ზოგი მეცნიერისთვის ველზე მუშაობა გადახრუკულ უდაბნოში განამარხებული ნაშთების ფუნჯით გასუფთავებას გულისხმობს, ზოგისთვის – წყალქვეშა აპარატით ოკეანის ბინდის ზონაში ყვინთვას. თანამედროვე ადამიანის შეიარაღებულ თვალს, თითქოს, ბევრს ვერაფერს გამოაპარებ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო ოკეანის ფსკერის მხოლოდ მეოთხედის რუკა გვაქვს შედგენილი მაღალი გარჩევადობით, ხოლო ოკეანის სახეობათა 90% ჯერაც არ არის კლასიფიცირებული. ამის გამოსწორებას მეცნიერთა ჯგუფი OceanX-ის მაღალტექნოლოგიური მისიის ფარგლებში ცდილობს, რაზეც სექტემბრის გამოცემის მთავარ სტატიაში მოგითხრობთ.
ოკეანის ბინადრების გარდა, სხვადასხვა სტატიაში არაერთ ცხოველს შეხვდებით, მაგალითად, მექსიკის მკვიდრ აქსოლოტლს, რომელიც მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოს ფლობს, თუმცა, პარადოქსულად, გადაშენება ემუქრება ჰაბიტატის დაკარგვის გამო.
ამასობაში, ბედნიერად ცხოვრობენ ალასკელი მურა დათვები და ადამიანებსაც მშვიდად მასპინძლობენ თავიანთ სამოთხეში. კატმაის ეროვნული პარკის წარმატების ისტორია ნამდვილად დაგაინტერესებთ.
იურული პერიოდის ცხოველებს ეროვნულ პარკებში ვერ მოინახულებთ, მაგრამ მათი განამარხებული ნაშთებით აღდგენილი ჩონჩხის ხილვა მუზეუმებში შეგიძლიათ. ამ ნომერში გაგაცნობთ დინოზავრს მეტსახელად „ნატალი“ და მის განვლილ გზას გათხრებიდან გამოფენამდე.
სექტემბრის ნომრის უკანასკნელი ვრცელი სტატია ეხება საჰარას თავისი უძველესი, იდუმალი სასაფლაოთი და დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელი, მწვანე წარსულით.
ჩვენს ახალგაზრდა მკითხველებს – მომავალ მეცნიერებს, ხელოვანებსა თუ ნებისმიერი საქმის ოსტატებს, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!