ანთების ეპოქა
ანთების მიზეზებსა და მკურნალობაზე ახლა უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე. ექსპერტების თქმით, ანთება ჩვენს სხეულს სჭირდება კიდეც, უბრალოდ არა – ზედმეტი.
ანთების ეპოქა
ანთების მიზეზებსა და მკურნალობაზე ახლა უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ოდესმე. ექსპერტების თქმით, ანთება ჩვენს სხეულს სჭირდება კიდეც, უბრალოდ არა – ზედმეტი.
შესავალი
ანთებას ცუდი რეპუტაცია აქვს. ალბათ გაგიგიათ ანთების საწინააღმდეგო არაერთი დიეტის, საკვები დანამატის, წამლისა და რჩევის შესახებ, რომელმაც სიწითლის, ტკივილის, სიმხურვალის ან ტრავმითა თუ ინფექციით გამოწვეული შეშუპების არაკომფორტული სიმპტომები უნდა შეგვიმსუბუქოს.
„ადამიანებისთვის ანთება ნეგატიურ ასოციაციას ატარებს“, – ამბობს ვოლფგანგ მარქსი, დიკინის უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) უფროსი მკვლევარი და ნუტრიციული ფსიქიატრიის ექსპერტი.

ჯაილს პრაისი
მაგრამ რეალობა უფრო კომპლექსურია – და შესაძლოა ანთება სასარგებლოც იყოს. ასწლოვანი დებატებისა და კვლევის შემდეგ მეცნიერებმა დღეს უკვე იციან, რომ ანთება მტერიცაა და მოყვარეც. იდეალურ მდგომარეობაში ეს ფიზიოლოგიური პროცესი ებრძვის ინფექციას, ახდენს კიბოს პრევენციას, ჭრილობას აძლევს შეხორცების საშუალებას, ვაქცინებს კი გრძელვადიან დამცავ მექანიზმად გარდაქმნის. პრინციპში, ანთების უამრავი ფუნქციის გარეშე ვერც გადავრჩებოდით.
„ადამიანის ჯანმრთელობის ყველა ასპექტი ანთებას უკავშირდება“, – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი ბალი პულენდრანი. „ანთების შესაბამისი ტიპისა და დონის გარეშე იმუნური სისტემა ვერ გამოიმუშავებდა ეფექტურ იმუნურ პასუხს პათოგენების წინააღმდეგ“.
მაგრამ როგორც ბევრ ბიოლოგიურ რეაქციას სჩვევია, საფრთხე სწორედ ზომა-წონაშია. როდესაც თავდაპირველი ინფექცია ან ტრავმა გადაივლის და ანთება მაინც ქრონიკულად მომატებულია, ამან შეიძლება შეცვალოს ორგანიზმის ფუნქციონირება. ეს იწვევს გრძელვადიან ავადმყოფობას, მაგალითად, გულის დაავადებას, კიბოს, ტიპი 2 დიაბეტს, დეპრესიასა და ალცჰაიმერს. ბევრი ეს დაავადება ხშირდება სიბერისას, რომელიც ასევე დაკავშირებულია ანთების მაღალ დონესთან. იმუნურ სისტემას შეუძლია თავს დაესხას საკუთარი სხეულის ქსოვილებს და გამოიწვიოს ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, გაფანტული სკლეროზი და კრონის დაავადება. ზოგი მეცნიერი იმასაც კი იკვლევს, რამდენადაა კავშირი მომატებულ ანთებასა და ხანგრძლივ COVID-ს შორის.
უკანასკნელ ორ ათწლეულში ანთების ასეთი მნიშვნელოვანი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ზეგავლენები მეცნიერებს უბიძგებს, რომ აღნიშნული პროცესი უფრო ღრმად შეისწავლონ. როდესაც გერიატრმა და ეპიდემიოლოგმა ლუიჯი ფერუჩიმ 1999 წელს სიბერისა და ანთების კავშირის კვლევა დაიწყო, მაშინ ხუთი ან ექვსი მოლეკულა – იგივე მარკერი ან მედიატორი – ვიცოდით, რომლებითაც სხეულში ანთებას ვზომავდით. დღეს ათასობით მოლეკულაა ცნობილი.
„ახლა სისხლის ერთ წვეთში 10 000 ცილის დათვლა შეგვიძლია, ამიტომ დღეს უკვე გვესმის, რომ ანთების ბევრი ქვეტიპი არსებობს და მათზე გავლენა აქვს განსხვავებულ მედიატორებს“, – ამბობს ფერუჩი, დაბერების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი. „თუ ჩვენ შევისწავლით, როგორ არიან ისინი ორგანიზებულნი და დაკავშირებულნი, მეტს გავიგებთ ანთებით რეაქციებზე“.
ეს გაღრმავებული ცოდნა გვაფიქრებინებს, რომ „ანთება“, როგორც ასეთი, უშინაარსო ტერმინია, რადგან ის მრავალი ფორმით გამოიხატება. რევმატოლოგებისთვის, იმუნოლოგებისთვის, ქირურგ-ორთოპედებისთვის თუ ვაქცინოლოგებისთვის ეს სიტყვა აღწერს განსხვავებულ, თუმცა ხშირად ურთიერთგადამკვეთ მოლეკულებს, მოლეკულურ ურთიერთქმედებებს, სიმპტომებსა და შედეგებს. „სიტყვა „ანთება“ ტრივიალურია. მას უთავბოლოდ გავიძახით, მაგრამ ის მოკლებულია სიცხადესა და გააზრებას“, – ამბობს პულენდრანი.
რაც უფრო მეტს იგებენ მკვლევრები ანთებით პროცესებზე, მით უფრო კარგად შეუძლიათ მისი დადებითი ასპექტების შეცნობა. ჰორიზონტზე ჩნდება მედიკამენტები და უფრო დახვეწილი დიეტები და რჩევები, რომ ანთების ბევრი ფორმა ვმართოთ და მეტი დაავადება ავირიდოთ თავიდან ან განვკურნოთ. როგორ გავხადოთ აღნიშნული ინოვაციები ხელმისაწვდომი? – ეს გადაუდებელი ამოცანაა.
მეცნიერებში ბოლო დროის კონსენსუსი ასეთია: ანთება არ არის თავისთავად ცუდი ან კარგი; სიტუაციის მიხედვით ჩვენ გვჭირდება ანთების გარკვეული დონე. ეს არ არის რაღაც, რაც სრულად უნდა აღმოვფხვრათ. ესაა პროცესი, რომლის კონტროლი უნდა ვისწავლოთ.
01
სიმხურვალესთან ბრძოლა
ანთებასთან ბრძოლის პოპულარული ხერხებია ცივ წყალში ჩასვლა, პლაზმის ინიექცია და საუნა. მაგრამ მუშაობს თუ არა ეს ხერხები?

ირლანდიაში გაზრდილი ჯოზეფ კოსტელო სპორტული თინეიჯერი იყო. რთული, გელური ფეხბურთის თამაშის შემდეგ ის ხშირად იღებდა ყინულის აბაზანებს. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ვარჯიშის შემდგომი ანთების გამო დაჭიმული კუნთებისა და სახსრების გაგრილების კიდევ უფრო უკიდურესი მეთოდი მოიფიქრა: -110°C-მდე გაცივებულ ოთახში რამდენიმე წუთი დგებოდა ხოლმე.
კოსტელოს თქმით, ეს თან საოცრად მტკივნეული იყო და თან – გამამხნევებელი. იგი დღეს დიდ ბრიტანეთში, პორტსმუთის უნივერსიტეტის სპორტის ფიზიოლოგი და ეკოფიზიოლოგია. „ეს არაამქვეყნიური გარემო იყო, – იხსენებს იგი, – დედამიწაზე ისტორიულად დაფიქსირებული ყველაზე ცივი ტემპერატურაც კი ამაზე 20 გრადუსით თბილი იყო“.
ყინულში ჩაწოლა და ცივი შხაპი უფრო და უფრო პოპულარული სტრატეგიებია ანთებასთან საბრძოლველად, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს: დაწყებული სამედიცინო პერსონალის მიერ გაკეთებული სპეციალიზებული ინიექციებით, დამთავრებული თერმული პროცედურებით – რომლებიც, პრაქტიკულად, ცეცხლს ცეცხლით ებრძვის.
მაგრამ აჩქარებს თუ არა ასეთი ტექნიკები მკურნალობას? ზოგი კვლევა დადებით გავლენას გვაჩვენებს, ზოგი – ეფექტს ვერ აფიქსირებს, დანარჩენი კი მიუთითებს, რომ ანთების კონტროლის სხვადასხვა ტაქტიკამ შეიძლება უარესი ზიანი მოგვიტანოს.
უმეტესობა ჩვენგანი განწირულია გარკვეული ტიპის ტკივილებისთვის. რაც უფრო ვბერდებით, იზრდება ძვალკუნთოვანი დაზიანების ალბათობა, ჩვენი სხეული კი უფრო ნელა შუშდება. 55 წლის ადამიანთა დაახლოებით 80%-ს ოსტეოართრიტი (სახსრების გარშემო ხრტილის დეგენერაცია) აწუხებს, რაც კიდევ უფრო მეტ სიხისტეს და ტკივილს იწვევს. ზოგი კვლევის მიხედვით, ანთება ამ ტიპის ტკივილის მთავარი გამომწვევი მიზეზია. დისკომფორტის პრევენცია ან კონტროლი კი რთულია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ანთება აუცილებელი პროცესია, რომელიც ჩვენს სხეულს დაზიანების გამოსასწორებლად სჭირდება.
აი, როგორ მუშაობს ანთება: როდესაც ადამიანს დაეჭიმება ან გაუწყდება იოგები თუ მყესები, ტრავმის შედეგად სხეულში გამოიყოფა ანთებითი მოლეკულები და ციტოკინები; იწყება მოვლენათა წყება, რომელსაც მწვავე ანთების სახელით ვიცნობთ. სისხლძარღვები მაშინვე ფართოვდება, რომ დაზიანებულ ადგილამდე მეტი სითხე მიიტანოს. ამას მოსდევს შეშუპება და სისხლის შედედება, ანთებითი უჯრედები კი ზიანის აღმოსაფხვრელად და სხვა უჯრედების მობილიზებისთვის იყრის თავს, რომ ქსოვილი აღდგეს.

სკოტ კამაზინი, SCIENCE SOURCE
ანთების მანიპულირება მიმზიდველ იდეად მოჩანს, რადგან გარკვეული გზებით ჩვენ შევძლებდით აღნიშნული პროცესის დახვეწას. ამჟამად მათთვის, ვისაც მთელი სხეულის გაყინვის ვერსია არ ხიბლავს, ანთების მართვის ყველაზე პირდაპირი მეთოდი ნემსის გაკეთებაა.
ესაა უფრო და უფრო პოპულარული სამედიცინო მიდგომა – თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა (PRP). მისი მიზანია ტენდინიტით, ართრიტითა და სხვა პრობლემებით გამოწვეული ქრონიკული ტკივილის მოხსნა. PRP-ის ინიექცია პაციენტის სისხლისგანვე მზადდება. ცენტრიფუგის მეშვეობით გაიფილტრება ერითროციტები და გამოიყოფა თრომბოციტები, რომლებიც სისხლის შედედებისთვისაა საჭირო და სავსეა ანთების საწინააღმდეგო ზრდის ფაქტორებით.
დინ ვანგის, ქირურგ-ორთოპედისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) სპორტული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, PRP-ის ინიექციები შეიცავს ლეიკოციტებისა და სხვა ინგრედიენტების სხვადასხვა კონცენტრაციას, რომელთაც შეუძლიათ ანთება ჩააცხრონ ან გაამწვავონ.
PRP-ის ეფექტურობის სრულად შეფასება ჯერაც არ შეგვიძლია ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას მრავალი გზით იყენებენ. 2021 წლის ანალიზში ვანგმა და კოლეგებმა PRP-ის გამოყენებაზე გამოქვეყნებული 132 კვლევა მიმოიხილეს. ამ პროცედურას იყენებდნენ 28 დაავადებაზე 8 მიმართულებით, მათ შორის, ძვალკუნთოვან სისტემაში, კოსმეტიკასა და ნევროლოგიაში. ჯამში კვლევების 61% მხარს უჭერდა PRP-ის გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ მესამედი წერდა თავის ფორმულებს დეტალურად. ამასთან, კვლევები განსხვავდებოდა იმის მიხედვითაც, თუ როგორ ზომავდნენ ისინი შედეგებს, რაც ართულდებდა მათ ურთიერთშედარებას.
„პრაქტიკა ბევრად უსწრებს მეცნიერებას, – ამბობს ვანგი, – მაგრამ ჩვენი მეცნიერება საკმარისად კარგადაა განვითარებული იმის საჩვენებლად, რომ მკურნალობის ეს მეთოდები პერსპექტიულია“.
სიცივის თერაპიის მოყვარულები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი ახშობს ტკივილს, შფოთს, დეპრესიასა და სხვას. მაგრამ მეცნიერები ჯერაც ცდილობენ პირდაპირი კავშირის დადგენას.
ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ სიცივე ტკივილს ამსუბუქებს – სავარაუდოდ, კანის ტემპერატურის დაწევით, რაც ანელებს ნერვების მიერ ტკივილის იმპულსების გადაგზავნას. თუმცა კოსტელო ამბობს, რომ მაინც რთულია სიცივის ზემოქმედების შეფასება მწვავე და ქრონიკულ ანთებაზე. 2013 წლის კვლევის ფარგლებში 20 მამაკაცი 6-გრადუსიანი დახრილობის ბილიკზე 40 წუთი ჩარბოდა. ნიუ-ჰემფშირის მკვლევრების გუნდმა დააფიქსირა ანთებითი მოლეკულების შედარებით მცირე რაოდენობა იმ 10 მონაწილეში, რომლებიც სირბილის შემდეგ 20 წუთი 4°C ტემპერატურის ყინულიან აბაზანაში ისხდნენ. და მაინც, ეს შედეგები არაა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და ყინულის აბაზანამ არ იქონია გავლენა კუნთების ტკივილზე.
მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ სიცივის თერაპია შესაძლოა ხელს უშლიდეს ვარჯიშისას კუნთის მასის მომატებას – ალბათ იმიტომ, რომ სიცივე ანთებით პროცესს აფერხებს. კოსტელოს თქმით, ასეთმა ჩარევებმა, რიგ შემთხვევებში, შეიძლება გაამწვავოს კიდეც ანთება.
„მონაცემებს ყოველწლიურად ვაგროვებთ, – ამბობს იგი, – მაგრამ ჯერჯერობით ანთების დასაცხრობად სიცივის თერაპიის ეფექტურობას მხოლოდ რამდენიმე კვლევა ადასტურებს“.
ალბათ, ყველაზე მოულოდნელი ბოლოდროინდელი მიგნებაა, რომ ანთებასთან ბრძოლა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შესაძლებელია თერმული თერაპიით. ფინეთში 1600-ზე მეტ მამაკაცზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, საუნის რეგულარულ მომხმარებლებში უფრო დაბალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ასევე, დეპრესიისა და კიბოს მკურნალობის დამაიმედებელ მეთოდად შეაფასეს სამედიცინო პროცედურები სხეულის ტემპერატურის გასაზრდელად ისეთი ხელსაწყოებით, როგორიცაა ლაზერები, ულტრაბგერები, სითხის გადასხმა და თერმული ოთახები.
2021 წელს ორეგონის უნივერსიტეტის ეკოფიზიოლოგმა კრის მინსონმა და კოლეგებმა მიმოიხილეს კვლევა საუნისა და ცხელი აბაზანის ხშირ მოხმარებაზე. მათ დაადგინეს, რომ სიცხეს შეუძლია დათრგუნოს ანთების ხელშემწყობი პროცესები და გაააქტიუროს ანთების საწინააღმდეგო მექანიზმები როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.
მინსონმა ბოლო დროს ეზოში საუნა დაიდგა. იქ თითქმის ყოველდღე ნახევარ საათს ატარებს, შუალედებში კი ცივ შხაპს იღებს. კვლევამ დაარწმუნა, რომ ანთების საწინააღმდეგო რუტინა ჯანსაღი არჩევანია. მტკიცებულებებს თავი რომ გავანებოთ, იგი ამას გრძნობს. „როდესაც ასეთი ხერხებით ჩემს ორგანიზმს ვუვლი, უკეთესად მძინავს, – ამბობს იგი, – თავს უფრო ბედნიერად და ჯანმრთელად ვგრძნობ“.
ადამიანების დაახლოებით 80%-ს
55 წლის ასაკში უკვე აწუხებს ოსტეოართრიტი,
რაც მეტ სიხისტეს და ტკივილს იწვევს.

02
დროის სვლის შენელება
რაც უფრო ვბერდებით, მით უფრო მეტ ტკივილს იწვევს ანთება, მაგრამ, ექსპერტების თქმით, ამის პრევენცია შესაძლებელია და მექანიზმები უკვე შემუშავების პროცესშია.

ეს ყველას ემართება. ასაკთან ერთად ჩნდება მტკივანი სახსრები და კიბოს, გულის დაავადების, დემენციის, ართრიტისა და სხვა დაავადებების მზარდი რისკი. აღნიშნული ცვლილებები კვალდაკვალ მისდევს ანთების წამახალისებელი მოლეკულების მატებას სიცოცხლის განმავლობაში. ეს იმდენად ხშირია, რომ სამეცნიერო სახელიც კი აქვს: inflammaging – ასაკობრივი ანთება.
ახლა მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, როგორ იცვლება ანთებითი პროცესები სიცოცხლის განმავლობაში, რა უბიძგებს ამ ცვლილებებს და როგორ შეგვიძლია ჩარევა.
როდესაც ადამიანი ბერდება, ანთების წამახალისებელი ციტოკინები და ანთებასთან დაკავშირებული სხვა მოლეკულები სისხლში უფრო დიდი რაოდენობით ცირკულირებს. ჰიუსტონში ტეხასის უნივერსიტეტის მ. დ. ანდერსონის ონკოლოგიური ცენტრის ონკობიოლოგიისა და დაბერების მკვლევრის, რონ დეპინიოს თქმით, ის, თუ როდის დაიწყება ცვლილებები, თავად ადამიანზეა დამოკიდებული. მაგრამ, როგორც წესი, ანთება მატებას იწყებს დაახლოებით 50 წლის ასაკში, 60 წლის შემდეგ კი საგრძნობლად ხშირდება.
65 წლიდან ალცჰაიმერით დაავადებულთა რიცხვი ორმაგდება ყოველ ხუთ წელიწადში. აშშ-ში 65 წელს გადაცილებული ადამიანების 80%-ს მინიმუმ ერთი ქრონიკული დაავადება აქვს.
დეპინიოს თქმით, ანთების საწინააღმდეგო წამლები და ჯანსაღი ჩვევები (მაგალითად, ვარჯიში) ასაკობრივი ანთების ზოგ ასპექტს პოტენციურად ამცირებს. მაგრამ მეცნიერები ცდილობენ საკითხის უკეთ შესწავლას უფრო მიზნობრივი გამოსავლის შესამუშავებლად.

ESRF, HUMAN ORGAN ATLAS
დღემდე აღმოჩენილია ასაკთან დაკავშირებული ათამდე ბიოლოგიური ცვლილება. ფერუჩის თქმით, დაბერების ყველა ეს ნიშანი ასოცირებულია ანთებასთან. ასაკთან ერთად იმუნური უჯრედები კარგავს თავდაცვით ფუნქციას და ვეღარ ებრძვის პათოგენებს. ისინი, მეცნიერების თქმით, დაბერებულ უჯრედებად გადაიქცევა: აღარ მრავლდებიან, წყვეტენ მუშაობას და გამოყოფენ ძლიერ ანთებით მოლეკულებს, რომლებიც კიდევ მეტ უჯრედს აბერებს.
დროთა განმავლობაში უჯრედების დნმ სულ უფრო მეტად ზიანდება, განსაკუთრებით, ქრომოსომების დაბოლოებებზე, დამცავი ფუნქციის მქონე უბნებში, რომელთაც ტელომერები ეწოდება. ყოველ ჯერზე, როდესაც უჯრედი იყოფა, ტელომერი მოკლდება იქამდე, სანამ უჯრედი ამას დნმ-ის დაზიანებად ან არასტაბილურობად არ აღიქვამს, რამაც შეიძლება ცვეთა გამოიწვიოს.
დეპინიოს თქმით, მეცნიერები ტელომერების დამოკლებას, მიტოქონდრიის დაზიანებას, ანთებასა და სხვა პროცესებს განიხილავდნენ დაბერების სხვადასხვა თეორიად, რომლებიც კიბოსა და სხვა დაავადებებს უწყობს ხელს. ახლა უკვე ცხადია, ეს ცვლილებები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ანთება დაბერების პროცესის თანამონაწილეა.
როდესაც ქრონიკული ანთება ფესვს იდგამს ორგანიზმში, იმუნურ სისტემას უჭირს რუტინული დავალებების შესრულება, როგორიცაა სიმსივნური უჯრედებისა და პათოგენების დაფიქსირება და მოსპობა. შედეგად, იზრდება დაავადებების ალბათობა. მაგრამ ჩვენ უფრო და უფრო უკეთ გვესმის ასაკობრივი ანთების, როგორც ჯაჭვური ეფექტის, ფენომენი და ვხედავთ ციკლის გარღვევის ახალ გზებს.

ZEPHYR, SCIENCE SOURCE
მაინც რთულია ისეთ ანტიასაკობრივ ინტერვენციათა შემუშავება, რომლებიც ანთებას ებრძვის, რადგან ასეთი ჩარევები საკმარისად კონკრეტული უნდა იყოს, რათა არ მოიტანოს უფრო მეტი ზიანი, ვიდრე სიკეთე, – ამბობს ფერუჩი. მაგალითად, თუ ქრონიკულ ანთებას შევებრძოლებით ანთების საწინააღმდეგო ზოგადი მედიკამენტებით, შეიძლება დავთრგუნოთ ანთების ის ტიპიც, რომელიც გვჭირდება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და, ამგვარად, უფრო დაუცველები გავხდეთ დაავადებების მიმართ.
„ინფექციის დროს ანთება თუ არ განვითარდა, მოკვდები“, – ამბობს ფერუჩი. „ანთების ჩაქრობა შეგვიძლია კორტიკოსტეროიდის ან რამე მონოკლონური ანტისხეულების ბომბით. მაგრამ ეს, ასევე, საშიშიცაა“.

ასაკობრივ ანთებასთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე დამაიმედებელი ახალი სტრატეგიაა დაბერებულ უჯრედებზე თავდასხმა. როგორც ჩანს, თაგვებში განსაკუთრებით ეფექტურია ორი ნივთიერების, დაზატინიბის (მედიკამენტი) და კვერციტინის (მცენარის პიგმენტი) დაბალდოზიანი კომბინაცია, რომელიც ნაწლავებს ბებერი, უსარგებლო უჯრედებისგან ასუფთავებს. დღეს ტარდება კლინიკური კვლევები, რათა ვნახოთ, მუშაობს თუ არა ეს ე.წ. სენოლიტიკები ადამიანებშიც.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი მალე დაადგენენ, რომელი ჩარევაა ყველაზე ეფექტური. „ქსოვილი ინარჩუნებს თვითგანახლების საოცარ უნარს, თუ დაბერების წამქეზებელ პროცესებს გავაქრობთ“, – ამბობს დეპინიო.
ჯერჯერობით ვიცით, რომ ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო წამალია. ის აუმჯობესებს დნმ-ის რეპარაციის პროცესს და მიტოქონდრიის ფუნქციონირებას. კვლევები აჩვენებს, რომ ვარჯიშს შეუძლია სერიოზული დაავადებების რისკის შემცირება. დეპინიოს თქმით, დღეში 15 წუთ ვარჯიშსაც შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა.
რაციონი ასევე ზემოქმედებს ასაკობრივ ანთებაზე. ამას მოწმობს ბევრი საერთაშორისო კვლევა, რომელიც მხარს უჭერს ხმელთაშუა ზღვისპირეთის ტიპის რაციონს, მდიდარს მთლიანმარცვლოვანი და ცოცხალი პროდუქტით, კაკლეულითა და თევზით. მრავალფეროვანი ბოსტნეულის მიღება შეიძლება ნაწლავის მიკრობიომსაც ეხმარებოდეს.
ფერუჩი მაღაზიაში ბოსტნეულის 10 ნაირსახეობას ყიდულობს ხოლმე. „ამას გვთავაზობს ლიტერატურა, – ამბობს იგი, – და ვფიქრობ, რომ ამ რეკომენდაციის შესრულება მარტივია“.

210 გამოსახულების კომპოზიტი, ავტორი ნეითან მირვოლდი, MODERNIST CUISINE
03
დეპრესიისა და ანთების კავშირი
სხეულში ანთებამ შეიძლება იმოქმედოს ტვინზე და შეცვალოს განწყობა. ამის მტკიცებულებებმა შესაძლოა რთულად სამკურნალო პრობლემების ახალი მოგვარების გზები გვაპოვნინოს.

ცხადია, ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. არაა გასაკვირი, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კიბოსა და რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების 40%-ზე მეტს და დიაბეტიანი პაციენტების თითქმის 30%-ს აქვს დეპრესია. მაგრამ არის კიდევ ერთი საერთო ფაქტორი, რომელიც ამ და სხვა რთულ დაავადებებს ახასიათებს: ანთება.
მეცნიერები დღეს ფიქრობენ, რომ ხშირად ანთება მენტალურ ჯანმრთელობას აუარესებს. მათ კვლევებს ახალ წამლებამდე და მიგნებებამდე მივყავართ. `როგორც ჩანს, დეპრესია, სულ მცირე, რაღაც როლს მაინც ასრულებს დაავადების კლინიკური მიმდინარეობისას“, – ამბობს ვოლფგანგ მარქსი დიკინის უნივერსიტეტიდან.
მარქსის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში მკვლევრები დეპრესიას ნეიროგადამცემების არევით ხსნიდნენ. სეროტონინი და დოფამინი ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნეიროგადამცემია – ტვინის შიკრიკი მოლეკულები, რომლებიც მონაწილეობენ განწყობის, მოტივაციისა და ემოციის დარეგულირებაში. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ამ მოლეკულების არევისას ჩნდებოდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
თუმცა ბოლო ათწლეულებში გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ იმუნური სისტემა მენტალურ ჯანმრთელობასთანაა გადაჯაჭვული და ანთებას შეუძლია განწყობაც შეცვალოს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ანთებით პროცესში ბევრად მეტი მოლეკულაა ჩართული, ვიდრე გვეგონა. მომრავლდა კვლევებიც, რომლებიც ანთებით ციტოკინებს კლინიკურ დეპრესიასთან, ბიპოლარულ აშლილობასა და შიზოფრენიასთან აკავშირებს.
ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ანთებას შეუძლია ჩვენი გონება არიოს, ეფუძნება წამალ ინტერფერონ ალფაზე ჩატარებულ კვლევებს. ინტერფერონ ალფა ძლიერი ანტივირუსული ანთებითი ციტოკინია, რომელსაც დაინფიცირებული უჯრედები გამოყოფს. სინთეზურ ვერსიას C ჰეპატიტის, ავთვისებიანი მელანომებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მაგრამ მის გვერდით მოვლენებს შორისაა ფსიქოზი და დეპრესია: იმ ადამიანთა მეოთხედს, რომელიც C ჰეპატიტის სამკურნალოდ ინტერფერონ ალფას იღებს, ძლიერი დეპრესია უვითარდება.

კ. ჰ. ფუნგი, SCIENCE SOURCE
ალბათ, არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ანთება მენტალურ ჯანმრთელობას აზიანებს. მარქსის თქმით, მათ შორისაა ქრონიკული ანთების მიერ სეროტონინისა და სხვა ნეიროგადამცემების გამოყოფის შეფერხება, ტვინის ახალი უჯრედების შექმნის დაბრკოლება და ტვინის უჯრედებში ახალი კავშირების ჩამოყალიბების უნარის დაზიანება. ყველაზე დიდ დარტყმას, როგორ ჩანს, იღებს ჰიპოკამპუსი, რომელიც მეხსიერებას, ემოციურ რეგულაციასა და განწყობას განაგებს.
იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ვითარდება ანთებასთან დაკავშირებული დეპრესია, ზოგიერთი მკვლევარი ცხოვრების ყველაზე ადრეული ეტაპის მთავარ რისკფაქტორებს აკვირდება. მეცნიერებმა ათწლეულებია იციან, რომ ბავშვობის ტრავმა ზრდის დეპრესიის (განსაკუთრებით მკურნალობისადმი რეზისტენტულის) რისკს ზრდასრულობაში. ანდრეა დანეზეს, ლონდონის სამეფო კოლეჯის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრის, თქმით, ანთებამ შეიძლება ეს კავშირი ახსნას და ხელი შეუწყოს მის შემსუბუქებას.
დანეზემ აღმოაჩინა, რომ ბავშვებს, რომლებიც სასტიკ მოპყრობასა და უგულებელყოფას განიცდიან 10 წლამდე, რამდენიმე ანთებითი მოლეკულის მომატებული დონე უფიქსირდებათ უკვე დაახლოებით 30 წლის ასაკში. ამის შედეგად, მათ აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ტიპი 2 დიაბეტისა და ფიზიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მაღალი რისკი.
„ადამიანებს, რომლებსაც ბავშვობაში ცუდად ეპყრობოდნენ, როგორც წესი, დეპრესიის უფრო ქრონიკული და ხანგრძლივი ტიპი ახასიათებთ. ისინი უფრო ცუდად რეაგირებენ კლასიკურ მკურნალობაზე“, – ამბობს იგი. „ანთება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბიოლოგიური მიზეზი, რის გამოც ეს ხდება“.

მეცნიერები მენტალურ ჯანმრთელობაში ანთების როლის უფრო და უფრო ღრმად შესწავლით იმედოვნებენ, რომ დეპრესიასთან გამკლავების მეტ გზას იპოვიან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანთა იმ 30%-ისთვის, რომლებიც არ რეაგირებენ ანტიდეპრესანტების მსგავს სტანდარტულ მკურნალობაზე. კვლევების მიხედვით, სწორედ ამ ჯგუფს აქვს ანთების უფრო მაღალი მაჩვენებლები.
განწყობის მარეგულირებლებსა და მენტალური ჯანმრთელობის სხვა მედიკამენტებს ისედაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ასევე, 2019 წელს ჩინელმა მეცნიერებმა 26 კვლევა (მოიცავდა 1600-ზე მეტ ადამიანს)მიმოიხილეს და დაადგინეს, რომ ანთების საწინააღმდეგო არაერთი ტიპის წამალი დეპრესიას ამსუბუქებს. აღნიშნულ კვლევათა ანალიზის თანახმად, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელმაც პლაცებო მიიღო, ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ანთების საწინააღმდეგო წამლები ან დანამატები – მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID), სტატინები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ანტიბიოტიკები – შეუმცირდათ დეპრესიის სიმპტომები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ტიპის საშუალებები ანტიდეპრესანტებთან ერთად მიიღეს.
მარქსის თქმით, მნიშვნელოვანია ექიმთან ერთად ერთდროულად რამდენიმე ჩარევის ცდა, რადგან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები კომპლექსურია. დეპრესიის რისკი უკავშირდება გენეტიკას, გარემოფაქტორებს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ჩვენს განწყობაზეც ბევრი პროცესი ახდენს გავლენას. ტრადიციული მედიკამენტებიც ყოველთვის აუცილებელი არაა; შეიძლება ისეთი ჩარევებიც კი დაგვეხმაროს, რომლებიც ეფექტურად აცხრობს ანთების სხვა ტიპს.

მარტინ ოგერლი
2020 წელს მარქსმა და მისმა კოლეგებმა კვლევები მიმოიხილეს და დაადგინეს, რომ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ტიპის რაციონი განსაკუთრებით უკავშირდება დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქებას. ეს შეიძლება, იმიტომაა, რომ ამ რაციონის მთავარ ინგრედიენტებს – სოფლის მეურნეობის ნაწარმს, პარკოსნებს, ომეგა-3-ით მდიდარ თევზს, კაკლეულსა და მთლიანმარცვლოვან პროდუქტს – ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
კვლევები ასევე აჩვენებს, რომ საკმარისი ძილი, გარეთ გატარებული დრო და მედიტაცია ამცირებს ანთებას და ამაღლებს განწყობას.
ეს ჰოლისტური მიდგომა დამაიმედებელია. „ვარჯიშით, ბუნებასთან ურთიერთობით, ჯანსაღად კვებით შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღოთ, – ამბობს მარქსი, – არა მხოლოდ ფიზიკური შედეგის თვალსაზრისით, არამედ, ასევე, მენტალური ჯანმრთელობისთვის“.
ანთების მოკლე ისტორია
ანთებას ათასწლეულების განმავლობაში იკვლევენ. რაც უფრო კარგად გვესმის ის, მით უფრო მეტი ჩანს კიდევ სასწავლი.
დასაწყისში შეშუპება, ტკივილი, სიმხურვალე და სიწითლე – ანთების ეს ძირითადი ნიშნები ავლუს კორნელიუს ცელსუსმა, რომაელმა ენციკლოპედისტმა, 2000-ზე მეტი წლის წინ აღწერა. ბოლოს გაჩნდა მეხუთე ნიშანი: ფუნქციის დაკარგვა.
ის რეაქცია, რომელსაც ცელსუსი აღწერდა, დღეს მწვავე ანთებით რეაქციად არის ცნობილი. ვიცით, რომ მასში მონაწილეობს ასობით მოლეკულა და პროცესი. კარგ შემთხვევაში ის ხელს უწყობს გამომჯობინებას, ცუდ შემთხვევაში კი – ინფექციასა და დაავადებას. საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებმა შეაკოწიწეს ანთების დეტალური ისტორია – როგორ მუშაობს ის უჯრედულ, პროტეინულ ან მოლეკულურ დონეზე.
ოგასტის უნივერსიტეტის ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯის იმუნოლოგ კლაუს ლეის თქმით, ყველაფერი მიკროსკოპთან მუშაობით დაიწყო. ამან მეცნიერებს მოლეკულურ დონეზე დაანახა ეს პროცესი. 1839 წელს გერმანელმა მეცნიერებმა პირველად აღწერეს, რომ დაინახეს ლეიკოციტების რეაქცია ჭრილობაზე (ბაყაყზე ჩატარებულ ექსპერიმენტში). 1882 წელს რუსმა მეცნიერმა ილია მეჩნიკოვმა აღწერა, როგორ შთანთქავდა ლეიკოციტი ბაქტერიასა და მკვდარ უჯრედებს. ამ აღმოჩენამ მას 1908 წელს ნობელის პრემიაც კი მოუტანა.
მეცნიერებმა ახლა უკვე იციან, რომ არსებობს ლეიკოციტების მრავალი ტიპი. მაგრამ მთავარი, რაც მაშინ გაიგეს, იყო ის, რომ ეს უჯრედები სისხლძარღვებიდან ქსოვილებში გადაინაცვლებდა და ე.წ. ნაგავს ასუფთავებდა. „მათ მაშინ ეს ასე ესმოდათ: არსებობს სისხლის კომპონენტები, ლეიკოციტები, რომელთაც შეკეთების უნარი აქვთ და ჩვენ მათ ვხედავთ პროცესში, რომელსაც ანთებად მივიჩნევთ“, – ამბობს ლეი.
შემდეგ ათწლეულებში ეტაპობრივი პროგრესიც ვნახეთ. მაგალითად, 1927 წელს გულ-სისხლძარღვთა უელსელმა სპეციალისტმა, სერ თომას ლიუისმა აღმოაჩინა, რომ ქიმიური ნივთიერებები, სახელად ჰისტამინები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის დაზიანების დროს სისხლძარღვების რეაგირებაში. თითქმის 60 წლის შემდეგ ეს საბაზისო გაგება დაიხვეწა: აღმოვაჩინეთ პირველი ციტოკინი, ანთებითი მარკერი, სახელად ინტერლეიკინი-1. დღეს დაახლოებით 200 ციტოკინი ვიცით. ესაა პატარა ცილები, რომლებსაც უჯრედები გამოყოფს და რომლებიც იმუნურ სისტემას ატყობინებს, რომ ის უნდა გააქტიურდეს. ზოგი ციტოკინი უკეთაა შესწავლილი, ვიდრე სხვები.
კვლევების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა მკურნალობის სტრატეგიებიც. ჩვენ აღარ ვიყენებთ ძველი ჩინელების გამხმარ მირტს რევმატული ტკივილისთვის ან ძველი ბერძნების ხაშხაშს. 1928 წელს დიდი თანამედროვე გარღვევაც მოხდა: აღმოაჩინეს პენიცილინი, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ანთების გამომწვევი ბაქტერიების მოკვლა. ციტოკინების რევოლუციამ მკურნალობის ქმედითი მეთოდების გამოვლენის ახლებური შესაძლებლობა გააჩინა.
დღეს გვაქვს ანთების საწინააღმდეგო უამრავი წამალი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მათი გამოყენება აზრიანი არაა, ამბობს კარიმ ხანი, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის სპეციალისტი. „მე მაქვს თეძოს ართრიტი და ანთების საწინააღმდეგო წამლებს არ ვიღებ, – ამბობს ხანი, – არ მინდა, დავაზიანო ან დავბლოკო სხვა სასურველი პროცესები“.
დაახლოებით ორი ათასწლეულის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ხანდახან ანთებისთვის ხელის შეშლა არც ისე კარგი იდეაა.