საიდუმლო ჯერ კიდევ ბევრია
პომპეის არქეოლოგიური პროექტები გათხრებიდან კონსერვაციაზე გადავიდა, თუმცა უკვე არსებული განათხარი მასალიდან ჯერაც ბევრი რამ შეგვიძლია შევიტყოთ.
უკანასკნელ წლებში, უძველეს რომაულ ქალაქ პომპეიში აღმოჩნდა 2000 წლის წინანდელი სამრეცხაო, მონათა საძინებელი ოთახი და ფრესკა, რომელზეც პიცის ადრეულ ვერსიას ვხედავთ (პომიდვრის გარეშე – ამ უკანასკნელმა ევროპამდე, სულ მცირე, 10 საუკუნის შემდეგ მოაღწია).
თუმცა, ფერფლის დაახლოებით ექვსმეტრიან ფენაში, რომლითაც ქალაქი ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაიფარა, ამ აღმოჩენათაგან არცერთი არ გამოვლენილა ახალი გათხრების შედეგად. რამდენიმე ათწლეულია იტალიის მთავრობას მორატორიუმი აქვს გამოცხადებული პომპეიში ახალ გათხრებთან დაკავშირებით. პომპეის პორტა სტაბიას მიმდებარე ტერიტორიის გათხრებში მონაწილე ცინცინატის უნივერსიტეტის რომაული არქეოლოგიის პროფესორის, სტივენ ელისის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ აღმოჩენათა უმეტესობა უკვე გათხრილი ტერიტორიის კონსერვაციისა და რესტავრაციის პროცესში გამოვლინდა.
„როდესაც [ქალაქს] თხრიდნენ, ვულკანური ნაშალი მასალისგან ციცაბო ფერდი წარმოქმნეს“, – ამბობს ელისი და ამატებს, რომ ადრე გათხრილ ტერიტორიებზე მეწყრები ჩამოწვა და მიწა ჩამოიქცა, რამაც დიდი საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია. „ახლა მათ აღდგენასა და გამყარებას ცდილობენ, ამიტომ საჭირო გახდა ამ ერთგვარი კლდისპირის მცირედით გათხრაც“.
პომპეი, რასაკვირველია, კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს. დაახლოებით 15-25% ქალაქისა ჯერ კიდევ დამარხულია, თუმცა ბევრი არქეოლოგისთვის საკითხავი ის კი არაა, თუ რა დარჩა აღმოსაჩენი, არამედ ის, საერთოდ უნდა გაგრძელდეს გათხრები, თუ – არა. ან, როგორც მინიმუმ, როდის და როგორ იქნებოდა ყველაზე უპრიანი გათხრების გაგრძელება იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აისახება დრო ისტორიულ ძეგლზე.
„პომპეის [გათხრილი] ნაწილი საკმარისია ფართო საზოგადოებისთვის. შესწავლის მიზნით პომპეის საკმარისი ნაწილია გამოვლენილი სამეცნიერო საზოგადოებისთვისაც, – ამბობს ელისი, – ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს მისი მაქსიმალურად კარგი კონსერვაცია მომავლისთვის“.

კულტურის სამინისტროს, პომპეის არქეოლოგიური პარკის კუთვნილება
შესწავლა ტექნოლოგების დახმარებით
ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის კლასიკური პერიოდის მკვლევარი, პროფესორი ერიკ პელერი, რომელიც ასევე მუშაობდა პომპეიში, ამბობს, რომ ძველი რომის ამ ქალაქში ზონალური დაყოფა არ არსებობდა, საქმოსნობისა და ვაჭრობის ცენტრები კი ძირითადად იმ დიდი ქუჩების გასწვრივ იყო თავმოყრილი, რომელთაგან ბევრი უკვე შესწავლილია. თუმცა, მოსახლეობის სიმჭიდროვე და მიწის ათვისება ქალაქის აღმოსავლეთით უფრო მცირეა; მიწის დიდი მონაკვეთები, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთით, შედარებით ხელუხლებელია. ადარებს რა ქალაქის უფრო მჭიდროდ დასახლებულ, მდიდრულ უბნებს, სადაც დეკორატიული მებაღეობის გამოყენებით, ქანდაკებებითა და კოლონადებით შემკული შიდა ეზოებია, პელერი ფიქრობს, რომ აღმოსავლეთი პომპეი ფერმერთა მხარე უნდა ყოფილიყო. „იქ დიდ ეზოებს უფრო უნდა ველოდოთ, სადაც, სავარაუდოდ, აგროპროდუქტები შემოსავლის მისაღებად მოჰყავდათ და არა უბრალოდ მოცალეობის დროს“.
თუმცა, პელერი ასევე აღნიშნავს, რომ არქეოლოგებმა საკმაოდ ბევრი რამ ვერ შენიშნეს აქამდე ჩატარებული გათხრებისას – ჩვეულებრივი არტეფაქტებისა თუ ნახატების ჩათვლით. ამ ადგილებზე გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით დაბრუნებამ შესაძლოა ისეთივე აღმაფრთოვანებელი აღმოჩენების წინაშე დაგვაყენოს, როგორიც ახალი ტერიტორიების გათხრას ახლავს ხოლმე ისე, რომ ქალაქი რისკის წინაშე არ დავაყენოთ და მომავალ თაობებს მისი ხილვის შესაძლებლობა არ წავართვათო, – ამატებს ელისი.
წარსულში, მაგალითად, გატეხილი ან არასრული ფრესკა თუ ჭურჭელი შეიძლება გადაეყარათ. ახლა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები არქეოლოგებს ნივთის მთლიანობის აღდგენაში ეხმარებიან, ხოლო ლიდარის (ლაზერული სკანირების ერთ-ერთი ხერხი) დახმარებით შეგვიძლია ტერიტორიების სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნა. „ჩვენ გვქონდა ფოტოები, მაგრამ ისინი არასოდეს იყო საკმარისი“, – ამბობს ელისი. – „ახლა სამგანზომილებიანი მოდელები გვაქვს, რომლებიც გათხრების ნებისმიერ ეტაპზე დაბრუნებისა და კონკრეტულ სივრცეზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს“.
„პომპეის ბიბლიოგრაფიისა და კარტოგრაფიის პროექტის“ მონაწილე პელერი აღნიშნავს ტექნოლოგიასაც, რომელიც ქალაქის უკეთ ვიზუალიზებაში დაგვეხმარება. ამჟამად ის „პომპეის მხატვრული ლანდშაფტის პროექტშია“ ჩართული, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებს საშუალებას მისცემს ონლაინ მოიძიონ პომპეის კედლებზე არსებული 87 075 გამოსახულება – „პიცის წინამორბედიდან“ დაწყებული კუპიდონით დამთავრებული. ეს ახალი პროექტები, ელისის თქმით, „საშუალებას გვაძლევს, რომ გათხრების ორასწლიან ისტორიას გადავხედოთ“.

თუმცა, გათხრილი ქალაქის გარკვეული ნაწილი უკვე დაკარგულია. მაგალითად, 2014 წელს ძლიერმა წვიმამ სამ დღეში სამი რამ ჩამოანგრია: სამარხი, ვენერას ტაძრის თაღი და სახელოსნოს კედელი. 2010 წელს გლადიატორების სახლი დაინგრა, სავარაუდოდ, 1940-50-იან წლებში ჩატარებული პრობლემატური რესტავრაციის გამო. პომპეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობის, გლადიატორების სკოლის ჩამონგრევის გამო UNESCO ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებით იმუქრებოდა, თუმცა მოგვიანებით, მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, პომპეისთვის სტატუსის შენარჩუნება გადაწყდა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემების სავარაუდო გამომწვევი გათხრები თავის დროზე არასწორად ტარდებოდა. პროცედურაცა და ტექნოლოგიაც დროსთან ერთად ვითარდება. სწორედ ეს აფიქრებინებს არქეოლოგებს, რომ შესაძლოა ტემპის შენელება ჯობდეს. „დღეს ბევრი გათხრით შეიძლება სამომავლო შესაძლებლობებს რისკის ქვეშ ვაყენებდეთ. ხვალ შეიძლება მეტი ოსტატობა, ხელსაწყოები, ინფორმაცია, ტექნოლოგიები და, თუნდაც, ფიზიკური შესაძლებლობები გვქონდეს, – ამბობს პელერი, – და თუკი ახლა გავთხრით, საკუთარ თავს სამომავლო შესაძლებლობებს წავართმევთ“.
„გაოცება და სიურპრიზი“
იტალიამ რამდენიმე ინიციატივა წამოიწყო უკვე გათხრილი ქალაქის კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის. 105 მილიონი ევროს ღირებულების „პომპეის დიდი პროექტი“, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით 2012-2019 წლებში განხორციელდა, სხვა მიზნებთან ერთად, სანაპიროს დაცვასა და კედლების აღდგენას მოიცავდა. იტალიის პოლიტიკაში კვლავ დავის საგანია, თუ როგორ შეიძლება მოიზიდონ ახალი აღმოჩენებით ტურისტები ისე, რომ თან ნაქალაქარი დაიცვან.
აღმოჩენები, რომლებიც პომპეის დიდი რესტავრაციის პროექტის დროს გაკეთდა, ისეთივე საყურადღებო აღმოჩნდა, როგორც წინანდელი აღმოჩენები. V რეგიონის (პომპეიში ცხრა რეგიონია) გამაგრების სამუშაოების დროს, 2018 წელს, გამოვლინდა ფრესკები, რომელთაგან ერთ-ერთი – დელფინების წყვილის გამოსახულება „ვერცხლის ქორწილის სახლთან“ ახლოს, დიდებული არისტოკრატიული ცხოვრების თვალსაჩინო დასტურია. მოგვიანებით, იმავე წელს, არქეოლოგებმა გამოავლინეს „მოჯადოებული ბაღი“ – სამლოცველოსთვის გამოყოფილი სახლის მდიდრულად მორთული ნაწილი, რომლის კედელზეც ძაღლისთავიანი კაცია გამოსახული, რაც, სავარაუდოდ, მინიშნებაა ეგვიპტურ ღვთაება ანუბისზე.
„გაოცებასა და სიურპრიზს ყოველთვის უნდა ველოდოთ, როდესაც პომპეის გათხრებზე ან, თუნდაც, ქალაქის მიწისქვეშეთში ჩახედვაზე ვფიქრობთ, – ამბობს პელერი, – ჩვენ ყოველთვის ვიპოვით გასაოცარ ნივთებს და თვალს შევავლებთ წარსულს“.