეს საგანძური მეტწილად დაუზიანებელია.
მშობლიურ მიწასთან გაბმული ღრმა კავშირი ასაზრდოებს მონღოლეთის პროგრესულ საკონსერვაციო ქმედებებს. 30 წლის წინ, სოციალისტური წყობის ჩამოშლის შემდეგ, ქვეყანა დაუბრუნდა თავის ფესვებს და შეიმუშავა გეგმა მიწის 30%-ის დასაცავად. გასულ წლებში აქ მკვეთრად გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი – ახლა ის ქვეყნის 21%-ს შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებლით მონღოლეთი მსოფლიო კონსერვაციის ლიდერებს შორისაა. როგორც სხვაგან, გლობალიზაცია მონღოლეთზეც ზემოქმედებს და ქვეყანა აღმოჩნდა ისეთი ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე, როგორებიცაა სამთო მოპოვება, საძოვრების გაჩანაგება და ჰაბიტატების დაკარგვა. და მაინც, მონღოლებს ხელთ უპყრიათ ძლევამოსილი იარაღი: თანაზიარობაზე, სულიერ კავშირსა და სიცოცხლის ყველა ფორმის პატივისცემაზე დაფუძნებული ტრადიციული ღირებულებებით მონღოლეთს შეუძლია წარმატებული კონსერვაციის მაგალითად იქცეს სხვა ქვეყნებისთვის.

ბაზარს, ჩვენს მასპინძელსა და მეგზურს, საპატიო ადგილი უჭირავს „მკვიდრი ხალხების სასულიერო მოღვაწეთა მსოფლიო გაერთიანების უხუცესთა საბჭოში“ – ტრადიციული ცოდნის მცველთა ალიანსში, რომელიც დედამიწის დასაცავად იღვწის. ჩვენი ორგანიზაციის მცირე ჯგუფი გაემართა ირბისის მიწაზე, სულისშემკვრელ მთებში, სადაც მკვიდრი ხალხი საუკუნეთა განმავლობაში იკრიბებოდა რიტუალების ჩასატარებლად. ამ წელს უხუცესებმა რიტუალური სიმბოლოებიდან აირჩიეს ნეფრიტის ქანდაკება, რომელსაც როდნი ჯექსონისთვის ჩვენი ერთობლივი მადლიერების გამოსახატად „ირბისის ცრემლი“ დავარქვით. ეს ადამიანი გახლდათ გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ირბისისა და მისი ეკოსისტემის ექსპერტი, რომელმაც სიცოცხლის 40 წელზე მეტი მიუძღვნა მკვიდრ თემებთან თანამშრომლობას იმ თორმეტივე ქვეყანაში, სადაც ირბისი ბინადრობს.
ამ პილიგრიმობას შეუერთდა ფოტოგრაფი კილიი იუიანიც, რომელიც ჩვენი მოგზაურობის სულიერ მნიშვნელობას აღბეჭდავდა. ზოგიერთი თემი თავის საკრალურ ცერემონიებს ფარულად ატარებს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ახლა გახსნილობის დროა. ჩვენი რიტუალების გაზიარებით შესაძლოა ადამიანებს ბუნებასთან კავშირი გავუღრმაოთ, ახლანდელი მიდგომები შევცვალოთ და ინოვაციური ხედვები გავაძლიეროთ.

ჩვენს ცერემონიებს უძღვებოდა ბუიანბადრახ ერდენეცოგთი (შემოკლებით, ბუია), რომელიც ადამიანებს, სულებსა და ბუნებას შორის შუამავლის როლს ასრულებდა. ამ მოვლენას ანთროპოლოგები „შამანიზმს“ უწოდებენ, თუმცა მონღოლურ კულტურაში ჩვენ ტრადიციულ რწმენის სისტემას „Boo murgel“-ს ვუწოდებთ,, რომელიც სულებს, ბუნებასა და წინაპრებს მოუხმობს გაძღოლისა თუ განკურნებისთვის. ჩვენ ვეთაყვანებით „მარადიულ ცისფერ ცას“, როგორც უზენაეს ღვთაებას და პატივს მივაგებთ „დედაბუნებას“ – სიცოცხლის წყაროს. ბუდიზმისა თუ სხვა რელიგიურ ზეგავლენათა მიუხედავად, „Boo murgel“-ი კვლავ რჩება მონღოლური იდენტობის განუყოფელ ნაწილად – განსაკუთრებით, მომთაბარე თემებში.
ბუია გაგვიძღვა ირბისის სამეფოს გულში, სადაც ნეფრიტის ქანდაკება უნდა ეკურთხებინა. როდესაც გზის ბოლოს მივაღწიეთ, ავტომობილები მივატოვეთ და მოუქნელად ავფოფხდით ცხენებზე. ეს რთული აღმართი უკანასკნელი დაბრკოლება იყო კურთხევის რიტუალამდე. როდესაც პლატოს მივაღწიეთ, ბანაკი გავშალეთ ძლევამოსილი მყინვარული მწვერვალის, სუტაი-ხაირხანის ძირში – ის ერთ-ერთია მონღოლეთში სახელმწიფოს მიერ აღიარებული 12 საკრალური მთიდან, რომელსაც პრეზიდენტი ოთხ წელიწადში ერთხელ საგანგებო რიტუალებით მიაგებს პატივს.
ამ შთამბეჭდავ, საკრალურ გარემოში ბუიამ მოიხმო ადგილობრივი ღვთაება, მთის მფარველი სული. შემდეგ ჩვენ საზიარო ლოცვა წარმოვთქვით მთელი სამყაროს კეთილდღეობის, მშვიდობისა და ჰარმონიისთვის. ამგვარად, მადლიერებას გამოვხატავდით დედამიწის მიმართ და ვესწრაფოდით „მარადიული ცისფერი ცის“ წყალობას.
ჩვენდა გასაოცრად, ბუიას უჩვეულო ძღვენი წამოუღია თან: საზამთროები. ამ სახალისო შესაწირს სულები უნდა მოეხიბლა და შეხმიანებოდა ძველ მონღოლურ გამოთქმას – „ბაიგალია არგადაჰ“ – „მოთაფლე ბუნება“. როგორც წესი, სულებს ადგილობრივი საკვები უყვართ, ხოლო საზამთრო ბუნებრივად არ გვხვდება მონღოლეთში – თუმცა ბუია ამტკიცებდა, რომ მთის ძლევამოსილი სულები ზოგჯერ ცნობისმოყვარეობას ავლენენ, ცელქი ბავშვებივით იქცევიან და ამგვარ შესაწირს ძალიანაც მოუწონებდნენ. ალბათ, მეორე დღეს ხალისით ადევნებდნენ თვალს, კლდიდან დაგორებული საზამთროები ფერადად რომ დაეხეთქებოდა თეთრ თოვლზე და ხეობაში თესლი მოიფანტებოდა.
ამ ცერემონიების არსი კონსერვაციაა. ბუიას რიტუალი და ნეტარება, რომელსაც ის აღძრავდა მონაწილეებში, წარმოაჩენს ჭეშმარიტებას – მხოლოდ მკვიდრი ხალხის სიბრძნით შევძლებთ ჩვენი საზიარო წარსულისა და კაცობრიობის საზიარო მომავლის დაცვას.