ბათუმის ცვალებადი სახელი და სახე
საქართველოს ევროპული ისტორია
ბათუმი ჩემი ქალაქია. ქალაქი, რომელსაც წლებია, ძველ ევროპულ რუკებზე, წიგნებში, გრავიურებსა თუ ილუსტრირებულ პრესაში ვეძებ. ეს უცნაური ძებნაა, რადგან ვეძებ ქალაქს, რომელიც თანამედროვე ძველი ბათუმიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა და XVIII საუკუნემდე ევროპულ რუკებზე სულ სხვა სახელებით მოიხსენიებოდა.
ბათუმი სხვადასხვა სახელით გვხვდება XIV-XVII საუკუნეების 180-ზე მეტ ევროპულ საზღვაო-სანავიგაციო რუკაზე, ე.წ. პორტოლანზე. Louati, Lonati, Lauanti, Vati, Vathi, Lauati, Llanati, El. Uatti, Lona, Bati, Lo Uathi და Lo Vati მხოლოდ ნაწილია იმ სახელებისა, რომელთაც ბათუმის აღსანიშნავად ძველი ევროპელი ზღვაოსნები პორტოლანებზე იყენებდნენ. ეს აღნიშვნები მოწმობს, რომ ძველ ევროპულ რუკებზე ბათუმის სახელწოდებები, უმეტესწილად, ერთმანეთთან არის დაკავშირებული და, ხშირად, ერთი და იმავე სიტყვიდან არის ნაწარმოები.
ცალკე უნდა ითქვას ძველ ევროპულ რუკებზე საკუთრივ სახელწოდება ბათუმის გამოჩენის შესახებ. სავარაუდოდ, ქალაქის თანამედროვე სახელწოდება ქალაქის (ციხესიმაგრის) მნიშვნელობით პირველად გერმანელმა კარტოგრაფმა და გამომცემელმა იოჰან ბაპტისტ ჰომანმა გამოიყენა, რომელმაც 1716 წელს გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში გამოცემულ შავი ზღვის აუზის ამსახველ რუკაზე ბათუმი – Batunum სახელით მოიხსენია. ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძველ ევროპულ რუკებზე ტოპონიმ ბათუმს ვერ ნახავთ. უბრალოდ საქმე ისაა, რომ, როგორც წესი, ჰომანის რუკამდე ევროპელი კარტოგრაფები ბათუმის სახელწოდებით უმეტესად ქალაქთან ახლოს მდებარე მდინარეს აღნიშნავდნენ, რომელსაც დღეს ყოროლისწყალი ეწოდება.
ჰომანის რუკის შემდეგ, ციხის/ქალაქის მნიშვნელობით ტოპონიმ ბათუმის ნახვა ინგლისელი კარტოგრაფის, ემანუელ ბოუენის მიერ 1747 წელს ლონდონში დაბეჭდილ რუკაზე შეიძლება. ბოუენის რუკაზე ბათუმი Gunia-სა (გონიო) და Kupulet-ს (ქობულეთი) შორის არის მოქცეული და აღნიშნულია სახელწოდებით – Batum (ბათუმი). ყველაზე მნიშვნელოვანი აღნიშვნა კი ფრანგი კარტოგრაფის, ჟოზეფ ნიკოლა დელილის მიერ 1766 წელს პარიზში და 1775 წელს ვენეციაში გამოცემულ საქართველოს რუკას უკავშირდება, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს სამეფოს რუკის დახვეწილი ფრანგული ვერსიაა. დელილის რუკების გამოცემის შემდეგ, ბათუმი, როგორც ქალაქის ერთადერთი სახელწოდება, აქტიურად დამკვიდრდა ევროპულ კარტოგრაფიაში.
ძველი ევროპული რუკებისგან განსხვავებით, ბათუმთან დაკავშირებული ძველი ევროპული გრავიურები მხოლოდ XIX საუკუნეში ჩნდება. ქალაქის გრავიურების ნახვა ევროპულ ილუსტრირებულ პრესაშია შესაძლებელი. ყველაზე ადრე ბათუმის გრავიურა ფრანგული „L’Illustration, Journal Universel“-ის 1853 წლის 17 დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა. გრავიურის ქვეშ დატანილია წარწერა – „Batoun“ და არა „Batoum“. ამ ფორმას მომდევნო წლების ფრანგულ ილუსტრირებულ პრესაში ვხდებით. ზოგადად, ბათუმი არ არის საქართველოს ერთადერთი ქალაქი, რომელიც 1853-1856 წლების ევროპულ ილუსტრირებულ პრესაში გვხდება. ყირიმის ომის დროს, ბათუმთან ერთად, ქობულეთის, შეკვეთილის, ყულევისა და სოხუმის გრავიურების ნახვაც არის შესაძლებელი.
ბათუმის თემატიკაზე მომზადებული ჩანახატებისადმი ინტერესი კიდევ უფრო იზრდება 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, თუმცა იმდროინდელი ჩანახატების უმრავლესობა ზღვიდან არის შესრულებული და ქალაქზე მეტად სანაპიროზე ჩამომდგარ გემებსა და ქალაქთან ახლოს მდებარე მთებს ასახავს.
„ყველა აქ მოელის გაკეთებას…
დილიდამ საღამომდე აქა-იქ დაძვრებიან, სამაღაზიო, სასტუმრო, სადუქნო სახლებს ქირაობენ, ადგილებს ჰყიდულობენ…“
– სერგეი მესხი, 1878 წ.
ძველი ბათუმის ყველაზე გამორჩეული და საინტერესო გრავიურა, ალბათ, მაინც ინგლისური „The Illustrated London News“-ის 1885 წლის 30 მაისის ნომერში დაიბეჭდა. განსხვავებით რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს დაბეჭდილი გრავიურებისგან, 1885 წელს დაბეჭდილი ჩანახატი არა ზღვიდან, არამედ ქალაქის შემოგარენიდან არის შესრულებული. გრავიურის სიღრმეში კარგად იკითხება ზღვაში რეიდზე მდგარი ოცზე მეტი გემი და მატარებელი, რომელიც ქალაქს ტოვებს. ჩანახატის მარცხენა მხარეს, იქ, სადაც დღევანდელი ძველი ბათუმია, მრავლად მოჩანს სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა.
ბათუმის მომავალი განვითარება სხვებზე ადრე გაზეთ „დროების“ რედაქტორმა, სერგეი მესხმა დაინახა, რომელიც 1878 წელს „დროებისთვის“ ბათუმიდან გაგზავნილ წერილში წერდა: „ყველა აქ მოელის გაკეთებას. დარბიან, დაცმაცუნობენ, ჰყვირიან, ჩურჩულობენ, დილიდამ საღამომდე აქა-იქ დაძვრებიან, სამაღაზიო, სასტუმრო, სადუქნო სახლებს ქირაობენ, ადგილებს ჰყიდულობენ, „საქმეს ეძებენ““.
ბათუმი დღესაც სწრაფი, თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება, მე კი ძველ ევროპულ რუკებსა და გრავიურებზე საუკუნეების წინანდელი ჩემი ქალაქის ძებნას ვაგრძელებ და ასე მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჯერ კიდევ წინ არის.