ორი სამყარო ერთ რუკაზე
საქართველოს ევროპული ისტორია
XV საუკუნის მეორე ნახევრის ევროპაში, ჯერ კიდევ II საუკუნეში მოღვაწე ალექსანდრიელი გეოგრაფის და ასტრონომის, კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიის“ ფართოდ გავრცელებამ ევროპულ კარტოგრაფიას ახალი სიცოცხლე შესძინა. შედეგად, XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნეში მოღვაწე თითქმის ყველა ცნობილი ევროპელი კარტოგრაფი პტოლემაიოსის „გეოგრაფიის“ საფუძველზე ქმნიდა ძველი სამყაროს თემატიკის რუკებს. ამიტომაც არის, რომ ძველი კოლხეთი და იბერია ისეთი გამოჩენილი კარტოგრაფების და გამომცემლების რუკებზე ჩნდება, როგორებიც იყვნენ: კონრად სვეინჰაიმი, ნიკოლაუს გერმანუსი, მარტინ ვალდზეემიულერი, ლორანს ფრაი, სებასტიან მიუნსტერი, ჯოვანი ანტონიო მაჯინი, ჯიროლამო რუშელი, აბრაჰამ ორტელიუსი და გერჰარდ მერკატორი.
ამ ჩამონათვალს ერთი გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანი კარტოგრაფი აკლია. მისი სახელია ჯაკომო გასტალდი – ვენეციელი კარტოგრაფი, კოსმოგრაფი და გრავირების ოსტატი. სწორედ ჯაკომო გასტალდია პირველი კარტოგრაფი, რომელმაც რუკების ბეჭდვისთვის ხეზე გრავირების ნაცვლად სპილენძის ფირფიტები გამოიყენა. ვენეციელი კარტოგრაფის ეს წამოწყება მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.
ჯაკომო გასტალდის შესანიშნავი კარტოგრაფიული მემკვიდრეობიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა 1548 წელს ვენეციაში გამოცემული „LA GEOGRAFIA DI CLAVDIO PTOLOMEO ALESSANDRINO“ (`ალექსანდრიელი კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფია“). ეს წიგნი, პირველ ე. წ. ჯიბის ატლასად მიიჩნევა. უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, გასტალდის 1548 წლის ატლასში რუკები 20×16 სმ ზომის ფურცლებზეა დაბეჭდილი და დახურულ მდგომარეობაში წიგნი დაახლოებით 10×16 სმ-ია.
ჯაკომო გასტალდია პირველი კარტოგრაფი, რომელმაც რუკების ბეჭდვისთვის ხეზე გრავირების ნაცვლად სპილენძის ფირფიტები გამოიყენა.
ვენეციელი კარტოგრაფის ატლასი ერთ წიგნში მოქცეული ორი ნაწილისგან შედგება. პირველი მოიცავს პტოლემაიოსის „გეოგრაფიას“, ხოლო მეორე – გასტალდის თანამედროვე რუკებს. ატლასის პირველ ნაწილში, TABVLA ASIAE III (`აზიის რუკა III“), რუკის სახელწოდების ქვეშ ვხვდებით მთელ ჩვენს რეგიონს, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. ჩვენთვის საინტერესო აღნიშვნები ამ რუკაზე ძველ კოლხეთს და იბერიას უკავშირდება. აღნიშვნებს შორის ამოიკითხავთ შემდეგ ტოპონიმებს: დიოსკურია, ფაზისი, არტანუჯი და არმაზციხე.
გასტალდის ატლასის მეორე რუკაზეც გვხვდება საქართველოსთან დაკავშირებული ცნობები – მართალია, PERSIA NOVA TABVLA („სპარსეთის ახალი რუკა“) კარტოგრაფის მოღვაწეობის პერიოდის სპარსეთზეა ფოკუსირებული, თუმცა მარცხენა ზედა ნაწილში საყურადღებო ცნობებია მოცემული საქართველოს შესახებ.
თავდაპირველად, შავი ზღვის თაობაზე უნდა ვთქვათ, რომელიც ამ რუკაზე MAR MAZOR-ად არის მოხსენიებული. ეს სახელი, MAR MAGGIORE-სთან („დიდი ზღვა“) ერთად ხშირად გამოიყენებოდა კარტოგრაფის თანამედროვე ეპოქაში, სანამ ოსმალეთის იმპერია შავ ზღვაზე საბოლოოდ გაბატონდებოდა.
PERSIA NOVA TABVLA-ზე საქართველო ორ ნაწილად იყოფა. ერთ შემთხვევაში გამოყენებულია GIORGIA, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მიწებს მოიცავს, ხოლო მეორე შემთხვევაში MENGRELIA, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას გულისხმობს.
საქართველოსთან დაკავშირებული სხვა აღნიშვნებიდან კარგად იკითხება: Gouea (გონიო), Lovati (ბათუმი), Paliastoma (პალიასტომი), Asso (ფაზისი), Tamasa (ტამიში), Sauatopoli (სოხუმი), Chiperche (წებელდა), Cotachis (ქუთაისი), Seander (სკანდის ციხე), Gori (გორი) და Zefili (ძალისი, ან თბილისი). საქართველოსთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ ერთეულებს თან ახლავს ციხე-ქალაქის აღმნიშვნელი სიმბოლოები.
ვენეციელი კარტოგრაფის რუკაზე დატანილი საქართველოს ციხე-ქალაქების აღნიშვნები მოწმობს, რომ ისინი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ გეოგრაფიულ პუნქტებს უკავშირდება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ევროპელები უფრო კარგად იცნობდნენ დასავლეთ საქართველოს საზღვაო სანაპიროს, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს ციხე-ქალაქებს.
თხრობის ბოლოს, გასტალდის PERSIA NOVA TABVLA-ზე დატანილ ერთ საინტერესო მინაწერზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თუ რუკას კარგად დააკვირდებით, GIORGIA-დან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაინახავთ ნოეს კიდობნის აღნიშვნას – Archa di Noe. იქვე არის კიდობნის სიმბოლური გამოსახულებაც. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვენეციელი კარტოგრაფის რუკა ბიბლიური და XVI საუკუნის სამყაროს ერთგვარი ნაზავია, სადაც სკანდის ციხისა და გორის გვერდით ნოეს კიდობანიც შეგხვდებათ.